მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი და ზღვისა ქვიშანი

აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი და ზღვისა ქვიშანი


5-04-2017, 00:07

 

   მრავალი სასწაული მოახდინა წმიდა ნიკოლოზმა არა მარტო სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდგომაც. ძნელად თუ მოიპოვება ისეთი ქვეყანა და მხარე, სადაც მისგან სასწაული არ მომხდარიყოს.

   საბერძნეთში ლევ ისავრიელისა და პატრიარქ ათანასეს ზეობის პერიოდში აღესრულა წმიდა ნიკოლოზის შემდეგი დიდი სასწაული: წმიდანი ძილში გამოეცხადა ღატაკთმოყვარულ და უცხოთა შემწყნარებელ ერთ მადლმოსილ მოხუცს და უბრძანა წასულიყო ხატმწერთან, ეთხოვა მისთვის სამი ხატის დაწერა: ერთი - მხსნელის, ცისა და ქვეყნის შემქმნელის, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მეორე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და მესამე - წმიდა ნიკოლოზისა. ხილვის შიშით გაღვიძებულმა მოხუცმა თეოფანემ ხატმწერს მიაშურა და ხატები დააწერინა. თეოფანემ ცოლს სთხოვა მოემზადებინა ტრაპეზი, რათა პატრიარქი მოეწვია და ხატები ეჩვენებინა.

   პატრიარქი და მრევლი სახლში ესტუმრნენ თეოფანეს. იქ მისულთ სამი ხატი დახვდათ. პატრიარქმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს ქება-დიდება შეასხა, ხოლო წმიდა ნიკოლოზის ხატის შესახებ თქვა: „რა საჭირო იყო მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზის გამოსახვა ასეთ დიდ ხატზე. უხერხულია ქრისტესა და ღვთისმშობლის გვერდით მისი დგომა, ის ხომ ჩვეულებრივი ხალხის შვილი იყო".

   დამწუხრებულმა თეოფანემ ხატი საკუჭნაოში გაიტანა. ტრაპეზის დროს სტუმრებს ღვინო შემოაკლდათ და სახლის პატრონს სთხოვეს მოტანა. თეოფანე დაღონდა, რადგან სახლში ღვინო აღარ ეგულებოდა. ის უჩუმრად შევიდა საკუჭნაოში და ცრემლმორეულმა წმიდა ნიკოლოზს სთხოვა, მოეხდინა სასწაული და მისთვის ღვინო მიეცა. მართლაც, როცა ღვინის ჭურჭელთან მივიდა, იგი საუკეთესო ღვინით სავსე დაუხვდა.

   მეორე დღეს პატრიარქი თავის კრებულთა ერთად გემით გაემგზავრა. ღია ზღვაში მოულოდნელად ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი და გემი გადაბრუნდა. ყველანი ზღვაში ჩაცვივდნენ, მაგრამ ღვთის მოწყალებით ყველამ შესძლო გემზე ასვლა, ხოლო პატრიარქი ათანასე, რომელიც მიხვდა თავის შეცოდებას წმიდა ნიკოლოზის წინაშე, ტიროდა და ევედრებოდა წმიდანს შველას. მოხდა სასწაული. გამოეცხადა მას წმიდა ნიკოლოზი ზღვაზე მავალი ისე, როგორც მიწაზე. მიუახლოვდა პატრიარქს, გაუწოდა ხელი და უთხრა: „ათანასე, უბრალო წარმოშობის ხალხის შვილისაგან დაგჭირდა შველა?" ცხარედ მტირალმა პატრიარქმა გამოითხოვა მისგან შენდობა და წმიდა ნიკოლოზმა იგი გემზე დააბრუნა.

   კონსტანტინეპოლში დაბრუნებულმა პატრიარქმა თეოფანეს წმიდა ნიკოლოზის ხატი მოატანინა და დიდებით შეაბრძანა სოფიის ტაძარში. მეორე დღეს კონსტანტინეპოლში წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. აშენებული ტაძარი თვითონ პატრიარქმა აკურთხა და მრავალი შესაწირავი შესწირა. ამ პერიოდში წმიდა ნიკოლოზის ხატთან მლოცველი უამრავი ხალხი იკურნებოდა.

   ჭეშმარიტად მსწრაფლშემწეა წმიდა ნიკოლოზი ყველასათვის, ვინც მას რწმენით მიმართავს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება