მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები - წმინდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი 1)

ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები - წმინდა თეოფანე დაყუდებული (ნაწილი 1)


5-12-2019, 19:08

 

   ჩემს ყურამდე მოაღწია, თითქოს ჩემის სწავლებანი ძალზე მკაცრად მიგიჩნევიათ და ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ასე აზროვნება არ შეიძლება, ასე ცხოვრება არ შეიძლება, და ალბათ - ასე სწავლებაც არ შეიძლება. ის დრო აღარაა! - როგორ გავიხარე ამის გამგონემ! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყურადღებით მისმენთ, და არა მარტო მისმენთ, არამედ მოსმენილის შესრულებაც მოგინდომებიათ. - მეტი რაღა შეიძლება ვისურვოთ ჩვენ - რომელნიც იმას ვქადაგებთ, როგორც გვამცნეს და რაც გვამცნეს. 

   მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. მისი დაძრახვა და შესწორება ჩემს ვალად მიმაჩნია. მიუხედავად თქვენი სურვილისა და დარწმუნებისა, ეს აზრი ბოროტი სათავიდან მომდინარეობს; მომდინარეობს იმ წყაროდან, თითქოს შესაძლებელია, რომ ქრისტიანობა თავის დოგმატებს, წესებს და მაკურთხეველ მოქმედებებს დროის სულისკვეთებისდა მიხედვით ცვლიდეს და ამა სოფლის ძეთა მერყევი ხასიათის გავითვალისწინებით ამ მოძღვრებას ზოგი რამ შეიძლება მიუმატოს და ზოგიც დააკლოს. ეს ასე არაა - ქრისტიანობა მარადის ხელუხლებლად უნდა რჩებოდეს, დროის სულისაგან დამოუკიდებელი და განუგებელი. და პირიქით, თავად მმართველად და მბრძანებლადაა დადგენილი მასზე, ყველა მის წინამძღოლობაზე დამორჩილებულთათვის. - თქვენს დასამოწმებლად რამდენიმე აზრს შემოგთავაზებთ. 

   ამბობენ: მკაცრია ჩემი სწავლება. - ჩემი სწავლება ჩემი არაა, და არც შეიძლება ჩემი იყოს. არავის არ უნდა, და არც შეუძლია იქადაგოს ამ წმიდა ადგილიდან თავისი საკუთარი სწავლება. - და თუ მე ან ვინმე მავანი აგრერიგად გაკადნიერდება, აქედან მოგვაშორეთ. - ჩვენ ვქადაგებთ მოძღვრებას უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, წმიდათა მისთა მოციქულთა და წმიდისა ეკლესიისა, ღვთის სულით განბრძნობილისა. - და ყოველგვარ ღონეს ვხმობთ, რომ ეს სწავლება თქვენს გონებასა და გულებში სრულად და ხელშეუხებლად დაიმარხოს, - სიფრთხილით ვარჩევთ ყოველ აზრსა და ყოველ სიტყვას, რომ ამ ნათელ, ღვთაებრივ მოძღვრებას რაიმე ჩრდილი არ მივაყენოთ. - სხვაგვარი მოქმედება არ შეიძლება. ეკლესიაში ქადაგებისთვის ეს კანონი ქვეყნიერების დასაბამითგანვეა ღვთის პირით დადგენილი და მის აღსასრულამდე უნდა იქნას დაცული. წმიდა წინასწარმეტყველმა მოსემ ისრაელის ხალხს ღვთის მცნებები აუწყა და დაუდგინა: „არ შესძინო შენ სიტყუაი ერთი, რომელსა-ესე მე გამცნობ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა - ესე მე გამცნებ შენ დღეს-დღე" (II სჯულ. 4,2). უცვალებლობის ეს კანონი იმგავარად ხელშეუხებელია, რომ თავად უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა მთაზე ქდაგებისას ბრძანა: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა, გინა წინაისწარმეტყუელთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად - ამინ გეტყვი თქუენ: ვიდრემდე წარხდეს ცაი და ქუეყანაი, იოტა ერთი გინა რქაი ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინაისწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს" (მათე 5,17,18). შემდგომ ასეთივე ძალა მიანიჭა თავის მოძღვრებასაც; სანამ ამ მცნებებს სახარებისეული სულით გამოათარგმანებდა, დაამატა: „უკუეთუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა" (მათე 5,19). ეს ნიშნავს: ვინც ამ მცნებას მრუდედ გამოათარგმანებს და მათ ძალას დაამცირებს, განწირულ იქნება მომავალ ცხოვრებაში. ასე ბრძანა უფალმა თავისი ქადაგების დასაწყისში. გამოცხადებაში იგივე დაადასტურა წმიდა იოანე ღვთისმეტყველმაც. ამა ქვეყნის და ეკლესიის უკანასკნელი ხვედრის ჩვენების შემდეგ აუწყა: „ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაისწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი. უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა და უკეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინასწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხოვრებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა" (გამოცხ. 22,18,19). მოციქულებს ასეთი კანონი დაუდგინა უფალმა მთელი ამ დროისათვის, მისი პირველი გამოჩენიდან მეორედ მოსვლამდე: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი... და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ". - ე.ი. ის კი არ ასწავლოთ, რაც მოგაფიქრდეთ, არამედ რაც „მე გამცენ თქუენ". - და ესრეთ აღსასრულამდე სოფლისა. „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ" (მათე 28,19,20). მოციქულებმა ეს კანონი მიიღეს და მისი აღსრულებისათვის სიცოცხლე დასდვეს. სასჯელისა და სიკვდილის შიშით ცდილობდნენ, ეიძულებინათ ისინი, აღარ ექადაგათ ამგვარად, მაგრამ მოწაფეები მიუგებდნენ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა, თქუენი სმენაი უფროის, ანუ ღმრთისა, საჯეთ, რამეთუ ჩუენ ვერ ხელგვეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარცა არ ვიტყოდეთ" (საქმე 4,19,20). მოციქულებმა თავის მოწაფეებს გადასცეს ეს კანონი, მათ მიიღეს და მას აქეთ იგი მუდმივად მოქმედებს ღვთის ეკლესიაში. ეს კანონია ის ძალა, რაც ჭეშმარიტების სვეტსა და სიმტკიცეს წარმოადგენს. - ხედავთ, როგორი ხელშეუხებელი ურყევობაა! ვინ ბედავს ამის შემდეგ რაიმეს ხელყოფას ანდა ქრისტიანულ სწავლებასა და კანონებში რაიმეს შეძვრას? უსმინეთ რა ეუწყა წინასწარმეტყველ იეზეკიელს. „შვიდ დღეს ილოცვიდა იგი განმცხრომელ და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, ესმა მას სიტყვა უფლისა: ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაელისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ. - და აჰა შენ კანონი! - უკეთუ ნახავ უსჯულოსა უსჯულოებასა შინა და არა ეტყვი მას: დაუტევე უსჯულოება შენი და მოიქეც მაგ გზათაგან, უსჯულოი იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს და სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო - ხოლო უკეთუ შენ განამკაცრე უსჯულოი იგი და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოი იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და სული შენი განირინო. ასევე, უკუეთუ ხედავ მი-რაი-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თვისთა, არ შეეწევი მას და მის მოქცევაზე იზრუნებ, შეცოდებული მართალი ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით... და სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო - და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხოვრებით ცხონდეს. და შენ სული შენი განირინო" (იეზეკ. 4,17-21). რა მკაცრი კანონია! არადა ეს კანონი ყველა მოძღვრის სინდისში ისმის მათი ხელდასხმის ჟამს, როცა კისრადიღებენ მძიმე უღელს - და არა მხოლოდ მწყემსონ, არამედ დამწყსონ კიდევაც. (გაგრძელება...)


წმინდა თეოფანე დაყუდებული 

წიგნიდან: „მართლმადიდებლობა და თანამედროვე მსოფლიო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება