მთავარი > საეკლესიო სამართალი, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა კანონთა ავტორიტეტი

წმინდა კანონთა ავტორიტეტი


27-04-2017, 00:03

წმინდა კანონთა ავტორიტეტი

 

 

   შევუდგეთ უპირველესი საკითხის განხილვას წმინდა კანონთა ავტორიტეტის შესახებ. საეკლესიო ან უბრალოდ, სამეცნიერო - საღვთისმეტყველო დონის დისკუსიებიდან ცნობილია, რომ აზრთა სხვადასხვაობას წმინდა კანონებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იწვევს მათი ავტორიტეტულობის ან ფარდობითობის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი დროებითობის ან მუდმივობის საკითხი. ერთნი საუბრობენ დროებით ანუ შეფარდებით, მეორენი მარადიულ ანუ აბსოლუტურ მათ ავტორიტეტზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქრისტიანისათვის და საერთოდ, ადამიანისათვის. ამ პუნქტის გამო, ღირს მოვიყვანოთ რუსი პროფესორის, მამა იოანე მეინდორფის შენიშვნა: „განსხვავება აბსოლუტურსა და შეფარდებითს შორის, ვფიქრობთ, ყველა იმ საკითხზე გადაუდებელია, რომლებთანაც დღეს უხდებათ შეხება მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებს... თუ საკმარისი დოზით აღმოვაჩენთ და შევიცნობთ აბსოლუტურს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ორიენტირებას ადამიანურ გადმოცემათა და წეს-ჩვეულებათა სიღრმეში, ასე, რომ შევძლებთ საჭირო გამიჯვნასა და აუცილებელ წმენდას".

   საკითხი წმინდა კანონთა აბსოლუტური ავტორიტეტის შესახებ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან უშუალოდაა გადაჯაჭვული მათი მართებულობის პრობლემასთან, იმასთან, თუ რამდენად აცხადებენ ისინი ჭეშმარიტებას, რაც თავის მხრივ წმინდა კანონთა წარმომავლობის პრობლემას უკავშირდება - ჭეშმარიტად ღვთიური მცნებებია ისინი, თუ ადამიანური თხზულება და განაწესი.

   პროფესორი ფილიპიდისი ამის შესახებ წერდა: „სწორია ის, რაც ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება ისაა, რაც ღმერთმა განგვიცხადა, ყველაფერი ის, რაც ღმერთს სურს... ხოლო ის, რაც მან განგვიცხადა ჩვენს წინაშეა - ერთგზის მოცემული, მაგრამ საუკუნო ძალის მატარებელი."

   დისკუსია მითითებული პრობლემატიკის გამო, შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ იგი მხოლოდ გადაიტანს ჩვენს ყურადღებას უმთავრესი საკითხიდან და შესაბამისად, გაართულებს მის გადაწყვეტას. ამიტომ, ჩვენი სურვილის თანახმად, რომელიც დასაწყისშივე გამოვთქვით, ამგვარი დისკუსიებისა და დადასტურებათა ნაცვლად, უბრალოდ, აქ მოვიყვანთ თვით წმინდა კანონთა მოწმობას ან რაც იგივეა, ეკლესიის მამათა გამონათქვამებს, რომელთაც დაადგინეს ეს კანონები.

   ამგვარად, V-VI მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონში, რომელიც თვით წარმოადგენს ეკლესიის წმინდა კანონთა ოფიციალურ სინოპტიკურ კოდიფიკაციას, ვკითხულობთ: „ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ ადგენს ეს წმინდა კრება, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმიდა და ნეტარ მამათა მიერ შემწყნარებელი და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული 85 კანონი... ვამტკიცებ, აგრეთვე ჩვენს წმიდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სამღვდელო კანონებს... ხოლო ზემოთ ხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება. ხოლო თუ ვინმემ ზემოჩამოთვლილ კანონთაგან რომელიმეს დაშლას და დარბევას ხელი მიჰყოს, იგი უნდა დაისაჯოს კანონის განჩინების შესაბამისად და რაც განსაზღვრულია, ის სასჯელი მიიღოს და მისგანვე მოიპოვოს მან კურნება იმისა, რაშიც ცდება".

   ასევე, VII მსოფლიო კრების პირველ კანონში ვკითხულობთ: „სამღვდელო განწესებანი და წმინდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზამკვლევს იმათთვის, ვინც სამღვდელო პატივის წილხვდომილია. მათ სიხარულით შევიწყნარებთ ჩვენც, ღვთივხმოვან დავითთან ერთად ვუგალობთ ღმერთს და ვამბობთ: „შენი მცნებების გზაზე სიარული დიდი სიმდიდრეა"... (ფს. 118.14). ეს უკვე ასეა ნამცნები ჩვენთვის. გავიხაროთ ამით, როგორც დიდძალ ტყვეთა ხელში ჩამგდებმა. მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას."

   ამგვარად, წმინდა კანონთა უდავო ავტორიტეტზე უპირველესად მიუთითებს ის, რომ თვით მსოფლიო კრებები კრძალავენ მათ დამახინჯებასა და შეცვლას. ამ აკრძალვის შესახებ პროფესორი კ. მურატიდისი წერს: „ეს... ურყევი რწმენა ზემოხსენებული მსოფლიო კრებებისა უძველეს კანონთა უტყუარობასა და ძალაშია. აგრეთვე მათი შინაარსიდან ყოველგვარი გადახვევის, ცვლილების ან გაუქმების აკრძალვა გამოხატავს, სწორედ, საეკლესიო ცნობიერების ღრმა რწმენას წმინდა კანონთა მარადიულ ავტორიტეტსა და მათი შინაარსის შეუცვლელობაში, რამეთუ ისინი სულიწმიდის მიერ არიან შთაგონებულნი".

   იქედან გამომდინარე, რომ მათი დამახინჯება თვით კანონებითაა აკრძალული, ჩვენ ხსენებულ კანონთა უცდომელობის დასკვნამდე მივდივართ და ვრწმუნდებით, რომ ისინი სწორ გზას გვიჩვენებენ და თვით შეიცავენ ჭეშმარიტებას. ღვთაებრივი კანონები სწორ მიმართულებას რომ არ იძლეოდნენ და მცდარ დადგენილებებს შეიცავდნენ, მაშინ რა მიზეზით იტყოდნენ უარს მათ შესაძლო შემდგომ შესწორებებზე? ზემოაღნიშნული დასკვნა მტკიცდება ხსენებული V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონითაც, რომელიც ამბობს: „ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება". ამგვარად, წმინდა კანონებს აქვთ მოწმობა ჭეშმარიტების ფლობისა. ეს იქედანაც გამომდინარეობს, რომ მათ გააჩნიათ თვითმოწმობა იმისა, რომ ისინი დაწერილია მსოფლიო კრებათა მიერ სულიწმინდის, ჭეშმარიტების სულის გამობრწყინებითა და მფარველობით.

   VII მსოფლიო კრების I კანონი ბრძანებს „მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო".

  ამგვარად, VII მსოფლიო კრების მიერ გამოთქმულია: „ეკლესიის ცნობიერებაში მეტად საზეიმო სახით გაბატონებული მტკიცე რწმენა, რომელიც შეეხება ეკლესიის ღვთაებრივი და წმინდა კანონების, ბუნებასა და თავისებურებას".1 (პროფ. მურატიდისი).

   ზემოხსენებული თვითმოწმობიდან გამომდინარე, არავის აქვს უფლება ამტკიცოს, რომ იგი არაპირდაპირ მიანიშნებს მამათა მიერ საეკლესიო კანომდებლობის ჭეშმარიტი ბუნების არცოდნას ან იმას, რომ კანონებით წარმოდგენილი ამგვარი მტკიცება შეცდომაა. რადგან თუკი წამით მაინც დავუშვებთ, რომ მთელი მსოფლიო კრების მოწმობა მცდარია, მაშინ რა ავტორიტეტულობას შეიძლება დაეფუძნოს ეკლესიის ცალკეულ მამათა ან გვიანდელ ეპისკოპოსთა და ღვთისმეტყველთა მოსაზრება? ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო კრების მოსაზრება შეუძლებელია უარყოფილ იქნას თანამედროვე სწავლულის მიერ, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომელსაც არ მიუღია ზემოხსენებული თვითმოწმობა.

  მაგრამ გარდა ამისა, სრულიად ბუნებრივია, ამ კანონთა მოწმობა ავტორიტეტული იყოს და საერთოდ, საკმარისად ლოგიკურია, რომ მსოფლიო კრებათა მიერ დადგენილი ყველა კანონი იყოს უცდომელი, რადგანაც თვით მსოფლიო კრებები, რომლებიც წარმოადგენდნენ „ჭეშმარიტების სვეტისა და საფუძველის" (I ტიმ. 3.-15) - ეკლესიის ბაგეებს - უცდომელნი არიან.

   ამიტომაც ამბობს ათანასე დიდი თავის ეპისტოლეში აფრიკის ეპისკოპოსების მიმართ: „სიტყვა უფლისა, წარმოთქმული ნიკეის მსოფლიო კრებაზე, სუფევს უკუნისამდე!"

 

 

 

 

 

1მრავალი გვედავება: „როგორ შეიძლება წმინდა კანონები სულიწმიდის ნაყოფი იყოს, როცა ზოგიერთი მათგანი ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ისინი რომ სულიწმიდის ნაყოფნი იყვნენ, და მსოფლიო კრებები სულ-იწმიდის ზეშთაგონებით ადგენდნენ მათ, მაშინ მათი ურთიერთთანხმობა იქნებოდა მოსალოდნელი". ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად უნდა ით-ქვას, რომ ეს უთანხმოება გარეგნულ და სუბიექტურ ხასიათს ატარებს. არავის შეექმნებოდა ამგვარი შთაბეჭდილება, რომ ჰქონდეთ სწორი ხე-დვა, განსაზღვრა, განლაგება და გააზრება კანონებისა და ეკლესიის კა-ნონმდებლობისა.

 

 

 

 

 

 

 

ღვთისმეტყველების დოქტორის, ათონის უნივერსიტეტის პროფესორის პ.ი. ბუმისის წიგნიდან: Непогрешимость Православия"

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება