მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > საყოველთაო და უკანასკნელი სამსჯავრო - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)

საყოველთაო და უკანასკნელი სამსჯავრო - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)


31-10-2015, 00:00

საყოველთაო და უკანასკნელი სამსჯავრო - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)

 

  საშინელი სამსჯავროს შიში და ძრწოლა ცოდვილთათვის იმით გამოიხატება, რომ ამ წამს ისინი ნათლად შეიცნობენ და მთელი სიცხადით იხილავენ, რომ იესო ქრისტე ნამდვილად ყველას საცხონებლად განხორციელდა, ყველასთვის ევნო, ეკლესიაში ყველას მისცა ცხონების მადლმოსილი საშუალებანი - წმინდა საიდუმლონი და სათნოებანი - და რომ, ნამდვილად, იგია ადამიანთა ერთადერთი მაცხოვარი, რომ მისი წმინდა სახარება, ნამდვილად ამქვეყნად ადამიანთა ცხოვრების ერთადერთი ჭეშმარიტი აზრი და მიზანია, რომ მისი სახელი, ნამდვილად, - ერთადერთი სახელია, რომლითაც ადამიანები სიკვდილისა და ცოდვის მრისხანე უაზრობას გადაურჩებიან და ცოდვისა და ბოროტების საუკუნო სამეფოში - ჯოჯოხეთში საუკუნო ტანჯვას გაექცევიან (შეად. 1თეს. 1,6-10). მაშინ ყოველი, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრებისას ქრისტე არ ირწმუნა, როგორც ღმერთი და მაცხოვარი, მთელი თავისი არსებით გარდაუვლად იგრძნობს, რომ სწორედ ამით მან საკუთარ თავს საუკუნო ტანჯვა მიუსაჯა (იოანე, 3,18; 5,24).

   საშინელ სამსჯავროზე - მას შემდეგ, რაც მართალნი ცოდვილთაგან განიყოფიან - უფალი მართალთ ღმრთის სასუფეველში საუკუნო ნეტარებას არგუნებს, ცოდვილთ კი - ეშმაკის სასუფეველში საუკუნო ტანჯვას. მართალს ის ეტყვის: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით" (მათე, 25,34). ცოდვილთ კი ეტყვის: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათე, 25,41). „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა".

  უკანასკნელი, საყოველთაო სამსჯავროთი მაცხოვრის სახარების საბოლოო უწყებაა განცხადებული. მკვდართა საყოველთაო აღდგომისას, მას შემდეგ, რაც საშინელი სამსჯავრო აღესრულება, ძველი ქვეყანა და ყოველივე, რაც მასზე იყო, მოქმედებდა, ძალა და ხელმწიფება ჰქონდა, არსებობას შეწყვეტს. ქვეყნიერების მთელი დრამა დასრულდება. არა მხოლოდ ქვეყანაზე, არამედ ცაშიც მთლიანად და საბოლოოდ გაუქმდება ეშმაკის, სიკვდილისა და ცოდვის ყოველგვარი ძალა და ხელმწიფება, ყოველივე ღმრთისსაწინააღმდეგო და უღმერთო, ანტიქრისტესეული და არაქრისტესეული თავის საუკუნო სასუფეველში - ჯოჯოხეთში განიდევნება. იქ მათ მთელი ძალა და ხელმწიფება ექნებათ. ყველა სხვა ადგილას კი, ღმრთის სოფელთა მთელს უკიდეგანობას და უსაზღვროებაში სამმზიანი ღმერთისა და უფლის საუკუნო სასუფეველი, ხელმწიფება და ძალა იქნება. უფალი ქრისტე, რომელსაც როგორც ღმერთკაცს, თავისი განხორციელების მომენტიდან თავის ხელში მთელი ძალა და ხელმწიფება უპყრია, საშინელი სამსჯავროს მერე ყოველივე ამას, მთელს თავის სუფევას (მეუფებას) ღმერთსა და მამას გადასცემს (1 კორინთელთა, 15,24). გადასცემს, როგორც კაცი, რამეთუ ვითარცა ღმერთს, მას ეკუთვნის მთელი ხელმწიფება, ძალი და დიდება, ისევე, როგორც მამა ღმერთს, და სულიწმინდა ღმერთს. მდაბალი ღმერთი ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით დაემორჩილება მამა ღმერთს. იგი თვითონ განაქარვებს „ყოველ მთავრობას, და ყოველ ხელმწიფებას, და ყოველ ძალას" (1 კორინთელთა, 15,24), რომელიც ღმერთის დაშვებით სოფლად მოქმედებდა. მაგრამ, სანამ სოფელი დგას, თვით საშინელ სამსჯავრომდე, ყოველივეზე მაინც ღმერთკაცი ქრისტე სუფევს. და მას, როგორც კაცს, მიცემული აქვს სოფლის განსჯის ხელმწიფება (იოანე, 5,22,27). „რამეთუ ჯერ არს მისა სუფევაი, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერხთა მისთა" (1 კორინთელთა, 15,25). საბოლოოდ კი იგი ამას საშინელი სამსჯავროს დღეს აღასრულებს: იგი თავის ყველა მტერს გაანადგურებს და მათ ფერხთა ქუეშე თვისთა დაისხამს. ვინ არის მისი მტერი? ცოდვა, სიკვდილი და ეშმაკი. და ყველა ნებაყოფლობითი და მოუნანიებელი ცუდისმოყვარე, სიკვდილისმოყვარე. ამგვარად განადგურდება ყოველივე, რაც ჩვენს სოფელში ღმერთკაც ქრისტეს ეომებოდა. სოფლად ადამიანისა და ქრისტეს, ღმერთკაცისა და მაცხოვრის უდიდესი მტერი კი - სიკვდილია, რამეთუ სიკვდილი მთავარი ძალაა, ქრისტე ღმერთსა და ყოველივე ღმრთიურს რომ მტრობს. სამსჯავროს დღეს, „უკანასკნელი მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი" (1 კორინთელთა, 15,26). მანამდე ყველა მცირე მტერი, მისი თანამებრძოლი განადგურდება. სიკვდილი უკვე განადგურებულია აღმდგარ ღმერთკაცში; იგი განადგურებულია წმინდათა სულებშიც. მაგრამ, სამსჯავროს დღეს იგი მთლიანად განადგურდება ღმრთაებრივ არსებათა და განახლებული ქმნილების სამყაროში და თავის არარაობრივ სასუფეველში - სიკვდილის სასუფეველში მთლიანად განიდევნება, რათა იქ საუკუნოდ არსებობდეს და თავის თავს იჭამდეს და რათა საუკუნოდ კვდებოდეს, სიკვდილის შესაძლებლობის გარეშე. მხოლოდ ღმერთკაცმა გაანადგურა სიკ-ვდილი ამქვეყნად, არა კაცმა, არა ადამიანებმა. და იგი ამ განადგურებას საშინელი სამსჯავროს დღეს მთლიანად დაასრულებს.

   მამა ღმერთმა როგორც ღმერთკაცს, უფალ ქრისტეს ყოველი არსი დაუმორჩილა, მისი უსაზღვრო სიყვარულისა და კაცთმოყვარების შედეგად. ამ სიყვარულის, ამ ძალის წრის გარეთ არაფერი დარჩენილა, „რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა" (1 კორინთელთა, 15,27). ამქვეყნად თავისი ცხოვრებისა და სოფლად თავისი მოღვაწეობისას, წმინდა ეკლესიის მეშვეობით, ღმერთკაცი კაცობრივ არსებებს სიყვარულით და არა ძალით და ძალდატანებით იმორჩილებდა. ამაშია მისი არსობრივი სხვაობა, სოფლის ყველა სხვა ქვეყნიური და ჯოჯოხეთური დაპყრობილებისაგან. და კიდევ: როგორც სიტყვა ღმერთს, ყველა არსებულისა და ცოცხალის შემოქმედს (იოანე, 1,3-4), ქრისტეს ემორჩილება, ექვემდებარება და ემონება ყოველი. ყოველივე ეს სრული ზომით განცხადდება და ყველასთვის და ყოველივესათვის მხოლოდ საშინელ სამსჯავროზე და მის შემდეგ გახდება აშკარა. დიახ, ქმნად სოფლებში მას ყოველი ემორჩილება. „ხოლო რა ჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თვინიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი" (1 კორინთელთა, 15,27). ესე იგი მამა ღმერთისა და მასთან წმინდა სულის გარდა, რამეთუ ისინი თანასწორდიდებულნი და თანასწორძალოვანნი არიან.

  „ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა" (1 კორინთელთა, 15,28). ძე ღმრთისა, უფალი ქრისტე მამა ღმერთს ნებაყოფლობით დაე-მორჩილება, როგორც ძე კაცისა. მაგრამ, აგრეთვე, როგორც ძე ღმრთისა, შვილის უსაზღვრო სიყვარულით. იგი მდაბლდება მამა ღმერთის წინაშე, რომელიც თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო, ყოველივეში ძისა და სულიწმინდის თანაბარია, რამეთუ ყოველივე, რაც მამას აქვს, ძესაც ეკუთვნის; და ყოველივე, რაც ძეს აქვს, მამასაც ეკუთვნის. ღმრთაებრივად მათ ყოველივე ერთიანი და საერთო აქვთ: აქ არ არის დიდი და პატარა, პირველი და მეორე, არამედ ყოველივეში სრული თანასწორობა, ძალა და ხელმწიფებაა. და როგორც ერთსამება არსი, როგორც ყოვლაწმინდა სამება, ღმერთი იქნება „ყოვლად ყოველსა შინა", ყოველივე ყველა სფეროში, ყოველივე ყველა ღმრთისხატოვან და ღმრთისმოყვარე არსებაში. მაშინ საბოლოოდ გამომჟღავნდება ყველა არსების მთელი საიდუმლო და ცხადი გახდება, რომ ერთადერთი და ყოვლისმომცველი რეალობა, უკიდეგანო და უსაზღვრო, საუკუნო და ყოვლადნეტარი - ღმერთი არს „ყოვლად ყოველსა შინა".

   აშკარაა რომ მთელი ჩვენი ქვეყნიური ბნელის და დაბინდულობ-ების, დრამებისა და ტრაგედიების, ცოდვისმოყვარეობისა და ცოდვითდაცემების უკან, როგორც ყოველივეს დაბოლოება, დგას: „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა". ის, რაც სამსჯავროს დღეს ყველა არსებისათვის აშკარა გახდება, აშკარაა წმინდა ადამიანებისათვის ახლავე, ქვეყნიურ სოფელსა და ქვეყნიურ ცხოვრებაში. რამდენადაც წმინდაა ადამიანი, იმდენად ძლიერად და დაუძლევლად გრძნობს იგი ამ კეთილუწყების ყოვლადრეალობას: „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა". ნაკლები სიწმინდის ადამიანები ამას ნაკლებად გრძნობენ. ბილწი ადამიანები, ცოდვისმოყვარე და ურწმუნო ადამიანები კი საერთოდ ვერ გრძნობენ. უარყოფენ კიდეც ამას, ამტკიცებენ, რომ ღმერთი არა მხოლოდ არ არის ყოველივე ყოველივეში, არამედ, რომ ღმერთი საერთოდ არ არის. მაშინ ვინღაა სოფლად „ყოვლად ყოველსა შინა?" რა თქმა უნდა, მისი მოწინააღმდეგე, ეშმაკი. და მართლაც, ეშმაკი არის ყოველი და ყოველივე, როგორც ცოდვისათვის, ასევე ჯიუტი ცოდვისმოყვარესათვის. ჯიუტად ცოდვისმოყვარე კაცს არ სურს, რომ ღმერთი არსებობდეს, რამეთუ ღმერთი ცოდვას არ სწყალობს, ცოდვა არა აქვს, ცოდვას სჯის. ხშირად ცოდვა იმდენად ავიწროვებს და ამცირებს ადამიანის თვალსაწიერს, რომ იგი სამყაროში ვერც ღმერთს ხედავს და ვერც ეშმაკს, არამედ მხოლოდ თავის თავს: ადამიანს. ეს ადამიანის მიერ მოფიქრებული დემო-ნიზმის, ეშმაკიზმის ახალი სახეა. არსობრივად, ეს კერპთაყ-ვანისმცემლობის, ყველაზე უსირცხვილო კერპთაყვანისმცემლობის - კაცთაყვანისცემის ახალი სახეა. აქ ადამიანი კადნიერად ენაცვლება ღმერთსაც და ეშმაკსაც. ერთსაც და მეორესაც უარყოფს, რათა მხოლოდ საშინელ სამსჯავროზე იხილოს მთელი ეს მისთვის საშინელი ჭეშმარიტება; სინამდვილეში ეშმაკი მისთვის ყოველი და ყოველივე იყო; ქრისტეს ადამიანისთვის და ქრისტესმოყვარეთათვის კი ღმერთი იყო და რჩება ყოველივედ და ყოვლად ყველა ცხოვრებასა და ყველა სოფელში.

   „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა". ყოველივე ჩვენს აზრებში, ჩვენს სულებში, ჩვენს გრძნობებში, ჩვენს სინდისში ჩვენს აღმდგარ სხეულში; „ღმერთი ყოვლად" ყველა არსებაში და ჩვენს ირგვლივ ყველა სოფელში. რა არის ეს? სამოთხე, ნეტარება, ღმრთის სასუფეველი, ქრისტეს ეკლესიის ღმერთკაცობრივი სხეული, გა-მოუთქმელი სიხარული, საუკუნო და უსაზღვრო. ერთი სიტყვით, ეს არის ის, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორინთელთა, 2,9).

 

 

ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) 

წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი"  


უკან დაბრუნება