მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე რისტო იარამაზი - სამრევლო მღვდელი (ხს. 20 იანვარი)

მღვდელმოწამე რისტო იარამაზი - სამრევლო მღვდელი (ხს. 20 იანვარი)


20-01-2017, 00:05

მღვდელმოწამე რისტო იარამაზი - სამრევლო მღვდელი (ხს. 20 იანვარი)

 

 

   რისტო იარამაზი დაიბადა 1906 წლის 22 მარტს, ჩერნოგორიაში, ნიკშიჩის სოფელ კლაკოვიცაში. საღმრთისმეტყველო განათლება მან სრემსკი კარლოვცაში მიიღო. 1931 წლის 9 იანვარს რისტო იარამაზს ხელი დაასხეს მღვდლად. რამდენიმე წელი იგი ჰერცოგოვინასა და სერბეთში მსახურობდა, სანამ მშობლიური ჩერნოგოვინის მხარეში არ გადაიყვანეს. 1941 წლის კომუნისტურმა გადატრიალებამ მას ნიკშიჩკის მაზრის კოსირევსკის სამრევლოში მოუსწრო.

  ახალგაზრდა, განათლებული, ინტელიგენტური, ნებისყოფიანი, მოშურნე მღვდელი, ბრწყინვალე ადამიანი ერისკაცთა და სამღვდელოებას შორის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. დაკვირვებული და ნიჭიერი მამა რისტოს მსახურება მხოლოდ სამღვდელო მოვალეობით არ შემოიფარგლებოდა. იგი საეკლესიო ჟურნალში თანამშრომლობდა, სასულიერო პოეზიის კრებულებს გამოსცემდა.

   1941 წლის ოქტომბერში მამა რისტომ ვუჩედოლსკის ტაძარში ქადაგების დროს ამხილა კომუნისტური რეჟიმი, რადგან ხალხზე მის დამღუპველ მოქმედებას ხედავდა, რითაც ბანსკო ვუჩედოლსკის პარტიზანული ბატალიონის მეთაურის პეტრე კომნენიჩის რისხვა გამოიწვია. ვრაჩენოვიჩების პარტიზანულ შტაბში მღვდლისთვის უკვე არაერთხელ გამოეტანათ განაჩენი. 1942 წლის საშობაო წირვაზე უსისხლო მსხვერპლის შეწირვის დროს სროლის ხმა გაისმა. კომუნისტებმა ამ წმიდა წუთებში ეკლესიის ფანჯრიდან სცადეს განაჩენის აღსრულება, მაგრამ უფალმა კეთილი მწყემსი დაიცვა. მაშინ პეტრე კომნენიჩმა მირუშიდან და კლაკოვიციდან მკვლელთა ბანდა შეკრიბა.

   1942 წლის 20 იანვარს მამა რისტო კნეჟდო-პეტროვიჩში ღმრთაებრივი ლიტურღიის აღსასრულებლად მიემგზავრებოდა. გზაზე მას ავაზაკები დახვდენენ და უკანონო სისხლიანი განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

   მამა რისტო ოლარითა და ხელში ჯვრით დახვრიტეს. იგი უშიშრად შეხვდა მკვლელებს და დაეცა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მეომარი.

   მეორე დღეს მამა რისტოს ცხედარი პოჩეკოვიჩებში ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც წესი აუგეს. იგი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მამა რისტოს ქვრივი ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე ექვსი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩა, მინდობილი მხოლოდ უფალს, რომლის წინაშეც მამა რისტო იარამაზი აწ საუკუნო ლიტურღიას აღასრულებდა. 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება