მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, საეკლესიო სამართალი, მთავარი გვედის ფოტო > ზოგიერთი დაზუსტება (ოროსები - კანონები)

ზოგიერთი დაზუსტება (ოროსები - კანონები)


7-05-2017, 00:07

ზოგიერთი დაზუსტება (ოროსები - კანონები)

 

 

   შესაძლოა გვეკამათონ, რომ ყოველივე ზემოთქმულს (იხ. „ხარება" №9 2002წ. „წმ. კანონთა ავტორიტეტი") ძალა გააჩნია დოგმატური გადაწყვეტილებებისათვის ე.ი. ოროსებისათვის, მაგრამ არა კანონებისათვის, იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე არ არის მსოფლიო კრებათა ოროსები და მათი კანონები. მაგრამ ამ აზრის დამტკიცება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ცხადი გამიჯვნა ამ ორ ტერმინს შორის, ასე, რომ, „ოროსი" ხშირად იწოდება „კანონად" და პირიქით. დიდი ბიზანტიელი კანონმცოდნე ზონარა სპეციალურად მიუთითებს: „ოროსივე იწოდება ნიმუშად და კანონად", ხოლო ახალი დროის კანონმცოდნეთაგან დ. პეტრაკაკოსი წერს: „ტყუილად შეეცდება ვინმე ზუსტი მნიშვნელობა ეძებოს სიტყვებში „კანონი", და „ოროსი", ასევე „დოგმატი", განსაკუთრებით პირველი ხუთი საუკუნის მანძილზე და ეს სამართლიანია, რადგანაც გარდა იმისა, რომ ბევრ კანონს დოგმატური შინაარსი გააჩნია (მე-17, მე-18,I მსოფლიო კრებისა, მე-4, მე-10, მე-14, მე-20, 28-ე IV მსოფლიო კრებისა და სხვა). თითქმის ყველა წმ. კანონი მჭიდრო კავშირშია ეკლესიის სწავლებასთან და მის პრაქტიკულ გამოყენებას წარმოადგენს. როგორც სწორად აღნიშნავს ვ. ლოსკი: „კანონები „მიწიერ ასპექტში" ეკლესიის ცხოვრების წარმმართველნი, ქრისტიანული დოგმატებისაგან განუყოფელნი არიან, ისინი არ არიან იურიდიული სტატუტები (წესდება) ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ დოგმატთა დამატებებს წარმოადგენენ". ამასთან დაკავშირებით მეტად მარჯვედ შენიშნავს სერვიისა და კოზანის მიტროპოლიტი დიონისე: „ეკლესიაში თეორიული და პრაქტიკული საკითხები განცალკევებული არ არის, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ მათ დაყოფას უახლოეს ეპოქაში. ეკლესიური საკითხები ცხოვრებისეული საკითხებია, რომლებშიც თეორია პრაქტიკისაგან განუყოფელია. ამ საკითხების თითქოსდა თეორიულად და პრაქტიკულად დაყოფას ეკლესიის ორგანიზმის რღვევამდე და ცხოვრებისეულ წინააღმდეგობამდე მივყავართ... უდავოა, ჩვენი დროის ეკლესიაში, ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას - სიცოცხლის დოგმატისაგან, სიყვარულის რწმენისაგან, ეკლესიის ღვთისმეტყველებისაგან გამიჯვნა წარმოადგენს".

   ამ პუნქტის გამო შესაძლოა იკამათონ: ოროსებისაგან განსხვავებით, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილნი ხდებოდნენ, და სრულიად ეკლესიის მიერ იყვნენ დამტკიცებულნი, კანონები ამგვარ მტკიცებას ვერ იღებდნენ ეკლესიის მხრიდან, რადგან არ უხდებოდათ უშუალო გაცნობა მათთან. და მაინც, ეს კამათი არასერიოზულია, რადგან თუკი რომელიმე კრება მსოფლიო, ე.ი. ავტორიტეტულად და უცდომელადაა აღიარებული, შესაბამისად, ყველა მისი გადაწყვეტილება, და მაშასადამე, კანონიკურიც, მართებული და უცდომელია. სხვაგვარად ეს კრება არ იქნებოდა უცდომელი და მაშასადამე, მართლმადიდებლური.

  ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ყოველგვარი ეჭვი წმ. კანონთა უპირობო ავტორიტეტთან დაკავშირებით, ვგონებთ, გაუმართლებელია. სწორედ ამიტომაც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი პატრიარქები თავიანთ „პასუხებში" (1716-25 წწ) ანგლიკანი ეპისკოპოსებისადმი ამბობდნენ: „წმინდა და ღვთაებრივი შვიდი კრებისა და ასევე, ცხადია, აღმოსავლეთში მოწვეულ (წმ. მოციქულთა დროიდან კონსტანტინოპოლში ვასილი პორფიროგენეტის მეფობამდე) ადგილობრივ კრებათა კანონმდებლობასა და კანონებს ჩვენ ვიღებთ, როგორც თვით წმ. სახარებას IV წმ. და მსოფლიო კრების მე-2 კანონის თანახმად, სადაც ვნახავთ, რომ კანონები ამ შვიდი დოგმატისა უნდა დავიცვათ, როგორც საღვთო წერილები ... და გასაგებია, რატომ ვიღებთ წმ. კრებათა კანონებს, როგორც საღვთო წერილებს - იმიტომ, რომ ისინი იმ ღმერთშემოსილ მამათა კანონმდებლობას წარმოადგენენ, რომლებიც ღმერთმა ეკლესიის მასწავლებლებად დაადგინა, ისევე, როგორც მოციქულნი და წინასწარმეტყველნი, რომლებიც ღვთაებრივი მოციქულის სწავლების თანახმად (1. კორ; 12,28) ასევე სულიწმიდის მიერ შთაგონებულნი წერდნენ ასეთ კანონებს, რათა გვქონოდა მათი სიტყვა, როგორც ლამპარი, რომელიც ბნელში ანათებს (2 პეტ; 1,19). ისევე, როგორც საღვთო წერილები.

   რამეთუ სულიწმიდა მოციქულთა პირით ღაღადებს, ისევ ის და არა სხვა, მეტყველებს ღმერთშემოსილ მამათა მეშვეობით. ახალი დროის უდიდესი კანონმცოდნე წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „ეს წიგნი (ე.ი. პიდალიონი - წმ. კანონთა კრებული) არის წმ. წერილი წმ. წერილის შემდეგ, აღთქმა - ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ, მეორე ღვთივსულიერი სიტყვა პირველ ღვთივსულიერ სიტყვათა შემდეგ. ეს წიგნი წმ. მამების მიერ გავლებული მარადიული საზღვრები - საუკუნოდ არსებული კანონებია... რომლებიც მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა სულიწმიდით დაადგინეს, ეს წიგნი ჭეშმარიტი მესაჭეა (პიდალიონი) კათოლიკე ეკლესიისა, როგორც მას ვუწოდებთ. რომლის ხელძღვანელობითაც ეკლესიას მტკიცედ მიჰყავს თავისი მეზღვაურები და მოცურავენი, ვგულისხმობ სასულიერო პირებსა და ერისკაცებს, უზენაესი სამეფოს უშფოთველი ნავსაყუდელისაკენ.

   პროფესორი კარმირისი ასევე ამბობს: „ამგვარად, წმ. კანონები, რომლებიც ეკლესიური ცხოვრების წესწყობილებას წარმოადგენენ, ატარებენ კათოლიკე და მარადიულ ხასიათს, რომელსაც განსაზღვრავს ეკლესიაც, ქმნიან მის უეჭველ სამართალს, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას მის წევრებს შორის ისე, რომ „ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს" (1 კორ; 14.10). მაშასადამე, ეკლესია, როგორც ღვთაებრივი დაწესებულება, ცხოვრების საკუთარ წესწყობ-ილებას ფლობს, რომელიც ღვთაებრივია, როგორც უშუალოდ იესო ქრისტესაგან ან მოციქულთა და სულიწმიდის მიერ შთაგონებულ მათ კანონიკურ მიმღებთაგან გამომავალი, იგი კაცობრივ სურვილთა თვითნებობას არ ემორჩილება, არამედ გააჩნია უპირობო ავტორიტეტი.

 

 

 

 

 

 

ღვთისმეტყველების დოქტორის ათონის უნივერსიტეტის პროფესორის პ.ი. ბუმისის წიგნიდან:

Непогрешимость Православия"

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება