მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქალკედონის დოგმატი „პარიზის სკოლის“ სწავლების მიხედვით
ქალკედონის დოგმატი „პარიზის სკოლის“ სწავლების მიხედვით11-02-2017, 00:06 |
მართლმადიდებელმა ეკლესიამ IV მსოფლიო კრებაზე (ქალკედონი 451) ექვსას ოცდაათი წმინდა მამის ბაგით ანათემას გადასცა მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შიგნით მრავალი ცრუხედვა არსებობდა. ზოგი უკიდურესი მონოფიზიტი იყო (ევტიქიანელობის სახით), ზოგიც - „ზომიერი" (დეოსკორეს, სევერის სახით). მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო სწავლება გააჩნია: ის (მონოფიზიტობა) უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ ასწავლის, რომ მასში (ქრისტეში), როგორც სრულყოფილ ღმერთში, ღვთაებრიობამ დაჩრდილა და თავის თავში შთანთქა ადამიანური. ადამიანური ბუნება შეერწყა ღვთაებრივს (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უკიდურესი თუ ზომიერი სახით). სწორედ ამგვარად დარჩა ერთი, ღვთაებრივი - „მონო ფიზის", აქედან - „მონოფიზიტობა" (დეკ. მ. პამაზინსკი). ეს სწავლება გახლდათ ერთგვარი რეაქცია წინამორბედ ნესტორის ერესზე, რომელიც იესო ქრისტეში ადამიანური ბუნებისკენ ძლიერ გადაიხარა და ქრისტეს საკუთარ თავში ღვთაებრიობის მატარებელ ადამიანად წარმოაჩენდა. ამიტომაც VI მსოფლიო საეკლესიო კრების (ტრულის, სხვაგვარად V-VI) განსაზღვრებაში (1 კანონი) ქრისტოლოგიური დოგმატის დარღვევის ყველა სახის მხილებაა. ორივე უკიდურესობა (მონოფიზიტობა და ნესტორიანელობა) ამახინჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის შესახებ. საქმე ისაა, რომ ადამიანის დაცემის შემდეგ, ცოდვამ დაანგრია თავდაპირველი განგებულება - ადამიანის პირდაპირი და უშუალო აღმასვლა ღმერთთან. ვლ. ლოსკის თქმით, „კოსმოსში გაჩნდა კატასტროფული ნაპრალი", ამ ჭრილობას მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამიტომ კაცობრიობის გამოსყიდვა მხოლოდ ღმერთის განკაცებით იყო შესაძლებელი, ვინაიდან საკუთარი თავის ხსნა ადამიანს არ შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კრებების (IV, V, VI) მიერ ერთხმადაა მიღებული და დადასტურებული ქალკედონის დოგმატური განსაზღვრებები - ოროსები, და მაინც, მოდერნისტები დოგმატური მინიმალიზმის ან საერთოდ ადოგმატიზმის საფუძველზე, ცდილობენ სხვაგვარი განმარტებები შესძინონ ამ დოგმატს. შედეგად, უარყოფილია აღნიშნულ მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა გადაწყვეტილებები. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლების აზრით, ქალკედონს არ გააჩნია სულიერი, დოგმატური მნიშვნელობა, არამედ მისტიკური თვალთახედვით უნდა განიხილებოდეს. ვლ. სოლოვიოვის სწავლებით, ქალკედონის დოგმატი ქრისტეში მთელი კაცობრიობის, მეტიც, მთელი მატერიის გაერთიანება მოიაზრება. ამგვარი მოდერნისტული დამუშავების შედეგად ოროსის დოგმატური მნიშვნელობა აბსოლუტურად აბსტრაქტული ხდება. დეკ. ს. ბულგაკოვი წერდა, რომ ქალკედონის დოგმატური შინაარსიდან უნდა გამოვიდეს „ახალი სიტყვა", "ახალი განლაგება ქრისტიანული თემატიკისა".1 „პარიზის კოლის" მომდევნო თაობის გამოჩენილი წარმომადგენელი დეკანოზი ი. მეინდორფი თავის სტატიაში „ქალკედონისტები და არაქალკედონისტები: ნაბიჯები გაერთიანებისკენ" წერს, რომ „ამ ასწლეულის ორივე მხარის (მონოფიზიტებისა და მართლმადიდებლების) პასუხისმგებელი ეპისკოპოსებისა და ღვთისმეტყველების მონაწილეობით დადგინდა: წმინდა კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგია ჩვენი საერთო ქრისტოლოგიაა, განხეთქილება (მიაქციეთ ყურადღება „განხეთქილება" და არა ერესი - ავტ.) მხოლოდ განსხვავებულ ფორმულირებასა და გამოთქმას ეხება... მართლმადიდებლები და მონოფიზიტები აღიარებენ ეკლესიის ბუნებრივ, ერთიან სარწმუნოებას. ფუნდამენტური ეკლესიურობა ერთი და იგივე გვაქვს... ამიტომ დროული იქნება გადავიდეთ მომდევნო ნაბიჯებზე".2 „მომდევნო ნაბიჯები", როგორც ჩანს, ანათემების მოხსნა უნდა ყოფილიყო, რაც მომდევნო თაობის მოდერნისტებმა შამბეზში განახორციელეს. მათი აზრით, მონოფიზიტები ყველაზე ახლოს არიან მართლმადიდებლებთან, რადგან მათ საერთო დოგმატური მემკვიდრეობა გააჩნიათ. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებმა გადადგეს, რამაც მომდევნო ეპოქის მოდერნისტებს გზა გაუკვალა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობიერების ნგრევისკენ. დიალოგების შედეგად, შეიქმნა ე.წ. შერეული კომისია (კომისიები) მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების (თუ სხვა კონფესიებსა და რელიგიებს შორისაც). დამაგვირგვინებელი სიტყვა 1990 წ. შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებლებისთვის სამარცხვინო ხელშეკრულებით (უნია) ითქვა. განცხადებაში წერია: მართლმადიდებლები თანახმა არიან აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს (მონოფიზიტებს მართლმადიდებლები უწოდეს - ავტ.) ჰქონდეთ თავიანთი ტრადიციული, კირილესეული ტერმინოლოგია - „განხორციელებული სიტყვის ერთი ბუნება", ვინაიდან მასში იგულისხმება სრული ერთობა სიტყვასთან (ქრისტესთან), რასაც უარყოფდა ევტიქი. ასევე თანახმა ვართ, მოვუხსნათ მათ ანათემები და ბრალდებები, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების მიერ მიღებული".3 ფაქტობრივად, აი რა თქვეს მათ ამ განცხადებით: მხოლოდ ჩვენთვის და კიდევ რამდენიმე „ექსპერტისთვის" გაცხადდა ის, რაც არც წმიდა მამებს მსოფლიო კრებებზე (IV, VI), არც უდიდეს ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს, როგორებიც არიან წმ. სოფრონი იერუსალიმელი, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, ღირსი ანასტასი სინელი, ღირსი იოანე დამასკელი თუ სხვა წმინდანები, არ განუცხადა სულიწმიდამ. და... აღმოჩნდა, რომ „ზომიერ" მონოფიზიტობასა და მართლმადიდებლობას შორის არსებული განსხვავება... არ არსებობს. ცხადია, ამ უმსგავსობას მოჰყვა უდიდესი პროტესტი მართლმადიდებელ სამყაროში. ყურადსაღებია, ათონის წმინდა მთის კინოტის მემორანდუმი, რომელშიც დაიგმო შამბეზის შეთანხმების შედეგად მიღებული დადგენილებები.4 დავასკვნით: „პარიზის სკოლის" მიერ საფუძველაყრილი დიალოგი „მონოფიზიტებთან (ასევე სხვა კონფესიებთან), რომლებსაც „ანტიქალკედონისტები", „აღმოსავლეთის ძველი ეკლესია", და ბოლოს „მართლმადიდებლებიც" კი უწოდეს, სრულიად უშედეგო და საზიანოც კი აღმოჩნდა. ამ დიალოგში გაკეთდა შეუწყნარებელი განცხადებები. მაგალითად: მონოფიზიტები დიოსკორე და სევერი თურმე არასაღვთისმეტყველო მიზეზებით იყვნენ ბრალდებულნი ერესში, რაც მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის ყოვლად მიუღებლია. კიდევ: მსგავსმა დიალოგებმა და ხელშეკრულებებმა ეჭვქვეშ დააყენა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის არსებობა, რადგან მიუღებელია მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა სწავლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. მართლმადიდებლური რწმენის თანახმად არა მხოლოდ ევტიქის მონოფიზიტობა, არამედ სევერისა და დიოსკორეს ზომიერი მონოფიზიტობაც ერესია.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Прот. С. Булгаков. Агнец Божий. 2Журн. Московская Патриархия. 1991 (№7). И. Меиндорф. „Халкедонисты и не-халкедонисты:шаги к единству". 3Пагубное Единомыслие. Житомир 2003. СПБ. 90. 4Меморандум Священного собрания Святой Горы Афон. Относительно диалога между Православными и Монофизитами. უკან დაბრუნება |