მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ზაგრების მიტროპოლიტი მღვდელმოწამე დოსითეი (ხს. 13 იანვარი)

ზაგრების მიტროპოლიტი მღვდელმოწამე დოსითეი (ხს. 13 იანვარი)


13-01-2017, 00:03

 

 

 

   მიტროპოლიტი დოსითეი (ვასიჩი) 5 დეკემბერს დაიბადა ბელგრადში. ბელგრადის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მან კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1904 წელს ღმრთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. მომავალმა მიტროპოლიტმა მოღვაწეობის გზა ადრევე აირჩია: ჯერ კიდევ სემინარიაში აღიკვეცა მონაზვნად. გერმანიაში - ბერლინსა და ლაიფციგში, ხოლო შემდეგ სორბონაში საზოგადოებრივი მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში გააგრძელა ღმრთისმეტყველებისა და ფილოსოფიის შესწავლა და განათლება შვეიცარიაში დაასრულა, სადაც ბალკანეთის ომის დაწყებამდე დარჩა. ომიანობის წლებში მღვდელმონაზონმა დოსითეიმ მთელი ძალისხმევა სერბი ხალხის განთავისუფლებისაკენ მიმართა.

   1913 წლის მაისში წმიდა სამღვდელმთავრო კრებამ ქრისტეს ეკლესიის მსახურებაში მოშურნეობისა და სერბი ხალხის უსაზღვრო სიყვარულის აღსანიშნავად დოსითეი (ვასიჩი) ნიშის ეპისკოპოსად აირჩია. ხელდასხმის შემდეგ სამღვდელოებასა და მორწმუნეებთან ერთად ის სამღვდელმთავრო მსახურებისაკენ მიმავალ გზას შეუდგა ღმრთაებრივი მადლით აღვსილი, საეპისკოპოსო კვერთხის მიღებისას რომ მოჰფინა მის ეპარქიას, რადგან სწორედ მაშინ ლოცვით იდიდებოდა მილანის ედიქტის 1600 წლისთავი (ქალაქი ნიში - წმინდა მეფე კონსტანტინეს სამშობლოა).

   1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ნიში საომარი და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მოაქცია. იქ მიაწყდა იძულებით უკან დახეული სერბთა ჯარი, რომ სრულ განადგურებას გადარჩენოდა და თავდასხმისათვის რეზერვები მოეგროვებინა. ახალგაზრდა ეპისკოპოსი დოსითეი კათედრას არ ტოვებდა, მზად იყო ავსტრალია-უნგრეთისა და ბულგარეთის უღელქვეშ თავის ხალხთან ერთად აეტანა და გაენაწილებინა ყოველგვარი ტანჯვა და უბედურება. ღმერთი აძლიერებდა მას, ეხმარებოდა აეტანა დევნა და ტყვეობა. უდიდესი მწუხარება გადაიტანა მან, როდესაც მისი ეპარქიის 150-ზე მეტი მღვდელი და მრავალი მორწმუნე, ერთმანეთისათვის სული რომ დადეს, მტრის ხელით დაიღუპა. ნიშის საკათედრო ტაძარში გამართეს ეკვდერი, რომელშიც მოწამეთა ნეშტები დაკრძალეს. მეუფე ამ წმიდა ადგილას საღმრთო ლიტურღიას აღასრულებდა. უკვე მაშინ, მომავალმა მოწამემ კარგად უწყოდა მოწამეობრივი ღვაწლის მთელი სიმძიმე, რომელიც ოცი წლის შემდეგ ათეულ ათასობით მღვდელთან და ერისკაცთან ერთად თავადაც გაინაწილა. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ მეუფის ინიციატივით საეპისკოპოსო კათედრაზე მის წინამორბედს, თურქი ოკუპანტების ხელით მოწამეობრივად აღსრულებულ მიტროპოლიტ მელენტიეს მდინარე ნიშავეზე ნიში აღუმართეს.

   ტყვეობიდან ეპოსკოპოსი დოსითეი თავის ეპარქიას 1918 წელს დაუბრუნდა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მან მთავარი სამღვდელმთავრო კრების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა და სერბეთში საპატრიარქოს აღსადგენად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებში ამ ხარისხში იღებდა მონაწილეობას.

   ჩეხეთის, სლოვაკეთისა და რუსეთის კარპატების მართლმადიდებლობაში დაბრუნების პერიოდში მეუფე სამი წლის განმავლობაში ჩეხოსლოვაკიაში დაძაბულ მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა და შემდგომშიც ამ ქვეყნის ახალგაზრდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებდა.

   1931 წელს სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი წესდება მიიღო, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გორნოკარლოვაცისა და პაკრატსკის ეპარქიებიდან გამოყოფილ ნაწილებზე ზაგრების ეპარქიის შექმნას გულისხმობდა. სამღვდელმთავრო წმიდა კრების გადაწყვეტილებით ეპისკოპოსი დოსითეი ზაგრების პირველ მიტროპოლიტად აირჩიეს. მას მთელი თავისი მოღვაწეობით მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება უნდა დაედასტურებინა იმ გარემოში, სადაც მართლმადიდებლობა მრავალი საუკუნის მანძილზე იდევნებოდა.

  მიტროპოლიტი დიდ დახმარებას უწევდა გორნოკარლოვაცისა და ბანალუკის ეპარქიებს, მრავალი წლის განმავლობაში მოხუც ეპისკოპოს მირონს (+1941) საეპისკოპოსო მსახურებაში შეეწეოდა. სერბეთის პატრიარქ ბარნაბას გარდაცვალების შემდგომ და 1938 წლამდე, ახალ პატრიარქ გაბრიელის არჩევამდე, განაგებდა ბელგრად-კარლოვაცკის მთავარ საეპისკოპოსოს.

  მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მიტროპოლიტი დოსითეი ხორვატმა ფაშისტ-უსტაშებმა დააპატიმრეს და ზაგრების ციხეში დაამწყვდიეს. ციხეში მოწამე მიტროპოლიტმა საშინელი ტანჯვა და აბუჩად აგდება გადაიტანა კათოლიკე მოლოზნებისაგან,რომლებიც თითქოსდა სამედიცინო დახმარების გასაწევად იყვნენ მიჩენილნი. მოლოზნები, თავიანთი მასწავლებლების - უსტაშების მიბაძვით გონების დაკარგვამდე აწამებდნენ მიტროპოლიტს, შემდეგ კი ნაწამები, დაგლეჯილი წვერებით ბელგრადის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მონასტერში გადაიყვანეს, სადაც 1945 წლის 13 იანვარს მიტროპოლიტი გონს მოუსვლელად აღესრულა. მღვდელმოწამე დოსითეი მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

 

 

 

 


1მოლოზანი - ქალი მონაზონი - მთარგ. შენიშვნა.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება