მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სასოწარკვეთილებისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი

სასოწარკვეთილებისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი


26-11-2017, 00:03

 

   ნუ მივეცემით, ძმებო, სასოწარკვეთილებას და ამით საკუთარი ცხონების გზას ნუ გავიმრუდებთ. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავს ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელსაც შეუძლია ჩვენი მეყვსეულად განკურნება. გავიხსენოთ, როგორ განკურნა პავლე ან მათე. ერთი მათგანი ღვთის მგმობელი იყო, მეორე კი - მეზვერე. სიტყვის მგმობელი სიტყვის მქადაგებელი გახდა. მე გამიზნულად ვიხსენებ პირველად მათ ნაკლოვანებას, შემდგომ კი სათნოებას, რათა ამით კარგად დავინახოთ, თუ რა დიდი სარგებლობა მოაქვს სინანულს.

   ამიტომ შენც ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას, ნუ შეგიპყრობს ეჭვები. ნახე, ჩვენი მასწავლებლები თავიდან ცოდვილები იყვნენ; მერე კი მართალი ცხოვრებით განითქვეს სახელი.

   მეზვერეობა და ღვთისმგმობელობა უკეთურობის უკიდურესი სახეებია.

   მეზვერეობა სრული უფლებებით აღჭურვილი ყაჩაღობა, ძალადობა, კანონით დაცული უსამართლობაა. მეზვერე ყაჩაღზე უარესია. იგი კანონიერებასაა ამოფარებული და საზოგადოებრივი ცხოვრების ჯალათად გვევლინება. ხვდებით ალბათ, რისი თქმაც მინდა, კანონმოქმედების არსი ისაა, რომ მოაწესრიგოს, განკურნოს საზოგადოებრივი ცხოვრება. მეზვერეობა კი არ კურნავს, პირიქით, აღიზიანებს საზოგადოების წყლულებს.

   მაშ რა არის მეზვერეობა?! უსირცხვილო ქურდობა, რომელსაც გამართლება არა აქვს. ყაჩაღობაზე უფრო სამარცხვინო ბოროტებაა, რადგან ყაჩაღი ხშირ შემთხვევაში სინდისის ქენჯნას განიცდის, მეზვერე კი თავის ძალადობას კანონით ამართლებს და უსირცხვილოდ, სინდისის ქენჯნის გარეშე იპარავს. აი, ასეთი ადამიანი უცებ ხდება სახარების მქადაგებელი. რანაირად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

   და წარვიდოდა იესო, - თქმულია სახარებაში, - იხილა კაცი, რომელი ჯდა საზვერესა, მათეოს სახელი და რქუა მას: „მომდევდი მე! და აღდგა და მისდევდა მას" (მთ. 9, 9).

   ო, რა დიდია სიტყვის ძალა! გადაიგდო ბადე და ტყვე მეომარი გახდა, ნაგავი ოქროდ იქცა. გადაიგდო ბადე და მეზვერე მაშინვე აღდგა და მისდევდა მას. მეზვერე, რომელიც იმყოფებოდა უზნეობის ფსკერზე, სათნოების მწვერვალზე აღდგა.

   ასე რომ, ნურავინ წარიკვეთს სასოს ცხონებისათვის. მანკიერება ჩვენი ბუნებრივი თვისება არაა. ჩვენ დაჯილდოებულები ვართ თავისუფალი ნებითა და თავის უფლებით. შენ მეზვერე ხარ? - შეგიძლია გახდე სახარების მქადაგებელი. ყაჩაღი ხარ? - განაგდებ ცოდვას და მოიპოვებ ღვთის სასუფეველს. ჯადოქარი ხარ? - თუ მოინდომებ შეგიძლია ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურო.

   არ არსებობს ცოდვა, რომელიც სინანულით არ განქარდება. ქრისტემ შეგნებულად აირჩია უკიდურესად დაცემული ადამიანები, უკეთესად რომ ეჩვენებინა სინანულის ძალა და თავი ვერაფრით გვემართლებინა.

   ნუ მეუბნები, მე დავიღუპე, გამოსავლი არა მაქვს! მე შევცოდე, რაღა უნდა ვქნა! ნუ მეუბნები, რადგან შენ გყავს მკურნალი, რომელიც ყველა წყლულს მეყსეულად განკურნავს. შენ გყავს ისეთი მკურნალი, რომელსაც აქვს ძალა და დიდი სურვილი შენი განკურნებისა.

   თუკი მან არაფრისაგან შეგქმნა შენ, ნუთუ ვერ შეძლებს განგკურნოს არსებული, მაგრამ დაზიანებული. ხომ გაგიგონია, როგორ შექმნა ადამიანი თიხისაგან, როგორ შექმნა მიწისაგან ცოცხალი არსება, როგორ მოაწყო ნერვული სისტემა, ძვლები, კანი, კუნთები. როგორ განალაგა ცხვირი, თვალები, წამწამები, წარბები, ენა, მკერდი, ხელები, ფეხები და სხვა დანარჩენი. ამისათვის აღებულ იქნა მხოლოდ მიწა - ერთი ნივთიერება და ღვთის შემოქმედების შედეგად მრავალი სახე მიიღო.

   შენ არ იცი, რა სახით შეგქმნეს, ასევე არ იცი, როგორ წარიხოცება შენი ცოდვები. როგორც ცეცხლი ანადგურებს ყველაფერს, რასაც მოედება, ასევე გაანადგურებ და ძირიანად აღმოფხვრის ჩვენს ცოდვებს ღვთის მადლი და ცოდვილს უცოდველად აქცევს. ნუ მკითხავ, ეს როგორ ხდებაო, არამედ გწამდეს ღვთის სასწაულის.

   შენ იტყვი, მე ბევრი, თან სერიოზული ცოდვა მაქვს ჩადენილი, მაგრამ ვინაა უცოდველი?! შენ ისევ მეტყვი, მე ვცოდე ყველა ადამიანზე მძიმედ. შენ სცოდე, მაგრამ საკმარისია ღმერთს ეს მსხვერპლი მიართვა, აღიარე, რომ შესცოდე (ეს აღიარებაა შენი განწმენდის დასაწყისი), მერე კი იურვე, ცრემლი ღვარე. სახარებისეულ მემრუშეს სხვა არაფერი გაუკეთებია, - არაფერი სინანულის გარდა, მან თავის ხელმძღვანელად აირჩია სინანული და ამით მიაგნო განკურნების წყაროს.



წმიდა იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება