მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ადოგმატიზმი, მთავარი გვედის ფოტო > დოგმატური განვითარების რაობისათვის

დოგმატური განვითარების რაობისათვის


22-01-2021, 17:03

 

   ქრისტიანული სწავლების თავიანთი შეხედულებისამებრ გამოყენებას პარიზის სკოლისა და მისი მემკვიდრე მოდერნისტები საკუთარ რელიგიურ მოწმეებად მიიჩნევენ. ისინი ცდილობენ ამგვარი მსოფლმხედველობა ყველა ქრისტიანს თავს მოახვიონ. ამდენად, ჭეშმარიტებისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშა მოდერნისტული ღვთისმეტყველებისა ადოგმატიზმი გახლავთ. ის თანამედროვე სამყროში გათავისებული კერძო ხედვაა - იცხოვრე, იმსჯელე, იყავი შემოქმედებითი... კანონის გარეშე.

   ადოგმატიზმი არ უარყოფს დოგმატების არსებობას, ის დოგმატების განახლებისა და განვითარების ლოზუნგებითაა აღჭურვილი და უარყოფს დოგმატების ზუსტი ფორმულირების შესაძლებლობას. წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის ჭეშმარიტებანი ისტორიულად დრომოჭმულ სწავლებად ცხადდება. შედეგად, ქრისტიანობა ღია რჩება თანამედროვე სულისკვეთებისამებრ შეცვლისა და დამახინჯებისათვის. მათი აზრით, ზუსტი და უცვლელი განსაზღვრება დოგმატებისა მიუღებელია, რადგან ეს ბოჭავს თავისუფალ და შემოქმედებით მიდგომას.

   ადოგმატიზმი მჭიდრო კავშირშია დოგმატიკის განვითარების შესახებ მოდერნისტთა საერთო იდეასთან. მოდერნისტების ხედვით, როცა დოგმატი ურყევია, მაშინ პროგრესი არ არსებობს.

   მაგრამ დოგმატური ღვთისმეტყველება აგებულია მყარ დოგმატურ საფუძვლებზე. დოგმატური მეცნიერება თავისთავად არ აცხადებს პრეტენზიას ყოვლისმცოდნეობაზე, რათა დააკმაყოფილოს კაცობრივი გონის, ინტელექტის ცნობისმოყვარეობა. უამრავი რამ, ღვთის საიდუმლოთაგან ჩვენთვის უცნობი რჩება. ამიტომ წმინდა მამები ამბობენ: ჩვენ ვიცით ის, რაც იცის წმინდა ეკლესიამ. ამავე დროს, ვერ ვიტყვით „არ ვიცით" იქ, სადაც დედაეკლესიამ წმინდა მამათა ბაგით მსოფლიო კრებების დოგმატური განსაზღვრებით მკაფიოდ ჩამოაყალიბა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება.

   პარიზის სკოლის წარმომადგენლების მცდელობა, გააფართოონ ღვთისმეტყველების საზღვრები მისტიკურ, ფილოსოფიურ თუ რაციონალისტურ დონემდე, არ მივყავართ სამყაროს სრულ შემეცნებამდე.

   დოგმატური ღვთისმეტყველების განვითარებასთან დაკავშირებით საფუძვლიან ანალიზს პროტოპრესვიტერის მიხეილ პამაზინსკის ნაშრომებში ვპოულობთ: „დოგმატი კი არ ვითარდება, არამედ - დოგმატების სფერო ეკლესიის ისტორიაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების რაოდენობა მოემატა, რომლებმაც ზუსტი ფორმულირება მსოფლიო კრებებზე მიიღო. ეკლესიის მუშაკობა დოგმატური სწავლების ზუსტ გადმოცემაში, განმარტებასა და გამყარებაში მიმდინარეობდა, რომელიც დადასტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გარდამოცემით, მათი (დოგმების) საყოველთაოდ აღიარების ვალდებულებით. დოგმატური ჭეშმარიტების მოცულობა არსებითად ერთი და იგივე რჩება, მაგრამ არამართლმადიდებლური შეხედულებებისა და სწავლებების შემოჭრის შედეგად, ეკლესიამ მართლმადიდებლური დოგმატების მეშვეობით სანქცირებულად უარყო ერეტიკული შეხედულებები.

   ამრიგად, დოგმატური ღვთისმეტყველება, ვით მეცნიერება, შეიძლება ვითარდებოდეს, მაგრამ არ შეიძლება ვითარდებოდეს ეკლესიის სწავლება".1

   ამდენად, შეკითხვის ამგვარად დასმა: შეიძლება კი მივიჩნიოთ ეკლესიის დოგმატური სწავლება დასრულებულად?, ხომ არ უნდა ველოდოთ ჭეშმრიტების ახალ განცხადებებს? და მისთ., ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის.

   წმინდა მამებმა მართლმადიდებლური სწავლების ყველა დამრღვევზე ბრძანეს: „ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენდება ზემოთ მოხსენებული წმინდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი, როგორც უცხოები, უნდა გააძევონ და გაყარონ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას".2

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

1Прот. М. Памазински. Догматическое развитие. Благодатный Огонь. ru.

2დიდი სჯულის კანონი. VI მსოფლიო კრება. თბ. 2004. გვ. 150.


უკან დაბრუნება