მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე ახალგაზრდობის სამწუხარო ბედი - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)
თანამედროვე ახალგაზრდობის სამწუხარო ბედი - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)4-12-2019, 17:22 |
„და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღსდეგ და ზე წამოჯდა მკუდარი და იწყო სიტყვად" (ლუკ.7,14-15)
ამ სიტყვებით გვამცნობს სულთმოფენობიდან 20-ე კვირის საკითხავი დიდი სასწაულის შესახებ, რომელიც აღასრულა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მკვდრეთით აღადგინა ნაინელი ქვრივის გარდაცვლილი ძე. სახარების ამ საკითხავის გააზრებისას წმიდა ბასილი დიდმა თავს კითხვა დაუსვა: „რამ მიიყვანა ეს ჭაბუკი ასეთ ნაადრევ სიკვდილამდე?". ხოლო წმიდა ამბროსი მედიოლანელი მიუთითებს ოთხ „კუბოს მტვირთველზე", რომლებსაც ახალგაზრდების ცხედრები საფლავებისკენ მიაქვთ. მისი სიტყვით ეს იყო 1) ზედმეტობა საჭმელ სასმელში, 2) გარყვნილება, 3) მშობლის დაუჯერებლობა და 4) აულაგმავი მრისხანება. ეს განსაკუთრებით მართებულია ჩვენი დროის მიმართ, როდესაც ამ ცოდვით მიდრეკილებებს არა მხოლოდ არ აღკვეცავენ ახალგაზრდებში, არამედ თითქოს განგებაც ხდება მათი კულტივირება, წაქეზება და განვითარება. ბევრი საფუძველი აქვს ვარაუდს, რომ ეს სწორედაც განგებ კეთდება, განსაკუთრებული სპეციალურად შექმნილი პროგრამითაც კი! ახალგაზრდა თაობის ყოველმხრივი გარყვნა - ამას ახლა თითქოს ვიღაცა მიზნად ისახავს! ახლა ხომ არავისთვისაა საიდუმლო და ბევრს აშფოთებს და აღაშფოთებს, რომ თანამედროვე სკოლები იქაური მასწავლებლებით არამხოლოდ უძლურნი არიან ბავშვების აღსაზრდელად, არამედ სრულიად განსაზღვრულად და სისტემატურად რყვნიან მათ. ამის დასამტკიცებლად საკმარისია გავიხსენოთ ე.წ. „სექსუალური აღზრდა", ვის ჭირდება ეს იმათ გარდა, ვინც მიზნად ისახავს ბავშვობის ადრეულ წლებში და სიჭაბუკეში მოუწამლოს ბავშვს ცნობიერება მანკიერებისა და გარყვნილების შხამით? თანამედროვე აღზრდის ყველა მიმართულება, როგორც უფროსი თაობის მაგალითი, ისე ბავშვის მთელი გარემომცველი სამყარო ჩვენს დროში ხელს უწყობს ბავშვებში ზემოთმოტანილ დამღუპველი ვნებების, ამ დამღუპველი დაავადებების განვითარებას, რომელიც კლავს მათ სულებს და ამავე დროს არც თუ იშვიათად ნაადრევ ფიზიკურ სიკვდილსაც უმზადებს მათ. ჩვენ ახლა თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ასეთი სულიერი და იმავდროულად ფიზიკური სიკვდილის ცოცხალ მაგალითებს ჩვენს მეტნაკლებად ახლობელ ნაცნობებს შორის, განსაკუთრებით ხშირად კი ვკითხულობთ ამგვარი სამწუხარო შემთხვევების შესახებ პერიოდულ პრესაში, თან მის შესახებ მხოლოდ კითხვაც კი შიშსა და ზიზღს აღგვიძრავს. და, რასაკვირველია, შეუძლებელია ამაში ბრალი არ დავდოთ პირველ რიგში აღზრდის თანამედროვე არარელიგიურ, უღმერთო სისტემას, რომელიც აშკარად იწვევს ბავშვებში ყველა იმ დამღუპველი ვნების განვითარებას: უზომობას საკვებსა და სასმელში, რასაც ბოლო დროს დაემატა ნარკომანიის საშინელი ეპიდემია და გარყვნილება, რომელიც როგორც ჩანს, უკიდურეს საზღვრამდე მიდის; მშობლების დაუჯერებლობას და მოუზღუდავ ბოროტ მრისხანებას, რომელიც მკვლელობითაც კი მთავრდება ხოლმე. მაგრამ რას აკეთებენ მშობლები შვილების სულიერი და ნაადრევი ფიზიკური სიკვდილისაგან დასახსნელად? სამწუხაროდ, თანამედროვე მშობლებიდან ცოტა თუ ვინმე ზრუნავს შვილების ნამდვილად საჭირო, ქრისტიანული აღზრდისათვის. ან მხოლოდ უგულვებელყოფენ მას, რადგან ირჩევენ იმას, რაც უფრო ადვილია ანუ დინებას მიყვებიან, ან თვითონაც იმდენად არიან გატაცებულნი თანამედროვე მოდური შეხედულებებითა და იდეებით, რომ ნებას აძლევენ შვილებს ყველაფერში თანამედროვე გარყვნილი სამყაროს მაგალითებს გაყვნენ, რათა მათი შვილები არაფრით გამოირჩეოდნენ დანარჩენი ახალგაზრდობისაგან. ისინი არც კი ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათ მიერ გამოჩენილი ფუქსავატობის გამო თავად ელით „გოდება და ტირილი და ტყება მრავალი". მართლაცდა, განა უაზრო და უთავბოლო კვება, არაჯანსაღი ნუგბარი და სასმელი ბავშვის ყოველგვარი ჭირვეულობის დაკმაყოფილება საკვებსა და სასმელში განა ეს არ ავითარებს მომავალ ჭაბუკსა და ქალიშვილში თავნებობასა და თავშეუკავებლობას? რა არის ბევრი მშობლის სწრაფვა ადრეული ასაკიდანვე ბავშვი უფრო საერო გართობებს მიაჩვიოს, ვიდრე ღმერთის ტაძარში სიარულს. მუდმივი გართობა კინოში, თეატრში, ცირკში, მეჯლისებსა და საღამოებზე, მოზარდების შემკობა უკანასკნელი მოდის მიხედვით, კადნიერი ხუმრობა და უქმი, არც თუ იშვიათად უწმაწური საუბარი - განა ეს ყველაფერი ადრეული ასაკიდან არ იზიდავს ბავშვს უმანკოების საწინააღმდეგო ცოდვისაკენ, რომ ნელ-ნელა მოწიფული ასაკის მიღწევისას ზნეობრივი ჭუჭყისა და გარყვნილების შუაგულში მოაქციოს იგი? განსაკუთრებით ხშირია, რომ ზოგიერთი უგნური დედა, რომელიც არაჯანსაღი ქალური ინსტიქტით ხელმძღვანელობს, მორალურად აფუჭებს თავის სრულიად სუფთა ზნეობის გოგონას, აიძულებს მისდიოს ჩაცმის (რომ არ ვთქვათ გახდის) თანამედროვე უწესო მოდას. და მოურიდებლად მოიქცეს საზოგადოებაში და ამით მოსაწონი გახდეს თანამედროვე გარყვნილი გემოვნებისა და განწყობისათვის. მშობლების დაუჯერებლობა, უპატივცემლობა უფროსისადმი? ეს ხომ უკვე დროის დაავადებად იქცა. და მშობლებისა და უფროსებისაგან, უმეტესწილად, ვერავინ ბედავს არა მხოლოდ დასჯას, არამედ მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის შენიშვნის მიცემასაც კი,რადგან მას ასეთ დროს ელის თავხედობასთან შეჯახების, შეურაცხყოფისა და ფიზიკური ზემოქმედების, მოკვლის ჩათვლითაც საშიშროება. მსგავსი შემთხვევების შესახებ ჩვენ ვკითხულობთ პრესაშიც. მტკივნეული და სამწუხაროა ჩვენი ახალგაზრდობის ყურება, რომელიც მცირე ბედნიერი გამონაკლისის გარდა თანამედროვე ცხოვრების დინებას მიყვება და ამით მწარე ხვედრს იმზადებს. მაგრამ განსაკუთრებით მწარე და მტკივნეულია ისეთ მშობლებთან, აღმზრდელებთან და ახალგაზრდობის ხელმძღვანელებთან შეხვედრა, რომლებიც ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ხოლო ასეთ განწყობას და ქცევას სრულიად ბუნებრივად თვლიან, საჭიროდ არ მიაჩნიათ მისი აღკვეთა და გამოსწორება აუცილებლობის შემთხვევაში მკაცრი მეთოდების გამოყენებითაც კი. თუმცა იმისთვის, რომ გონივრულად აღზარდონ თავისი შვილები, მშობლებმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა აჩვენონ მათ ღვთის მცნებებისა და ქრისტეს წმიდა ეკლესიის მორჩილების მაგალითი. ყველასათვის ცნობილი, მიბაძვის რა დიდი უნარი აქვს ბავშვს, ამიტომ იგი ადვილად ითვისებს ყველაფერს და ავადდება იმ ცუდით, რასაც უფროსებში, უპირველეს ყოვლისა თავის მშობლებსა და აღმზრდელებში ხედავს. რამდენად ყურადღებით უნდა იყვნენ მშობლები და აღმზრდელები საკუთარი თავის მიმართ, რომ ცუდი მაგალითით არ აცთუნონ და დაღუპონ შვილები. ისინი ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, რომ მაღალი ავტორიტეტი ჰქონდეთ შვილებში, ხოლო თუ ბავშვები ჩვეულებრივ, ალღოიანი, მგრძნობიარე და ყურადღებიანები შეამჩნევენ განსხვავებას მშობლებისა და მასწავლებლების სიტყვასა და საქმეს შორის - არაფერია უარესი! მაშინ მშობელმა თავის თავზე უნდა აიღოს, თუ მისი შვილი უზრდელი, უხეში და გაუგონარი გაიზრდება. როგორია აღზრდის ერთადერთი და სწორი გზა და როგორ გადავარჩინოთ ბავშვები ნაადრევ სიკვდილს - სულიერსაც და ხორციელსაც? გზა ერთია, მარადიული და უცვლელი, ესაა სახარებისეული აღზრდის გზა, ბავშვების ქრისტესთან და მის წმიდა ეკლესიასთან უმჭიდროესი დაახლოების გზა, როგორც თვითონ მაცხოვარმა თქვა: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა" (მათე 19,14). და არ არის საჭირო გონიერი ეკლესიური აღზრდის შიში! ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვები მონაზვნებად ვაქციოთ, რისიც ბევრს ეშინია დღეს რაღაც ცრურწმენის გამო .ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სრულიად ჯანსაღი გახდნენ სულიერად და ხორციელად, დავიცვათ ისინი იმ ბევრი დამღუპველი შეცდომიდან ცხოვრებაში. გადავარჩინოთ ისინი აუცილებელი და მოსალოდნელი მწარე ხვედრისგან, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ელით მათ და უზრუნველვყოთ მათი ხანგრძლივი, მშვიდი და ნამდვილად, ჭეშმარიტად ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ ასეთი აღზრდის დაწესება აუცილებელია ადრეული ბავშვობიდანვე, ბავშვების მიყვანა ღმრთის ტაძარში და ქრისტეს წმიდა საიდუმლოებების ხშირი ზიარება მაშინ, როდესაც მათი სულები ჯერ კიდევ არაა გარყვნილი ამქვყნიური ბოროტებით. მათ გულებს ღმრთის მადლი შეეხება, რომელიც უმანკო გულებში სუფევს და რომელიც შემდეგ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე უხელმძღვანელებს. ასეთი გონივრული აღზრდა გვქონდა ჩვენ ძველად ვიდრე მოგვევლინა ზნეობრივად დაცემული დასავლეთის გამხრწნელი სული, რამაც ყველაფერი მოწამლა და შებილწა ჩვენში თავისი მყრალი სუნთქვით. ხოლო ბოლო წლების გამოცდილებამ განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა, რომ უღმრთოებასა და უზნეობაზე შეუძლებელია არა მხოლოდ პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, არამედ სახელმწიფოებრივი ცხოვრების აშენებაც. ღმრთის გარეშე შეუძლებელია რაიმე იყოს მყარი, ეს ყველაფერი ქვიშაზე აგებული სახლია. ადრე თუ გვიან დაინგრევა, რაც არ აგებულა ერთადერთ სწორ, საიმედო და მყარ საფუძველზე - მტკიცე კლდეზე, რომელიც არის უფალი ქრისტე! ასევეა ჩვენი ახალგზრდობის საქმეც! ამინ.
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) წიგნიდან: „მართლმადიდებლობა და თანამედროვე მსოფლიო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |