მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე “მსახიობები“
თანამედროვე “მსახიობები“2-07-2017, 00:03 |
მსახიობობა თავისი არსით ჭეშმარიტების იმიტირება, სხვადასხვაგვარი ნიღბის მორგება, ადამიანის ბუნებრივი სახის ცვლილება და სინამდვილის გათამაშებაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში „მსახიობის ტიტულს" ვანიჭებთ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული „მსახიობური" ნიჭის წყალობით ახერხებენ პასუხისმგებლობისაგან ოსტატურად დაღწევას, ემოციური განცხადებებით ადამიანებზე მანიპულირებას და სასურველი მიზნის მიღწევას, მიღებული წესების დარღვევით უმოკლესი გზის პოვნას. ამ ადამიანებს ხშირად შემდეგი სიტყვებით მოვიხსენებთ: „შეასრულა", „კარგად გაითამაშა", „იოლად გამოძვრა", „როლში შევიდა" და მრავალი სხვა. საზოგადოება, როგორც წესი, აღფრთოვანებულია ადამიანებით, რომელნიც მართალი გზის ავლით, ტყუილით, ფარისევლობითა და სხვისი შრომის მითვისებით აღწევენ გარკვეულ წარმატებას. ნიშანდობლივია, რაც უფრო ნიჭიერია ასეთი „მსახიობი", მით უფრო იოლად ახერხებს ადამიანების მოტყუებას, მათ შორის თავის ზემდგომებისაც. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი, გაბრუებული „მსახიობის პერფომანსით", თავიანთ სიმპათიას ვერ მალავენ და ხიბლში მყოფნი ამ სიყალბეს ახალისებენ. „მსახიობები" ნებისმიერ საზოგადოებაში ძალიან სწრაფად ადაპტირდებიან, მათთვის ხომ ნებისმიერი როლის მორგება პრობლემას არ წარმოადგენს. სულ მალე კი „როლში" შესული თავისი მიზნისაკენ მზაკვრულ სვლას იწყებს. კეთილსინდისიერი ადამიანის ნიღაბის უკან აშკარა იეზუიტი იმალება, რომლის მიზანი ყველა საშუალებას ამართლებს. საშუალებათა არსენალში კი ცილისწამება, სიცრუე, დასმენა, ჭორაობა, მლიქვნელობა და ღალატია. „მსახიობი" ყველა საქმეს მინიმალურად აკეთებს, მაგრამ ამ მინიმუმს სათანდოდ შეფუთავს და „მაქსიმუმად" წარმოადგენს. გამოუცდელი ადამიანისთვის ამის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია და თუ შეამჩნიე მისი არამზადობა, მაშინ „მსახიობი" სინანულის ემოციასაც უპრობლემოდ გაითამაშებს. ამიტომაც, ისინი „წარმატებებს" იოლად აღწევენ, ძირითადად სხვისი შრომის მოხერხებულად მითვისების ხარჯზე. „მსახიობობა" მასიური სენია და სამწუხაროდ იგი ეკლესიაშიც დაბინავდა. მთავარეპისკოპოს ამბერკის (ტაუშევი) აზრით: „მსახიობობას" ეკლესიაში ვაწყდებით მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური დაჯგუფების ბელადნი და მათი მომხრენი იწყებენ „როლებში" შესვლას. ამის მიზეზი არის მიწიერი ამბიციების მქონე სულიერად უსუსური ადამიანების მცდელობა ეკლესიაში დაიკავონ თანამდებობები, რომელნიც განკუთვნილია უფრო მაღალი სულიერების მქონე ადამიანებისთვის. უმეტეს შემთხვევაში ამ „მსახიობებს", არ გააჩნიათ რა არანაირი სულიერი ავტორიტეტი, იძულებულნი არიან მის მოსახვეჭად კაცთმოთნეობას და მლიქვნელობას მიმართონ. ამ დროს, ამბობს მთავარეპისკოპოსი, იძულებული ხარ ელაქუცო „საჭირო" ადამიანებს და საჭიროების შემთხვევაში გაანადგურო სავარაუდო მოწინააღმდეგე. უნდა გაითვალისწინო „გავლენიანი" ადამიანების აზრი მიუხედავად მათდამი არსებული შესაძლო უთანხმოებისა. ასევე მოგეთხოვება თანამოაზრეთა გუნდის შეკრება, თანამდებობებისა და ჯილდოების დარიგება. ყოველივე ეს ხორციელდება პირმოთნეობისა და ყალბი სიყვარულის ფონზე. ამ ადამიანთათვის სინდისის ხმა თითქოს საერთოდ გაქრა. ისინი არც ღვთის კანონს ცნობენ. მზად არიან ტენდენციურად და ურცხვად სახე უცვალონ ჭეშმარიტებას, იცრუონ და ცილი დასწამონ მათ, ვინც არ ეთანხმება მათ ქედმაღლურ მიდრეკილებას. ებრძვიან ყველას, ვინც მხარს არ უჭერს მათ თვითკმაყოფილებას და დაუოკებელ სურვილს ითამაშონ მთავარი „როლი" ყველგან და ყველაფერში. ისინი მიზანმიმართულად დევნიან კანონიერად დანიშნულ, ჭეშმარიტად კეთილ მწყემსებსა და მლოცველებს, რომელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენს დროში. ნაცვლად იმისა, რომ ვაფასებდეთ და არა ვდევნიდეთ სიცრუითა და ცილის წამებით, რაც არის ცოდვა და სისაძაგლე ღვთის წინაშე. ამ ადამიანებით, რომლებიც შეიპყრო თავმოყვარეობის დაუოკებელმა ვნებამ, ხშირად სარგებლობენ ბნელი ძალები, ანტიქრისტეს მსახურნი, რათა დაანაწევრონ და გაანადგურონ ეკლესია... ჭეშმარიტად უსინდისონი არიან ეს ადამიანები! როლის შესრულებისას ადამიანი სწორად ისეთ მოქმედებას განასახიერებს, როგორსაც სამყარო მოელის ასეთ „საპასუხისმგებლო" პოსტზე ყოფნის დროს. ეს დამოკიდებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება წმინდა წერილში მოყვანილ მახასიათებლებს: სრული უბრალოება, სულის თავისუფლება და არავითარი მოჩვენებითობა და თამაში. ერთ „მსახიობ" ეკლესიის ბელადზე არქიეპისკოპოსმა ამბერკიმ თქვა, რომ ის „ნიღაბს" ატარებს. „არიან პირფერნი, რომელნიც თავს ღვთისმოსავებად და კეთილმსახურებად გვაჩვენებენ, თუმცა სინამდვილეში ასეთები არ არიან. მაგრამ ისინი პასუხს აგებენ ღვთის წინაშე, რადგან მათ მორწმუნეთა მოტყუება სცადეს და ეს საკუთარი სარგებლობისთვის გააკეთეს. ამგვარ „მსახიობობას" მრავალი ფორმა გააჩნია. ზოგიერთი მათგანი მაღალ სულიერებით დაჯილდოვებული „სტარეცის", ღვთივგანბრძნობილ მამის, როლს ირგებს, ღვაწლს, რომელიც აღარ არის დამახასიათებელი ჩვენი დროის მოღვაწეებისთვის". სხვა სახის „მსახოიბებს" მართლმადიდებლობის ცრუმქადაგებლებში ვაწყდებით. მათგან ზოგიერთი „ღვთისმეტყველი", განახლებულ მართლმადიდებლობას ქადაგებს. ამ ცრუმასწავლებლებს ვხდებით არა მარტო ლიბერალურ, არამედ „მეცნიერულ", „ტრადიციონალ" და „კონსერვატიულ" წრეებშიც. ყალბი მართლმადიდებლობის მქადაგებლები ადამიანს უტოვებენ შეგრძნებას თითქოს მათ „შეიცნეს" მართლმადიდებლობა, მაგრამ ხშირად ადამიანის სულს ხელშეუხებელს ტოვებენ. მათ შესახებ არქიეპისკოპოსი ამბერკი ამბობდა: „სამწუხაროდ! რა ცოტაა ადამიანი, განათლებულ ადამიანთა შორის, ზოგჯერ კი „ღვთისმეტყველთა" და მაღალი რანგის სასულიერო პირთა შორის, რომელთაც სწორად ესმით რა არის მართლმადიდებლობა და მისი არსი. ისინი სრულიად ზედაპირულად უდგებიან ჭეშმარიტ სწავლებას და წყვეტენ ყველა საკითხს ძალიან მარტივად და გულუბრყვილოდ. ისინი ვერ აღიქვამენ სრულ სისავსეს მისი სულიერი შინაარსისა. ქრისტიანის მიზანი სიწრფოების, უზაკველობის, სიწმინდის, სიმდაბლის, ნიღბებისა და მოჩვენებითობის გარეშე ცხოვრების მიღწევაა, მსახიობობა კი თავისი არსით ამ სათნოებების წინააღმდეგ სვლაა, ის სწორედ სხვადასხვაგვარი ნიღბების უზადოდ მორგების ხელოვნებაა. ყველას გვმართებს სიფხიზლე, რომ ეს სენი არ შემოიჭრას ჩვენში. ჩვენი თანამედროვე, წმ. ალექსიბერი (შუშანია) ამგვარად საუბრობს ხსენებულ მანკიერებაზე: „ვეცადოთ, ძმანო, ლიტონობას, სიწრფოებას და უმანკოებას, რაცა ვართ ისე გამოვსჩნდეთ, ე.ი. ბუნებით რაცა ვართ, ისე ვიყოთ ყოველთა მიმართ".
დავით ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |