მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)

სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)


24-11-2017, 00:03

სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)

 

   „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

   ადამიანის გული ზებუნებრივი, ბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულში იღებს სათავეს - თუ იგი განიწმინდება, ადამიანი ღმერთს იხილავს.

   მაგრამ როგორ დავინახავთ ღმერთს? იქნებ იგი ანთროფომორფულია? მას ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, იგი სულია. მაგრამ მას შეუძლია, ადამიანის გულში დაისადგუროს, თუ იგი მისი მიღების შემძლებელი ჭურჭელი გახდება.

   გული რომ ასეთ ჭურჭლად იქცეს, ბიწიერი გულისთქმებისაგან უნდა განიწმინდოს. ამისთვის მან წამალი უნდა მიიღოს - ასეთი ელექსირი კი ლოცვაა.

   სადაც ხელმწიფე მიდის, იქიდან მტრები უკუიქცევიან. როდესაც გულში იესო ქრისტე ივანებს, მისი წმიდა სახელით იქიდან დემონები გუნდ-გუნდად განიდევნებიან.

   როცა გულის ტახტზე ქრისტე ჭეშმარიტად დაბრძანდება, მაშინ მას ყველაფერი დაემორჩილება. ასეა მეფეც, როდესაც იგი სახელმწიფოს დაეპატრონება და ტახტზე ავა, ყველა მეამბოხეს და მათ მხედრობას იმორჩილებს. მტრებს განდევნის, სახელმწიფოს შიდა მღელვარებას დაამშვიდებს და მშვიდობას დაამყარებს. ტახტზე დაბრძანებული მეფე ხედავს, რომ ყველა მას ჰმონებს და ხარკს უხდის. იგი ხარობს და ზეიმობს, რაკი ბრძოლითა და შრომით ყველა დაიმორჩილა, მშვიდობა დაამყარა და აღმავლობას შეუდგა.

   გულის საბრძანებელშიც იგივე ხდება. იქ მტერებიც არიან და ამბოხებაც ხდება, იქვე მკვიდრობენ გულისსიტყვები, ვნებები, უძლურებანი, ტრიალებს ქარიშხალიცა და შფოთიც - და ამ ყველაფერს ადამიანის გული იტევს.

   გულის სამეფო რომ დამშვიდდეს და მორჩილი გახდეს, იქ მეუფე ქრისტე თავისი მხედრობით უნდა მივიდეს, დაიმორჩილოს იგი, ხელთ იგდოს ძალაუფლბა, განდევნოს მტერი - ეშმაკი, დააცხროს ყოველგვარი ვნებათაღელვა და უძლურებანი და ყოვლადძლიერი იმპერატორივით გაბატონდეს. მამათა თქმით, ასეთ მდგომარეობას გულის დაყუდება ეწოდება, ამ დროს მეფობს გამუდმებული ლოცვა, რომლიც განწმენდს და ამშვიდებს გულს.

   ლოცვის მრავალი ხერხი არსებობს. რა თქმა უნდა, მათ შორისაა ლოცვის ბაგეებით წარმოთქმის მეთოდიც. ეს ხერხი დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, მაშინ, როცა ლოცვით ღვაწლს შევუდგებით, რათა ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ.

   ადამიანის გონება დაუდგრომელია - მუდამ მოძრაობს, მაგრამ იგი ბუნებითად და დანიშნულებისამებრ არ მოქმედებს, არამედ ამ უკანასკნელის საპირისპიროდ, ამიტომაც მთელ ქვეყანაზე მიმოქრის და შვებას სხვადასხვა სიამეში პოულობს.

   იგი ხანდახან ხორციელ ტკბობას მიელტვის, ხან სხვა ვნებებისკენ მიიდრიკება, ზოგჯერ კი უბრალოდ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. სადაც უნდა წავიდეს, რაზეც უნდა შეყოვნდეს, ყველგან რაღაცით ტკბება.

   ადამიანს, რომელსაც სურს, მიაღწიოს მოუკლებელ ლოცვას (1 თეს. 5, 17), მართებს, მოიკრიბოს გაფანტული გონება, რათა ეს ქუჩა-ქუჩა მოხეტიალე მაწანწალა გამოსწორდეს და გაბატონდეს.

   მაგრამ გონების მოსაკრებად მისთვის რაიმე ნუგბარის მირთმევა აუცილებლია, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქეთ-იქით ხეტიალს მიჩვეული გონება რაიმე ტკბილეულით უნდა მოვიზიდოთ. ამიტომ არის აუცილებელი დასაწყისში ლოცვის ბაგეებით წარმოთქმა.

   ახალდამწყებმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ბაგეებით უნდა იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" და შეეცადო, გონება ამსოფლიურ საზრუნავს მოაშოროს. ამომავალი ხმის ჟღერა გონებას მიიზიდავს, იგი ლოცვას ყურს დაუგდებს, მოიკრიბება, ამ მდგომარეობას თანდათან ეჩვევა და აღარ იფანტება.

   რა თქმა უნდა, მცდელობაც, ყურადღებაცა და სურვილიც, აგრეთვე ჩვენს მიერ დასახული მიზანი - მივაღწიოთ მოუკლებლ ლოცვას, გულისყურის მოკრებაში გვეხმარება.

   ლოცვის ასე წარმოთქმისას თანდათან ერთგვარი კმაყოფილება, სიხარული, სიმშვიდე, სულიერი განცდა გვეუფლება, რაც ადრე არ გვიგრძვნია. ეს თანდათან მიიზიდავს გონებას.

   როდესაც ბაგეებით ლოცვა წარმატებას მიაღწევს და გონება შიგნით მიიზიდება, ამის შემდეგ უკვე გონებას თავისუფლება ეძლევა, რომ ილოცოს თავად, ბაგეების გარეშე, ანუ გარკვეული ნაყოფი მოპოვებულია: ჯერ ბაგეთაგან და შემდეგ გონების მეშვეობით წარმოთქმული ლოცვა სულში თანდათან გაბატონებას იწყებს.

   გონება როცა ლოცვით საუბრობს, იწყებს გულში შესვლას და სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი ხედავს, თუ როგორ წარმოთქვამს ლოცვას მისი გული.

   განა აქ იმისთვის არ მოვედით, რომ ღმერთი, მისი მადლი, სიმშვიდე და ვნებათაგან გათავისუფლება ვიპოვოთ?! და ეს ყველაფერი ამ ლოცვის წყალობით მოგვეცემა. იგი ჩვენში შინაგანად აინთება და სითბოდ მოგვეფინება. ამ სითბოს წყალობით ლოცვას უფრო მეტად შევძლებთ... როცა ეს მოხდება, ნახავთ, თუ როგორ დაიბუგებიან უძლურებანი, გულისსიტყვანი, თანდათან დაიფერფლებიან ვნებანი. ეს ყოველივე მთავრდება გულის განწმნდით, რომელსაც ამის შემდგომ მამა, ძე და სულიწმიდა მოევლინებიან და იქ სავანეს და სამკვიდრებელს ჰპოვებენ.

   წმიდა მამები ამბობენ, რომ გონება იოლად იწმინდება და იოლადვე ბინძურდება, გულს კი მწიკვლი ძნელად ედება და ძნელადვე სუფთავდება. გონება, როგორც კი უკეთურ რამეს გადააწყდება, მყისვე ისვრება, ხოლო გული ბიწიერებას მაშინვე არ უღებს კარს. როდესაც გულის წყალობით სულიერი მდგომარეობა მიიღწევა, მაგრამ შემდეგში ეს დაიკარგება და გონება სხვადასხვა საშუალებებით შებილწვას დაიწყებს, გული ასე იოლად არ შეიცვლება - იგი მადლმა ადრევე შეცვალა და ახლა მასში ბოროტება ძნელად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს. 

   ამიტომ ხორციელი, ვნებებით სავსე და ეგოისტი გული რომ გარდავქმნათ და ვნებათაგან დავცალოთ, აუცილებელია ლოცვა. როცა განიწმინდება ცენტრი, მაშინ ირგვლივ ყველაფერი განსპეტაკდება. ლოცვა განდევნის სასოწარკვეთილებას, მჭვუნვარებას, უდებებას, დაუდევობას, ბადებს ახალ წადილს, ახალი ღვაწლის წყურვილს.

   როდესაც ამას ვიგრძნობთ, მაშინ მივაღწევთ ლოცვის მიზანს - მივიღებთ ნაყოფს. მაშინ შევიგნებთ, რომ ზეციური სასუფეველი ჩვენს გულშია: „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17, 21) - ბრძანებს უფალი.

   ლოცვის ნიჩაბით ხელში (ლუკ. 3, 17) შევისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და ყურადღებით შევეცადოთ, შევაკავოთ გონება გულში და ჩვენ ვპოვებთ დაფარულ მარგალიტს. რა მარგალიტზეა საუბარი? ეს არის სულიწმიდის მადლი, რომელიც ნათლისღებისას მოგვეცა, მაგრამ დავასამარეთ, რადგან ვნებებს მივეცით თავი.

   ბერი იოსები 7-8 საათს გადაბმით გულით ლოცულობდა. როცა დაიღლებოდა, განსვენებას ჭვრეტაში პოულობდა, შემდეგ ისევ ლოცვას უბრუნდებოდა. (გაგრძელება...)

   



არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება