მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > გამძვინვარებულ უღმერთოებს ხალხის რწმენის „შეცოდებათა“ შესახებ - წმიდა ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)

გამძვინვარებულ უღმერთოებს ხალხის რწმენის „შეცოდებათა“ შესახებ - წმიდა ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)


10-10-2017, 00:03

 

   თქვენ ყველგან საჯაროდ ღრიალებთ: „მართლმადიდებლობავ! გაეთრიე სკოლიდან!" თვლით, რომ უმჯობესია, მოზარდ თაობებს რამდენიც სურთ, იმდენი უჩიჩინონ სისხლისმსმელ ნერონსა და კაციჭამია კალიგულაზე, ოღონდაც არ ახსენონ იესო ქრისტეს მაცხოვნებელი სახელი.

   მაგრამ მოდით, მშვიდად განვსაჯოთ, რა შესცოდა ჩვენი ხალხის ქრისტიანულმა რწმენამ ისეთი, რომ ჩაქოლვას უპირებთ? როცა ებრაელები ქვებით შეიარაღდნენ, რათა ისინი ქრისტესათვის დაეშინათ, უფალმა ჰკითხა მათ: „მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ, რომლისა მათგანისა საქმისათვის ქუასა დამკრებთ მე?" (იოან. 10. 32). სწორედ ასევე მართლმადიდებლურ რწმენასაც სრული უფლება აქვს გკითხოს: „ჩემს კეთილ საქმეთაგან რომლის გამო ისწრაფვით ჩემს ჩასაქოლად?

   იქნებ იმისთვის, რომ თქვენს წარმართ მამებს გამოგონილი პერუნისა და მისი ოჯახის კერპთა სანაცვლოდ ვასწავლე რწმენა ერთადერთი, ყოვლისმპყრობელი ღმრთისა?

   იქნებ იმისთვის, რომ თქვენს წინაპართა უნათლავი ურდოები კეთილშობილ და კულტურულ ხალხად ვაქციე?

   იქნებ იმისთვის, რომ თქვენთვის შევქმენი სულიერების საოცრება, სერბი ხალხის მამა წმ. საბა ნემანიჩი და მისი მეშვეობით გამოჩენილ პიროვნებათა მთელი პლეადა?

   ან იქნებ იმისთვის, რომ ღმერთს ვმსახურებდი და პირველი სერბული სახელმწიფო სიწმინდისა და ჰეროიზმის სულითა და სილამაზითაა აღსავსე?

   იქნებ იმისთვის, რომ კოსოვოელ წამებულთა გულები ჯვრისა და თავისუფლების სიყვარულით აღვანთე, რომელიც სიკვდილზე ძლიერია?

   ან იმისთვის, რომ სინათლის სხივი ვიყავი სერბი ხალხისთვის თურქთა მონობის ხუთ-საუკუნოვან წყვდიადში?

   იქნებ იმისთვის, რომ ძლიერებითა და სიმამაცით შევმოსე თავადი კარაგეორგი და მილოში, ან ჰერცოგოვინისა და ჩერნოგორიის გმირი შვილები?

   ან იმისთვის, რომ ბრმა ვიშნიჩს წინასწარმეტყველური მზერა მივმადლე, ხოლო დიდებულ მიტროპოლიტ ნეგოშს ცეცხლოვანი სიტყვა?

   ან იქნებ იმისთვის, წმ. საბას ხალხის გული ყოვლისმომცველი ძალით რომ აღვავსე, სული - გალობით და ხელნი - ხელოვნებით?

   იქნებ იმისთვის, რომ ცრემლით ვნამავდი და ლოცვით ვუკმევდი წამებულთა საფლავებს - ჩვენი მამულის - სახალხო საკურთხევლის ყოველ კუნჭულში?

   ან იქნებ იმისთვის, ხალხთან ჩემი განუწყვეტელი კავშირისთვის ჩემი საკურთხევლები რომ დაანგრიეს, ტაძრები შემიბღალეს, ჩემს მღვდელმსახურებს ყელი გამოსჭრეს?

   იქნებ იმისთვის, რომ არ ვურიგდები ერთეულთა უღმერთო და უსულგულო თეორიებს, არც ხალხის მორალის რღვევას და არც სიკვდილს, რამეთუ მე ვარ რწმენა ნათლისა, სიცოცხლისა და აღდგომისა?

   მაშ, ამ საქმეთაგან, რომლის გამო გსურთ დამაშოროთ მოზარდ თაობებს? მათ შორის რომლისთვის გსურთ უსამართლოდ განმსაჯოთ და დაუცველად მომკლათ?"

   როცა წმ. პოლიკარპეს სასამართლო სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქრისტეს უარყოფას აიძულებდა, წმ. ბერმა შესძახა: „აგერ უკვე 86 წელია ქრისტეს ვემსახურები და მხოლოდ სიკეთეს ვიღებ მისგან, ახლა როგორღა განვუდგე ღმერთსა და მაცხოვარს ჩემსას?"

   ასეთივეა ჩვენი ხალხიც. სწორედ ასევე სერბი ხალხი, რომელსაც ქრისტესაგან განდგომას ითხოვთ, მოგიგებთ თქვენ: „მე ქრისტეს ვემსახურები ათასი წელია და ისიც ასევე მემსახურება, მემსახურება ჭეშმარიტად მეტად და უკეთ, ვიდრე მე მას. არა ბოროტი, არამედ მხოლოდ კარგი მახსოვს მისგან. როგორღა შემიძლია დღეს, სწორედ დღეს, როცა ბოლო ჟამი ახლოვდება, განვუდგე ღმერთს და მაცხოვარს ჩემსას?!"



წმიდა ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება