მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ყურადღების წესი ერში მცხოვრებთათვის - წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ყურადღების წესი ერში მცხოვრებთათვის - წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)2-06-2024, 09:05 |
ყურადღება ყველა უფლისმიერი ვარჯიშის სულია. ყველა ეს ვარჯიში ყურადღების გარეშე უნაყოფოა, მკვდარია. ცხონების მსურველი ისე უნდა განეწყოს, რომ მან შეძლოს ყურადღების შენარჩუნება, არა მხოლოდ განმარტოებისას, არამედ თვით დაბნეულობის დროსაც კი, რომელშიც დროდადრო გარემოებების გამო ვარდება საკუთარი ნების წინააღმდეგ. ღვთის შიშმა, დაე, ყველა შეგრძნება გადაწონოს გულის სასწორზე, მაშინ ყურადღების შენარჩუნება ადვილი იქნება კელიურ მდგომარეობაშიც და ყოველი მხრიდან ხმაურით გარეშემორტყმულ გარემოშიც. საკვებში კეთილგონიერი ზომიერება, რომელიც სისხლში მხურვა-ლებას ამცირებს, ძალიან უწყობს ხელს საკუთარი თავისადმი ყურადღებას; ხოლო სისხლის განხურვება, რომელიც გამოწვეულია საკვების ჭარბი მოხმარებით, სხეულის მომეტებული მოძრაობის, მრისხანებისაგან ანთებით, მედიდურობისაგან თრობითა და სხვა მიზეზებით, ბადებს უამრავ გულისთქმასა და ოცნებას, სხვაგვარად გაფანტულობას. წმიდა მამები საკუთარი თავისადმი ყურადღების მსურველს პირველ რიგში საკვებისაგან ზომიერ, თანაბარ და მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ. გაღვიძებულმა, ღვთისაკენ მიმართე გულისთქმები, მსხვერპლად მი-უტანე ღმერთს გონების ფიქრის საწყისები, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია ამაო შთაბეჭდილებები - ნიშნად ყოველი ადამიანისათვის მოსალოდნელი სიკვდილისაგან გამოღვიძებისა. წყნარად, ძალიან ფრთხილად, ძილისაგან აღმდგარი სხეულისათვის ყველაფერი საჭიროს აღსრულების შემდეგ, წაიკითხე ჩვეულებრივი ლოცვის კანონი, არა იმდენად ლოცვის რაოდენობაზე ზრუნვით, რამდენადაც მის ხარისხზე, ესე იგი მასზე, რომ იგი შესრულებულ იქნას ყურადღებით და რომ ყურადღების მიზეზით განათლდეს და აღსრულების შემდეგ, კვლავ მთელი ძალით იზრუნე ყურად-ღების შენარჩუნებისათვის და ისე წაიკითხე ახალი აღთქმა, უპირატესად კი სახარება. კითხვისას გულდასმით დაიხსომე ქრისტეს ყოველი ანდერძი და მცნება, რათა შესაძლებელი იყოს შენი საქმიანობის - ხილულისა და უხილავის, მათი მიხედვით წარმართვა. საკითხავის რაოდენობა ადამიანის ძალებითა თუ გარემოებით განისაზღვრება. გონება არ უნდა გადავტვირთოთ ლოცვისა და წმიდა წერილის ზედმეტი კითხვით, ასევე არ უნდა დაუტეოთ ლოცვითა და კითხვით უზომო ვარჯისისათვის ჩვენი მოვალეობები. ისე როგორც საკვების ზედმეტი მოხმარება კუჭს აავადებს და აუძლურებს გონებას, მასში წარმოშობს ღვთის სათნო ვარჯიშის სიძულვილსა და ნაღველს ჰგვრის მას. ახალდამწყებთათვის წმიდა მამები გვთავაზობენ ხშირ მაგრამ ხანმოკლე ლოცვებს. როდესაც გონება სულიერი ასაკით გაიზრდება, განმტკიცდება და მოიწაფება, მაშინ მას ხელეწიფება განუწყვეტელი ლოცვა. ქრისტიანებს, სრულ უფლისმიერ ასაკს მიღწეულთ, მიესადაგებათ წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: მნებავს უკუე ლოცვაი მამათაი ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა (1 ტიმ. 2.8), ესე იგი უვნებოდ და ყოველგვარი გაფანტულობის ან აღმაფრენის გარეშე. მამაკაცისათვის დამახასიათებელი, ყრმისათვის ჯერ კიდევ უჩვეულოა. დაე, ლოცვისა და კითხვის მეშვეობით, სიმართლის მზის, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ განათლებული, გამოვიდეს ადამიანი დღის სარბიელზე, თან ყურადღებით იყოს, რომ მის ყოველ საქმესა და სიტყვაში, მთელ მის არსებაში ხელმწიფებდეს და მოქმედებდეს ყოვლადწმიდა ნება ღვთისა, გამჟღავნებული და განმარტებული ადამიანთათვის სახარებისეულ მცნებებში. თუკი დღის მანძილზე თავისუფალი წუთები ჩაგივარდა, ისინი ზოგიერთი გამორჩეული ლოცვის ან წმიდა წერილის გამორჩეული ადგილის ყურადღებიანი კითხვისთვის გამოიყენე და ამით კვლავ აღიდგინე ამაო სოფელში მოღვაწეობით გამოფიტული სულიერი ძალები. უკეთუ ასეთი ძვირფასი წუთები არ მოიძებნება, უნდა ვიდარდოთ მათზე, როგორც დაკარგულია დღეს, არ უნდა დაიკარგოს ხვალ, რამეთუ ჩვენი გული ადვილად ეძლევა უდებებასა და დავიწყებას, რომელთაგანაც ბნელი უმეცრება იშვება, ამდენად დამღუპველი საღვთო საქმეში, ადამიანის ხსნის საქმეში. თუ მოგიხდა ღვთის მცნებათა რაიმე საწინააღმდეგოს თქმა ან ქმნა, შეცოდებას დაუყოვნებლივ უმკურნალე სინანულით და ღვთის გზას გულწრფელი სინანულის საშუალებით დაუბრუნდი, რომლისგანაც ღვთის მცნების დარღვევით გადაუხვიე. არ შეყოვნდე ღვთის გზას მოშორებული! მოძალებულ ცოდვიან გულისთქმებს, ოცნებებსა და შეგრძნებებს, წმიდა მამამთავარ იოსებთან ერთად მეტყველმა: ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღვთისა? (შეს. 39,9), რწმენითა და სიმდაბლით დაუპირისპირე სახარებისეული მცნებები. საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებულ და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისატიკე ლოცვის დროს; აქედან კი - სულიერი მოშლილობა. საღამოს, ძილად მისვლისას, რომელიც იმ დღის არსებობასთან მიმართებაში სიკვდილია, განიხილე გასული დღის განმავლობაში შენი ნამოქმედარი. იმისთვის, ვინც ყურადღებიან ცხოვრებას ეწევა, ძნელი არ არის ასეთი განხილვა, იმიტომ, რომ საკუთარი თავისადმი ყურადღების მიზეზით ნადგურდება გულმავიწყობა, აგრერიგად დამახასიათებელი გაფანტული ადამიანისათვის. ასე რომ საქმით, სიტყვით, ფიქრით, შეგრძნებით, ყოველი შენი შეცოდების გახსენებით, კეთილგანწყობითა და გამოსწორების გულითადი საწინდარით, შეინანე ისინი წინაშე ღვთისა. შემდეგ, ლოცვის კანონის წაკითხვით, დაასრულე დღე - ღვთის გულისხმისყოფით დაწყებული ღვთის გულისხმისყოფითვე. სად მიდის გულისთქმები და გრძნობები მძინარე ადამიანისა? ეს რა საიდუმლო მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც სული და სხეული ცოცხალია და თავისი სიცოცხლის შეგრძნების გარეშე, თითქოს მკვდარნი, ერთად არ ცხოვრობენ? ძილი ისევე გაუგებარია, როგორც სიკვდილი. ამ დროს სული განისვენებს, ივიწყებს ყველაზე უსაზღვრო მწუხარებებსა და მიწიერ უბედურებებს, ნიშნად თავისი სამუდამო განსვენებისა; ხოლო სხეული!.. თუკი ის ძილისაგან აღდგება, მაშინ უსათუოდ აღსდგება მკვდრეთითაც. თქვა დიდმა აგაფონმა: „შეუძლებელია საკუთარი თავისადმი გაძლიერებული ყურადღების გარეშე სათნოებებში წარმატება". ამინ.
წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |