მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები (ნაწილი I)

საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები (ნაწილი I)


2-02-2016, 20:13

საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები (ნაწილი I)

 

   ზემოხსენებული სულიერი ცდომილებების შესახებ გვინდა მოვიყ-ვანოთ საეკლესიო მოღვაწეთა რჩევები.

   ამდაგვარად მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის აწ განსვენე-ბული პატრიარქი, ალექსი II ამბობდა:

   „ყველა ქრისტიანი მოწოდებულია სულიერი თავისუფლებისათვის. ეს უნდა დავაფასოთ და შეგვეძლოს იმ სულიერი თავისუფლების გამოყენება, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოგვმადლა. „მაშ მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათა-ვისუფლა, და კვლავ ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს... თავისუ-ფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი" (გალ. 5. 1, 13).

   შემდეგ, თვითგამოცხადებულ სულიერ ავტორიტეტებთან და „წმი-ნდანებთან" დაკავშირებით, პატრიარქი განაგრძობს:

   „ისინი იქცევიან, როგორც მინი-პაპები, მინი-კეისრები, და უხეშად, ნაძალადევად მოითხოვენ უსიტყვო მორჩილებას თავიანთი, ხშირად უგუნური, ნებისადმი, საკუთარი ეგოიზმისადმი. ასე რომ, პირველთა ძალაუფლებისმოყვარეობა ბადებს სხვათა მონურ დაქვემდებარებას და პირიქით - ლაქუცი და ფარისევლობა ერთის მხრივ, ავითარებს ბღენძიანობასა და ცრუდიდებულებას სხვებში" (პატრიარქის მოხ-სენება ყოველწლიურ ეპარქიალურ კრებაზე. 25 მარტი, 2003 წ.).

   ასე რომ, როგორც რუსები იტყვიან, ყოველ ჯოხს ორი ბოლო აქვს, ე.ი. ცრუმორჩილება და ლიქნი ერთის მხრივ, იწვევს ცუდმედიდობას მეორე მხრივ.

   რატომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას?.. თუ ასეთი, შედარებით მცირე მასშტაბის სულიერად მოხიბლულ მოღვაწეებს ჰყავთ მიმდე-ვრები თვით ეკლესიის შიგნითაც, მაშინ რაღა მოხდება, როდესაც გამოჩნდება თვით ძე წარწყმედისა, მამათა სწავლებით, შეუდარებელი გენია ადამიანთა შორის, რომელიც სატანის უშუალო თანადგომით, უამრავ სასწაულს მოახდენს? „წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად, ისე რომ ღვთის ტაძარშიც დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს" (2 თეს. 2. 4).

   ქრისტიანობის გარიჟრაჟზეც ხომ სიფრთხილისაკენ მოგვიწოდებდა უფლის უსაყვარლესი მოწაფე, იოანე მახარებელი:

   „ყრმანო, უკანასკნელი ჟამია! და როგორც გსმენიათ, რომ ანტიქრი-სტე მოვა. აწ უკვე მოვიდა ანტიქრისტე, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

   ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, რადგან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა გაცხადდეს, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 იოანე, 2. 18, 19).

   ღირსი ანტონი დიდი სულთა განკითხვას, ანუ კეთილისა და ბორ-ოტის გარჩევის უნარს, უმაღლეს სულიერ სათნოებად თვლიდა.

   როგორ განვასხვავოთ უფლის ჭეშმარიტი მოღვაწე თვითმარქვიას-აგან?

   „ერთხელ მამა ამბროსი ოპიტნელს ჰკითხეს:

  - მამაო, ხანდახან ისეც ხდება, რომ შეხვდები ადამიანს, რომელიც სწორად ლაპარაკობს წარსულზე, წინასწარმეტყველებს მომავალზე და ის სრულდება, თუმცა კი ამ ადამიანის წმინდანად მიღება რთულია, თუ მისი ცხოვრების სხვადასხვა მხარეებით ვიმსჯელებთ. ბერმა ასეთი განმარტება მოგვცა: - ვერწმუნოთ ყველა სალოსსა და მოსუ-ლელო ნეტარს, არ ეგების, თუნდაც მათი სიტყვები სრულდებოდეს, რადგანაც არა ყოველი წინასწარმეტყველება მომდინარეობს ღმერთი-საგან... განმასხვავებელი თვისება მაცდურის წინასწარმეტყველებისა არის ის, რომ ყოველთვის ავისმომასწავებელია, ბნელია, უგუნური, ყოველთვის გვაუწყებენ მხოლოდ უბედურებას და სულშიც ყოველ-თვის მხოლოდ ფორიაქი შემოაქვთ. თუკი ვინმე ღვთის მონათაგანი წინასწარმეტყველებს სულიწმიდის შთაგონებით, თუნდაც ხანდახან ისინი მწუხარებებზე მოასწავებდნენ, მაინც მათ თან ახლავს სულის მშვიდი, მონანული და მდაბალი განწყობა.

   იღუმენი ნიკონი:

 „წმინდანები სიკვდილამდე ინანიებდნენ, რამდენადაც საკუთარ თავს ღვთის სიახლოვეს უღირსად თვლიდნენ და შესაბამისად - უაღრესად ღვთის სასუფეველისა. საწინააღმდეგოდ ამისა, რამდენადაც ცოდ-ვილია ადამიანი, იმდენად ნაკლებად ხედავს იგი საკუთარ თავში ცოდვებს და ამდენადვე უფრო მეტად და ბოროტად განიკითხავს იგი სხვებს. სწორი სულიერი წყობის ჭეშმარიტ, უტყუარ ნიშნად ითვლება სიღრმისეული გააზრება საკუთარი წახდენისა და ცოდვიანობისა, აღქმა ღვთის წყალობის უღირსებისა და სხვათა არგანკითხვა. თუ ადამიანი, არა მხოლოდ ენით, არამედ მთელი გულით არ თვლის საკუთარ თავს უხმარ ცოდვილად, იგი არასწორ გზაზეა. იგი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საშინელ სიბრმავეში იმყოფება. იგი სულიერ ხიბლშია, როგორადაც არ უნდა განადიდებდნენ მას ადამიანები, ვითარცა ამაღლებულსა და წმინდანს, თუნდაც ის მჭვრეტელი იყოს და სასწაულებს აღასრულებდეს".

   იღუმენი ნიკონი, წერილი 23.

  

●●●

 

   ღრმა სულიერ და ფსიქიკურ დაკვირვებას გვთავაზობს ეპისკოპოსი არსენი ჟადანოვსკი (დახვრიტეს 1937 წლის 27 სექტემბერს). იგი თავის სულიერ დღიურებში (Духовный дневник) წერდა:

   „დღეისათვის მეწვია ერთი ადამიანი, რომელიც მიღებულია პეტე-რბურგის მაღალ წრეებში და რომელზედაც ლაპარაკობენ, როგორც წმინდა ადამიანზე. ბევრი უწევს ასეთ ხალხს რეკომენდაციას ჩვენთან, როგორც წმინდანებს, ხოლო ზოგიერთები თავად წარმოგვიდგებიან ასეთებად. მათთან ურთიერთობას არ უნდა მივუდგეთ განურჩევლად. მათ შეუძლიათ მოგვაქციონ საკუთარი გავლენის ქვეშ, შეუძლიათ იმოქმედონ ჩვენს ნერვულ სისტემაზე და ა.შ. ამიტომაც საინტერესოა, თუნდაც მიახლოვებით ვიცოდეთ ნიშნები ჭეშმარიტი და ცრუ წმინდანებისა;

   1. პირველთ აქვთ მეტნაკლებად მუდმივი, თანაბარი, მაღალი სულ-იერი განწყობა; ასეთებზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი თითქოს ყოველთვის ღმერთში არიან, და თუ ისინი ლოცულობენ, ლოცულობენ მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად. მეორეთათვის უმეტესად დამახასიათებელია ნერვოზულობა, სიჩქარე, დროდადრო ხელოვნური რელიგიური ეკზალტაცია.1

   2. აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელთ აქვთ გაუფრთხილებელი, უკრძალველი, ფეთქებადი დამოკიდებულება სიწმინდესთან, პირ-ჯვრის გადაწერასთან, საკვების მიღების წინა და მის შემდგომ ლოცვასთან. ჭეშმარიტად წმინდა ადამიანებში ასეთი რამ არ გამოვლინდება.

   3. ცრუ წმინდანები გვიცხადებენ საკუთარ თავს და თითქოს ეძიებენ ამა სოფელს. პირველებს კი თავი ისე უკავიათ, რომ თითქოს იმალებიან ამა სოფლისაგან და სოფელი კი მათ ეძიებს და არავის შეუძლია უსაყვედუროს მათ, როგორც პოპულარულობისა და გამოჩენის მაძიებლებს.

   4. კარგად წარმოჩინდებიან წმინდანები მათი აღმსარებლობით, ეკლ-ესიასთან დამოკიდებულებით. მაგალითად, ჭეშმარიტი წმინდანების დამახასიათებელი ნიშანია მათი სრული ერთგულება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, მუდმივად საეკლესიო სწავლე-ბებითა და წეს-განგებულებებით დარწყულება, ისე რომ ამ მიმა-რთულებით ისინი წარმოგვიდგებიან, როგორც უერთგულესი და ამავე დროს ძალზედ ფაქიზი ძეები ეკლესიისა. ეკლესიის რაიმე ხარვეზზე ისინი არ საუბრობენ და ეს გასაგებია რატომაც. ჭეშმარიტად ნეტარნი ცხოვრობენ ეკლესიის დადებითი მხარით; ამით ნუგეშობენ, ამით საზრდოობენ და ეს დადებითი მხარე ისე ავსებს მათ შინაგან არსებას, რომ აღარ რჩებათ არც დრო, არც სურვილი უარყოფით მხარეებთან შეხებისათვის.

   5. ცრუ წმინდანები, რამდენადაც ეკზალტირებულნი არიან, ურტყა-ვენ ჩვენს ნერვებს და მიმნდობებს თითქოს აგიპნოზებენ კიდეც, ისე, რომ უკანასკნელთ ეწყებათ მათდამი ავადმყოფური ლტოლვა. ცრუ წმინდანები ისე მიგიჯაჭვებენ, რომ გაუაზრებლად იწყებ მათ დაცვას, თითქოს უკვე გეშინია კიდეც, რომ მათ არ უღალატო, თუმცა კი არც სულიერ სიჯანსაღეს გაძლევენ და არც სიმშვიდეს; ჭეშმარიტად ნეტარნი კი, მათთან ურთიერთობაში, აღავსებენ ჩვენს გულს მადლის მშვიდი მობერვით და ჩვენი სურვილი მათი ნახვისა არის არა ავადმყოფური, არამედ სასიამოვნოდ დამამშვიდებელი".

   მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა, ნუთუ ეკლესიაც არ არის დაცული მსგავსი საცდურებისაგან? უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ეკლესიაა ბოროტისათვის განსაკუთრებული ბრძოლის ველი, რადგანაც იგი და მხოლოდ იგია კარიბჭე ცხონებისა, „სვეტი და სიმტკიცე ჭეშ-მარიტებისა". სატანა ხომ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილების დამარცხებასა და დაცემას თვლის თავის ნამდვილ წარმატებად. (გაგრძელება...)

 

 

 

1ეკზალტაცია - მომატებული აღგზნებადობის მდგომარეობა, ავად-მყოფური გამოცოცხლება.

 

 

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

 წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 


უკან დაბრუნება