მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > მკვდრეთით აღდგომილო იესო, აღადგინე სულნი ჩვენნი!
მკვდრეთით აღდგომილო იესო, აღადგინე სულნი ჩვენნი!7-05-2021, 00:00 |
უდაბნოს ერთ სენაკში წმიდა მოსაგრე, მადლმოსილი ბერი ცხოვრობდა. მისი კელიის გვერდით ჩავლისას მახლობელ სენაკებში მცხოვრებ სხვა განდეგილებს, განუწყვეტელი კვნესისა და ტირილის ხმა ესმოდათ. შეწუხებულმა ბერებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ და ენუგეშათ იგი. ერთ დღეს დაუკაკუნეს და როცა მეუდაბნოვემ კარი გააღო, ჰკითხეს, ასე მწარედ რად სტიროდა და გოდებდა. ბერმა უპასუხა: „მე დავტირი ძვირფას, ახლობელ მიცვალებულს. განდეგილები გაბრუნდნენ და დაიწყეს მსჯელობა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს მიცვალებული. მშობლები მას დიდი ხნის წინათ გარდაეცვალა, ძმებსა და ნათესავებს განერიდა, ვინღა იყო ესოდენ ახლობელი და ძვირფასი? ისევ მოვიდნენ ბერთან და სთხოვეს, გაემხილა მიცვალებულის ვინაობა. ბერმა მიუგო: „ის მიცვალებული ჩემი სულია - ჩემს მკვდარ სულს დავსტირი". ძმაო ჩემო, არამარტო სხეული, ხანდახან სულიც კვდება. ამასვე ამბობს სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც. როდესაც კვდება სხეული, მას ტოვებს სული, როდესაც კვდება სული, ადამიანს ტოვებს სულიწმინდის მადლი ჩვენი არსების ღვთიური ნაწილი. ამ დროს ჩვენი თვალები წყვეტენ ანგელოზთა ნათელი სახეების შინაგან ხედვას, ვეღარ შევიგრძნობთ ღვთიურ მადლს. უფლის გზით აღარ დავდივართ, აღარ ვშრომობთ ღვთის განსადიდებლად. ჩვენმა ეკლესიამ კარგად უწყის სულის სიკვდილის შესახებ, წმიდა დიდმარხვაში ის გალობს: „სულო ჩემო, სულო ჩემო, რასა გძინავს!" რაოდენ საშინელია ჩვენთვის ხრწნადი, მატლებდახვეული სხეული, რომლის დაფლვასაც ასე ვჩქარობთ. გვინდა, სწრაფად დავფაროთ ეს უმსგავსოება მიწით. ანგელოზებისა და ასევე ჩვენი მფარველი ანგელოზისათვისაც ასეთივე საზიზღარია ჩვენი მკვდარი სული, რომელიც დაფარულია მატლების - ვნებებით. ძველი დროის აღმოსავლელ დესპოტებს, განსაკუთრებით სპარსეთში, სიკვდილით დასჯის ორი საზარელი ფორმა ჰქონდათ. ერთი მათგანი ასეთი იყო: სიკვდილმისჯილს მიაბამდნენ ხრწნადაწყებულ გვამს ისე, რომ ცხედრის ხელები მჭიდროდ ეხვეოდნენ დამნაშავის ყელს. მის თვალებში განუწყვეტლივ იცქირებოდნენ მკვდრის ჩამქრალი თვალები. იგი მუდმივად ისუნთქავდა ხრწნადი სხეულის სიმყრალეს, დადიოდა და მხრებით დაჰქონდა საზარელი ტვირთი, ძილშიც გრძნობდა ამ საზარელ ხვევნას. მეორე სასჯელის აღსრულებისას მსჯავრდებულს აშიშვლებდნენ, ფიცარზე მჭიდროდ მიაბამდნენ, მუცელზე თაგვს დაასვამდნენ, რომელსაც თიხის ქოთანს დაახურავდნენ. ქოთანს დააკრავდნენ გავარვარებულ რკინას, ქოთანი ცხელდებოდა, წყურვილით შეწუხებული თაგვი გამოსასვლელს ვერ პოულობდა, ღრღნიდა სიკვდილმისჯილის მუცელს, ძვრებოდა შიგნით და აუტანელ ტკივილს აყენებდა მას. ძმანო ჩემნო, ჩვენმა საუკუნემ - კულტურისა და ცივილიზაციის უდიდესი აღმოჩენების საუკუნემ, ორივე სასჯელი შემოინახა. ბევრი ჩვენგანი ატარებს მხრებით საზარელ გვამს - უღმრთოობას. იგია საშინელი ქვეწარმავალი, რომელიც ღრღნის ჩვენს შიგნეულობას. ამ საშინელი ტვირთის ტარება ადამიანებს სასტიკმა ჯალათმა - ეშმაკმა მიუსაჯა. ო, რაოდენ ამაზრზენი, რა აუტანელი და შემაძრწუნებელია ეს წამება! ძმანო ჩემნო, თუკი სასაფლაოზე ყოფნისას საფლავებიდან წამოდგებიან მიცვალებულები, შემოგვეხვევიან და იტრიალებენ თქვენს ირგვლივ ფერმიხდილ აჩრდილებად, განა არ შეიძვრება თქვენი გული? განა არ მოგინდებათ გაქცევა ამ სანახაობისგან? ჩვენ კი ხშირად დავდივართ ცოცხალ მკვდრებს შორის. განა ურწმუნონი მკვდრები არ არიან? მაგრამ ჩვენ საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ, იქნებ ისიც მკვდარია? ხომ არ მოგვესადაგება ჩვენც აპოკალიფსის იოანე ღვთისმეტყველისეული სიტყვები: „რამეთუ იტყვი: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშველ!" ჩვენც გვეჩვენება, რომ ცოცხლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი სული მკვდარია ცოდვებისგან, რადგან ცოდვები მოაკვდინებენ ჩვენს ღვთიურ სულს. აი, რატომ გვმართებს ყველას ვედრება: მკვდრეთით აღდგომილო იესო, აღადგინე სულნი ჩვენნი!
არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ზვეზდინსკი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |