მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > რა არის მართლმადიდებლობა?

რა არის მართლმადიდებლობა?


18-03-2018, 00:06

რა არის მართლმადიდებლობა?

 

   მკითხველო! შენ იწოდები მართლმადიდებელ ქრისტიანად, მაგრამ გიფიქრია ოდესმე, რატომ გეძახიან ასე? რას ნიშნავს სიტყვები „მართლმადიდებელი ქრისტიანი?" ამის ცოდნა აუცილებელია. როცა გაიგებ, რატომ იწოდები ასე, რით განსხვავდები არაქრისტიანებისაგან, მტკიცედ დაიცავ შენს სარწმუნოებას და ვერავინ შეძლებს შენს გადაცდენას ჭეშმარიტი გზიდან.

   თავდაპირველად ქრისტიანებს ეძახდნენ უბრალოდ მორწმუნეებს. იესო ქრისტეს მოწაფეებს პირველად ქრისტიანები ეწოდათ სირიის ქალაქ ანტიოქიაში, აქედან კი ეს სახელი გავრცელდა რომის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში.

   ნათელია, რომ სახელი ქრისტიანი წარმოდგება სიტყვა ქრისტესაგან. ასე ჰქვია ჩვენს მეუფეს, მხსნელს, ძე ღვთისას, ხოლო სიტყვა ქრისტე ნიშნავს ცხებულს. ებრაელებში ძველ დროს, იესო ქრისტემდე, მეფეებს, მღვდელმთავრებსა და წინასწარმეტყველებს ცხებდნენ წმინდა მირონს და მათ უწოდებდნენ ცხებულებს.

   ქრისტიანი ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც აღიარებს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.

   მართლმადიდებელი სარწმუნოება, როგორც დასახელებიდან ჩანს, ნიშნავს მართალ, სამართლიან სარწმუნოებას. ანუ სარწმუნოებას, რომელიც ქრისტესა და მის მიერ დაარსებული წმინდა ეკლესიის სწავლებაზეა დაფუძნებული. მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლება მოკლედ ჩამოყალიბებულია სარწმუნოების სიმბოლოში, ანუ მრწამსში, რომელიც უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

   ჩვენ ხშირად ვახსენებთ სიტყვას „რწმენა". რას ნიშნავს ეს? შევეცდებით მის განმარტებას ცხოვრებისეული მაგალითებით.

   ნებისმიერი ჩვენგანი იყო ბავშვი. გახსოვთ, როგორ ვიღებდით მშობლების ყოველ სიტყვას. რასაც გვეუბნებოდნენ ვთვლიდით სწორად და სამართლიანად, თითქოს საკუთარი თვალით გვენახოს. ხოლო თუ ვინმე გვეტყოდა, რომ მშობლები გვატყუებდნენ, არ დავუჯერებდით, რადგან გვჯეროდა, რომ მშობლები სიცრუეს არ გვეტყოდნენ. ახლა ზემოთ თქმული მივუსადაგოთ ღვთისადმი რწმენას: გწამდეს ღმერთი, ნიშნავს გქონდეს მტკიცე, უეჭველი რწმენა, რომ ღმერთი ჩვენთანაა. ქვეყნად ბევრი რამ არსებობს ისეთი, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ გვჯერა მისი არსებობისა. ჩვენ რწმენით ვიღებთ სხვა ადამიანების მონაყოლს იმის შესახებ, რაც არ გვინახავს, მაგრამ ვხედავთ საქმეებს, რომლებიც გვიდასტურებენ მის არსებობას. ჩვენ ვხედავთ ღვთის მიერ გონივრულად შექმნილ სამყაროს და გვჯერა, რომ ღმერთი არსებობს. ეს არის რწმენა ღვთისა. ის მოგვეცა ჩვენ უფლის, იესო ქრისტეს მიერ, თავისი მოციქულებისა და წმინდა მამების მეშვეობით. ამ სარწმუნოებას აღიარებდა ყველა წმინდანი. თვლიდნენ რა მას ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად, წმინდა მამები მის დასაცავად ითმენდნენ მრავალ დევნასა და შევიწროვებას; მისთვის სწირავდნენ თავად სიცოცხლესაც. როდესაც წმინდა მოწამე სირუს ტანჯვის წინ შეეკითხნენ, თუ რატომ უარყო წარმართული ღმერთები და მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, მან უპასუხა: „ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი ცხოველისაგან განსხვავებით, რომელიც განუხრელად მიჰყვება მშობლების ნაკვალევს, მიდის იმ გზით, რომელსაც ჩათვლის უმჯობესად, განსხვავებით მისი გზააბნეული წინაპრებისაგან. მე ვხედავ ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობას ჩემს წინაპართა სჯულზე. უარვყავი უარესი და ავირჩიე საუკეთესო".

   როცა მას უთხრეს, რომ ამ სიტყვებისათვის წამება ელოდა, წმინდანმა დაიდო ხელი კისერზე და თქვა: „აქ გადაჭერით" (ხსენება 24 აგვისტოს).

   სულისათვის ნაკლებ სასარგებლო იქნება, თუ გერქმევა მართლმადიდებლი ქრისტიანი და წარმართებზე უკეთესად არ იცხოვრებ. თუ გინდა იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, მაშინ იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ ნამდვილი ქრისტიანები. ე.ი. სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ იდექი შენს სარწმუნოებაზე.

 

 

როგორ მტკიცდება და იზრდება წმიდა სარწმუნოება

 

 

 


 

   რწმენა იზრდება და მტკიცდება:

   1. ღვთის სიტყვის ყურადღებით კითხვით ან მოსმენით. რამეთუ მოციქულ პავლეს სწავლებით: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად, სიმართლეში, რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული" (2 ტიმ. 3, 16-17).

   2. ღვთის საოცარ საქმეთა გააზრებით, რომლებიც მისი შემწყნარებელი დაპირებებითაა გაჟღენთილი.

   დაპირდა ღმერთი ნოეს მისი ოჯახის მსოფლიო წარღვნისაგან გადარჩენას და შეასრულა, დაპირდა აბრაამს მისი ფარაონის მიერ შევიწროვებული შთამომავლობის ეგვიპტიდან ქანაანის ქვეყანაში გამოყვანას და გამოიყვანა. დაპირდა ისრაელის შთამომავლობას ბაბილონის ტყვეობისაგან დახსნას და დაიხსნა, დაპირდა სამყაროს მხსნელის გამოგზავნას და შეასრულა.

   მორწმუნეები ღვთის მეშვეობით გადარჩებიან. დაგვპირდა ადამიანებს რწმენით მთხოვნელთა შესმენას და ისმენს. ამას ადასტურებს წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილი. უფალი მზადაა ყველას მიჰფინოს მადლი და წყალობა, როცა ხედავს შესაფერისად განწყობილ გულს, ხოლო თუ ისე ხდება, რომ ჩვენ ვითხოვთ ღვთისაგან რაღაცას, მაგრამ არ ვიღებთ, ამაში დამნაშავე თავად ჩვენა ვართ.

   3. სუფთა და ყურადღებიანი ლოცვით.

   4. წმინდა ქრისტიანულ საიდუმლოებებთან ზიარებით.

   5. ბოროტ და გარყვნილ ადამიანებთან საუბრისა და ურთიერთობისაგან თავის არიდებით. მოციქული პავლე ამბობს: „ჩვენ კი გამცნეთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ" (2 თეს. 3, 6).

 

 

 

გწამდეს წრფელი გულით

 

 

 

 

 

   როგორც ბავშვი უსიტყვოდ ასრულებს მშობლების ნებას, ისე შენც, ქრისტიანო წრფელი გულით შეასრულე, რასაც გვასწავლის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. ბავშვმა მტკიცედ იცის, რომ მშობლები მას ცუდს არ უსურვებენ, ამიტომ სრულიად ენდობა მათ. ასევე შენც გახსოვდეს, რომ წმინდა ეკლესიას შენთვის უნდა საუკეთესო - ცხონება და იცის, რა არის კარგი და რა ცუდი. რა თქმა უნდა, საჭირო და სასარგებლოა სარწმუნოების ჭეშმარიტების არა მარტო გულით, არამედ გონებით აღქმაც. მაგრამ გეშინოდეს საკუთარი აზროვნებისადმი მინდობა. რასაც ვერ გაიგებ, შეეკითხე შენს სულიერ მამას. ის განმარტავს შენთვის გაუგებარს ღვთის სიტყვის საფუძველზე, მიგითითებს ღვთივსულიერ მამათა ნაწერებზე, სადაც ნათლადაა გადმოცემული წმინდა ეკლესიის სწავლება. იქ იპოვნი შენს კითხვაზე პასუხს. მხოლოდ ნუ გადაწყვეტ ასეთ საკითხებს მარტო საკუთარი გონებით და საკუთარი სიბრძნით - ამაში სულის დაღუპვაა. შეხედე ბეთლემის მწყემსებს როცა მათ ღვთის ანგელოზები გამოეცხადნენ და აუწყეს ქრისტე მხსნელის შობა, დაიწყეს მათ ყოყმანი? - არა. მწყემსებმა მაშინვე მიატოვეს საკუთარი ფარა და ენდნენ რა ანგელოზების სიტყვებს, გაეშურნენ ახალდაბადებული მხსნელის თაყვანისსაცემად. ასევე შენც, ქრისტიანო, გწამდეს წრფელი გულით ყველაფერი, რასაც გვასწავლის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია.

 

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება