მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები ("სვეტური" მისტიციზმი)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები ("სვეტური" მისტიციზმი)


4-01-2020, 00:02

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები ("სვეტური" მისტიციზმი)

 

 

   მართალია მოდერნისტმა დაკარგა ღვთის რწმენა, მაგრამ ის მაინც რჩება (დაცემულ) ადამიანად. შედეგად, ის იწყებს ცხოვრებას მეორე რეალობაში, არა რეალურ სამყაროში. ის განაგრძობს თავის პრობლემებზე ზრუნვას, მაგრამ საკითხს მართებულად არ უდგება, ვინაიდან საგნებს ვერ აღიქვამს ისეთებად, როგორებადაც შექმნა ღმერთმა. ამიტომ თხზავს ათასგვარ თეორიებსა და იდეოლოგიებს, რომლებიც კიდევ უფრო განაშორებენ მას ღვთისაგან.

   სწორედ ამ თვალსაზრისით საინტერესოა კიდევ ერთი მსოფლხედვა - "სვეტური მისტიციზმი", რომელიც XX საუკუნეში მორალისტმა ერიხ ფოგელენმა შემოიღო. "სვეტური მისტიციზმის" ფენომენი ნათელს ჰფენს მოდერნისტების თეზას: ჭეშმარიტი რელიგიის იდეოლოგიით ჩანაცვლება. შეუთავსებელია ქრისტიანობა იდეოლოგიებთან და მტრულადაა მათდამი გამწყობილი.

   საქმე ისაა, რომ ქრისტიანობის მიზანი არ არის ამქვეყნიური კეთილდღეობის მოპოვება, მისი მიზანი ისტორიულ საზღვრებს მიღმაა, ღვთისაგან შექმნილი მარადიული ნეტარების დამკვიდრებაშია. როდესაც ადამიანი და მასთან ერთად საზოგადოება კარგავს ამ რწმენას, მას რჩება მარტოოდენ მისწრაფება და შემართება, რადგან მიზანს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების ფარგლებში მოიაზრებს.

   სწორედ ეს გახლავთ ე.წ. "სვეტური მისტიციზმი", "ამქვეყნიური ესქატოლოგია". ამ დროს ბოლო ჟამის ცნება განიხილება ამქვეყნიურ ჭრილში და არა ისე, როგორც წმინდა წერილში: "ხოლო მოიწიოს დღე იგი - უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაწუნენ" (2 პეტრ. 3.10).

   მოდერნისტების გნოსტიკური "რწმენა" თავისებური მისტიკურობით გამოირჩევა: აქ მხოლოდ ადამიანისთვის არის ადგილი. "სვეტური მისტიციზმი" ადამიანს აბრუებს მიწიერით. იგი ქმნის "მეორე რეალობას" - დემონურ, უტოპიურ სამყაროს, რომელიც არა ღმერთმა, არამედ ადამიანმა შექმნა.

   "სვეტური მისტიციზმი" თავისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებებით არის აბსურდიზმის რწმენა და მიუღწეველი მიზნისკენ ლტოლვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის რეალური სამყარო, ვინაიდან ღმერთთან კავშირი დაკარგულია, ადამიანი კი დასნეულებულია. ამ დროს მეორე რეალობა წარმოგვიდგება ვით ტოტალურად "მაგიური" სამყარო, ხოლო ადამიანი უმაღლეს "ქურუმად" მოჩანს ამ სამყაროში.

   მაგია არ არის უგულებელსაყოფი მოდერნისტული მსოფლხედვისა და ანტიქრისტიანული იდეოლოგიებისათვის. ის მხოლოდ ქრისტიანობისათვისაა მიუღებელი.

   მოდერნისტები მხოლოდ ამქვეყნიურით შემოიფარგლებიან, არაფერი აქვთ საერთო ეკლესიის ჭეშმარიტ საიდუმლოებებთან, კატეგორიულად უარყოფენ იმქვეყნიურ სამყაროს, და... აღიარებენ მაგიურ სამყაროს, რომელშიც თითქოსდა ცხოვრობს ადამიანი.

   პროფანაციაა, როცა მიწიერი ცხადდება სულიერად და მისტიკურად, ხოლო სულიერი - ამქვეყნიურად. ხდება შეურწყმელის შერწყმა, როდესაც ამქვეყნიური და მარადიული ერთ მასად წარმოჩნდება, როდესაც ცნება "წმინდა" ამქვეყნიური გაგებით მოიაზრება.

   ამიტომაც მოდერნისტები აღიარებენ თავად სამყაროს არაბუნებრიობას, სასწაულებრიობას და არა თვით ღვთის სასწაულებს. მოდერნისტებს სწამთ "სამყაროს ღვთაებრიობისა და გონიერების, რომელსაც, მათი აზრით, ქრისტიანობამ უწოდა ქრისტე".

   დავასკვნით: "სვეტური" მისტიციზმის მიხედვით მოდერნისტებს შეუძლიათ ბევრი ილაპარაკონ "ღვთისმეტყველებაზე", დროის მისტიკურობაზე, მაგრამ ვერ ისაუბრებენ მარადიულობაზე, იმიტომ რომ, ამქვეყნიური გამოცდილებით, თანამედროვე მიდგომებით, რომლითაც ამაყობენ ხოლმე, ვერასოდეს მიწვდებიან მარადიულობას.

   მოდერნისტების სწავლებით, უმაღლესი ფასეულობა "ქმნილი სამყაროა" - ის ხომ ერთდოულად ხილულიცაა და უხილავიც, ხელშესახებიც და წარმოსახვითიც.

  "სვეტურმა" მისტიციზმმა მოწყვიტა ადამიანი ერთადერთ სულიერ დასაყრდენს - ღმერთს. მას არ შეუძლია შეაკავოს ადამიანი რაიმე მუდმივით; ვერც აზროვნებით, ვერც ქმედებით. ის მხოლოდ "ცხოვრების" დინებას ჰპირდება. შედეგად ადამიანი, ინტელექტუალური თუ ზნეობრივი დანაშაულებებით, საბოლოოდ პირუტყვს ემსგავსება.

   ერთი სიტყვით, მოდერნისტი იძულებულია ითამაშოს მართლმორწმუნე ადამიანის როლი. ამ კუთხით ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან: გრძნობენ აუცილებლობას დამალონ და ამავე დროს განაცხადონ თავიანთი სწავლება. ერთი მხრივ, მათ უნდა შენიღბონ თავიანთი ცრუსწავლება, ეკლესიის კანონებით რომ არ ამხილონ. ამავე დროს, მათ ამოძრავებთ სურვილი საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები. ე.ი. ერთი მხრივ, მოდერნისტები არიან მატყუარები, რაკი თავი მოაქვთ იმად, რაც არ არიან - მართლმადიდებლები. მეორე მხრივ, ისინი სიცრუის მასწავლებლებად გვევლინებიან.

   ნათელია, რომ მოდერნიზმს, როგორც ნებისმიერ იდეოლოგიას, აქვს ორი მხარე. ის ვალდებულებას გრძნობს იქადაგოს ურწმუნოება და, ამავე დროს, შენიღბოს, დამალოს ის.

  მოდერნიზმი ცდილობს აამოს თანამედროვე ადამიანს და მოასმენინოს ის, რაც მას სურს მოისმინოს: რომ ცოდვა ნორმალური მოვლენაა, რომ მის გამო არ დაისჯება და ა.შ. ამავდროულად მოდერნისტების ამოცანაა მართლმადიდებლებს დაუმალონ ის, რისი მოსმენაც არ სურთ.

   საამისოდ ისინი არა მარტო უარყოფენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, არამედ მის სანაცვლოდ ქმნიან თავიანთ კვაზირელიგიას.

  ჩვენი მხრივ უნდა შევამზადოთ მართლმადიდებლური სტრატეგია მათი სწავლების სამხილებლად და გასაბათილებლად.

   მოდერნისტების მხილებას გარკვეულწილად ართულებს ის ვითარება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები იძულებულნი ვართ ცრუსწავლებაში ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც გარეგნულად ეკლესიის წიაღში არიან, უფრო მეტიც: ხშირად სასულიერო პირების სახით გვევლინებიან და ღვთის სახელით საუბრობენ. ისინი ერთგვარი უფლებამოსილებით, არა როგორც სწავლება, არამედ როგორც რეალობა, ითხოვენ თავიანთ ადგილს ეკლესიაში. ამისი გაბათილება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს განსაკუთრებით ღვთისმეტყველთა მხრიდან.

   სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლმადიდებელი მოხიბლულია მოდერნისტი ავტორების წიგნებით, ინტელექტით, "ცოცხალი" ღვთისმეტყველებითა და ქადაგებით. ის დუმილით ხვდება მოდერნისტების ცრუსწავლებას, რითაც პარადოქსულ მდგომარეობაში ვარდება. ისინი ამბობენ: ჩვენ არ ვურიგდებით სიცრუეს, ამიტომ არ გვსურს დავინახოთ ის მათ თხზულებებში და არ ვამხელთ მას ყველას წინაშე.

   ამიტომაც მოდერნისტებს, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავუჯეროთ, არ მივიღოთ მათი განმარტებები, შეფასებები; თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს მხოლოდ ცრუსწავლების უარსაყოფი ქმედებებია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მოდერნიზმის კონკრეტულ გამოვლინებებს, რათა კონკრეტულ მოდერნისტებს არ მიეცეთ შესაძლებლობა თანამედროვე საზოგადოებასა და ეკლესიას თავს მოახვიონ დიდი სიცრუე.

   წინამდებარე ნაშრომით ვეცდებით გარკვეულწილად მაინც გავიცნოთ გამოჩენილი მოდერნისტების მსოფლმხედველობა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით: გვსურს გავაბათილოთ მათ სახელებთან ასოცირებული მითი "დიდი ღვთისმეტყველებისა". ბოლო წლებში ეს მითი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს მოეფინა. ფაქტია, რომ მათი სწავლებით საკმაოდ პროფესიულად და მიზანსწრაფულად უტევენ ეკლესიას და ნამდვილად ბევრი მცდარი სწავლება, მცდარი სიახლე იჭრება ბოლო საუკუნეების ღვთისმეტყველებაში.

   მდგომარეობა მართლაც სავალალოა: მართლმადიდებელი სასულიერო პირები, თან დიდი ინტელექტუალები და "დიდი ღვთისმეტყველები" უჭირველად შეურაცხყოფენ დედაეკლესიას, ამავე დროს, რჩებიან მის გამოჩენილ ღვთისმეტყველებად. პარადოქსია! დიდი ხანი დადგა დრო გაბათილდეს მათი დიდი ღვთისმეტყველების მითი.

 

 

Антимодернизм. ру. Р. Вершило 

Мировозрение Протоиерея А. Шмемана. 

 

                  დეკანოზი კონსტანტინე (ჯინჭარაძე) 


უკან დაბრუნება