მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)


27-10-2017, 00:03

სულიერი სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ (ნაწილი 3)

 

   უდიდესი ეკლესია, სადაც სიხარულით იმკვიდრებს ღმერთი, არის მისივე ხელით ფრიად ოსტატურად შექმნილი ჩვენი ყოვლადსრული არსება, ჩვენი სული, თუ იგი სუფთაა.

   გულის სისუფთავეში იგულისხმება გონება - თავისუფალი უკეთური აზრებისგან, რომელთაგანაც იშვება საძაგელი და ვნებიანი გრძნობები. უკანასკნელნი იწვევენ ხორცის ვნებით აღძვრას, რისგანაც იბილწები. უკანასკნელნი იწვევენ ხორცის ვნებით აღძვრას, რისგანაც იბილწება სულიც და სხეულიც - ორივე თანაბრად კარგავს სისუფთავესა და უბიწოებას.

   ყველა სახის ცოდვის წყარო არის ვნებიანი ოცნებისგან აღძრული პირველი უკეთური და ვნებიანი აზრი. საქმით შეცოდება საერთოდ არ მოხდება, თუ მას წინ არ უსწრებს ოცნებით მიწოდებული უკეთური აზრი.

   მაშასადამე, სიკეთეთა შორის უდიდესის - ნამდვილი სიწმინდის - მისაღწევად საჭიროა გონების განწმენდა ცოდვის ოცნებებისა და აზრებისაგან. მხოლოდ ამგვარად შეძენილ სისპეტაკეს ექნება მყარი საძირკველი.

   თუ გვსურს, შევწყვიტოთ ურიგო საქმენი, მაგრამ შინაგან გულისსიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ამაოდ დავშვრებით. როდესაც ვიზრუნებთ ჩვენი სულის სისუფთავეზე, მაშინ დაიმკვიდრებს მასში მეუფე დიდებისა. მაშინ ჩვენი სული გახდება ღვთის ბრწყინვალე და წმიდა ტაძარი, რომელიც უფლისადმი გამუდმებული ლოცვით საკმევლის სურნელით იქნება გაჯერებული.

 

 

● ● ●

   რა სარგებელს მივიღებთ, თუ დღედაღამ სხეულით ვიშრომებთ, დავიქანცებით და არ ვიზრუნებთ, რომ შინაგანად ამოვძირკვოთ ის ფესვები, საიდანაც ყოველგვარი ბოროტება აღმოცენდება!

   ძლიერ აუცილებელია სიფხიზლე და გამუდმებით ლოცვა, რათა ჩვენში შინაგანად დაბუდებული ბოროტება განვდევნოთ და სულიერი სიკეთით შევცვალოთ.

   გაფრთხილდით, რათა თქვენს მიერ ბაგეებით წარმოთქმული ლოცვა დღის სამუშაომ არ წარიტაცოს. აღმოთქვით იესოს ყოვლადდიდებული და ტკბილი სახელი და ისიც დასახმარებლად და სანუგეშოდ დაუყოვნებლივ მოვა. ყოველივეს გამოსწორება და განახლება შეუძლია ამ კურთხეულ ლოცვას!

   თავი აიძულეთ, რომ ილოცოთ. რატომ უნდა აწყდებოდეს გონება აქეთ-იქით და არ მიმართავდეს იესოს - მას, ვისი გულისთვისაც დავუტევეთ ყოველივე და ვითმენთ ყველაფერს!

 

 

● ● ●

   შვილო ჩემო, დაიცავი შენი გონება უკეთური აზრებისგან. მოსვლისთანავე განაგდე ისინი იესო ქრისტეს ლოცვით. როგორც ახრჩოლებული კვამლი მიმოფანტავს ფუტკარს, ისე უკუიქცევა სულიწმიდაც, როდესაც სამარცხვინო გულისსიტყვების სიმყრალის სუნს შეიგრძნობს. როგორც ფუტკარი ეტანება ნექტრით სავსე ყვავილს, ისე მიაშურებს სულიწმიდა იმ გონებასა და გულს, სადაც სათნოებათა და კეთილ გულისსიტყვათა სიტკბო ეგულება.

   დაე, გონებამ ოცნებების გარეშე მიაპყროს ყური ლოცვის სიტყვებს, რომელსაც თავად წარმოთქვამს ან ბაგეები კითხულობენ. ყოველგვარი ლოცვის მიზანია, რომ აღევლინებოდეს ოცნების გარეშე, იმ სიტყვებისადმი ყურადღებით, რომელსაც გონება ან ბაგენი წარმოთქვამენ.

 

 

● ● ●

   საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, კითხვის, განმასპეტაკებელი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულისა და ყოველივე ღვთაებრივის ჭვრეტის საშუალებით მოღვაწის სულსა და ხორცს განწმენდს. რასაკვირველია, ხორციელი ღვაწლიც სასარგებლოა, თუ სხეული ძლიერია; მაგრამ თუ იგი უძლურია, მაშინ ხორციელ ღვაწლს შეავსებს უფლისადმი მადლობის შეწირვა და თავის ბრალობა (თავის დადანაშაულება).

   ყოვლისმომცველ ღვთისმოსაობასა და სიფხიზლეშია ყველაფერი. ისინი ქრისტეში მცხოვრები სულის ჭეშმარიტი ნიშნებია. თუ ეს არ არის, მაშინ ცალმხრივი ასკეტიზმის მიმდევარი ადამიანი მათ გარეშე ან მცირე სარგებელს იღებს, ან ადამიანებისაგან შექებითა და ქების გულისსიტყვებით აღზევებული სრულიად იღუპება. ვისაც სიფხიზლე, სულის ეს ყოვლისმომცველი ნათელი და ფასდაუდებელი საუნჯე არა აქვს, ამაოდ შრომობს. ეს ჩვენ ვიცით წიგნებიდან, რომლთა თანახმადაც, უდაბნოში მრავალი მოსაგრე დაიღუპა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

   ხორციელი ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, სიფხიზლე - ნაყოფს; „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათ. 7, 16). ნაყოფის გამოღება ჩვენ მცნებად დაგვიდეს. დაე, ღმერთმა განგვანათლოს, თუ როგორ წარვმრთოთ ჩვენი სვლა, რამეთუ აღარ არიან ჭეშმარიტი წინამძღვარნი და თითოეული თავისი გზით მიემართება, დაე, ღმერთი იყო შეუმცდარი მეგზური ყოველი ჩვენგანისთვის.

 

 

● ● ●

   შვილნო ჩემნო, რაოდენ სამწუხარო ამბავიც არ უნდა გაგახსენოთ ჩვენი სულების მტერმა - ეშმაკმა, შეეცადეთ, მეყვსეულად, გადაუდებლად განაგდოთ ეს ხსოვნა, რამეთუ ნებისმიერ დაყოვნებას არასასურველი შედეგი მოაქვს. ეშმაკი ლოცვითა და სიფხიზლით სრულად დაიძლევა. სამარცხვინო დემონური ოცნებებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ დაუღალავი გონებითი სიფხიზლე არის მღვიძარების არსი. სიცოცხლეცა და სიკვდილიც, გახრწნაცა და გაჯანსაღებაც მასშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გონებით მლოცველი სული, რომელსაც სხვადასხვა მაცდური გულისსიტყვები სძაგს და ეზიზღება, თანდათან გასუფთავდება და განიწმინდება.

 

 

● ● ●

   მოვერიოთ დახვეწილი სახით მოვლენილი გულისსიტყვის შემოტევას, ცოდვას დასაწყისშივე დავუპირისპირდეთ და ქრისტეს მადლით ავიცილოთ არასახარბიელო და ფრიად მწარე ხვედრი. თავდაპირველად ცოდვა ვერაგი და ცბიერი მელასავით შეუმჩნვლად მოგვეპარება, მოგვადგება და გვარწმუნებს, რომ ის ერთი ჭიანჭველაა, რომელიც არ არის ყურადღების ღირი და მასთან ბრძოლა ამ მწერთან შერკინების ტოლფასია. სული მას დაუდევრად ეკიდება და დუნდება. შემდეგ პატარა ჭიანჭველა ერთობ მცირე დროში იქცევა მოუთვინიერებელ ლომად, რომლთან გამკლავებაც სულს მეტისმეტდ უჭირს.

 

 

● ● ●

   მხოლოდ ზურგში ყოფნა ანუ ოცნებებისა და გულისსიტყვებისგან უკანმოუხედავად გაქცევა გადაარჩენს ადამიანს ხორციელი ბრძოლის დროს, და ეს მან მათი გამოჩენისთანავე უნდა მოიმოქმედოს. ნუ იქნები ცნობისმოყვარე და ოცნებებს ნუ გაესაუბრები! ოცნება დიდი და საშიში ხაფანგია. ზოგიერთი რასაც მხედველობითა და შეხებით გაურბის, იმას ოცნებებით იოლად იღებს.

   იღვაწე, რათა შენი გონება მხოლოდ შენს მონასტერზე ფიქრობდეს და რაიმე ამსოფლიურზე საერთოდ არ ოცნებობდეს. ყოველივე მას შეცვლის მარტო ერთი რამ, ხსოვნა იესო ქრისტესი, რომელსაც ვემსახურებით.

   თუ შენს სენაკში რაიმე ნივთი ამ სოფელს გახსენებს, აუცილებლად გადააგდე, რათა ახალი სულიერი ბრძოლის მიზეზი ყოველგვარი ხერხით აღმოფხვრა.

   შეეცადე, დაივიწყო საკუთარი წარსული და ოდეს იგი აღიძვრება და სულს შეგიხუთავს, მოუხმე იესოს - იგი მზად არის, მყისვე მოვიდეს შენს დასახმარებლად.

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება