მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რა პასუხს გავცემთ წინაპრებს? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რა პასუხს გავცემთ წინაპრებს? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)8-08-2017, 00:03 |
საქართველოში შობადობის მაჩვენებელი მის მოსაზღვრე ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია. როდესაც სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია, რომელიც ერის გადაგვარების საფრთხეზე მეტყველებს, ეს უხმო კვნესაა, აღმომხდარი ქვეყნის გულიდან, როგორც ავადმყოფის მკერდიდან. ნუთუ საქართველო განწირულია დასაღუპავად? ნუთუ ქართულ ეთნოსს, რომელმაც საუკუნეების მანძილზე უმძიმესი განსაცდელები გაიარა, რომლის ისტორიაც გოლგოთას ჰგავდა, ნელი სიკვდილისა და თვითგანადგურების განაჩენი აქვს გამოტანილი? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური სიძნელეები ოჯახებს ისეთი ამოცანების წინაშე აყენებენ, რომლებსაც ისინი თავს ვერ ართმევენ. ადამიანებს გული უცრუვდებათ, რადგან სამსახურს ვერ შოულობენ და არ იციან, შვილები როგორ არჩინონ. ასეთ სიტყვებსაც გაიგონებთ: ადამიანები ბავშვების გაჩენაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ თავიანთ თავზე საკუთარი შვილების წინაშე. ეს გარკვეულწილად სიმართლეც არის, მაგრამ, ჩვენი აზრით, მხოლოდ ნაწილობრივ. სიღარიბის გამო ოდესმე ერი რომ გადაგვარებულიყოს, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია უახლესი ისტორიის სხვა მაგალითებზე მივუთითოთ. ალბანელები, რომლებიც სერბეთის ისტორიულ ტერიტორიაზე დასახლდნენ, სერბებთან შედარებით ცუდ ეკონომიკურ პირობებში იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით კი - ის ემიგრანტები, რომლებმაც 50-60-იანი წლების ტერორის დროს დატოვეს ალბანეთი. და აი, რა ხდება: სიღარიბის მიუხედავად, ალბანელთა ოჯახები მრავალშვილიანია, აბორტების რიცხვი მათში გაცილებით მცირეა, ვიდრე სერბებში, და უცხოეთიდან ჩამოსულები მუდმივ მაცხოვრებლებს თანდათანობით ავიწროებენ. შედეგად კი სერბეთმა დაკარგა, ან თითქმის დაკარგა თავისი ერთ-ერთი მთავარი სულიერი და კულტურული ცენტრი - კოსოვო, რომელთანაც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მთელი ისტორია. სერბეთის პატრიარქმა პავლემ ანათემას გადასცა, ანუ ეკლესიისაგან განკვეთა და შეაჩვენა ის ექიმები, რომლებიც აბორტს აკეთებენ, და აგრეთვე ის პირები, რომლებიც აბორტის პროპაგანდას ეწევიან. კიდევ სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, მაგრამ განაღა საჭიროა? განა ზნეობრივი საქციელი იქნება, ბავშვს სიცოცხლე წაართვა იმის გამო, რომ მისთვის ლუკმის გაყოფა არ გინდა, ეს ლუკმა უკანასკნელიც რომ იყოს? „ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს იმ ავბედით დროზე, როცა საქართველოს წინაშე არჩევანი იდგა: მას ან ქრისტიანობაზე, ეთნოსურ კულტურასა და ენაზე, ე.ი. ქართველობაზე უნდა ეთქვა უარი, ან რეალური განადგურების საფრთხის წინაშე დამდგარიყო. თემურ ლენგისა და შაჰ-აბასის შემოსევების დროს საქართველოს კუთხეები მთლიანად დააცარიელეს, ქალაქები დაანგრიეს, ნათესები გადაწვეს, ბაღ-ვენახები გაჩეხეს, ხალხის უმეტესი ნაწილი დახოცეს და დაატყვევეს. მაშინ ხალხს მატერიალური მდგომარეობა განა უკეთესი ჰქონდა? მაგრამ საქართველო გადარჩა, ის არაერთხელ აღმდგარა ფერფლიდან ფენიქსივით. შაჰ-აბასის შემოსევების დროსაც კი, როდესაც ხალხი ტყეებსა და მთებს აფარებდა თავს1, წარმოუდგენელია, ჩვენს რომელიმე წინაპარს გაებედა და ეთქვა, ქალებმა საშოშივე მოკლან შვილები, რათა ზედმეტი სული არ დააწვეს ოჯახსო. ვფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანს ცოფიანი ძაღლივით ან შხამიანი გველივით ადგილზევე მოკლავდნენ. როდესაც ხალხი შემოსევების დროს სხვა ოლქებში გადადიოდა საცხოვრებლად, დიდ გაჭირვებას განიცდიდა, მაგრამ არსად თქმულა, რომ ვინმეს თავისი ხვედრის შემსუბუქება საკუთარი შვილების დახოცვით გადაეწყვიტოს. საქართველოს ისტორიის ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ. ერეკლე მეფის დროს ალავერდსა და მასთან ახლომდებარე სოფლებს ლეკები შემოესივნენ. ვერცხლის მადნებზე მომუშავეები ალავერდის ტაძრის სამალავებში დაიმალნენ. ლეკები ყველგან დაძრწოდნენ, რათა ისინი დაეტყვევებინათ (ხელოსნები ძვირად ფასობდნენ), მაგრამ მათ ვერ აგნებდნენ. უეცრად დედას ჩვილი ბავშვი აუტირდა ხელში. მან ვერ შეძლო შვილის დაწყნარება და თქვა: „დაე, მოკვდეს ჩემი შვილი, მე არ მინდა, რომ თქვენ მისი გულისთვის ყაჩაღებს ჩაუვარდეთ ხელში და მონებად იქცეთ". მაგრამ ამ დროს ერთმა უხუცესმა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და მამად მიიჩნევდა, თქვა: „არა, ამ ბავშვის სისხლი წყევლად დაგვედება ჩვენცა და ჩვენს შთამომავლებსაც, უმჯობესია, ყველანი ტყვედ ჩავბარდეთ, ვიდრე ასეთი საშინელი და სამარცხვინო დანაშაულის ლაქა წავიცხოთო". ლეკებმა გაიგონეს ბავშვის ტირილი, იპოვეს კედლის სამალავებში დამალული ხალხი და ტყვედ წაიყვანეს. თემურ ლენგის შემოსევების დროს მტრებმა აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაარბიეს და დახოცეს. თემურ ლენგს ჩვეულებად ჰქონდა: მის მიერ დანგრეული და გადამწვარი ქალაქებისა და სოფლების მახლობლად ის ადამიანის თავების გორას დგამდა. ეს მონათხრობი ჩვენში შემზარავ განცდას იწვევს. ჩვენ გვეჩვენება, რომ ამგვარი ბოროტმოქმედების ჩადენა მხოლოდ ხორცშესხმულ დემონს შეუძლია. მაგრამ საკუთარი დედების მიერ დახოცილ ბავშვთა თავების შეგროვება რომ შეიძლებოდეს, მათგან გორაკები კი არა ნამდვილი მთები აღიმართება. ნუთუ ქართველი მშობლების მიერ დახოცილ ჩვილთა სხეულები მათივე ქვეყნის საფლავის ქვებად იქცევა? საშინელ სამსჯავროზე ჩვენ სიტყვისგება მოგვიწევს არა მარტო უფლის წინაშე, არამედ აგრეთვე იმ წინაპრების წინაშე, რომლებიც საკუთარი მკერდით იცავდნენ თავიანთ ხალხს. რა პასუხს გავცემთ მათ - ჩვენ ვსპობდით სამშობლოს, რომელიც ჩვენთვის გადაარჩინეს? რას ვეტყვით იმათ, ვინც მიწურებში იმალებოდნენ, ან ტყე-ტყე დახეტიალობდნენ და ასე შეუნარჩუნეს შვილებს სიცოცხლე, - ათი აბორტი იმიტომ გავიკეთე, რომ მძიმე მატერიალური პირობები მაქვს, დიდი გადასახადები მაწევს კისერზე, ბავშვს უმაღლეს განათლებას ვერ მივცემ და ისეთ ტანსაცმელს ვერ ვუყიდი, როგორიც მის მდიდარ თანატოლებს აცვიათო? განა მიგვიღებენ ჩვენი წინაპრები ადამიანის სისხლში ამოსვრილებს, თანაც ომში მოკლული დამპყრობელი მტრის კი არა, საკუთარი შვილების სისხლით შებღალულებს? განა „მოღალატეს" არ გვიწოდებენ ისინი, - სიტყვას, რომელიც ცეცხლივით დაგვწვავს?
1გიორგი სააკაძის რჩევით, შაჰ-აბასმა ზამთარში გაილაშქრა საქართველოზე, რათა ადამიანები საკვების გარეშე დარჩენილიყვნენ და ბალახით ან ტყის ნაყოფით არ დაპურებულიყვნენ.
წიგნიდან „სულის უდაბნო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |