მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულებრივი მემკვიდრეობისა და სამართლებრივ-იერარქიული წეს-წყობის უარყოფის გამოვლინებანი „პარიზის სკოლის“ წარმომადგენლების სწავლებაში

მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულებრივი მემკვიდრეობისა და სამართლებრივ-იერარქიული წეს-წყობის უარყოფის გამოვლინებანი „პარიზის სკოლის“ წარმომადგენლების სწავლებაში


21-02-2017, 00:07

 

   მოციქულებრივ სარწმუნოებასა და მოციქულებრივ მემკვიდრეობაზე პროტესტანტული შეხედულება რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისაგან. პროფ. დ. ცელენგიდისის აზრით, „როცა ვამბობთ - მოციქულებრივი მემკვიდრეობა, იგულისხმება მოციქულების მიერ ეკლესიის მართვის გაგრძელება. ქარიზმატული ხასიათისაა, რასაც განაპირობებს მოციქულებიდან ეპისკოპოსისათვის (მისი მეშვეობით - მღვდლებისათვის) სულიერი ძალების გადაცემა. მოციქულებრივი, მადლმოსილი უფლებამოსილების გადაცემის საშუალება, გზა ხელდასხმა გახლავთ".1

   ყოველივე ეს (სამართლებრივი მხარე) პირველი საუკუნის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოყალიბებული სახით ჯერ არ არსებობდა. ამიტომ პროტესტანტები მიიჩნევენ, რომ სამართალი, იერარქიული წყობა ეკლესიაში ფორმალური სახისაა, რადგან პირვანდელი ეკლესიისთვის ის უცხო იყო. თავდაპირველად ეკლესია თითქოს ანარქიასთან იყო ახლოს, ქარიზმატული ნიჭით იყვნენ მარტოოდენ მოციქულები, წინასწარმეტყველები და მასწავლებლები. ეპისკოპოსები, პრესვიტერები (მღვდლები) და დიაკვნები კი ქარიზმის მატარებელთა მეორე ფორმაციას შეადგენდნენ. ისინი თითქოს მაშინ გაჩნდნენ, როდესაც ეკლესიაში მორწმუნეთა რაოდენობამ იმატა. ე.ი. პირველი ფორმაციის ქარიზმატიკოსთა სახით ეკლესიის წყობა არსებობდა პირველ ასწლეულში. შემდეგ დაიწყო რადიკალური ცვლილებები და გადატრიალება. გაჩნდა ეკლესიის სამართალი და მეორე ორგანომ სძლია პირველს. ქარიზმატულმა ფორმაციამ დაუთმო სამართლებრივ ანუ იურიდიულ მმართველობას - თითქოს ღვთაებრივი წეს-განგება შეიცვალა ადამიანურით და ა.შ.2

   სანამ განვმარტავდეთ, თუ რამდენად არ შესაბამება ეს მოსაზრება ჭეშმარიტებას, ამ მცდარი საღვთისმეტყველო ტენდენციის მართლმადიდებლურ სივრცეში გამოვლენის შესახებ მოგახსენებთ.

   საქმე ისაა, რომ „პარიზის სკოლის" წარმომადგენელთა „ღვთისმეტყველებაში" აშკარად იკვეთება ზემოთ მითითებულ შეხედულებათა გაბატონების საფრთხე. პროტესტანტული სული ძლიერ აღიბეჭდა „პარიზელების" ცნობიერებაზე. ამან უმძიმესი შედეგი გამოიღო მათ, აგრეთვე მათი მემკვიდრეების ნაშრომებში.

   „პარიზის სკოლის" ერთ-ერთი გამოჩენილი თეოლოგი გახლდათ დეკანოზი ნიკოლოზი (აფანასიევი) (1893-1966). იგი იყო მსოფლმხედველობით მოდერნისტ - ეკუმენისტი, ახალი „ევქარისტიული ეკლესიოლოგიის" გამომგონებელი (რომლის თანახმადაც ევქარისტიული ერთობა შესაძლებელია სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან), ეკლესიაში სამართლებრივი საწყისების უარმყოფელი, მ.ს. ბულგაკოვის მოწაფე.

   1930 წლიდან დეკანოზი ნიკოლოზი პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ასწავლიდა საეკლესიო სამართალს და ახლობლობდა დეკანოზებთან ს. ბულგაკოვთან, ვ. ზეინკნოვსკისთან. მართალია, იგი იზიარებდა თავისი მოძღვრის სოფიოლოგიას, მაგრამ ბულგაკოვის სწავლებას „მონიზმის გზებზე ბოროტების განსაზღვრების უდიდეს მცდელობად" მიიჩნევდა. 1950 წ. ის პაპიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პროფესორი გახდა.

   1952 წლიდან არქ. კვიპრიანესთან (კერნი) ერთად დეკ. ნიკოლოზმა ლიტურგიკული საწყისების კვლევას ჩაუყარა საფუძველი. საქმე მომდევნო თაობის „პარიზელებმა" (ა. შმემანი, მიტრ. ი. ზიზიულასი) განავითარეს. დეკანოზი აქტიურად მონაწილეობდა ეკუმენისტურ მოძრაობაში, მიწვეული იყო ვატიკანის II-ე კრებაზე.

   თავის შეხედულებებს ნ. აფანასიევი პროტესტანტული სწავლების მიხედვით ანვითარებდა. კერძოდ: ყველაფერი, რაც მომდევნო საუკუნეებში დამკვიდრდა - სამართლებრივი, იერარქიული წყობა, ყველაფერი, რაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მდგრადია, თანმიმდევრული, იერარქიული, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა განსაზღვრებებზე აგებული, უცხოა და დანამატი ეკლესიაში.

   მისი აზრით, მოციქულობა უნიკალური მოვლენაა ეკლესიაში - მოციქულები არ ფლობდნენ იერარქიულ ხარისხს, არ ჰყავდათ მემკვიდრენი: „არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ პავლე მოციქული ტიმოთესა და ტიტეს თავის მემკვიდრეებად მიიჩნევდა, რომ მათ განაგრძეს მისი (პავლე მოციქულის) მსახურება. პავლეს რომ თავისი მსახურება მემკვიდრეობით ნამდვილად გადაეცა, მაშინ ის არ იქნებოდა მოციქული, ვინაიდან თორმეტის მოციქულებრივი მსახურება არამემკვიდრეობითი დარჩა. სხვათა შორის, არც ეპისკოპოსები არსებობენ... ეპისკოპოსი და პრესვიტერი - ერთი ხარისხია. იმ პრესვიტერ - ეპისკოპოსებს, რომლებიც დიაკვნებთან ერთად მოციქულების პერიოდში მართავდნენ ადგილობრივ ეკლესიებს, არ გააჩნდათ მოციქულებრივი მემკვიდრეობა".3

   მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ის ფლობს ისტორიულ კავშირს, ეკლესიის მემკვიდრეობას, რომელიც დაფუძნებულია თვით ქრისტეზე და მოციქულთა სწავლებაზე. როდესაც ვამბობთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია მოციქულებრივი მემკვიდრეობა, ეს ნიშნავს: ნებისმიერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ხელდასხმის დროს იმავე მღვდელმთავრობის მადლის თანაზიარი ხდება, წმიდა მოციქულებს რომ გააჩნდათ ანუ - მოციქულების მიერ იყვნენ ხელდასხმულნი მათი მოწაფეები. ამ მოწაფეთა მიერ ხელდასხმულნი იყვნენ სხვები და ამგვარად, უწყვეტლივ გრძელდებოდა და მოვიდა დღემდე და იქნება უკუნისამდე. ასე რომ: მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიული მემკვიდრეა პირველი, წმინდა მოციქულთა ეკლესიისა, რადგან: 1) ის შეუცვლელად ფლობს მის სწავლებას, 2) მისი ეპისკოპოსების ხელდასხმა მოციქულებრივი მემკვიდრეობაა.

   ეს სწავლება თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა: „... მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი დასამტკიცებლად წმიდათა" (ეფ. 4. 11), ე.ი. ეკლესიაში იერარქიული წეს-წყობა აუცილებელია „დასამტკიცებლად წმიდათა". მოციქულები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ იერარქია ღვთისგანაა დაშვებული: „არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აარონ" (ებრ. 5, 4). ეს ნიშნავს, რომ იერარქთა ხელდასხმა განსაკუთრებული კურთხევის გარეშე არ შედგება. ამის თვალსაჩინო ნიმუშია იოაკობ მოციქულისა და მისი მომდევნო მემკვიდრეობის მსახურება. ძველი ეკლესიის მწერლები - კლიმენტი ალექსანდრიელი, ევსევი კესარიელი და სხვები მოწმობენ, რომ მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ, თორმეტი მოციქულის ერთობლივი გადაწყვეტილებით, იერუსალიმის ეკლესიის პირველეპისკოპოსად იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა აირჩიეს. შემდეგ იერუსალიმის კათედრას ხელმძღვანელობდა სვიმეონი, კლეოპას შვილი, რომელსაც პირდაპირ უწოდებდნენ „ყველასმიერ" არჩეულ ეპისკოპოსს. აქვე, იაკობ მოციქულთან ერთად, მოღვაწეობდნენ პრესვიტერები. აქვე ჩაეყარა საფუძველი დიაკვნების მსახურებასაც".4

   კრეტისა და ეფესოს ეპისკოპოსებს ტიტესა და ტიმოთეს მიენიჭათ უფლება, დაედგინათ პრესვიტერნი: „ამისთვის დაგიტევე შენ კრიტს შინ, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად - ქალაქად. ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ" (ტიტ. 1, 5). იმავე შინაარსს ვხვდებით (საქმე 14, 23; 20, 28; 1 პეტრ. 5, 1; საქმე 6, 2) და ა.შ.

   ასე რომ, პროტესტანტებისა და მათთან ერთად ნ. აფანასიევის მოსაზრება, თითქოს ეკლესიაში იერარქთა ადამიანური დანამატი იყოს, სრულიად უსაფუძვლოა. თუ მართლმადიდებელი ეკლესია არ არის მოციქულებრივი, არ ფლობს მოციქულებრივ მემკვიდრეობას, მაშინ დედაეკლესია უთანაბრდება სხვა კონფესიებს, სექტებს. შემდგომ ამისა ფართო ასპარეზი ეძლევა ეკუმენისტურ მოძრაობას.

   როგორც ვხედავთ, ნ. აფანასიევი სრულიად უგულებელყოფს ეკლესიის სწავლებას მოციქულებრივი მემკვიდრეობის შესახებ. მას აბსოლუტურად ახალი სწავლება შემოაქვს - პრესვიტერიანელობა, ხოლო თვითონ პროტესტანტული მრავალთავიანი კონფესიის ერთ-ერთ იდეოლოგად მოგვევლინა თითქოს, მაგრამ მიზანი შორსმიმავალია: მასაც და მის თანამოაზრეებსაც პროტესტანტული მსოფლმხედველობის მართლმადიდებელ ეკლესიაში დამკვიდრება სურთ. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ნ. აფანასიევმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია დეკ. ა. შმემანზე, მიტრ. იოანე ზიზიულასზე, დეკ. გ. კოჩატკოვზე და მრავალ სხვა ადამიანზე.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Проф. Д. Целингидис. Афины. ციტ. Православие. ru.

2Р. Вом. Церковный строй в первые века христианства.

3Н. Афанасьев. Церковь Духа Святого. Антимодернизм. ru.

4Евсевий Кесариискии. Церковная история. Т. III.


უკან დაბრუნება