მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეშვიდე)

სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეშვიდე)


28-01-2017, 00:06

სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეშვიდე)

 

იმათ პასუხად ვინც მიიჩნევს, რომ ქვემოთ მოყვანილ წმიდა მამათა გამონათქვამებში თითქოსდა საუბარი იყოს აღნიშნული საკითხის ცხონებაზე ანუ არ წარწყმედაზე***

 

   1) წმ. გრიგოლი ღმრთისმეტყველი (IV ს.): „ხოლო სხვანი იგი (უნათლავად აღსრულებული ჩვილები) არცა იდიდნენ, არცა იტნაჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა აღუბეჭვდელნი სადმე, გარნა უბოროტონივე, რომელთა უფროისღა შეემთხვია ზღვევაი, ვიდრეღა ყვეს. (გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია" №2(3), 1999 წ. გვ. 2)

   2) წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.): „ჩვილთა უასაკო აღსრულება საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ვინც  ასე დაასრულა ცხოვრება, არც სამწუხაროთა შორის იქნება, არცთუ იმათ გაუთანასწორდება, რომლებიც ყოველგვარი სათნოების გზით განიწმინდნენ ამ ცხოვრებაში", (იქვე გვ.2)

   3) წმ. ანასტასი სინელი (VII ს.): „შეკითხვა 81-ე: „სად ვამბობთ, რომ მიდიან ხუთი წლის ან ოთხი წლის უბოროტო ბავშვები იუდეველებისა და უნათლავებისა? სასჯელში თუ სამოთხეში?" - პასუხი: „რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათ შეცოდებანი გადადის შვილებზე  და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარიწყმიდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია, რომ არ შევლენ ისინი გეჰენიაში, თუმცა, არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა", (გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია" №3, 1999 წ. გვ. 1)

   4) წმ. გრიგოლ აკრაკანტელი (VI ს.): „მუცლადმოწყვეტილი, რომელიც არანაირად არ არის შემცნობი არც სიკეთისა, არც უკეთურებისა, კვლავ უმყოფობაში (ე.ი. სიკვდილში) გადადის და არანაირად არ იქნება დადანაშაულებული იმათ გამო რაც სცოდა", (იქვე გვ. 1)

   5) ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი (VI ს.): „ვამბობ რომ მუცლადმოწყვეტილი ამგვარ ვინმეზე (ვინც სიკეთით არ აღივსო) უფრო კარგია, რადგან, ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი ამაოებაში მოვიდა და, როგორც უმეცრებაში მცხოვრები, სიბნელეში მიდის, სიბნელეშივე დაიფარება მისი სახელი, ამოიშლება ცოცხალთა წიგნიდან და ვერ ეღირსება სიმართლის მზეს, ხოლო, მეორე მხრივ, რაც შეეხება მუცლადმოწყვეტილთა შესახებ მსჯელობას, თუ რატომ მოხდა, რომ მკვდრად იშვებიან, მეორენი კი ერთ დღეს ცოცხლობენ ან ორს, ღვთის მიუწვდომელ სამართლიან წინაგანგებას დავუტოვოთ ეს", (იქვე).

   განვიხილოთ წარმოდგენილი ციტატები: თითოეული - ცალკე...

   1. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს თუკი კონტექსტიდან ამოგლეჯით მოვიტანთ, მაშინ შესაძლოა, მართლაც მსგავსი შთაბეჭდილება შეიქმნას: უნათლავი ყრმები არც განდიდდებიან და არც დაისჯებიან, ანუ - არ წარწყმდებიან, მაგრამ როცა ციტატას უფრო სრულად გამოვფენთ, აღმოჩნდება, რომ წმ. მამა საერთოდ სხვა თემაზე საუბრობს, და არა - უნათლავი ყრმების წარუწყმედელობაზე; ვაქვეყნებთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთის ექვთიმე ათონელისეულ (X-XI ს.ს.) თარგმანს:

   „მსგავს არს სიტყუაი შენი ზღაპარსა, უკუეთუ ნათელღებულად შერცხილ არს წინაშე ღმერთისა უნათლავი იგი კაცთმოყვარებისათვის მისისა, ანუ თუ სასუფეველისა ღირს იქნების, რომელსა სწადოდა იგი თვინიერ საქმეთა სასუფეველისათა.

   არამედ მე ვითარცა მაქუს, ამისთვის ვთქუა იგი მინდობით: მიმღებელნი იგი ნიჭისა მის, რომელნიმე სრულიად იყვნეს უცხო ღმრთისა და ცხოვნებისა, ყოვლისავე ბოროტისა მოქმედებაი წარევლო და ისწრაფდეს,  რაითამცა ბოროტ და უკეთურ იყვნეს. ხოლო რომელიმე ნახევარსა ზედა იყვნეს  და საშუალ სათნოებისა და უკეთურებისა იყოფოდეს, რომელთა - იგი ბოროტი ქმნეს, ხოლო საქმესა მას სუროდა, ვითარცა - იგი, რომელნი ხურვენ და თავქედსა შინა არიან თვისასა უძლურებისაგან, არამედ მათ არა სურის მისა.

   ხოლო რომელნიმე უწინარეს სისრულისაცა საქებელ იყვნეს, რომელნიმე ბუნებით და რომელნიმე მისწრაფებით განსწმედდეს თავთა მათ უწინარეს ნათლისღებისა. და შემდგომად სისრულისა იქმნეს უდიდეს და უმტკიცეს და პირველად იღუაწეს, რაითამცა პოვეს იგი, ხოლო მეორედ, რაითა დაიმარხონ პოვნილი იგი.

   ამათ შორის უმჯობეს სრულიად უკეთურთასა არიან იგინი, რომელთა მცირედ რაიმე დაეკლოს ბოროტისაგან. და კუალად უმჯობეს მათსა არიან მოსწრაფენი იგი და წინაითვე გამზადებულნი ნათლისღებისა მიმართ, რამეთუ აქუს მათ უმეტესი ნაყოფი. რამეთუ არა თუ ვითარცა - იგი ცოდვათა ახოცაი აქუს ნათლისღებისა, ეგრეთვე სათნოებათაცა უჩინო-ყოფაი და კუალად მათსაცა უზეშთაეს არიან, რომელნი მუშაკობასა მას მადლისასა აღასრულებდენ და უმეტესად განაშუენებდნენ თავთა მათთა.

   და ეგრეთვე კუალად რომელნი გამოეხუნენ ნათლისღებისაგან და სინანულისა, რომელნიმე არიან სრულიად პირუტყუებრ, გინა მხეცებრივ, რომელთა სხუათა მათ ბოროტთა თანა არცა  თუ თვით მადლი პატიოსნად აქუს, არამედ ჭეშმარიტად მადლი, რომელი უკეთუ მიეცეს, დაადგრების, ხოლო უკუეთუ არა მიეცეს, შეურაცხ არს.

   ხოლო სხუათა კუალად უწყიან, და პატივს - სცემენ მადლსა მას, არამედ ადროებენ მიღებასა მისსა, რომელნიმე უდებებისათვის, რომელნიმე უძღებებისათვის, რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისსა ანუ სიჩჩოისაგან, ანუ სხუისა რაისმე უნებლიეთისა საქმისა, რომლისთვის დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალ-უძს მიღებად მადლისა მის.

   ვითარცა უკუე პირველთა მათ თანა ფრიადი განყოფილებაი ვპოვეთ, ეგრეთვე ამათ თანაცა. რამეთუ რომელნი - იგი ფრიად შეურაცხისმყოფელ არიან მადლისა მის, იგინი უძვირეს არიან მათსა, რომელნი უდებებისათვის, განა უძღებებისა არა მიიღებენ მადლსა მას. და კუალად ესენი უძვირეს არიან მათსა, რომელნი -  იგი უმეცრებისათვის ანუ მძლავრობისა გამოეხუებიან მადლსა მას, რამეთუ მძლავრობაი სხუაი არარაი არს, არამედ უნებლიეთი ცოდვაი.

   და მე ესრეთ ვიტყვი ვითარმედ პირველთა სასჯელი მოეხადოს, ვითარცა - იგი სხუათა მათ ცოდვათა მათთათვის, ეგრეთვე უგულებელსყოფისათვის მადლისა მის საღმრთოისა. ხოლო მეორეთა მათ მოეხადოს საშჯელი, არამედ უსუბუქესად, რამეთუ არა უკუდავებითა, არამედ უფროისად უგულისხმოებითა გამოხუებაი იგი მადლისა მისგან წაეკიდა. ხოლო მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსჯავლულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი და რამეთუ არა თუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროისად მათ ზედა დაჭირვებაი იგი რამეთუ არა თუ ყოველი, რომელიცა სატანჯუელსა არა ღირს არს, იგი პატივსა ღირს, ვითარცა - იგი არცა თუ რომელი პატივს არა ღირს არს, იგი სატანჯველსა მებრ ღირს არს.

   და ამასცა: უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცის - კლვაი, შჯი მას, ვითარცა კაცისმკვლელსა, თვინიერ კაცის - კლვისა იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა რომელსა ენებოს ნათლისღებაი თვინიერ ნათლისღებისა. ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს, იგი ვითარ იყოს ესრეთ? და კუალად ესეცა გულისხმა - ყავ უკუეთუ კმა არს შენდა სურვილი ნათლისღებისა და სინანულისაი ნათლისღებად და სინანულად და ამისთვის ეძიებ დიდებასა, კმა - იყავნ შენდა დიდებად გულისთქმაი იგი დიდებისაი და რაი გევნების არა პოვნაი მისი, ვინათგან გაქუს სურვილი მისი". (ხელნაწერთა ინსტიტუტი. ტექსტი მოამზადა ნინო მელიქიშვილმა).

   ციტირებული მონაკვეთი ნათელ - ყოფს, რომ წმ. მამა საუბრობს უნათლაობის ცოდვის კონკრეტულად დასჯადობის ხარისხზე, და არა იმავე საკითხის უფრო ფართო, სოტერიოლოგიურ ასპექტზე - ამრიგად: უნათლაობა, გარდა მისგან გამომავალი ყველა სოტერიოლოგიური შედეგისა, ამასთანავე, გახლავთ ცოდვა რაც, ღმერთის ერთ-ერთი თვისების - მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, გარკვეულ სასჯელს ექვემდებარება; არსებობენ სამი კატეგორიის უნათლავნი:

   I.„რომელნიმე არიან სრულიად პირუტყუებრ, გინა თუ მხეცებრივ, რომელთა სხუათა თანა არცა თუ თვით მადლი პატიოსნად აქუს, არამედ ჭეშმარიტად მადლი, რომელი უკუეთუ მიეცეს, დაადგრების, ხოლო უკუეთუ არა მიეცეს, შეურაცხ არს";

   II. „სხუათა კუალად უწყიან,და პატივს-სცემენ მადლსა მას,არამედ ადროებენ მიღებასა მისსა,რომელნიმე უდებებისათვის,რომელნიმე უძღებებისათვის";

   III. „რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისა ანუ სიჩჩოისაგან, ანუ სხვისა რაისმე უნიბლიესა საქმისა, რომლისათვის დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალ-უც".

   აი,  ეს სამი კატეგორია სხვადასხვაგვარადა განიკითხება უნათლაობის ცოდვისათვის:

   IV. „პირველთა სასჯელი მოეხადოს, ვითარცა-იგი სხუათა მათ ცოდვათა მათთვის, ეგრეთვე უგულებელყოფისათვის მადლისა მის საღმრთოისა";

   V. „მეორეთა მათ მოეხადოს საშჯელი, არამედ უსუბუქესად, რამეთუ  არა უკეთურებითა, არამედ  უფროსად უგულისხმოებითა გამოხუებაი იგი მადლისა მისგან წაეკიდა";

   VI. „მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი. და რამეთიუ არა თუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროისად მათ ზედა დაჭირვებაი იგი. რამეთუ არა თუ ყოველი, რომელიცა სატანჯველსა  არა ღირს არს, იგი პატივს ღირს არს, ვითარცა - იგი არცა თუ რომელი პატივსა არა ღირს არს, იგი სატანჯველისამებრ ღირს არს".

   მაშასადამე, III კატეგორია, ანუ უნათლავი ყრმები და ისინი ვისაც ბრალი არ მიუძღვის საკუთარ უნათლაობაში, არა უასაკობის, არამედ სხვა მიზეზის გამო არ დაისჯებიან უნათლაობის ცოდვისთვის, თუმცა, ეს როდი მოასწავებს, თითქოსდა აღნიშნული პირები განთავისუფლდებიან პირველშობილი ცოდვისაგან ან პირადი ცოდვებისაგან და ცხონდებიან; მართლაც წმ. მამა უნათლავი ყრმების არაწარწყმედაზე რომ საუბრობდეს, და არა უნათლაობის ცოდვის დასჯადობის ხარისხზე, მაშინ მისი სიტყვებიდან გამოვა, რომ თავის უნათლაობაში პირადად არაბრალეული ზრდასრული ადამიანიც არ წარწყმდება, რაც უკვე შეუნიღბავი მწვალებლობაა. ამრიგად, გამოთქმა: „არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან", ნიშნავს, რომ საკუთარ უნათლაობაში არაბრალეულნი, სულერთია, ყრმები იქნებიან ისინი, თუ ზრდასრულნი ნათელუღებლობის ცოდვისთვის არ დაიტანჯებიან, თუმცა, არც განდიდდებიან მსგავსად მართლებისა, რამეთუ მათგან, ვინც სასჯელს არ იმსახურებს, ყოველი როდია დიდების ღირსი!...

   აქვე ისმის კითხვა: თუ ასწავლის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი უშუალოდ განსახილველ საკითხზე, სახელდობრ უნათლავად აღსრულებული ყრმების საიქიო ხვედრის თაობაზე?

   პასუხი: ასწავლის, და ჭეშმარიტად მართლმადიდებლურად, ანუ ისე როგორც ამას იქმს უცდომელი მსოფლიო ეკლესია; მოგვაქვს ციტატა „ნათლისღების შესახებ" წმ.მამის იმავე მე-40 სიტყვიდან:

   „რომელნიმე იტყვიან კვალად, ვითარმედ იყავნ ესე ყოველი მეძიებელთა მათთვის ნათლისღებისათა. რაი სთქუა უკუე ჩვილთათვის, რომელნი ჯერედ ვერცა მადლსა ვერცა ვნებასა სცნობენ? ანუ მათცა ნათელ-ვსცეთა? - ფრიადცა კეთილად ნათელ-ვსცეთ, უკუეთუ რაიმე ჭირი წინამდებარე იყოს და გვასწრაფობდეს, რამეთუ უმჯობეს არს უმეცრად განწმედაი ვიდრეღა წარსვლაი უბეჭდავად და განუწმენდელად. სახე ამისა მერვისა დღისა წინადაცვეთაი, რომელი იყო იგავი ბეჭდისაი ამის და ჯერეთ უმეცართა მიეცემოდა და კუალად ცხებაი იგი წყირთლთაი, რომელი უცნობელთა მიერ ჰფარვიდა პირმშოთა მათ".

   და რატომ არის უმჯობესი უმეცრად განწმენდაი, ვიდრე ამა სოფლიდა წასვლა უბეჭდავად და განუწმენდელად? იმისათვის რომ ცათა სასუფეველი არის „ქალაქი წმიდა იერუსალიმი, გარდამომავალი ღმრთისაგან... და არა შევიდეს მუნ ყოველი შეგინებული" (გამოცხ. 21, 10-27)  ნათქვამიდან გამომდინარე ყოველივე მზესავით ნათელია.

   2) წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლების განხილვა მიზანშეუწონელია, ვიონაიდან ამ მამის მოძღვრება ცხონებაზე მსოფლიო მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო, ვითარცა ორიგენისტული, რის შესახეაც მეტყველებს სამი ავტორიტეტული წყარო:

   I. ღირსი ბარსანუფი დიდი (VI ს.): „კითხვა: ... იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი აღდგენის შესახებ გარკვევით მსჯელობს..., რომ ტანჯვა შერბილდება და დამთავრდება; ამრიგად, მარქვი მამაო, ასეთი ადამიანი რატომ არ მოძღვრავს სიმართლით, როგორც შეშვენის წმ. მამას ღირსქმნულს სულიწმიდის შთაგონებით საუბრისას?"

   პასუხი: ... წმიდანნი, რომელნიც მოძღვრებად შეიქმნენ, ან - თავით თვისით, ანდა - სხვათა იძულებით, ფრიად წარემატნენ და საკუთარ მასწავლებლებსაც გარდაემატნენ; და, შეიძინეს რა ზეცით სიმტკიცე, გადმოსცეს ახალი სწავლება, მაგრამ, ამასთანავე, შეინარჩუნეს ისიც, რაც მიიღეს პირვანდელი მასწავლებლებისგან (გულისხმობს ორიგენეს) ანუ - არასწორი სწავლება; შემდგომში, წარემატნენ და შეიქნენ რა სულიერ მოძღვრებად, მათ არ ილოცეს ღვთისადმი, რათა უფალს გამოეცხადებინა მათი პირვანდელი მასწავლებლების შესახებ - სულიწმიდით თუ მოძღვრავდნენ ისინი, არამედ, თვლიდნენ რა მათ ბრძენებად და გონიერებად, - არ გამოიკვლიეს მათი სიტყვები. ამგვარად, პივანდელი მასწავლებლების აზრები აღირია წმიდანთა სწავლებაში და ეს უკანასკნელნიც ხან თავისას ასწავლიდნენ, ხანაც თავიანთი მოძღვრებისას, და საბოლოოდ ერთიცა და მეორეც მათ მიეწერა". (Преподных Отцев Варсануфиа Великого и Иоанна „Руководство к Духовной Жизни" стр. 508-11; СПБ, 1905 г.)

   II. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.): „სამი აღდგენა იცის ეკლესიამ: ერთი - ინდივიდუალური ადამიანისა, თანახმად სათნოების ცნებისა, რომელშიც ის აღედგინება, აღასრულებს რა საკუთარი თავის მიმართ სათნოების მოთხოვნას; მეორე - მთელი ბუნების აღდგენა უხრწნელობაში, და - უკვდავება მკვდრეთით აღდგომაში; და მესამე - რაც მეტად ბოროტად გამოიყენა გრიგოლ ნოსელმა - აღდგენა ცოდვის ძალა-უფლების ქვეშ მოქცეული სულიერი ძალებისა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იყვნენ შექმნილნი". (ციტ: Архимандрит Амвросий (Погодин) – „СВ. Марк Эфеский и Флорентийская"; стр. 133; изд. „Сирин" 1994 г.)

   III. წმ. მარკოზ ეფესელი (XV ს.): „ჩვენ ვერსად ვნახეთ, რომ იგი (წმ. გრიგოლ ნოსელი) საუბრობდეს მარადიულ ცეცხლსა და დაუსრულებელ ტანჯვაზე... პირიქით, ის ამბობდა, რომ იმ ცეცხლით ყოველი ცოდვა განიწმიდება ყოველგვარი სასჯელი მოიხსნება და ექნება (სასჯელს) დასასრული, რადგანაც ეს ტანჯვა გახლავთ სხვა არაფერი, თუ არა - განწმენდა, - არაოდენ უღირსი ხენეში ადამიანებისა, არამედ - თვით დემონებისაც, რომელნიც აღდგენილ უნდა იქნან (პირვანდელ ნათელ მდგომარეობაში) ... ამრიგად, ჩვენც სიტყვასიტყვით უნდა წარმოგვედგინა მისი სწავლება, რათა ისე არ გამოსულიყო, თითქოს და წმიდანს ცილს ვწამებთ, როდესაც ვამბობთ, რომ იგი ორიგენესეულ სწავლებას ეთანხმებოდა" (Ibidem, стр. 129-132).

   როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლ ნისელის სწავლება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ავტომატურად იხსნება, ვითარცა - არაკანონიკური!..

   3) წმ. ანასტასი სინელის ზემორეციტირებული ნათქვამი ამ დოგმატური საკითხის განხილვაში არაფრით არ გამოდგება, ვინაიდან ის აღებულია ამ წმიდანის დაზიანებული თხზულებიდან: „კითხვები და პასუხები" - იხ. Историческое учение об Отцах Церкви, Филарета Архиепископа Черниговского;Т. III, стр.179; СПБ, 1882 г.; ზოგიერთი პატროლოგისაზრით კი, აღნიშნული ნაშრომი საერთოდ სხვა ავტორს უნდა ეკუთვნოდეს, ვინაიდან ცალკეულ ხელნაწერებში ის ნიკეის მთავარეპისკოპოს ანასტასის მიეწერება - იხ. ენციკლოპედიური ლექსიკონი „Христианство”; Москва, 1993 г., стр. 71… ხოლო SPURIA ნაწარმოებებით მანიპულირება და აპელირება არაკორექტული და არასოლიდურია, მით უმეტეს - დოგმატიკის დარგში...

   ამრიგად, მესამე არგუმენტიც განუხილველად მოიხსნება როგორც არანამდვილი.

   4) განცვიფრებას იწვევს, წმ. გრიგოლ აკრაკანტელის ზემოთ მოტანილი ციტატის მოხმობა უნათლავად აღსრულებული ყრმების წარუწყმედელობის დასტურად?!

   კათაკმეველებმაც კი  უწყიან, რომ ადამიანში არსებობს პირველშობილი ცოდვა და ნებელობითი ცოდვები; მუცლადმოწყვეტილ ჩვილს, როგორც - უასაკოს, ბუნებრივია, ნებელობითი ცოდვები არ გააჩნია, და, ცხადია, ამ უკანასკნელთათვის იგი არ განიკითხება მათი არქონის გამო. მაგრამ უასაკო ყრმას ადევს პირველშობილი ცოდვის ბეჭედი, რაც მას წაწყმედს კიდეც, სწავლებისამებრ მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნისა:

   „პირველშობილი ცოდვა... წარიხოცება ოდენ მადლით ღმრთისა უფალი იესო ქრისტეს განკაცებისა და მისი პატიოსანი სისხლის დაღვრის მიერ; ესე ქმედება აღესრულება წმ. ნათლის-ღების საიდუმლოში; ამიტომაც, ვინც არ მოინათლება, ის არც გათავისუფლდება ამ ცოდვებისაგან, არამედ - ექვემდებარება (ღმერთის) რისხვასა და მარადიულ სასჯელს". (ციტ: Догматические Послания Православных Иерархов XVII-XIX веков о Православной Вере; Москва 1995 г. стр. 115)

   ამრიგად, წმ. გრიგოლ აკრაკანტელი საუბრობს ჩვილებში ნებელობითი ცოდვების არსებობასა და მათ დაუსჯელობაზე, მაგრამ პირველშობილი ცოდვის ყრმათათვის მიტევებაზე ის სიტყვასაც არ ძრავს; აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: წმიდანისეულ ციტატას თუ უფრო სრულად წარმოვადგენთ, აღმოჩნდება, რომ ავტორი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ასწავლის სავსებით მართლმადიდებლურად და ნეოორიგენისტების საწინააღმდეგოდ.

   „რადგან მუცლადმოწყვეტილი, რომელიც არანაირად არ არის შემცნობი არც სიკეთისა, არც უკეთურებისა, კვლავ უმყოფობაში გადადის და არანაირად არ იქნება დადანაშაულებული იმათ გამო, რაც ქმნა უკეთურზრახვით: როგორღა არ შეირაცხება იმაზე (მუცლადმოწყვეტილზე) უფრო უცუდესად ეს (კაცი) გაგზავნილი აუტანელ ტანჯვებში და დაუსრულებელ დასჯებში?" (გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია სემინარია" №7 1999 წ. გვ. 8).

   გამოთქმა „უცუდესი" აქ ყოველივეს თავის ადგილს მიუჩენს; აღნიშნული ტერმინი გამოხატავს „ცუდის" აღმატებულ ხარისხს, ანუ - ცუდზე მეტად ცუდს; ამრიგად, სახეზე გვაქვს შედარება მკვდრადშობილი ჩვილისა და ზრდასრული უვარგისი ადამიანის საიქიო ხვედრთა შორის; ამ უკანასკნელის საბოლოო მდგომარეობა უცუდესია ჩვილისაზე, ე.ი. - თუკი ჩვილი ცუდ მდგომარეობაში იმყოფება პირველშობილი ცოდვის გამო, ასაკოვანი უკეთური კაცი მასზე უცუდეს ვითარებაშია მოქცეული ნებელობითი ცოდვების ძალით - აქედან გამომდინარე თვით ჩვილიც წარწყმედილია, ოღონდ ზრდასრული ადამიანი მეტადრე იტანჯება ჯოჯოხეთში!..

   მაშასადამე, წმ. გრიგოლ აკრაკანტელი ასწავლის ჭეშმარიტად მართლმადიდებლურად და არა ისე, როგორც ამ საკითხის ცხონებით გადაწყვეტის მომხრეებს წარმოუდგენიათ.

   5) არც ოლიმპიოდორე ალექსანრიელის სწავლებიდან გამომდინარეობს მკვდრადშობილ ჩვილთა წარუწყმედელობა - ეკლესიის მასწავლებელი მხოლოდ უდარებს მარტოოდენ პირველშობილი ცოდვით დამძიმებულის ხვედრს ნებელობითი ცოდვებით დამძიმებულისას, და ამბობს პირველი უმჯობესი უკანასკნელსზეო; მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ჯოჯოხეთში არსებობს ტანჯვის მეტნაკლებობა და ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება, თვალსაჩინოებისთვის მაკარი დიდის ცხოვრებიდან გავიხსენოთ ერთი ადგილი:

   „ერთხელ ღირსი მაკარი უდაბნოში მიდიოდა; უცებ მიწაზე ადამიანის თავის ქალა დაინახა. აიღო და ჰკითხა: „ვინ ხარ, მითხარი?" თავის ქალამ მიუგო: „მე წარმართთა მთავარი ქურუმი ვიყავი; როცა შენ, მამაო, ლოცულობ ჩვენთვის, ჯოჯოხეთში მყოფთათვის, მაშინ რაღაც შვებას ვგრძნობთ ხოლმე"; ღირსმა მაკარიმ კვლავ ჰკითხა: „როგორია ჯოჯოხეთის ტანჯვანი?"; „ჩვენ დიდ ცეცხლში ვართ ყველანი შთაგდებულნი, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ, - მიუგო ქურუმის ქალამ, - ხოლო როცა შენ ლოცულობ ჩვენთვის, ბუნდოვნად ვარჩევთ ერთურთს და ეს შვებას გვგვრის"; ამის გაგონებაზე ღირს მამას ცრემლი მოერია და კვლავ ჰკითხა: „განა არსებობს ამაზე დიდი სატანჯველი?"; „დიახ, არსებობს - მიუგო თავის ქალამ, - ჩვენს ქვემოთ ქვესკნელში ისინი იტანჯებიან, რომელთაც შეიცნეს ღმერთი, მაგრამ შემდეგ განუდგნენ მას და არ დაიმარხეს მისი მცნებები; ისინი ჩვენზე მეტად ევნებიან". (თთვენი ტ. I, გვ. 132; საქართველოს საპატრიარქო, 1983 წ.)

   ამრიგად, ოლიმპიოდორე ალექსანდრიელთან ვერსად ვხვდებით დადებით სწავლებას მკვდრადშობილ ჩვილთა წარუწყმედელობის შესახებ და შესაბამისად ეკლესიის მასწავლებლისეული ციტატა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც შეუსაბამო და უადგილო!..

   ისინი ვინც, იზიარებენ და მხარს უჭერენ უნათლავად გარდაცვლილ ყრმათა ცხონებას, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ცდილობენ დაეყრდნონ სხვა მამათა გამონათქვამებსაც, შესაბამისად განსახილველი საკითხის განსრულების მიზნით ვაჩვენოთ მათი სიმცდარე:

   I. ისინი ეყრდნობიან ღირსი ვასილი ახლის (X ს.) ცხოვრებიდან ამ წმიდანის მოწაფის, გრიგოლის ხილვას - კონკრეტულად კი შემდეგ ადგილს:

   „უფალმა ბრძანა, მარცხნივ მდგომარეთაგან გამოვყოთ ბრმანი, თუმც მოარულნი  ღმრთის შთაგონებით, რომელთაც არ ესვათ არც ბოროტების, არც სიკეთის ბეჭედი; უფალმა გადაჰხედა ყრმებს სიბრალულით, მათს მშობლებს კი რისხვით მიაპყრო მზერა, განიკითხა რა ისინი, რომ არ ეცადნენ გაენათლებინათ შვილები წმიდა ნათლისღებით; და უბრძანა უფალმა თავის წმიდა ანგელოზებს, ებოძებინათ მათთვის დასავლეთით განსასვენებელი ადგილი, ოდნავ თანაზიარი მარადიული ცხოვრებით ტკბობისა, - ოღონდ იმგვარად, რომ ვერ ეხილათ პირი ღმრთისა... და უძღვნა უფალმა მათ მცირედი ნუგეშისცემა.

   ესენი იყვნენ უნათლავი ყრმები - ასაკით ყველა ერთნაირნი; და განადიდეს მათ სახიერება ღმრთისა მისი მოწყალებისათვის და შევიდნენ უფლისაგან მათთვის განმზადებულ სიმშვიდეში". („Страшный Суд Божий – Видение Григория Ученика Святого и Богоносного отца нашего Василия Нового Цареградского, стр. 51-52; изд. Московской Патриархии 1997 г.)

   რა შეიძლება ითქვას? - პირველ რიგში, ის, რომ საშინელი სამსჯავროს გრიგოლისეული ხილვა აგებულია  შემდეგი სისტემით: ჯერ გადმოცემულია დაღუპულთა საბოლოო ხვედრი და მერე - ცხოვნებულთა; ეს პრინციპი მკაფიოდ და მკაცრად დაცულია და ნებისმიერ მოსურნეს თავისუფლად შეუძლია გადაამოწმოს; აღსანიშნავია, რომ უნათლავი ყრმების შესახებ ზემორეციტირებული ადგილი მოთავსებულია წყმედულთა ასე ვთქვათ სექტორში: წინ უსწრებს მას დაცემულ მონაზონთა სამსჯავრო და შემდეგ მოსდევს მწვალებელ არიოზელთა განკითხვა, - ამდენად, ვასილი ახლის ცხოვრებაში სტრუქტურულად პირდაპირ მითითებულია უნათლავი ყრმების საბოლოო ადგილი განსჯილ სამყაროში - ისინი წაწყმედულთა შორის არიან!  იგივე  მინიშნებულია სიმბოლურადაც: ქრისტიანულ სიმბოლიკაში უფლის მარცხენა მხარე და დასავლეთი ცალსახად ჯოჯოხეთს მოასწავებს და აქ ორი აზრი არ არსებობს;  ეს სიმბოლოები იმდენად არაინტერპრეტირებადია, რომ ამაზე კამათი საერთოდ არ ღირს - მაშასადამე, ხილვაში არსებული ნიშანსვეტები ასევე ერთხმად ღაღადებენ უნათლავად გარდაცვლილი ყრმების წაწყმედას! - ერთიღა რჩება გასაკვირი: რას უნდა ნიშნავდეს „ოდნავ თანაზიარება მარადიული ცხოვრებით ტკბობასთან", „მცირედი ნუგეშისცემა" და „განმზადებული სიმშვიდე"?

   მოგეხსენებათ პატერიკები არ გახლავთ დოგმატური ძეგლები და, აქ არადოგმატურ ტერმინოლიგიასთან უნდა გვქონდეს საქმე; როგორც ჩანს, ცხოვრების აღმწერს სურდა, ამ გამოთქმებით მიენიშნებინა  ნებელობითი ცოდვების არმქონეთა ნაკლებად დასჯაზე შეგნებულ მცოდავებთან შედარებით; ასევე,  შესაძლოა, ტექსტი დაზიანებული იყოს გადამწერთა, ან მთარგმნელთა დაუდევრობით... წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ - თუკი ზემოხსენებულ გამოთქმებს დოგმატურ დატვირთვას მივანიჭებთ, გამოვა, რომ „პატერიკისეული ქრისტე" ეწინააღმდეგება სახარებისეულ ქრისტეს, რომელმაც ბრძანა: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისისათა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა და შეკრბეს წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან;  და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით... მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუბესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25 31-34; 41); - ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: წინამდებარე პატერიკის განხილვისას მასში დაცულ სახარებისეულ ნიშანსვეტებს ან ცალმხრივად უნდა მიენიჭოს უპირატესობა უშუალოდ ხილვისეულთა წინაშე, ანდა - საერთოდ უნდა მოიხსნას განხილვის დღის წესრიგიდან ვასილი ახლის ცხოვრების აღნიშნული მონაკვეთი, ვითარცა ბუნდოვანი  და ურთიერთგამომრიცხავი სწავლების შემცველი, როგორც მოხდა ანასტასი სინელის დაზიანებული ნაშრომიდან ციტატის შემთხვევაში...

   მაშასადამე, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ეს არგუმენტიც არ გამოდგება!

   II. ასევე იშველიებენ ხორციელის შაბათის სვინაქსარიდან შემდეგ ადგილს (რამდენადაც ცნობილია ქართულშიეს ადგილი არ არის),წარმოვადგინოთ რუსული ვარიანტი, ლიტურგიკული ტექსტიდან გამომდინარე თარგმნის გარეშე.

   „Ведати же подабает, яко крешении младенцы пиши насладатся, непросвешении же и язичестии, нижу в пишу, ниже в гену пойдут”.

   როგორც ვიცით მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ღმერთი სასუფეველსა და ჯოჯოხეთს შორის შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. მეორედ მოსვლის შემდეგ ერთ მხარეს იქნება „ცეცხლი საუკუნე" და „სატანჯველი საუკუნე", მეორე მხარეს კი - „სასუფეველი" და „ცხოვრება საუკუნე" ამ რეალიის ფონზე, როგორ შევათანხმოთ ხორციელის შაბათის სვინაქსარიდან მოტანილი მონაკვეთი დოგმატურ ღვთისმეტყველებასთან? ცნობილია, „გეჰენიას" აქვს ორი მნიშვნელობა: ზოგადი და კერძო; ზოგადი მნიშვნელობით „გეჰენია" ნიშნავს, საერთოდ, ჯოჯოხეთს და ამ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები სინონიმებია; კერძო მნიშვნელობით კი „გეჰენია" შეადგენს ჯოჯოხეთისეულ კონკრეტულ სატანჯველს - ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხისას; „გეჰენიის" კერძო მნიშვნელობაზე მკაფიოდ მეტყველებენ ეკლესიის წმ. მამები. წარმოვადგინოთ ორიოდე მოწმობა - ღირსი ეფრემ ასური (IV ს.) ასწავლის: „ყველა ერთნაირ სატანჯველში წავა, თუ ტანჯვა სხვადასხვაგვარია? - სხვადასხვა სატანჯველი არსებობს, როგორც გვსმენია სახარებიდან: არის „ბნელი უკუნი" საიდანაც ჩანს, რომ არის სხვა ბნელიც - გარესკნელისა (მათ. 8,12) გეჰენია ცეცხლისა (მათ. 5,22) - ტანჯვის კიდევ სხვა ადგილია, ღრჭენაი კბილთაი (მათ. 13,42) - განსაკუთრებულ ადგილზეა; მატლი დაუსრულებელი (მარკ. 9,48) - სხვა ადგილზეა; ცეცხლის ტბა (გამოცხ. 19,20) - კიდევ სხვა ადგილია; ტარტაროზი (2პეტრ. 2,4) - ასევე თავისი ადგილი; ცეცხლი უშრეტი (მარკ. 9,43) - განსაკუთრებული მხარეა; ქვესკნელი (ფილიპ. 2,10) და წარსაწყმედელი (მათ. 7,13) - საკუთარ ადგილებზეა; ქვესკნელი ქვეყანისათა (ეფეს. 4,9) - სხვა ადგილია; ჯოჯოხეთი, სადაც ცოდვილნი იმყოფებიან, და ფსკერი ჯოჯოხეთისა - უაღრესი ტანჯვის ადგილია... სწორედ ამ სატანჯველებში იქნებიან განაწილებული უბედურნი -ყოველი თავისი ცოდვების ზომისდამიხედვით: უმძიმესისა თუ - უფრო ნაკლებიას, თანახმად წერილისა: „საბლითა ცოდვისა თვისისათა, კაცად-კაცადი შეიკვრის" (იგავ. 5,22) იგივეს ნიშნავს თქმულიც: „იტანჯოს ფრიად და იგუემოს მცირედ" (ლუკ. 12,47-48); ამქვეყნიურ სასჯელთა შორის როგორც არსებობს განსხვავებანი, ასევე იქნება მომავალ დაუსრულებელ საუკუნეში". (ციტ: Архимандрит Лазарь – „О Таинстве Пакирождения и о некрешенных младенцах" стр. 105-106)

   წმ. ბასილი დიდი ასწავლის: „რაკი ღმერთი მართალი მსაჯულია არაოდენ კეთილთა, არამედ მანკიერთაც, მიაგებს რა ყველას საქმეთაებრ მათთა, - მაშასადამე, შესაძლოა, რომ მავანი ღირსი იყოს უშრეტი ცეცხლისა ან უფრო სუსტის, ანდა - მეტადრე მწველის, სხვა - დაუსრულებელი მატლისა, მაგრამ იქაც ტანჯვა ან უფრო ასატანია, ანდა გაუსაძლისი, შესაბამისად თითოეულის ცოდვებისა; კიდევ სხვა - გეჰენიისა, რომელშიც უეჭველია ნაირგვარი ტანჯვებია; ზოგი - გარესკნელი სიბნელისა, სადაც ერთი ოდენ ტირილამდეა მიყვანილი, მეორე კი - კბილთა ღრჭენამდე; თავად გამოთქმა „სიბნელე გარესკნელისა" უსათუოდ აჩვენებს რომ მასში არის რაღაც შინაგანიც და იგავებში თქმულიც - „ჯოჯოხეთის ფსკერზე, - გვაძლევს საგულისხმოდ, რომ ზოგიერთნი თუმცა ჯოჯოხეთში იმყოფებიან, მაგრამ მის ფსკერზე არ არიან, და ნაკლებ ტანჯვას განიცდიან" (Ibid; стр. 106).

   ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ვდგებით არჩევანის წინაშე: ან ხორციელი შაბათის სვინაქსარში სიტყვა „გეჰენია" გულისხმა-ვყოთ ამ ტერმინის კერძო მნიშვნელობით, ანდა დავუშვათ რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ ტექსტში ღმერთი სასუფეველსა და ჯოჯოხეთს შორის კათოლიკური „სალხინებლის" მსგავსი რაღაც შუალედური მდგომარეობის არსებობაა მწვალებლურად აღსაარებული (ნუ იყოფინ!) - ამ შემთხვევაში რაღა თქმა უნდა აღიარებულად უნდა იქნას  პირველ ვარიანტი.

   ამრიგად, ზემოთ წარმოდგენილი ანალიზის შემდეგ აღნიშნული ტექსტი ასე იშიფრება: „ჯეროვანია ცოდნა რომ ნათელღებული ყრმები ნეტარებით დატკბებიან; ოდენ პირველშობილი ცოდვის მატარებელი ნათელუღებელნი და წარმართთაგანი კი არ წავლენ ნეტარებაში, მაგრამ არც გეჰენიაში დაიტანჯებიან, სადაც ნებელობითი უმძიმესი ცოდვებით დამძიმებული ადამიანები მიდიან,  - არამედ ჯოჯოხეთში ნაკლებად დაისჯებიან".

   მაშასადამე ეს არგუმენტიც უარყოფილია.

   III.  ასევე იშველიებენ წმ. ფილარეტ მოსკოველის (XIX  ს.) პირადი წერილიდან ერთ მონაკვეთს:

   „არ ვიცი, მოთმინების გამოცდა გამოგიგზავნათ ღმერთმა იმით, რომ ძე მკვდრად გეშვათ, თუ, როგორც თავად ამბობთ, თანახმად მორჩილების კანონისა, ეს არის სასჯელი ცოდვებისათვის, - ასეა თუ ისე, ამან არ უნდა ჩაგაგდოთ უნუგეშო სევდაში. იგალობეთ წინასწარმეტყველთან ერთად: „საშჯელით მსაჯა მე უფალმან გარნა სიკვდილს არა მიმცა მე". თქვენ გაშინებთ ჩვილის სულის საიქიო ხვედრი. იზრახეთ გულში რომ როგორც ღმერთის მართლმსაჯულება მიუწვდომელი და უსაზღვროა, ასევე უფლის მოწყალებაც მიუწვდომელი და უსაზღვროა; სული, რომელიც ატარებს მხოლოდ პირველმშობელთა ცოდვას, და ესეც იმიტომ რომ მას არ ჰქონდა საშუალება ამ ტვირთის მოხსნისა, - რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე არ იქნება გათანაბრებული სულებთან, რომელნიც თვითნებური ცოდვებით გეჰენიისაკენ გზას იკაფავენ... თუ წაგიკითხავთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვა ნათლისღების შესახებ? - აი, რას წერს იგი: „ზოგს საშუალებაც არა აქვს ამ ძღვენის (ნათლისღების მადლის) მიღებისა ან - მცირეწლოვნობის გამო, ანდა - მათგან სრულიად დამოუკიდებელი სხვა გარემოებათა მიზეზით... ეს უკანასკნელნი (რომელთა შესახებ ახლა ვამბობდით) მართალი მსაჯულის მიერ არც განიდიდებიან, არც დაისჯებიან, იმისათვის, რომ თუმც აღბეჭდილნი არ იყვნენ, მაგრამ არც ცუდები არიან, და უმეტესად, ზღვევა თავად იწვნიეს ვიდრეღა ვინმეს რაიმე ავნეს. რამეთუ ყოველი, რომელიც სასჯელს არ იმსახურებ უკვე პატივის ღირსი როდია და არც ისეა, რომ ყოველი ვინც პატივს არ იმსახურებ, უკვე სასჯელის ღირსი იყოს"... - ვიმედოვნებ, რომ წმ. მამის ამ სიტყვიდან გამოვა ერთგვარი ნათელი და თქვენი ფიქრების ბინდ-ბუნდს გაფანტავს. ("Душеполезное Чтение" 1866 г.)

   რა შეიძლება ითქვას? - პირველ რიგში, ის, რომ ეს გახლავთ მკვდრადშობილი ჩვილის დედისადმი მიწერილი სიტყვები, საიდანაც ეკლესიის დოგმატური სწავლების გახსნა ისევე არ შეიძლება, როგორც, ვთქვათ, პატერიკებში არსებული ხატოვანი და მეტაფორული გამოთქმებიდან.

   მეორეც, ის, რომ საკუთრივ ტექსტში ვერსად ვხვდებით დადებით სწავლებას მკვდრადშობილი ჩვილის წარუწყმედელობაზე - აღნიშნულ საკითხზე ღიად და პირდაპირ წმ. ფილარეტი ასწავლის მხოლოდ შემდეგს: „სული, რომელიც ატარებს მხოლოდ პირველმშობელთა ცოდვას და ესეც იმიტომ, მას არ ჰქონდა საშუალება ამ ტვირთის მოხსნისა, რა თქმა უნდა, ღმერთის წინაშე არ იქნება გათანაბრებული სულებთან, რომელნიც თვითნებური ცოდვებით გეჰენიისაკენ გზას იკაფავენ" რაშიც წმ. მამას შეუსიტყვებლად უნდა დავეთანხმოთ;

   მესამეც, ის, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვიდან ციტირებისას მიტროპოლიტი ფილარეტი უფრო ნუგეშინისცემით მიზნებს ისახავს, ვიდრე დოგმატურს, რის გამოც მსოფლიო მოძღვრისეული სწავლება, დოგმატური თვალსაზრისით, კონტექსტში შესაძლოა, ოდნავ უადგილოდაც გამოიყურებოდეს;

   და ბოლოს: წმ. ფილარეტ მოსკოველი არის ავტორი „ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმოსი", რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის სიმბოლურ წიგნად აღიარა; აღნიშნული ნაშრომი დოგმატური ხასიათისაა და თუკი განსახილველ საკითხში წმ. ფილარეტის დოგმატური სწავლება გვაინტერესებს, - ის უნდა მოვიძიოთ სწორედ ამ წიგნში, სადაც შავით თეთრზე წერია:

   „პეტრე მოციქული წერს, რომ ნათლისღება გვიხსნის ჩვენ სახედ ნოეს კიდობნისა - ყველა, ვინც კი გადაურჩა მსოფლიო წარღვნას, გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნოეს კიდობანში" (Митрополит Филарет – Протранный Христианский Катихизис стр. 58. Изд. В. Сияльский и А. Крейшман; Берлин)

   ამრიგად, კიდობნის გარე კაცობრიობიდან ვინმე, თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ წარწყმედულიყო, - შეგვეძლო უნათლავად გარდაცვლილი ყრმების წარუწყმედელობის დაშვებაც, მაგრამ რაკი ეს ასე არ არის, მაშასადამე წმ. ფილარეტიც ასწავლის ისე როგორც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სხვა წმ. მამები.

   შესაბამისად ეს არგუმენტიც უარყოფილია.

   IV. მორიგ არგუმენტად ასევე მოყავთ ღირსი ბარსანუფი ოპტინელის (XIX ს.) მონათხრობი (შუალედური რგოლის გამოვლით) ღირს ამბროსი ოპტინელზე (XIX ს.):

   „გადმომცემდა მე მამა ჰილარიოსი, მონასტრის მოძღვარი რომ მამა ამბროსი უნათლავი ყრმების შესახებ ამბობდა: „თუმცა ისინი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დამსახურებით ცათა სასუფეველში იქნებიან, მაგრამ იქ ბრმებად დაშთებიან, ანუ - მოაკლდებიან შესაძლებლობას ჭვრიტონ პირი უფლისა შედეგად იმისა, რომ წმიდა ნათლისღების უქონლობის გამო პირველშობილი ცოდვა მათგან არ ჩამორეცხილა" (Духовное Наследие, Келейные Записки, изд. Свято – Троицкой Сергиевой Лавры, 1998 г. стр. 27)

   რა შეიძლება ითქვას? - პირველ რიგში, ის, რომ საერთოდ ეჭვქვეშაა დასაყენებელი ციტირებული წყაროს სანდოობა, იმდენად აბსურდული სწავლებაა მოცემული; მართლაც ღმერთის სასუფეველი გულისხმობს ღვთისმჭვრეტელობას, რაშიც იხილვება და ითავისება ყველა ჰიპოსტასი ნეტარებისა; იყო ღმერთის სასუფეველში და ღმერთს ვერ ხედავდე, - ეს ისეთივე პარადოქსია, როგორც ვთქვათ, იყო ჯოჯოხეთში და ნეტარებდე!..

   მეორეც, ის, რომ თუკი აღნიშნული წყარო სანდოა ასეთ შემთხვევაში ასკეტი მამის ცოდნა დოგმატიკის დარგში მისაჩნევია არასიღრმისეულად, ხოლო ზემოთ წარმოდგენილი მისეული სწავლება უნათლავად აღსრულებული ყრმების უცნაური საიქიო ხვედრის თაობაზე - მცდარად! ეს ამბავი ნურავის გაუკვირდება: მსგავსი შემთხვევები ეკლესიის ისტორიისათვის ცნობილია, გავიხსენოთ თუნდაც წმ. კირილე ალექსანდრიელის (V ს.) ცხოვრებიდან ეპიზოდი მეუდაბნოე წმიდა და სასწაულთმოქმედი ბერისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა, თითქოსდა ბიბლიური მელქისედეკი ძველ აღთქმაში ძე ღმერთის განხორციელება ყოფილიყო (თმუცა, მან წმ. კირილეს შეგონების შემდეგ შეინანა თავისი ცრუ სწავლება)...

   V. ასევე მიიჩნევენ რომ წმ. თეოფანე დაყუდებულიც (XIX ს.) მათ მსგავსად ასწავლის უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო ხვედრის თაობაზე. ამის დასტურად მოაქვთ შემდეგი ციტატა წმ. მამის დარიგებიდან:

   „ხოლო ბავშვები ყველა ღმერთის ანგელოზები არიან; უნათლავები, ისევე როგორც ყველანი რწმენის გარეშე მყოფნი, ღვთის მოწყალებას უნდა მივანდოთ; ისინი ღვთის გერები არ არიან და ამიტომ უფალმა უწყის რა და როგორ დააწესოს მათ მიმართ, ღმერთის გზები აღურაცხელია"!.. (Свят. Феофан Затворник – Наставления в Духовной Жизни, Москва, 1997 г. Стр. 219)

   როგორც ვხედავთ წმ. თეოფანე აქ არამარტო უნათლავ მცირეწლოვნებზე, არამედ - ურწმუნო ზრდასრულ ადამიანებზეც მსჯელობს და ამ ორივე ჯგუფს ერთად მიანდობს ღვთის მოწყალებას; თუკი დავუშვებთ, რომ წარმოდგენილი ტექსტით ეს წმინდანი უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების წარუწყმედელობას ასწავლის, მაშინ იგივე წარუწყმედელობა ავტომატურად ურწმუნო ზრდასრულებსაც უნდა მივუყენოთ, ვინაიდან ყრმებიც და ზრდასრულნიც ამ დარიგებაში ერთად არიან მოქცეულნი... და საბოლოოდ რას მივიღებთ: რომ წმ. თეოფანე დაყუდებული ასაკოვანი ურწმუნო ადამიანების წარუწყმედელობას ქადაგებს - ნუ იყოფინ! ასეთი ხიბლისმიერი „ღვთისმეტყველება" მიდის - სიწმინდეთმკრეხელობამდე!..

   რაც შეეხება ამ წმინდანის მოძღვრებას, აღნიშნულ საკითხზე, ის სავსებით მართლმადიდებლური და მზესავით ნათელია - წმ. თეოფანე შეგვაგონებს:

   „მაცხოვარი ამბობს: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16); და კუალად: „უკუეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3,5) - ხოლო ეს ამქვეყნად უნდა აღესრულოს; და კუალად: მხოლოდ ის წარმოსდგება ხსნილი ზეცად, რაც გახსნილია ამ სოფლად... არსებობს გამოცდილება, რომ, როდესაც ვინმე, ღირსი სასუფევლისა, კვდებოდა რაიმე გაუხსნელი ცოდვით, - უფალი აბრუნებდა მას წუთისოფელში, დასამთავრებელის განსასრულებლად". (Ibid; стр. 219)

   ამრიგად წმ. თეოფანე დაყუდებულის სწავლებით უნათლავად აღსრულებული ნებისმიერი ადამიანი, სულერთია, ყრმა იქნება ის, თუ ზრდასრული, თუკი სასუფევლის ღირსია, ღმერთი მას მკვდრეთით აღადგენს, რათა ნათელ-იღოს და ისე წარდგეს ღვთის წინაშე, ანუ - უნათლავად გარდაცვლილი ყრმები წარწყმდებიან იმისთვის, რომ ღმერთის სასუფევლის ღირსნი არ იყვნენ.

   შესაბამისად ეს არგუმენტიც უარყოფილია!

   VI. ასევე მათი კიდევ ერთი არგუმენტი შემდეგია წმ. იოანე კრონშტადტელის (XIX-XX სს.) 1908 წლის სიზმრისეულ ხილვაში ვკითხულობთ:

   „იმ ჩვილებმაც მიიღეს გვირგვინები ზეციური მეუფისაგან, რომელნიც მოწყვეტილნი არიან დედის საშოში, და - უსახელოდაც" (ციტ: Россия Перед Вторим Пришествием; стр. 171, Москва, 1998 г.)

   რა შეიძლება ითქვას? - აღნიშნული ხილვაც დიდხანს უცნობი იყო ეკლესიისთვის, როდესაც ის გამოჩნდა და გამოქვეყნდა, მას მერე მის გარშემო კამათები არ შემწყდარა; ბევრი დღემდე თვლის, რომ ის წმ. იოანეს არ ეკუთვნის და მხოლოდ მიეწერება მას; ამ მიმართულებით ყველაზე სერიოზული არგუმენტი გახლავთ თავად სერგი ფომინის ამ ხილვის გამომცემელისა და უმთავრესი გამავრცელებელის უფრთხილესი დამოკიდებულება შესაძლო აპოკრიფისადმი - აი, რას წერს იგი წიგნში - Россия перед Вторым Пришествием;

   „რა თქმა უნდა, ყველა წინასწარმეტყვველება ერთნაირი ნდობის ღირსი არ არის (ნაკლებად სანდონი წინამდებარე წიგნში წვრილი შრიფტითაა გამოყოფილი)" (Ibid; стр. 3).

   წმ. იოანე კრონშტანდტელის ზემოთ ციტირებული ხილვაც სერგი ფომინის წიგნში წვრილი შრიფტითაა დაბეჭდილი! - ასე, რომ თუკი ამ ხილვის მთავარი პოპულარიზატორი ბოლომდე ნდობას ვერ უცხადებს თავის პროტეჟეს, - მითუმეტეს ყველასგან ჯეროვანი იქნება მისდამი დისტანციის დაჭერა, ყოველ შემთხვევაში, დოგმატური საკითხის განხილვისას მაინც.

   მაშასადამე ეს არგუმენტიც განუხილველად უარყოფილია!

   როგორც ვხედავთ, მეორე ნაწილში წარმოდგენილი წყაროების უმრავლესობა სათანადო ანალიზის შემდგომ, უნათლავთა ცხოვნების მომხრეთა საწინააღმდეგო აღმოჩნდა; გამონაკლისს, შესაძლოა, წმ. გრიგოლ ნოსელი და ღირსი ამბროსი ოპტინელი შეადგენდნენ - ისინიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, და აი რატომ:

   წმ. გრიგოლ ნოსელის სულიერი მემკვიდრეობის ზოგიერთი ავტორიტეტული მკვლევარი, მაგალითად, წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი (VIII ს.) თვლის, რომ ორიგენისტული სწავლებანი ამ მამის ნაშრომებში მწვალებლების შეტანილია და წმიდანის კალამს საერთოდ არ ეკუთვნის. თუ ეს ასეა, მაშინ ხსენებული ავტორი უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო საკითხში განიხილება არა როგორც ამაოდმბრძნობი დოგმატისტი, არამედ მისეული სწავლება, უბრალოდ განსახილველი საკითხიდან მოიხსნება, ვითარცა დაზიანებული ნაშრომიდან მიღებული;

   იგივე შეიძლება ითქვას ღირსი ამბროსი ოპტინელზეც: როგორც ცნობილია, ოპტინის უდაბნო გახლდათ რუსული ისიხაზმის ერთ-ერთი კერათაგანი; ამ მონასტერში გაბრწყინებული მამები იესოს ლოცვის უდიდეს მლოცველებად ითვლებიან, აღნიშნული რეალიის ფონზე ფრიად საეჭვოა, რომ ღირს მამას ეთქვას: ღმერთის სასუფეველში შევლენ და ღმერთს ვერ იხილავენო; უმალ საფიქრებელია, რომ შუალედურმა რგოლმა (მონასტრის მოძღვარი ჰილარიოსი, რომელიც კანონიზებული არ არის) წმიდანის ნათქვამი ზუსტად ვერ გადმოსცა...

   ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია აღნიშნული საკითხის ცხონებით გადაწყვეტის მომხრეებს რომც მივანებოთ წმ. გრიგოლ ნოსელის და ღირსი ამბროსი ოპტინელის ციტატები, საბოლოოდ სურათი მათთვის მაინც ცალსახად არასახარბიელო შეიქმნება, სახელდობრ - უნათლავად აღსრულებული ყრმების არ ცხონებას ანუ - წარწყმედას ასწავლიან:

1. წმ. წერილი;

2. კართაგენის წმ. ადგილობრივი კრება (419 წ.);

3. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოების - წიგნნი მრწამსისა;

4. ლიტურგიკული თეოლოგია;

5. Consesus Patrum - სახელდობრ, შემდეგი წმ. მამები:

ა) წმ. კვიპრიანე კართაგენელი;

ბ) ღირსი მაკარი ეგვიპტელი;

გ) წმ. ბასილი დიდი;

დ) წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი;

ე) წმ. იოანე ოქროპირი;

ვ) ნეტარი ავგუსტინე;

ზ) წმ. ფულგენტიოს რუსპიელი;

თ) წმ. გრიგოლ აკრაკანტელი;

ი) ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი;

კ) წმ. ფილარეტ მოსკოველი;

ლ) წმ. თეოფანე დაყუდებული;

მ) წმ. იუსტინე პოპოვიჩი...

უნათლავად აღსრულებული ყრმების წარუწყმედელობას, შესაძლოა ასწავლიან:

ა)  წმ. გრიგოლ ნოსელი;

ბ) ღირსი ამბროსი ოპტინელი...

   წარმოდგენილი თანაფარდობა განვმარტოთ ღირსი ბიკენტი ლირინელის (V ს.) სწავლებით, რომლის თანახმადაც:

   „წმ. მამებს უნდა ვერწმუნოთ შემდეგი წესის დაცვით: რასაც ისინი ყველა, ან - მათი უმრავლესობა - ერთხმად იღებდა, შეიცავდა და ღიად გადმოსცემდა, თანაც უყოყმანოდ, თითქოსდა ეკლესიის მასწავლებელთა შორის წინასწარი რაღაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, - ის უნდა ჩავთვალოთ უეჭველად, სარწმუნოდ და უცილობლად; ხოლო რასაც აზრობდა ვინმე, თუნდაც წმინდანი ან მეცნიერი, აღმსარებელი თუ მარტვილი, სხვების არათანხმიერად, მივაკუთვნოთ პირად, დაფარულ, კერძო მოსაზრებებს და განვარჩიოთ საერთო, ღია და საჯარო რწმენის ავტორიტეტისაგან, რათა საყოველთაო მოძღვრების ძველი ჭეშმარიტების უგულებელსმყოფელი მწვალებლებისა და განხეთქილების მოქმედთა დარად მარადიული ცხონებისათვის უდიდესი საფრთხის ქვეშ არ გავყვეთ ერთი ადამიანის ცდომილებას" (ციტ: Памятные Записи; изд. 1863 г. стр. 135-136).

   მაშასადამე, წმიდა, მსოფლიო, უცდომელი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით უნათლავად აღსრულებული ყრმები არ ცხონდებიან ანუ - წარწყმდებიან!.. (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 


***რამდენადაც ცნობილია საეკლესიო სწავლების I-IV დონეზე (რომელიც პირველ ნაწილში განვიხილეთ)  აღნიშნულ საკითხზე ცხონების მომხრეებს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნიათ.


უკან დაბრუნება