მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა პირველი - სიფხიზლის, გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)
სიტყვა პირველი - სიფხიზლის, გონებითა და გულით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)10-11-2017, 00:05 |
ლოცვის გარეშე ცარიელია მონაზონი, მაგრამ იგი ამას მანამდე ვერ შეიგრძნობს, ვიდრე ლოცვის სარგებელს არ იგემებს. ღატაკსაც ხომ არ აწუხებს თავისი სიღატაკე! მაგრამ ის მონაზონი, რომელმაც ლოცვა ისწავლა, მაგრამ შემდეგ უდებების გამო ეს უნარი დაკარგა, შეიცნობს დანაკარგის სიმძიმეს და დამწუხრდება. ამიტომაც მონაზვნებმა უნდა ილოცონ, რათა თავიანთი მოვალეობაც აღასრულონ და მონაზვნებადვე დარჩნენ საქმით, შინაგანად და არა ოდენ სახელით და თვალის სახილველად. წმიდა მამათა თანახმად, მონაზვნად არ შეიძლება იწოდებოდეს ის, ვისაც ფარული სამოღვაწეო არაფერი აქვს. ამიტომაც უნდა ვაიძულოთ თავი, ვილოცოთ, რათა ჩვენი სული ნაყოფით აღივსოს, მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ თავს მონაზვნებად. ხომ უცნურია მოისმინო, რომ უსულო სხეულს სიცოცხლე შეუძლია. არანაკლებ გასაოცარია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამ სულიერი საზრდოს გარეშე! წმიდა მამები გვარწმუნებენ, რომ ადამიანები ლოცვის საშუალებით უდიდეს ნიჭებს იძენენ. მარხვის, ლოცვის, თავშეკაცვებისა და მღვიძარების საშუალებით სულიწმიდის მადლი გვეძლევა. სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობას, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის მადლომისლებას, ჭირთათმენის, მოთმინების, საღმრთო ნუგეშის, უდიდესი სასოების ძალას, ღვთაებრივი ეროსის, ჭვრეტის, საღმრთო განკვირვების მადლს. ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ და, რაც უფრო მეტ ცოდნას ვიძენთ, მით მეტად იზრდება ჩვენი ვალი ღვთისა და მამათა წინაშე. ვინც ლოცვაში წარმატებას მიაღწია და სარგებელი ჰპოვა, მან გამოასწორა თავისი სულიერი და ხირციელი ვნებანი. ვნებათა და უძლურებათა გამოსწორება აჩვენებს, თუ რამდენად წარმატებულია ადამიანი ლოცვაში. მაშასადამე, ჩვენ ნიადაგ თავი ვაიძულოთ, რათა არ დავივიწყოთ ლოცვა და არ მივატოვოთ იგი. თუ შევნიშნავთ, რომ ლოცვა „იკლებს", დაუძლურდა, კანკალი შეუდგა და ბარბაცებს, მისი გამოსწორება მაშინვე უნდა დავიწყოთ. გულმოდგინედ შევუდგეთ ლოცვას, რათა მას უწინდელი ძალა დავუბრუნოთ. როგორ შევძლებთ ამას? დაე, სულმა გულისყური მოიკრიბოს, ჩაუკვირდეს, როგორც ამბობენ, „ქამარი მოიჭიროს" და დაიწყოს დაძაბული ლოცვა. დაე, სულმა განაგდოს გულისსიტყვები, გადადოს საზრუნავი, შემოიკრიბოს გაბნული გონება და შემდეგ თქვას: „ახლა კი ლოცვას შევუდგები". და ცოტა ხნის შემდეგ ბეჯითი ლოცვიდან წამოსულ ძალას მყისვე შეიგრძნობს. ლოცვა - საომარი იარაღია დემონების, ვნებების, ცოდვისა და საერთოდ ყოვლივე იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს გადარჩენას გზად ეღობება. არ შეცდები, თუ ლოცვას ნავსაყუდელს უწოდებ, რადგანაც იქ სიმშვიდეს, გადარჩენასა და უსაფრთხოებას პოულობს გემი, რომელსაც ქარიშხლის დროს ზვირთები აქეთ-იქით ახეთქებდა. არც მაშინ შეცდები, თუ ლოცვას უწოდებ ბარს, ნაჯახს, კომპასს, ნათელს, ან მისთვის ათას სხვა სახელს მოიფიქრებ. ამიტომ ჩვენ, მონაზვნებმა, იგი არაფრის დიდებით არ უნდა უგულვებელვყოთ. ამა სოფლად მრავალი ადამიანი, მათ შორის მრავალი დედაკაცი ლოცულობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამქვეყნიური საზრუნავი, ბავშვები, ოჯახი, სამსახური და სხვა მრავალი მოვალეობა აკისრიათ, ლოცვისა და ღვთის სახელის მოსახსენიებლად ისინი დროს მაინც პოულობენ. მაშ რაღა გვეთქმის ჩვენ, როდესაც ღმერთმა ასეთი თავისუფლება და უზრუნველობა გვიბოძა?! რა გვექნება საპასუხო, თუ ლოცვას უგულვებლვყოფთ და იმდენად ვაუძლურებთ, რომ ცოდვისა და ვნებების სენს საშუალება ეძლევა, დაგვთრგუნოს და დაგვაგდოს?! გვებრძვიან გულისსიტყვები? ლოცვა მათგან დამცავი საიმედო საჭურველია. ცოდვისადმი მიდრეკილება გონებას ბოროტებისკენ იზიდავს. მაგრამ როდესაც იგივე გონება ხელთ იპყრობს ლოცვის ნაჯახს, მაღლა შემართავს და დასარტყმელად მოუღერებს, მაშინ თუნდაც ყველაზე აღვირახსნილ გულისსიტყვებს აღმოფხვრის. მხოლოდ საჭიროა, ადამიანმა ნაჯახს ხელი მტკიცედ ჩასჭიროს და სწორად დაუმიზნოს - იგი ნამდვილად საოცარ შედეგს მიაღწევს. ეშმაკი წინ ეღობება ლოცვას, რათა ჩვენი დატყვევება იოლად შეძლოს. განგვაცდევინებს უდებებას, გაგვიჩენს სხვადასხვა საზრუნავს, შეგვიქმნის ასობით დაბრკოლებას ერთადერთი მიზნით - ხელი შეუშალოს ლოცვას. დემონებს, როგორც ეს მრავალი შემთხვევით დადასტურდა, ქრისტეს სახელის გაგონებისას ძრწოლა იტანს. ეშმაკეულთა პირით ისინი თავად აღიარებენ, რომ ალი ედებათ, როცა ადამიანი ლოცულობს. იყო ერთი მონაზონი, რომელსაც უდებება დაეუფლა, თანაც ისე ძლიერ, რომ თავისი კანონიც კი მიატოვა და ერს დაუბრუნდა; იგი თავის სამშობლოში, კეფალონიის კუნძულზე გაემგზავრა, სადაც, როგორც ცნობილია, მრავალი ეშმაკეული ჩადის, რათა ისინი წმიდა გერასიმეს ნაწილების მოსანახულებლად წავიდა. და აი, გზაზე შემოხვდა ეშმაკეული დედაკაცი, რომელმაც უთხრა: - იცი, რა გიპყრია ხელთ? არც კი იცი, უბედურო, რა გაქვს ხელში! რომ იცოდე, როგორ მწვავს შენი სკვნილი, შენ კი ის, ვითომც არაფერი, ზრდილობისათვის გიჭირავს! მონაზონი გაოგნდა, რადგან მიხვდა, რომ დემონმა ეს ღვთის ნებით უთხრა, მაგრამ მალევე გონს მოეგო - ღმერთმა განანათლა და თავს ასე მიმართა: - ნახე, რას ვაკეთებ, მე უგუნური! ხელთ უძლიერესი იარაღი მიპყრია და მე ერთი ეშმაკის ძლევაც კი არ ძალმიძს. ვამარცხებ კი არა, თავად მიმათრევს იქით, საითაც მოისურვებს. ვცოდე, ღმერთო ჩემო! და უმალ გაბრუნდა უკან, თავის მონასტერში. დაბრუნებულმა ხელახლა კეთილად დაიწყო შრომა და ლოცვასა და მონაზვნურ ცხოვრებაში ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მრავალთათვის ღირსეულ მაგალითად იქცა. ამ მონაზონს მე მდაბალიც მოვესწარი. მის ბაგეთაგან სხვას ვერაფერს გაიგონებდი, გარდა სიტყვებისა: „უფალო, ისეო ქრისტე, შემიწყალე მე!" - და ამას გამუდმებით იმეორებდა! რაღაცას თუ ეტყოდი, ის ორიოდ სიტყვით გიპასუხებდა და მისი ენა მაშინვე ლოცვას უბრუნდებოდა, რასაც ასე შეეთვისა და რამაც შეცვალა იგი. ვინ იფიქრებდა, რომ უზენაესის ამოუცნობი განგებულებით მას ლოცვისა და სკვნილის ფასს, რასკვირველია, თავისდა უნებურად, თავად ეშმაკი დაანახვებდა! მოისმინე კიდევ ერთი მსგავსი ამბავი: როდესაც ახალ სკიტში ვიყავი და ჩემი ბერი იოესები ცოცხალი იყო, ჩვენთან ერთი ეშმაკეული ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ამ საცოდავებს (ლაპარაკია ეშმაკულებზე, რედ.) ბერი თავისი გულმოწყალების გამო იღებდა. ისინი ჩვენთან იმდენ ხანს ცხოვრობდნენ, რამდენიც სურდათ, შემდეგ კი თავინთი ნებით მიდიოდნენ. მათ ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ შეუძლიათ. შინაგან ღვთაებრივ ნუგეშს მოკლებულნი არიან და ეძიბენ მას, იცვლიან ადგილებსა და ადამიანებს!4 ამ ახალგაზრდა კაცში მეძავის დემონი მკვიდრობდა, რომელიც დაეუფლებოდა თუ არა, ხმა „როსკიპი" ქალის ხმად ეცვლებოდა და ისეთ რამეს ლაპარკობდა, რის შესახებაც მოციქული ამბობს: „საძაგელ არს სიტყუადცა" (ეფეს. 5, 12). ხელობით იგი მეკასრე იყო (მის სახელს არ ვამხელთ), ჩვენ ძმობაში საკმაოდ დიდხან ცხოვრობდა, მუშაობის საათებში მოდიოდა და ხელსაქმეში შეძლებისამებ გვეხმარებოდა. მესამე დღეს მან უთხრა: - მამაო, ბეჭდის5 კეთებას ხომ არ მასწავლიდი? კასრების დამზადება მძიმე სამუშაოა; გარდა ამისა, ისიც, ვინც ჩემს შიგნითაა, მუდამ მარცხვენს. - გასწავლი, ძმაო, კურთხეულ იყავ!6 აი, ასე გააკეთე, ხელსაწყოები აქ არის, ხის ნაჭრები - იქ, ნიმუში კი შენს წინაშეა. ამ მაგიდასთან იმუშავებ. მხოლოდ აი რა: ჩვენს საძმოში მამები არ ლაპარაკობენ, მუდამ ლოცულობენ. ამას იმიტომ ვეუბნებოდი, რომ მინდოდა ლოცვის დროს ამაოდმეტყველებისა და გონების გაფანტვისთვის თავი ამერიდებინა. მაგრამ მაშინვე გონებაში აზრმა გამიელვა: „იქნებ ეშმკეულებსაც შეუძლიათ ლოცვა?"... და აი, შევუდექით მუშაობასა და ლოცვას; რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ მასში დემონი აღიძრა: ხმა შეეცვალა, დაიწყო ყვირილი, ბილწსიტყვაობა, მუქარა და ლანძღვა. - ხმა ჩაიწყვიტე, ბინძურო! - ისმოდა შიგნიდან ყვირილი, - ხმა გაიკმინდე! მორჩი ამ ბუტბუტს! რა ყოვლთვის ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებ?! თავი დაანებე ამ სიტყვებს და ჭკუიდან ნუ მშლი. შენს შიგნით კარგად ვარ, რატომ მაშფოთებ? დაალოებით ასე ილაპარაკა დემონმა, ტანჯა მეკასრე და თავი გაანება. - ხედავ, რას მიშვრება? - მითხრა უბედურმა, - და ასე გამუდმებით მემართება. - მოთმინება, ძმაო, - ვუთხარი მას, - მოთმინება! ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას, ეს ხომ შენგან არ მოდის. ნუ ინაღვლებ და ლოცვაზე იზრუნე. (გაგრძელება...)
4 მართლაც, რა ზუსტად არის ეს ნათქვამი ბევრ ჩვენგანზე! 5 მხედველობაში აქვს სეფისკვერისთვის განკუთვნილი ბეჭედი, რომელსაც ხის ნაჭრებისაგან კვეთენ. ათონზე ძალიან ბევრი მონაზონი ლუკმა-პურს ზუსტად ამ ხელსაქმით შოულობს. 6 ბერძნულ მონასტრებში რაიმეს გასაკეთებლად მიცემულ ბრძანებაზე ან თხოვნაზე - შეასრულო მორჩილება - თანხმობის ნიშნად მიღებულია პასუხი: „კურთხეულ იყავ", ან „მაკურთხე". გარდა ამისა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც რუსეთში პასუხად მიღებულია: „ანგელოზნი ტრაპეზთან", ან „მომიტევე", საბერძნეთში ამბობენ: „მაკურთხე". უეჭველია, ეს ტრადიცია წმიდა მამათაგან მოდის, რომელთა აზრით, მონაზონმა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა იცოდეს: „შემინდე" და „მაკურთხე".
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |