მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წერილები

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წერილები


22-10-2017, 00:02

 

   გულმოდგინედ ილოცე! სამშაბათს საღამოს მშვიდად განისვენა არქიეპისკოპოსმა ამბერკიმ და დაგვტოვა. მამა გერმანე მეუფე ანტონთან და ნექტარიოსთან ერთად დაკრძალვაზე გაემგზავრა, ჯორდანვილში.

   ცხადია, ეს ძლიერი დარტყმაა ჩვენთვის. იმედი გვქონდა, რომ გარკვეული დროის მანძილზე კიდევ ვისარგებლებდით მისი მხარდაჭერით, მაგრამ უფალმა სხვაგვარად განსაჯა. ვგრძნობთ, რომ ახლა ეს უზარმაზარი ტვირთი - ეკლესიური სიმართლის დაცვა - ჩვენს მხრებს დააწვა. ამასთან, ახლა გავიგე, რომ ფერისცვალების მონასტერმა (ბოსტონში) მოამზადა „ეპისტოლე", რომელშიც დეტალურად გადმოგვცემს თავის უთანხმოებას ჩვენს „პროლოგთან" (დასაბეჭდათ გამზადებული წიგნისათვის გალების წმინდანთა შესახებ), ფიქრიც კი საშინელია, რა ბრძოლების გადატანა მოგვიხდება ამ ახლო მომავალში. ერთი ნათელია: ადამიანური სიბრძნე აქ ვერ გვიშველის! ჩვენ მეუფე იოანესა და მეუფე ამბერკის ლოცვების იმედი გვაქვს, ახლა უკვე ზეცაში. მამა ვლადიმერი, ჯორდანვილიდან, (რომელსაც გუშინ ესაუბრა მამა გერმანე) ამბობს, რომ ეკლესიური ატმოსფერო „შემაძრწუნებელია". რა გველის წინ? მაგრამ ღმერთია ჩვენთან!

   გთხოვ, არქიეპისკოპოს ამბერკისთვის ილოცე, განსაკუთრებით პარასკევს - დაკრძალვა ნაშუადღევსაა.

 

2/19 აპრილი, 1976 წ. 

 

 

● ● ●

  

   მეუფე ამბერკის გარდაცვალების, S.-ისა და სამი ახალგაზრდა ახალმოქცეულის გამგზავრების შემდგომ, რომლებიც ამ კვირაში გვსტუმრობდნენ, ვწუხვარ და ვფიქრობ: ღირს კი იქადაგო ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი ვინმეა, ვინც ფიქრობს, რომ „ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის", ხოლო ის, ვინც ასე არ ფიქრობს, სუსტია, როგორც მაკარონი? ან იქნებ, როგორც ბრძნულად გამოთქვა ჩვენმა ახალგაზრდა T-მ, თუკი ყველა სხვაგვარად ფიქრობს, ჩვენ მართლაც ვცდებით? მაგრამ ვფიქრობ მეუფე ამბერკიზეც, მამა მიხეილ პომაზანსკიზე და ძველი თაობის წარმომადგენლებზე, რომელთაგან თითქმის ყველა წავიდა, და დავტირი ჩვენს ახალგაზრდა ყოვლისმცოდნეებს, რომლებიც არსებითს ვერ ხედავენ. თუმცა, შემეცნება მხოლოდ ჭეშმარიტ ტანჯვას მოაქვს, ეს კი ბევრს როდი შეუძლია!

 

დიდი მარხვის მე-6 კვირა. პარასკევი 

 

 

წერილის წინასიტყვაობა

 

   მამა სერაფიმე ხშირად საუბრობდა ტანჯვის მნიშვნელობაზე სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტანჯვაზე მეტად არაჯანსაღი წარმოდგენა შეიქმნა, აუცილებელია, მისი განმარტებისათვის რამდენიმე სიტყვა ითქვას. მამა სერაფიმე გვასწავლიდა, რომ ტანჯვა სულიერი იარაღია, რომელიც თავისთავში არ იკეტება, აქ ადგილი არა აქვს დამღუპველ, სენტიმენტალურ დასავლურ-ქრისტიანულ თეორიას, რომ ჩვენ მსხვერპლად უნდა ვიქცეთ, კეთილშობილურად მივიტანოთ ჩვენი ტანჯვა, როგორც „ეპიტიმია" ჩვენი (ან ვისიმე) ცოდვებისათვის განრისხებული ღმერთის გულის მოსალბობად. პირიქით, იგი თვლიდა, რომ ტანჯვა, რომელიც ჩვენს გამოუცდელობასა და შეცდომებს მოსდევს, ღირებულია მაშინ, როცა მათზე სწავლობ. ჩვენს მიერ განცდილი წუხილი და ცხოვრებისეული სიძნელეები, რომლებიც ჩვენივე დაცემული ბუნების თანამდევია, ან ისინი, რომლებიც დევნისა თუ მიუხვედრელობის გამო გვეგზავნება, თვითშებრალებას არ უნდა იწვევდნენ, მაგრამ უნდა არბილებდნენ ცოდვით გაქვავებულ ჩვენს გულებს, სულიერ ბუნებას უნდა განწმენდნენ, გვაიძულებდნენ სულ უფრო მეტად და მხოლოდ ღმერთის გვეიმედებოდეს. ყველა ჩვენთაგანმა უდრტვინველად უნდა მიიღოს ეს ტანჯვა, რადგან სხვაგვარად მას არ ექნება სულიერი ღირებულება. მამა სერაფიმე საუბრობდა რომელიმე გარკვეული „გაჭირვების" გადატანის აუცილებლობაზე. იგი გულისხმობდა ისევ უდრტვინველ დათმენას, რაც ერთ-ერთი საუკეთესო აღჭურვილობაა სულიერი ზრდისათვის. იმის გამო, რომ ჩვენ სან-ფრანცისკოს კათედრალურ ტაძარში მორიგი გამგზავრებისთვის ვემზადებოდით, მამა სერაფიმემ შემდეგი თხოვნით მოგვმართა:

   „გთხოვ, ილოცე ჩვენთვის, განსაკუთრებით არქიეპისკოპოს იოანეს აკლდამასთან. ჩვენი ახალი ნომერი სწორედ მას მიეძღვნება და გვჭირდება ძალა და სიბრძნე, რათა მის შესახებ მნიშვნელოვანი „სიტყვა" ვთქვათ. კურთხევა ითხოვე მისგან ჩვენთვის.

   ორშაბათს მამა გერმანეს დაბრუნებას ველით (არქიეპისკოპოს ამბერკის დაკრძალვიდან, ჯორდანვილში). მძიმე ტვირთი დაგვაწვა მეუფე ამბერკის გარდაცვალებით. ნაყოფიერების როგორი მაგალითი იყო იგი ჩვენთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე! ჩვენც არასდროს არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არამედ ღვთის სიტყვის ქადაგება განვაგრძოთ!

 

4/14 აპრილი, 1976 წ. 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება