მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > წერილები სულიერ შვილებს - იღუმენი ნიკონი (1963 წ.)
წერილები სულიერ შვილებს - იღუმენი ნიკონი (1963 წ.)26-11-2016, 00:07 |
დღეს განსაკუთრებით რთული დროა, რადგანაც აღარ არიან „ხილულნი ჭურჭელნი ღვთისანი", ისინი ვინც არა მარტო ინტელექტის დონეზე შეისწავლა ქრისტიანობა, არამედ, გაითავისა იგი და გაიხადა ცხოვრების წესად; ვინც აღიჭურვა ღვთის მცნებებით, შეებრძოლა ეშმაკს და საკუთარ დაცემულ ბუნებას; ტიტანური შინაგანი შრომის ფასად დააგროვა სულიერი გამოცდილება - მარგალიტები. ამის შესახებ წმიდა მამები ამბობენ: „გაეცი სისხლი და მიიღე სული". ამით ყველაფერია ნათქვამი. იღუმენი ნიკონი ის თანამედროვე მოძღვართაგანია, რომლებიც წიგნებიდან კი არ ასწავლიან, არამედ, საკუთარი მრავალწლიანი შრომის შედეგად დაგროვილი გამოცდილებებიდან, იგი ჩვენი საუკუნის შვილია. მან გამოიარა უმძიმესი პერიოდი კომუნისტური რეჟიმისა და სიცოცხლის ბოლო წლები გადასახლებაში გაატარა. ამ პერიოდში მისი სულიერი შვილი ინარჩუნებდა მოძღვართან მიმოწერას. ამ მიმოწერის შედეგად შეიქმნა შესანიშნავი წიგნი „წერილები სულიერ შვილებს", რომელიც სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც ნამდვილი სულიერი ცხოვრებით ცხოვრება სურს.
რედაქციისაგან
●●●
ძვირფასო მ! უფალს ყოველი ადამიანის ცხონება სურს, მაგრამ ყველა როდია ამ საქმით მოწადინე. საქმით უარყოფენ იმას, რაც სიტყვით სურთ გადაარჩინონ. რით უარყოფენ? არა ცოდვებით, რამეთუ იყვნენ დიდად ცოდვილნი, როგორც ავაზაკი, როგორც მარიამ ეგვიპტელი და სხვანი. მათ შეინანეს ცოდვები და ღმერთმაც აპატია. ამგვარად მოიპოვეს ცხონება. იღუპება ის, ვინც სცოდავს და არ ინანიებს, საკუთარ თავს განამართლებს ცოდვაში. ეს ყველაზე საშინელია, ყველაზე დამღუპველია. უფალი ამბობს: „მოვედი არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად". რას ნიშნავს ეს? უფლის სიტყვა ამბობს: „არა ვინ არს მართალი..." ყველანი ცოდვილნი ვართ, მაგრამ რაც უფრო წმიდაა ადამიანი, მით უფრო ხედავს საკუთარ ცოდვებს. უფალი მოვიდა წოდებად სინანულისაკენ და ამ გზით ცოდვილთა გადასარჩენად, ე.ი. ისინი, ვინც შეიცნობს თავის ცოდვებს, ინანიებს უფლის წინაშე, იღებენ შენდობას, ხოლო ისინი, ვინც ვერ ხედავნ საკუთარ ცოდვებს ან ბოროტად იმართლებენ თავს. უფალმა დაგმო და განაგდო ფარისევლები, რომლებიც საკუთარ თავს მართლებად და სამაგალითოდ მიიჩნევდნენ. საშიშია ასეთი მდგომარეობა. დაიფარე, უფალო, ამისგან ყოველი ადამიანი. ღირსმა სისო დიდმა ანგელოზს, მისი სულისათვის მისულს, სთხოვა, ელოცა, რათა უფალს დრო მიეცა სინანულისათვის. ღირსი პიმენ დიდი ამბობდა: მერწმუნეთ, ძმებო, სადაც იქნება ეშმაკი, მეც იქ ჩამაგდებენ. ის კი (წმიდა პიმენ დიდი) მიცვალებულთ აღადგინებდა. ყველა უფლისათვის სათნომყოფელი სიკვდილამდე სტიროდა საკუთარ ცოდვებს, გადაუხდელ ვალს უფლის წინაშე. ჩვენ კი ვინა ვართ, რომ თავმოყვარეობის გამო ვფარავთ საკუთარ ცოდვებს, თავს ვიმართლებთ, ბოროტებას ჩავდივართ, როცა ცალი ფეხით სამარეში ვდგავართ... გადახედე მთელ შენს ცხოვრებას, შეინანე ყოველი, რასაც შეიცნობ. ითხოვე ცრემლითა და მეტანიით, როგორც ითხოვს წმ. ეკლესია: „მომმადლე მე განცდა თვისთა ცოდვათა"... თუკი ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, ეს როდი ნიშნავს მის უცოდველობას - იგი არა მარტო ცოდვებშია, არამედ სულიერი სიბრმავითაა შეპყრობილი. თუკი მღვდელი, ან უბრალოდ, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი გვამხელს, თავის გამართლება კი არ გვმართებს, არამედ ვედრება უფლისადმი, დაგვანახოს ჩვენი ცოდვები, შეგვაძლებინოს სინანული სიცოცხლის აღსასრულამდე და შენდობა მოგვმადლოს ამ ცხოვრებაშივე.
●●●
მთელი კაცობრიობა მძიმე დაცემასა და უზნეობაში მყოფია. ადამიანს თვით არ ძალუძს გამოსწორება და გადარჩენა, რათა გახდეს ღირსი ცათა სასუფევლისა. იგი განიწმინდება ამ მიზნით განკაცებული უფალ იესო ქრისტეს შემწეობით, მაგრამ უფალი შეეწევა მხოლოდ იმათ, ვისაც სწამს ქრისტე და შეიცნობს საკუთარი სულის წახდენას, ანუ, როგორც ვამბობთ, ცოდვიანობას. ასეც ამბობს უფალი: „მოვედ არა წოდებად მართალთა (ე.ი.) იმათთვის, ვისაც მართალი, უცოდველი ჰგონია თავი, არამედ ცოდვილთა სინანულად", სწორედ იმათთის, ვინც დაინახა საკუთარი უღირსება, ცოდვიანობა, ვინც შეიცნო, რომ თავად არ ძალუძს გამოსწორება, ვინც სინანულით მიიქცევა შეწევნისათვის უფლისაკენ, ვინც ევედრება ღმერთს შეწყალებას, ცოდვის წყლულებისაგან დაწმენდას, სულიერი კეთრისაგან განკურნებას, ცათა სასუფევლის დამკვიდრებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მოწყალებაა და არა ჩვენი რომელიმე კეთილი საქმის გამო მოგვემადლება. ის, ვინც სწორად წარმართავს სულიერ ცხოვრებას, საკუთარ თავში აღმოაჩენს მრავალ ცოდვას, დაინახავს, რომ მთელი ასრებით ცოდვებშია დანთქმული, სულიერი კეთრითაა დაავადებული, მთელი გულით იგრძნობს, რომ ჭუჭყი და არაწმინდებაა, არაა ღირსი ღმერთის სახელის წოდებისაც და, როგორც მეზვერე, გულისტკივილით ხმობს: „ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას..." დიდი ხნით ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავის დროზე გამართლდება, როგორც მეზვერე. თუკი ადამიანი თავს უცოდველად თვლის, საკუთარ, ზოგჯერ მძიმე ცოდვებსაც კი, შემთხვევითობად მიიჩნევს, დაცემის მიზეზებს გარემოებაში, ადამიანებსა ან ეშმაკში პოულობს, საკუთარი თავი კი უმნიშვნელო დამნაშავე ჰგონია, იგი ხილულ თუ უხილავ ხიბლშია. ასეთი განწყობილებისაგან გვიხსნას ყოველნი უფალმა. სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის საჭიროა ჩვენი მოქმედება, სიტყვა, აზრი, მისწრაფება ქრისტეს მცნებებს შევუდაროთ. საკუთარი თავის გაუმართლებლად უნდა ვეცადოთ გამოსწორებას: არ განვიკითხოთ ადამიანები, სინანულით დავიმდაბლოთ თავი ღმერთისა და მოყვასის წინაშე. მაშინ უფალი თანდათანობით დაანახებს ადამიანს თავისი სულის დაცემასა და უზნეობას, გადაუხდელ ვალებს. ერთ მევალეს 500 დინარი ემართა, მეორეს 50, მაგრამ არაფერი ებადათ. საჭიროა, უფალმა ორივეს აპატიოს, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ისეთი მართალი, რომელიც მაცხოვრის მოწყალებას არ საჭიროებდეს. აი, სიბრძნე უფლისა! ცოდვების მხილველი ადამიანი უფრო მალე დამდაბლდება, ღმერთს შეუვდრება და გადარჩება, ვიდრე მოჩვენებითად მართალი. ამიტომ თქვა უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, რომ მეზვერენი და ცოდვილნი წარუძღვებინ სასუფეველში გარეგნულად მართალთ. ღმერთს უდიდესი განგებით, ცოდვები და ეშმაკები ხელს უწყობენ ადამიანის დამდაბლებას, ამის შედეგად კი - გადარჩენას. ამიტომაც არ ინება უფალმა აღმოფხვრა ღვარძლის, რომლის გარეშეც იოლად აღმოცენდებოდა სიამაყე, რომელიც საძაგელია უფლისათის, ხოლო დამღუპველი - ადამიანისათვის. რა შეიძლება დავასკვნათ? შეიცანით თქვენი უძლირება და ცოდვიანობა, ნუ განიკითხავთ, თავს ნუ გაიმართლებთ, დამდაბლდით და უფალი აღგამაღლებთ თავის დროზე. ღმერთო, გვილხინე ჩვენ, ცოდვილთ! შემინდეთ და ილოცეთ ჩემთვის.
●●●
ძვირფასო, შენ მთხოვნი შენდობას იმ ცოდვათა, რომელთა შესახებაც მწერდი წინა და ახლანდელ წერილში. პასუხად მოგწერე, რომ, როგორც აღსარებისას, „შეგინდე და განგხსენი" შენ მიერ აღიარებულ ცოდვათაგან. შეგიძლია, აღარ გაიმეორო ისინი აღსარებისას სხვა მღვდელთან. გადაჭარბებულ მწუხარებას სასოწარკვეთილებამდე მიყავხარ - ეს სიამაყის ნიშანია და არა სიმდაბლისა. დარდი და წუხილი იმის გამოა საჭირო, რომ ცოდვებით შეურაცხვყოფთ უფლს. ვითხოვოთ შენდობა და ვეცადოთ, არ გავიმეოროთ, თუკი ისევ ჩავვარდებით რაიმე ცოდვაში, დაუყოვნებლივ კვლავ უნდა ვითხოვოთ შენდობა და უფალი გვაპატიებს, რადგან მოვიდა არა მართალთა საცხოვნებლად, არამედ ცოდვილთა. იმ ცოდვილთა, რომლებიც ხედავენ საკუთარ ცოდვებს. როცა ადამიანი ცდილობს, აღარ გაიმეოროს ცოდვები, ამით ადასტურებს თავის გულწრფელობას და ღრმა სინანულს. რამდენჯერაც უნდა შესცოდო, სასოს ნუ წარიკვეთ, კვლავ სინანულით იბრძოლე. მაშინ თვით დაცემაც კი სასარგებლო აღმოჩნდება. თვითონვე უკვე ბევრს ხედავ. ებრძოლე თვით უმნიშვნელო ცოდვებსაც. რომელიც მცირედში ურწმუნოა, მას არც დიდს არ ანდობენ. ეშმაკიც ასე ჩაგვაგონებს: „ეს არაფერია, ეს წვრილმანია", უფრო მნიშვნელოვანზე კი - „სად შეგვიძლია ჩვენ ასეთ რამეს შევებრძოლოთ, ეს მხოლოდ დიდ მოღვაწეთ ძალუძთ". ხშირად იკითხე სახარება, განსაკუთრებით წმინდა მამანი. კითხვის გარეშე ძნელია გადარჩენა. უფლი შეგეწიოს ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |