მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუბრალდება ღირსი იოანე დამასკელის მიმართ

ცრუბრალდება ღირსი იოანე დამასკელის მიმართ


23-10-2016, 08:03
 

 

   ცრუბრალდებას ვერც ეკლესიის უდიდესი ღვთისმეტყველი, ავტორი წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის ზედმიწევნითი გადმოცემა", ღირსი იოანე დამასკელი გადაურჩა. წმინდა მამა თავიანთი ცრუსწავლების მხარდამჭერად რომ წარმოაჩინონ, ლიბერალები ეპ. ილარიონის (ალფეევი) მიერ თარგმნილ შემდეგ ციტატას იშველიებენ: „ზოგიერთი ამბობს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან მხოლოდ მისი მორწმუნენი აღმოიყვანა - მამამთავრები და წინასწარმეტყველნი, მსაჯულნი და მათთან ერთად მეფენი, ადგილობრივი მეთაურნი და ზოგიერთი სხვა ებრაელთაგანნი, მცირერიცხოვანი და ყველასათვის ცნობილნი".1

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ღმერთმა გაამართლა, ე.ი. აცხოვნა არა მხოლოდ ძველი აღთქმის მოსეს რჯულის ქვეშ მყოფი ებრაელები, არამედ ასევე ხალხები და ტომები, რომლებმაც შეინარჩუნეს ძველი გარდამოცემა, რომლებშიც დაცული იყო ერთიანი ღმერთის რწმენა და რომლებსაც ჰქონდათ მესიის მოლოდინი, ზნეობრივი მოთხოვნები და წეს-განგებულება. ეს საკითხი საფუძვლიანად განიხილა არქიმანდრიტმა ლაზარემ (აბაშიძე) ჩვენ მიერ გამოცემულ ნაშრომში „ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ". ამდენად, ამ საკითხს აღარ განვიხილავთ. მხოლოდ ერთს დავძენთ, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ყველა ადამიანი, ვისაც სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი, ელოდა მესიის მოსვლას, ებრაელი ხალხის მსგავსად, ცხონებულთა რიცხვშია.

   ღირსი იოანე დამასკელის აღნიშნულ თარგმანიდან კიდევ ერთ ამონარიდს მოვიყვანთ: „არაფერია დაუმსახურებელი, სასწაულებრივი და გამაოცებელი იმაში, რომ ქრისტემ აცხოვნა მისი მორწმუნენი, ვინაიდან ამგვარად ის რჩება სამართლიან მსაჯულად და არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპება".2

   ეს ფრაზა იწვევს საფუძვლიან ეჭვს, - შენიშნავს არქიმანდრიტი რაფაელი, - რომ ტექსტი ან გაყალბებულია, ან არ ეკუთვნის იოანე დამასკელს, ან დამახინჯებულია მთარგმნელის მიერ.* მით უფრო, რომ წმ. იოანე დამასკელის ადრინდელ გამოცემებში მსგავსი აზრი არ არის გამოთქმული. მამა რაფაელი თავისი ეჭვის საფუძვლიანობას შემდეგნაირად ხსნის: „როგორ შეიძლება წმინდა იოანეს დაეწერა „არაფერი დაუმსახურებელი, სასწაულებრივი და გამაოცებელია" იმაში, რომ ქრისტემ აცხოვნა მისი მორწმუნენი! სწორედ ეს არის ის სასწაული, რომელმაც გააოცა ანგელოზები! ეს გახლდათ დაუმსახურებელი წყალობა ღვთისა ადამიანებზე. მრავალი წმინდა მამა ამბობდა, რომ ვერანაირი ღვაწლით ვერ დაიმსახურებ ღვთის სასუფეველს, რომ ეს ღვთის უდიდესი წყალობაა, ხოლო წმინდანთა ღვაწლი - საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია აღიქვას ეს ნიჭი. ღირსი ისააკ ასური ამბობს: „ნუ გაკადნიერდები უფალს უწოდო სამართლიანი (ადამიანთან მიმართებაში), ვინაიდან რა სამართლიანობაა: ჩვენ შევცოდეთ, ხოლო ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის". ცხადია, ამ სიტყვებში მოიაზრება ურთიერთისთვის გაღებული მსხვერპლი, ხოლო ღმერთმა უზენაესი სამართალი აღასრულა გოლგოთის მსხვერპლით".

   კიდევ უფრო დიდ ეჭვს ბადებს შემდეგი ამონარიდი: „ისინი, ვინც მხოლოდ ღვთის კაცთმოყვარებით ცხონდნენ, ჩემი აზრით, იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც „უწმინდესი ცხოვრება ჰქონდათ, აღასრულებდნენ ყველანაირ კეთილ საქმეებს, ცხოვრობდნენ მოკრძალებით, თავშეკავებითა და სიწმინდით", მაგრამ წმინდა და ღვთაებრივი სარწმუნოების უმეცარნი იყვნენ იმიტომ, რომ არ იყვნენ განსწავლულნი მასში და საერთოდ უმეცარნი დარჩნენ".3

   პირველი: რა გამოთქმაა „უწმინდესი ცხოვრება?" ის საერთოდ შეუძლებელია პირველქმნილი ცოდვით დასნეულებული, კონტექსტში კი ღვთის ვერშემცნობი ადამიანისათვის. უწმინდესი, ანუ ცოდვის გარეშე ცხოვრება, შეეძლო მხოლოდ ქალწულ მარიამს. მართლებიც კი თუნდ ერთ დღეს არ ცხოვრობდნენ ცოდვის გარეშე. ღირსი მაკარი დიდი წერს, რომ წმინდანების სულში იყო მცირეოდენი ნაკლი, რომელსაც განწმენდს მადლი, ვით ნიჭი ღვთისა. ამიტომ მართლმადიდებლისთვის ცხონება არა დამსახურება, არამედ წყალობაა ღვთისა.

   უდიდეს მოღვაწეთა ცხოვრება აღსავსე იყო შინაგანი განსაცდელებით, რაც ყოველთვის არ სრულდებოდა დადებითად. ამდენად გამოთქმა „უწმინდესი ცხოვრება" მათ მიმართ, ვისაც ღმერთი ღვთისმეტყველურად არ ჰყავს შეცნობილი, ერთობ საეჭვოა ეკუთვნოდეს ისეთ ღრმა, ფილოსოფიურად განვითარებულ გონს, როგორიც არის ღირსი იოანე დამასკელი.

   რაც შეეხება სიტყვებს „ყოველგვარი კეთილი საქმის მქონეს" - სათნოებათა მსგავსი თაიგული წმინდანებსაც კი შეშურდებოდათ. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები „ღვთაებრივი სარწმუნოების უმეცარნი?" მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ამ პიროვნებებს აპირისპირებენ ებრაელებთან, რომლებმაც მიიღეს წმინდა წერილი - მოსეს რჯული (შემდეგ კი წინასწარმეტყველთა ღვთივგანბრძნობილი წიგნები). მასში ცხადად და ვრცლად აისახებოდა ღვთის განცხადებული სწავლება. დადგენილი იყო მკაფიო კალენდარული ღვთისმსახურება, რთული წეს-განგება, მიცემული ჰქონდათ ზნეობრივი კანონი და წესი, რომელმაც მოიცვა მათი რელიგიური და საზოგადოებრივ-ოჯახური ცხოვრება. შესაბამისად, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აქ საუბარია მონოთეისტებზე, რომლებიც არ იყვნენ მოსეს რჯულის ქვეშ, არ მიეკუთვნებოდნენ პროზელიტების რიცხვს, არამედ ხელმძღვანელობდნენ გარდამოცემით, ადამისა და ნოესაგან რომ იღებს სათავეს".4

   გარდა ამისა, აშკარაა კიდევ ერთი მცდელობა დაამკვიდრონ აზრი, რომ ეს იყვნენ „ღვთაებრივი სარწმუნოების შეუმეცარი" ადამიანები ამის მიუხედავად აცხოვნა ღმერთმა.

   არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) საფუძვლიან ეჭვს ჩვენც ვიზიარებთ. ვინაიდან იღ. ილარიონის (ალფეევი) სხვა თარგმანებში, კერძოდ, ღირსი ისააკ ასურის მეორე ტომის გამოჩენას, რომელიც ალფეევმა თარგმნა, პირველ ტომთან შედარებისას აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის ნაშრომად მოგვევლინა. ყოველივე ამის ანალიზი ჩვენ მიერ გამოცემული წიგნის „ჭეშმრიტი სარწმუნოების" 37-ე და 38-ე გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ.

   დასკვნისთვის თავად ღირსი იოანე დამასკელის სიტყვას მოვუხმობთ, რომელშიც არაორაზროვნადაა ნათქვამი: „განღმრთობილი სული ჯოჯოხეთში ჩადის, რათა, როგორც მიწის ზემოთ მყოფთათვის ამობრწყინდა მზე სიმართლისა, ასევე მიწისქვეშ, ჯოჯოხეთში, სიბნელეში და აჩრდილთა შორის მყოფთათვისაც ამობრწყინდეს ეს მზე; რათა ისევე, როგორც მიწის ზემოთ მყოფთ უქადაგა უფალმა მშვიდობა, ტყვეებს - განთავისუფლება, ბრმებს - თვალის ახელა და ყველა მორწმუნეს საუკუნო ცხონების საწინდრად ექცა, ურწმუნოებს კი - ურწმუნოების მამხილებლად, ასევე ექადაგა ჯოჯოხეთში მყოფთათვისაც".5  (გაგრძელება...)

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net- ის რედაქცია 

 

 

 

 

 

 

1ციტ. არქ. რაფაელის (კარელინი) პოლემიკური წერილიდან. О современном неогностицизме.

2იქვე.

*ტექსტი ციტირებულია ა. ზაიცევის ბროშურაში „Расспроси ближнего твоего преждеб нежели грозить ему". გამომც. „Сордоникс". 2002 წ.

3იქვე.

4იქვე.

5www. Вера Православная. Точное изложение Православной веры. Прп. Иоанн Дамаскин.


უკან დაბრუნება