მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპვლას მოუხშირებს - დიმიტრი როსტოველი

ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპვლას მოუხშირებს - დიმიტრი როსტოველი


4-03-2018, 00:03

 

   რატომ მოიქცა ამგვარად ნოე? მოგვითხრობენ, რომ ქამის შვილმა, 10 წლის ქანაანმა პირველად იხილა ნოეს სიშიშვლე და მამამისს უამბო. ქამი მოვიდა, დახედა მამას და დასცინა. როცა გაღვიძებულმა და გამოფხიზლებულმა ნოემ ეს შეიტყო - ქანაანი დაწყევლა.

   საყურადღებოა, რომ ქანაანის დაწყევლის მიზეზი მამამისი იყო, რომელმაც კი არ დასაჯა შვილი, კი არ აუკრძალა ნოეს სიშიშვლეზე საუბარი, პირიქით, გაიცინა და ამით გაათამამა უგუნური ბავშვი. სწორედ ამიტომ დაიმსახურა ორივემ მშობლის წყევლა.

   შეიმეცნეთ ეს მაგალითი მშობლებო, სიყრმიდანვე დასაჯეთ, საღმრთო სჯული შეასწავლეთ და, ისე აღზარდეთ შვილები, რომ ცუდის კეთება ეშინოდეთ.

   ჩვილი ბავშვი დასახატად გამზადებულ ფიცარს ჰგავს, და როგორ ნახატსაც შეასრულებს მხატვარი, კარგს თუ ცუდს, წმიდას თუ ცოდვისმიერს, ანგელოზს თუ ეშმაკს, ისეთივე დარჩება სამუდამოდ. ასევეა ბავშვიც: როგორი ცხოვრების წესითაც აღიზრდება, ღვთის სათნო თუ ღვთის მებრძოლი, ანგელოზებრივი თუ ეშმაკისეული, ასეთივე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. აი ამიტომ, ბავშვობიდანვე მოფერებითა და სიმკაცრით მათში კეთილი ზნის დათესვა გვმართებს, და არა იმდენად მოფერებით, რამდენადაც სიმკაცრით. ყური უგდეთ, ბრძენთაბრძენი ზირაქი რას გვირჩევს: „ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში, გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს" (ზირაქი 30; 11, 12).

   წმიდა იოანე ოქროპირი ახალგაზრდულ ასაკს აღვირახსნილ ცხენსა და მოუთვინიერებელ მხეცს ამსგავსებს. რით შეაკავებ ცხენს, თუ არა აღვირის მოდებით? რით მოათვინიერებ ველურ მხეცს, თუ არა ჯაჭვითა და ჯოხით? მსგავსად ამისა, ახალგაზრდული ასაკისთვის საჭიროა სიმკაცრე, თითქოს აღვირი და მუქარა, თითქოს რკინის ჯაჭვი. კარგად ამბობს ბრძენთაბრძენი ზირაქის შვილი: „ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპვლას მოუხშირებს". ბავშვის ღვთისსათნო აღზრდისათვის მშობლებმა საკუთარ აღმზრდელობით საქმიანობას გამოცდილი ადამიანებიც, მაგალითად, უფროსი ძმები ან დები უნდა დაახმარონ, რომლებიც არა მხოლოდ სათნოებებს შეასწავლიან ბავშვს, არამედ თვალყურსაც ადევნებენ ყოველ მათ სიტყვას, საქმეს თუ მოქმედებას. „სიჭაბუკე ჭირვეულია, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - ის მრავალ ხელმძღვანელს საჭიროებს". და კვლავ ოქროპირი ამბობს: „ცხვრებისათვის მწყემსებს ვეძებთ, ხოლო იმისათვის, რომ ჩვენი შვილები გამოცდილი ადამიანის ყურადღების ქვეშ იყვნენ, ჩვენ არ ვზრუნავთ". გესმით? თუ პირუტყვის მოვლისათვის კარგი მწყემსია საჭირო, მით უმეტეს ბავშვისათვის - კარგი ხელმძღვანელი. პირუტყვს მწყემსი მხეცებისა და ქურდების, ხოლო ბავშვს - ბოროტი ზნის ადამიანებისაგან დასაცავად სჭირდება, რათა არ გაიხრწნან და სამუდამოდ არ წარიწყმიდონ სული.

   საშინელი შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს წმ. გრიგოლი (დიოლოღოსი) პეტრე დიაკვანთან საუბრისას. „ბევრი ცუდად აღზრდილი ბავშვისათვის სამოთხის კარი დახშულია. ჩვენს ქალაქში (რომში) ერთ კაცს ხუთი წლის შვილი ჰყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა და თავისუფლად ზრდიდა, მამისაგან გათამამებული მოზარდი არამარტო უფროსების ლანძღვა-გინებას, არამედ ღვთის გმობასაც კი ბედავდა და კადრულობდა. მამა ყველაფერ ამას გულგრილად უცქერდა.

   ერთხელ ქალაქში საშინელი ეპიდემია გავრცელდა. დაავადდა ეს ბავშვიც. როცა იგი სასიკვდილოდ განწირული მამის კალთაში იჯდა და მის დასაპატრონებლად ეშმაკები მოვიდნენ, შიშისაგან აკანკალებულმა შეჰყვირა - „მამა, დამიცავი ამათგან". „რას ხედავ?" - ჰკითხა შეშინებულ შვილს მამამ. „შავი ადამიანები მოვიდნენ, ჩემი წაყვანა სურთ", - მიუგო შვილმა - და ჩვეულებას არც ახლა უღალატა, - ბილწსიტყვაობა და ღვთის გმობა დაიწყო. ბავშვი იქვე მოკვდა".

   დაე, შეაძრწუნოთ ბავშვების ცუდად აღმზრდელი მშობლები ამ მოთხრობამ. ისინი, რომლებიც თავიანთ შვილებს უზნეობის გამო არ დასჯიან, მათთან ერთად ღვთის მართლმსაჯულებით მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ. და როგორც ქამი თავის შვილთან ერთად დალოცვის ნაცვლად, შთამომავლობით წყევლის ღირსი გახდა, ასევე, ამ ცოდვაში მყოფი მშობლები მაცხოვრის მიერ დაიწყევლებიან: „წარვედი ჩემგან, წყეულნო!" (მათ. 25. 41).

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება