მთავარი > ნაყროვანება, მთავარი გვედის ფოტო > ნაყროვანება სიძვის დედაა - ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი)

ნაყროვანება სიძვის დედაა - ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი)


29-03-2021, 08:40

 

   "ყოველგვარი ბოროტების საწყისია მუცლის პატივი და სხეულის ძილით მოდუნება" - ამბობს წმ. ისააკ ასური. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი განმარტავს: "ნაყროვანება სიძვის დედაა... უსჯულოების მთხრებლში ჩავარდნილებმა, რომელთა შესახებ არ მსურს ვისაუბრო, იციან, რაც ვთქვი" და ვინც რა ზომით მოემსახურება მუცელს, იმ ზომითვე მოიკლებს შესაძლებლობას, იგემოს სულიერი მადლი". ამიტომაც ამბობს წმ. ბასილი დიდი: "მინახავს, რომ განიკურნენ მრავალნი, ვნებებით შეპყრობილნი, მაგრამ მათ შორის ვერ ვნახე ვერც ერთი, რომელსაც სხვათაგან დაფარულად ჭამა სჩვეოდა, ან ნაყროვანი იყო".

   ღორმუცელობა საზიზღარია. ერთის მხრივ გარეგნული სახით: გამუდმებული ზრუნვითა და ფუსფუსით, თითქმის ყოველთვის საკუთარი სინდისისა და ახლობლების ზედმეტი შრომით დამძიმებით. მეორე მხრივ, რამდენადაც ღორმუცელობა ნაკლები ხარისხით გამოვლენილი სიძვის მსგავსია, აკნინებს ადამიანს, ახშობს გონებას ხორცსა და ბალღამში და ამით ცხოველს უთანასწორებს, ბუნებრივია, იგი შინაარსითაც საზიზღარია.

   "კულტურული" ადამიანების მოუხერხებლობა საკვების მიღებისას, (რასაც პირველ რიგში ასწავლის ღვთის შიში, რომელიც მათ არა აქვთ), გამოვლენილი ყველაზე ანტიმხატვრულ ფორმაშიც კი მეტყველებს კიდევ მეტად ანტიმხატვრულ, ანუ მანკიერ - ცოდვილ შინაგან არსზე. ეს შეუძლებელია თვითონაც არ შენიშნონ და ამიტომაც ერცხვინებათ თავიანთი ჭამის.

   დამთმენი სულით მტკიცეა, ძლიერია თავის უსუსურ სხეულზე, არ არის მოდუნებული და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვას, არ ავნებს (მარკ. 16.18).

   "წმიდა ტრაპეზის უბრალო პური - ამბობს წმ. ისააკ ასური - განწმენდს სულს ყოველგვარი ვნებისაგან. მუდმივად მლოცველის ტრაპეზი ყოველგვარი მუშკის სურნელსა და ყველა ამქვეყნიურ კეთილ სურნელებაზე საამურია. ღვთისმოყვარე მისით ისე ნეტარებს, როგორც აუწონელი სიმდიდრით".

 

  

მაგრამ რა არის თვით ნაყროვანება?

  

   რას ნიშნავს მიიღო საკვები ახირებულად, პირის პატივისათვის, და რას - ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის? ზოგიერთს თავისი ბუნება ტკბილს სთხოვს, მეორეს - მარილიანს, მესამეს - მჟავეს და ეს არც ახირებაა, არც ვნება და არც ნაყროვანება, მაგრამ განსაკუთრებით გიყვარდეს რომელიმე კერძი და გული გითქვამდეს მისთვის - ეს ახირებაა, რომელიც ნაყროვანებას ემსახურება.

   აი, როგორ უნდა მიხვდე, რომ ნაყროვანების ვნებით ხარ შეპყრობილი - თუ იგი შენს გულისთქმებს იპყრობს, ხოლო თუ შენ ყოველთვის ეწინააღმდეგები მას და კეთილგონიერად იკვებები, სხეულის მოთხოვნილების მიხედვით, ეს ნაყროვანება არაა.

   უფრო გასაგები რომ იყოს, თუ რაში მდგომარეობს ეს ვნება, გაჩვენებთ, როგორი ფორმებით ებრძვის იგი ადამიანს: (წმ. გრიგორი დიდის მიხედვით)

   1. ზოგჯერ, გვიჩნდება სურვილი, საჭიროების გარეშე ვჭამოთ დადგენილ დროზე ადრე.

   2. ზოგჯერ, არა უდროოდ, მაგრამ, გვსურს უფრო გემრიელი და ძვირფასი.

   3. ზოგჯერ, სულერთია, რა სახისაა საკვები, მაგრამ უკეთ უნდა იყოს შემზადებული.

   4. ზოგჯერ ვცოდავთ ზედმეტი საკვების მიღებით, რადგან ვაჭარბებთ მოთხოვნილების ზომას და ეს ყველაზე ხშირია.

   5. ზოგი ხარბად ჭამს ყოველნაირ უხეშ საკვებს, ძალზე სწრაფად ან ხშირად.

 

  

ისტორია და მეცნიერება მკაცრად კიცხავს ნაყროვანების ყველა სახეს

  

   წმინდათა ცხოვრება გადმოგვცემს ამბებს, რომლებიც შეაძრწუნებენ ღვთისმოშიშ სულებს.

   ცნობილია, რომ იმპერატორ მაქსიმიანეს შეეძლო დღეში ხუთნახევარი სათლი ღვინო დაელია და 1 ფუთი ხორცი შეეჭამა. აღარაფერია გასაკვირი იმაში, რომ მუშტის ერთი დარტყმით ცხენს ფეხს უმტვრევდა და თითების მოჭერით ქვებს ფხვნილად აქცევდა.

  და აი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტიანობის ამ ცნობილი მდევნელის სამხილებელ სიტყვაში ამბობს, რომ იგი ივნო "საშინელი სასჯელით, საძაგელი ხორციელი წყლულებით, (როგორც ცნობილია, იგი სასქესო ორგანოების მყრალი იარებით გარდაიცვალა - ეპ. ბარნაბა) რომელთა ნიშნები ჩანს მის ქანდაკებებზე, როგორც სამარცხვინო ბოძებზე, და დღემდე უდგათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კარგი რამ კია ის კულტურა და საზოგადოება, ასეთ ქანდაკებებს რომ დაუშვებს!

   ყოველგვარი ვნება დემონურია. ზოგჯერ, ცოდვათა გამო დასასჯელად, იგი ნამდვილ წამებად ექცევა ადამიანს მასში ჩასახლებული ეშმაკის გამო.

   "ლავსაიკონში" აღწერილია, თუ როგორ მოიყვანეს ღირს მაკარი დიდთან (ეგვიპტელთან) ეშმაკეული ახალგაზრდა. "მასში დამკვიდრებულ დემონს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ჯერზე სამმაგ პურსა და სათლ წყალს სვამდა, შემდეგ ამოანთხევდა და ორთქლად აქცევდა". საჭმელ-სასმელს როგორც ცეცხლი, ისე ანადგურებდა.

   წმ. მაკარიმ მხურვალედ ილოცა ღმრთისადმი და დემონმა შეწყვიტა მისი ტანჯვა. მაშინ წმინდანმა ყმაწვილის დედას ჰკითხა: "რამდენი გსურს, რომ ჭამოს შენმა შვილმა?" მან უპასუხა: "გევედრები, ნება დართე, რომ ჭამოს 4,5 კგ პური". წმინდანმა მკაცრად უსაყვედურა იმისათვის, რომ ბევრი ითხოვა, შვიდ დღეს ილოცა და იმარხულა ახალგაზრდისათვის, განაგდო მისგან ნაყროვანების ფიცხელი ეშმაკი და კვების ნორმად 1,3 კგ პური დაუდგინა შრომის პირობებში".

   "ამრიგად, ვისაც ცოდვებისაგან განწმენდა სურს - აბბა დოროთეს სიტყვებით ვეტყვი - ის მოერიდოს და გაექცეს ნაყროვანების ყველა სახეს, რამეთუ მისით არა სხეულის მოთხოვნილება, არამედ ვნება კმაყოფილდება და ვინც მას დაემორჩილება, ცოდვად გადაექცევა. როგორც სჯულიერ ქორწინებასა და სიძვაში ქმედება ერთი და იგივეა, მაგრამ მიზანია სხვადასხვა, რადგან ერთნი ერთდებიან შვილთა შობისათვის, მეორენი ავხორცობის დასაკმაყოფილებლად, იგივე შეიძლება ითქვას კვებასთან დაკავშირებით. ჭამო მოთხოვნილე-ბისათვის და ჭამო გემოთმოყვარებისათვის - ქმედება ერთი და იგივეა, ცოდვა კი განზრახვაში მდგომარეობს." მაგრამ საქმე მხოლოდ ნაყროვანების მითითებულ სახეებში რომ იყოს, ცხონება-გადარჩენა ადვილი იქნებოდა - შემოიღებდი განსაზღვრულ დროს, შეარჩევდი გარკვეულ საკვებს, უბრალოსა და უვნებელს, დაადგენდი მის ნორმასაც და მშვიდად იქნებოდი. საქმე ისაა, რომ თუ ადამიანი ქრისტეს გულისათვის თავს ასეთ წესს დაუდგენს (და არა ჯანმრთელობის დაცვის გამო) დემონები არაფრის გულისათვის არ მისცემენ ნებას იგი მაშინვე შეასრულოს. საჭიროა, მრავალი ცრემლის ღვრა, უფლისადმი ვედრება, ღვაწლი, სიფხიზლე, თითოეული გულისთქმის კონტროლი, ვიდრე მაგიდას მიუჯდები - მხოლოდ მაშინ იქნები მზად ამ ვნებაზე გასამარჯვებლად.

 

  

რამდენი ადამიანია ამქვეყნად, რომელიც არც ეჭვობს, რომ ნაყროვანების ვნებითაა შეპყრობილი!

  

  თუმცა, წმ. ისააკ ასური, თვით უდიდესი მოღვაწე, მმარხველი და დამთმენი, ყოველმხრივ სიფრთხილეს გვირჩევს: „გაფრთხილდი, რომ შენი სხეული ძალზე არ დაუძლურდეს, მით შენს წინააღმდეგ დაუდევრობა არ გაძლიერდეს და არ გაანელოს შენს სულში ქმედების განცდა. ყველას თავისი ცხოვრების თითქოსდა სასწორზე აწონვა მართებს" ამასვე ამბობს ღირსი სერაფიმე საროველიც: "თუ თვითნებურად დავაუძლურებთ ჩვენს სხეულს, იმდენად, რომ სულიც დაუძლურდეს, ამგვარი შევიწროება უგუნურება იქნება, თუნდაც იგი სათნოების მოსაპოვებლად გაკეთდეს თუ უფალი ინებებს, რომ ადამიანი ავადმყოფობით გამოსცადოს, მაშინ თვითონვე მისცემს დათმენის ძალას. მაშ, დაე, ავადმყოფობა ჩვენგან კი არა, ღვთისგან იყოს!"

   რა თქმა უნდა, შორსა ვართ იქედან, რომ პირველივე ხორციელი დაღლილობისას გავტეხოთ წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვა, გვეშინოდეს უარი ვთქვათ ყოველ ზედმეტ ლუკმაზე, რათა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა, არ შევიძინოთ სისხლნაკლულობა და სხვა. უამრავი დემონური მზაკვრობით გარემოცული ადამიანი, რომელსაც საკუთარი სხეულიც კი ღალატობს, ძლიერად უნდა შეიარაღდეს უხილავი მტრების წინააღმდეგ და თავი იმ საშუალებებით უნდა დაიცვას, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ მისი დაცვა.

   წმ. მამები ამისათვის შემდეგ წესებს გვთავაზობენ:

  1. უწინარეს ყოვლისა, როცა ბრძოლის დაწყების სურვილი გვაქვს, ჭამისათვის განსაზღვრული დრო უნდა დავადგინოთ და თავს ნება არ მივცეთ საპატიო მიზეზის გარეშე მივიღოთ საკვები დროზე ადრე ან მივიღოთ ნორმაზე მეტი.

   2. ღვაწლისა თუ ავადმყოფობის გამო დაუძლურებული სხეული საჭიროა, ზომიერი ძილით გაძლიერდეს, თანაც აუცილებელი არაა დროს მივადევნოთ თვალი. იესო ქრისტემ იაიროსის ქალიშვილის აღდგენისთანავე ბრძანა მისთვის საჭმელი მიეცათ (ლუკ. 8.55).

  3. თუ ჯანმრთელობა (და არა ჩვენი ეჭვიანობა) საკვების იმაზე ხშირ მიღებას მოითხოვს, ვიდრე ეს საეკლესიო წესდებითაა დადგენილი, (ორჯერ დღეში) მაშინ შევურიგდეთ და შევიწყნაროთ იგი. "მიეცი სხეულს იმდენი, რამდენსაც საჭიროებს და არა გევნება რა, თუნდაც დღეში სამჯერ იკვებო. თუ ადამიანი დღეში ერთხელ შეჭამს, მაგრამ უზომოდ, რაღა სარგებელი მიეცემა?!"

   4. შეიძლება ადამიანმა ჭამის დრო სტუმართმოყვარეობის გამო შეცვალოს.

  ღირსი იოანე კასიანე გადმოგვცემს, რომ იმდროინდელ ეგვიპტეში წმ. მამები სტუმრების მიღებისას მარხვას არღვევდნენ, ძმებთან ერთად მისული ღირსი მამის შეკითხვაზე, რატომ არიან ასე გულგრილნი ყოველდღიური მარხვის მიმართ, (არ უნდა აგვერიოს ჩვენს ეკლესიურ მარხვებში!) ერთმა მათგანმა მიუგო: „მარხვა მუდამ ჩემთანაა, თქვენ კი არ შემიძლია მუდამ ჩემთან დაგაყოვნოთ. ამასთან, თუმცა, მარხვა სასარგებლო და აუცილებელია, რამეთუ მისით შეიძლება მოიპოვო მადლი, სიყვარული აღთქმათა აუცილებელი მოთხოვნაა, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. ამიტომ, რადგან თქვენი სახით ქრისტე მივიღე, მე უნდა დავაპურო იგი. რაჟამს განგიტევებთ, მისთვის ჩადენილი მოწყალება შემიძლია მკაცრი მარხვით დავაჯილდოვო, რადგან არ შეუძლიათ მექორწილეებს მაშინ იგლოვონ, როცა სიძე მათთანაა" (ლუკ. 5, 34-35).

   5. თვალყური ვადევნოთ საკვების სხვადასხვაგვარობას: უპირველესად, ცხიმიანი საკვები მოვიკვეთოთ, შემდეგ აღმგზნები, ბოლოს მაამებელი. თუ შესაძლებელია, კუჭს მიაწოდე საკმარისი და ადვილად მოსანელებელი საკვები, რათა დანაყრებით დავიცვათ თავი დაუკმაყოფილებლობით წარმოშობილი სიხარბისაგან, ხოლო სწრაფი მონელებით - განხურვებისაგან. თუ დავუკვიდრებით, შევამჩნევთ, რომ ბევრი საკვები ავხორცულ გულისთქმასაც აღაგზნებს.

  6. განსაკუთრებით დიდი ცოდვაა მარხვისას სხვათაგან გამორჩევა. რაც მოგართვეს, ის მიირთვი. უძველესი დროის მამები ამბობდნენ, რომ "ვინც განსხვავებულ საკვებს მიირთმევს, ის ამპარტავნებითა და სიამაყითაა შეპყრობილი", რადგან თავისი მარხვისა და დათმენის ნიჭის თითქოსდა საქვეყნო გამოფენას აწყობს, სათნოება კი მოითხოვს, რამდენადაც შესაძლებელია, იგი კაცთაგან დაფარული იყოს (მათე. 6. 16-17).

   7. ბოლოს, საჭიროა გონივრული კვება, რათა ვნებათა აღძვრას გაექცე. თუ ეს უკანასკნელი თვით ჭამის მომენტში გებრძვის, არაა საჭირო, ჭამა მაშინვე შეწყვიტო, (წმ. ბარსანოფი დიდი) მაგრამ საჭიროა, უპირველესად, თვით ავხორც გულისთქმას შეებრძოლო, გაიხსენო მარადიული ცეცხლი, სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, ძმარი და ნაღველი, რომელიც ჩვენმა მეუფემ ნებსით იგემა ჩვენთვის, ცოდვილთათვის, მათ შორის იმისათვისაც, რომ ვნებათაგან დავეხსენით. იფიქრე იმ სიმყრალეზეც, რადაც საკვები გადაიქცევა.

   „როცა ვნება ისე გერევა, რომ არ ძალგიძს წესისამებრ ჭამო, მაშინ მიატოვე იგი, ხოლო იმისათვის, რომ თანამესუფრეებმა არ შეგნიშნონ, მცირედი იგემე. შიმშილობისას პური ან ისეთი საკვები მიიღე, რომლის მიმართაც ბრძოლა არა გაქვს!"

   8. მაგრამ თუ დაეცემი, „ზედმეტი საკვების მიღებით ან მსგავსი ადამიანური სისუსტის გამო, ნუ შეძრწუნდები, შეცდომას შეცდომა არ მიუმატო, ვაჟკაცურად წააქეზე თავი გამოსწორებისაკენ, ამასთან ეცადე, სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნო", მოციქულის სიტყვისამებრ: "ნეტარია ის, ვინც თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს" (რომ. 14. 22).

   ხოლო ის, თუ როგორ ებრძოდნენ წმინდანები ნაყროვანების ვნებას, ვიდრე გაიმარჯვებდნენ მასზე, ეს ღვაწლი ჩვენი სუსტი საუკუნის აზროვნებისათვის მიუწვდომელია. საკმარისია ითქვას, რიმ ისინი სიკვდილამდე იღვწოდნენ და მტერს ერთ მტკაველსაც არ უთმობდნენ, ამიტომაც მათ ბრძოლას ხშირად ახლდა სასწაულებრივი ნიშნები.

   ეს უბრალო გონებრივი ბრძოლა კი არა, უდიდესი ომი იყო, რომლის შესახებაც მხოლოდ წმინდანთა ცხოვრებაში შეგიძლია წაიკითხო და გაიგო. ხოლო წაიკითხო იგი თუნდაც იმისათვის, რომ გულის სიღრმიდან ამოიოხრო, თავი გაკიცხო, როგორც უმაქნისი და მისით სიმდაბლე შეიძინო - ფრიად სასარგებლოა!

 

ეპ. ბარნაბა (ბელიაევი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება