მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანული ოჯახი და თანამედროვე ფემინისტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ქრისტიანული ოჯახი და თანამედროვე ფემინისტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-05-2019, 00:02

ქრისტიანული ოჯახი და თანამედროვე ფემინისტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   დღევანდელ ყოფაში ხშირად შევხვდებით ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ უკმაყოფილებას შემდეგი სიტყვებით გამოთქვამენ: ორი წელი ვიჯექი შინ, ბავშვს ვზრდიდი, სამსახურში არ გავსულვარ, ისე მრცხვენია!.. ეს სიტყვები ზუსტად ასახავს თანამედროვე ცხოვრებაში გამეფებულ სულისკვეთებას. დედობა უკვე აღარ აღიქმება ქალის უპირველეს მოვალეობად. ქალი მიილტვის წარმატებისკენ ბიზნესში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში... რასაკვრიველია, ასეთი ცვლილებები არ შეიძლება არ აწუხებდეთ მამაკაცებს, ოჯახსა და საერთოდ, საზოგადოებას?!

  ჩვენთვის ცნობილ კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია. აქ მამაკაცს წამყვანი ადგილი უკავია ოჯახსა და სახელმწიფოში და რაც შეეხება მატრიარქატს, როგორ საზოგადოებრივ წყობას, სადაც წამყვან როლს დედაკაცი იკავებს დღევანდელ მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ის ნამდვილი ანაქრონიზმია.

  ბიბლიური ტექსტი ამბობს: ,,არ ვარგა ადამიანის მარტოდ ყოფნა, გავუჩენ შემწეს, მის შესაფერისს” (დაბ.2.18). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ევა ღმერთმა შემწედ ადამისა შექმნა, გარკვეული ძალუაფლება ადამის სიტყვებში ჟღერს: ,,ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული” (დაბ. 2.23).

   ნორმალური, ჰარმონიული ურთიერთობა, რომელიც ცოდვით დაცემამდე არსებობდა, შემდგომში დაირღვა. პირველქმნილი ცოდვის მერე მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობა იცვლება და მამაკაცი იძენს ლიდერის პოზიციას, ძველ აღთქმაში ქალი პრაქტიკულად გამოირიცხება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და ყველაფერში მამაკაცს ემორჩილება.

  ძველ, წარმართულ აღმოსავლეთში ოჯახური კანონები საკმაოდ მკაცრი იყო. ერთ-ერთი კანონის თანახმად, ძველ ასურეთში მამაკაცს უფლება ჰქონდა ეცემა მეუღლე ურჩობის შემთხვევაში, თმები მოეჭრა მისთვის, ყურები მოეკვეთა, მონის ბეჭედი ამოეწვა შუბლზე ან გაეგდო სახლიდან. ძველი ბაბილონური კანონის მიხედვით კი ქალი ფაქტიურად კაცის კუთვნილება იყო და ქმრის გარდაცვალების შემთხვევაშიც კი მისი ერთგული უნდა დარჩენილიყო. რომის იმ-პერიაში ქალის მხრიდან ღალატი სიკვდილით ისჯებოდა, კაცს კი ეს დანაშაულად არ ეთვლებოდა.

   უნდა ითქვას საპირისპიროც. ძველ ბერძნულ და რომაულ ცივი-ლიზაციებში ქალი თაყვანისცემის საგანი იყო, ქალები სილამაზის ეტალონი, მამაკაცის მასულდგმულებელი და ძლიერ ზეგავლენას ახდენენ მამაკაცის ქცევაზე.

  ქრისტიანული ეპოქის დადგომისთანავე მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობა ძირფესვიანად შეიცვალა. მოციქული ბრძანებს: ,,არა არს ჰურიაება, არცა წარმართობა, არცა მონობა, არცა აზნაურება: არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ”. (გალ.3.28). პრინციპულად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ აქ არ არის ზიზღი სქესისა და მეუღლეობრივი კავშირისადმი, არამედ ხაზგასმულია ადამიანის პიროვნული ფასეულობა და სქესთა თანაბარი მნიშვნელობა ღვთის წინაშე.

  ქრისტიანობამ პირველმა შეხედა დედაკაცს, როგორც ადამიანს. დაინახა მასში დამოუკიდებული პიროვნება, არა თანაბარი მამაკაცისა, მაგრამ არა ნაკლებ ფასეული ღვთისათვის, ვიდრე მამაკაცი. ქრისტიანობაში ქალი აღარ მიიჩნევა ბოროტ, უწმინდურ და უსულო არსებად, ნივთად.

   სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე უქადაგებდა, როგორც მამაკაცებს, ისე დედკაცებსაც. სწორედ დედები მიჰყვებოდნენ ქრისტეს გოლგოთაზე მაშინ, როდესაც მოციქულები იმალებოდნენ. სწორედ მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადა პირველად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.

   სწორედ ქრისტიანობამ, პირველმა კაცობრიობის ისტორიაში, დაადგინა წესად, რომ მეუღლეობრივი ღალატი მამაკაცის მხრიდანაც ისევე დაუშვებელია, როგორც დედაკაცის. საერთოდ ქრისტიანობამ ქორწინებას ჯვრისწერის საიდუმლო უწოდა. მეუღლეების სიყვარული კი ქრისტესა და ეკლესიის სიყვარულითანაა შედარებული: ,,ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი ვითარცა ქრსიტემან შეიყვარა ეკლესია”. (ეფ.5,25). წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: როგორ შეიყვარა ქრისტემ ეკლესია?- ,,თავი თვისი მისცა მისთვის” (ეფ 5.26).

   ამიტომ სიკვდილიც რომ მოგიხდეს ცოლის გულისათვის, უკან ნუ დაიხევ... არა მხოლოდ ამისთვის გვმართებს მეუღლის სიყვარული, არამედ უფლის მიერ მოცემული კანონის გამოც: ,,ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედაჲ თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც" (შეს 2.24). წმ. პავლე მოციქულიც იგივე კანონს გვაძლევს და უმატებს: ,,საიდუმლო ესე დიდ არს".(ეფ 5.32). იკითხავთ, რატომ არის საიდუმლო დიდი? იმიტომ რომ ქალწული, რომელიც სახლს არ გაშორებია და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველივე დღიდან შეიყვარებს მას, ასევე ქმარიც - ვინც არასოდეს უნახავს, ვისთანაც არასოდეს უსაუბრია, ის მისთვის, პი-რველივე დღიდან, მეგობრებზე ნათესავებზე, თვით მშობლებზე აღმატებული ხდება”.[1]

   ქრისტიანული სიყვარული იერარქიული პრინციპის გათვალისწინებასაც გულისხმობს. მოციქულთა დადგენილებებში ვკითხულობთ: ,,ცოლი დაე ემორჩილებოდეს თავის ქმარს, ვინაიდან ცოლის თავი ქმარია, ხოლო ქმრის თავი-ქრისტე”.

  მაგრამ ამ მორჩილებას ნებაყოფლობითი ხასიათი გააჩნია: ,,დაე თუ სურს, რათა სათნო ეყოს ღმერთს".[2]

  აქ მეუღლეობრივი ვალდებულება პირად რელიგიურ შეგნებაზეა აგებული: უმაღლეს კრიტერიუმად საღმრთო ნება და კანონია მიჩ-ნეული, მაგრამ, ამავე დროს, არ ართმევს ცოლს თავისუფალ ნებას. დროთა განმავლობაში ქრისტიანული ოჯახები კარგავს პირვანდელ სახეს.

  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი ამჩნევდა ქართველი ქალის ცუდ ზნე-ჩვეულებებს: ოჯახური სიყვარულის უგულებელყოფას, სიზარმაცეს, თვალთმაქცობას, თავის გამოჩენის წადილს და ა.შ. ამის გამო ხარების დღესასწაულთან დაკავშირებული ქადაგებები წმინდანმა თითქმის მთლიანად ქალის თემას დაუთმო. გავიხსენოთ რამდენიმე ფრაგმენტი: ,,დანიშნულება ქალისა, რომელიც მას ღმერთმა მისცა, კეთილად სრულდებოდა ძველებურად მცხოვრებ ოჯახში. პირვე-ლად უნდა ავღნიშნოთ საკვირველი სიყვარული და ერთგულება ცოლისა ქმრისადმი, რომელიც ადრინდელ ოჯახებში სუფევდა. უმეტესად ის იყო საქმეები და საკვირველი, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ქმარი, ღირსეული თუ უღირსი, კარგი თუ ცუდი, მაინც უყვარდა იგი ცოლს. დღეს ხშირად გვესმის ბევრი ,,განათლებული” და ,,განსწავლული” ქალი ხშირად შეურაცხყოფს, ქმარს, მოიშლის ერთგულებას...

  ქრისტიანო ქალო! შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა და შენს ღირსეულობასა შინა დიდისა და პატიოსნისა და მოვალეობისა შენისა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილზნეობის განმავრცელებელისა, ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი და ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ამაოთა შინა სამკაულთა”...[3]

   იმავე სენის გამრავლებას ქართველებში წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) შენიშნავს:

   "ახალმოდის ცოლებს რა ნიადაგი ექნება ოჯახის საქმეში?

   იმ ოჯახში, სადაც სიკვდილამდე დარჩენის აღთქმა ზღვაში გადაუგდია და სახლის კარებზე წაუწერია: თავისუფალი ხარ, სინდისმა თუ გირჩიოს, სხვასთან იხარე! მერე როგორია დროის სინდისი? ჩვენი დროის? სინდისზე საქმის მინდობა მაშინ ღირს, როცა ღმერთი მართავს სინდისს და მასზედაა დამოკიდებული ადამიანის ცხონება ან წარწყმედა. ღმერთზე ასეთი მინდობის შემთხვევაში იგივე ღვთიური სჯულია სინდისი. ასეთი სინდისი განა იპოვება ახალმოდის ახალგაზრდა ცოლ-ქმრებში, რომელთა სინდისს ღმერთთან არ აქვს დამოკიდებულება და არც ღმერთი მართავს მათ, არამედ პირუტყვული თავისუფლება წყალწაღებულად ამეფებს მათ? მეფობს მათში? დაუკვირვებლად თუ მივიღებთ, ,,ყოველივე ჯერ არს ჩვენდა”, მაგრამ როცა დაუკვირდებით, ,,არა ყოველივე უმჯობეს არს”. ჯერ ერთი ახალგაზრდობა... მერე ასეთი თავისუფლება... და ამის შემდეგ ოჯახის ერთგული დედობა განა მოეთხოვება გულმფრინავ ახალგაზრდა სასძლოებს?! განა იკადრებენ და მოიცლიან შვილების აღზრდის და ოჯახის ტვირთვის თავისდებას? არა, წუთიერი სიამოვნების მიმდევარი ერთგული ოჯახის წევრობას ვერ გასწევს და ამგვარად შვილების უყვარული და ოჯახობათა წმინდა კრებულობის დამრღვევი ადამიანები კიდევაც ოცნებობენ, ზოგად პანსიონში ბავშვთა აღზრდაზე”.[4]

   ზემოაღნიშნულ სულისკვეთებას მოჰყვა ის, რომ ქალი ვეღარ პოულობს საკუთარ თავს ოჯახში და ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეძიოს ადგილი მამაკაცებთან. გათანასწორუფლებიანო-ბის მოთხოვნას ემანსიპაცია ეწოდება. ხოლო ამ სულისკვეთების ქალბატონებს - ფემინისტები.

   ფემინიზმის სენმა XVIII-ის ბოლოს იჩინა თავი, ხოლო XIX-ის დასაწყისში ემანსიპაციის მიმდევარითა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები რომ მიიღეს, რისთვისაც უშუალოდ იბრძოდნენ, ფემინისტები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ, თანამედროვე ფემინისტების აზრით, მამაკაცი გამუდმებით უნდა განიცდიდეს სინდისის ქენჯნას წინაპრების უმსგავსო ქმედებების გამო. მეტიც, ხდება ფემინისტური, მამაკაცისაგან დამოუკიდებელი ცხოვრების წესის არსებობისაგან.

  ფემინისტებს ავიწყდებათ, რომ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში, მართალია, იძენენ ისინი ახალ უფლებებს, მაგრამ კარგავენ ჩვეულ სინაზეს, სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, ცხოვრების წესით ემსგავსებიან მამაკაცს.

   ქალის ახალ ამპლუას დღევანდელ მამაკაცთა უმრავლესობა ძნელად ეგუება. არის ამ გულისტკივილში სიმართლე: ემანსიპაციის პროცესმა დაარღვია ოჯახის სიმყუდროვე, რომლის ძირითადი მასულდგმულებელი დედაა.

  ამ პროცესმა გამოიწვია აგრეთვე ,,ახალი მოდის ქალბატონების” მომრავლება, ისინი, ვინც ოჯახურ იდილიას მოკლებულნი არიან ყოველმხრივ, პრესითა თუ რადიო-ტელევიზიით ქადაგებდნენ თავიანთი ცხოვრების ,,მოდურ, ახალ სტილს".

   ძველი სამყაროს საპირისპირო უკიდურესობამ სინამდვილეში თავის ფუნქციას ავიწყებს ქალს და უფრო მეტად ვნებს მას სრულყოფილ პიროვნებად ჩამოაყალიბების თვალსაზრისით.

   ემანსიპაციის მიმდევრები მოუწოდებენ ქალებს საბოლოოდ "განთავისუფლდნენ მამაკაცის დიქტატისაგან”. ამ მოდელის ფარგლებში შეუძლებელია ნორმალური ოჯახის ფუნქციონირება, რადგანაც „თანაბარუფლებობა" იმთავითვე იღებს „თანაბარუპასუხისმგებლობის" სახეს. თანაბარი უფლებებით შეუძლებელია ააგო ოჯახური ურთიერთობა, ის მოითხოვს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას, სიყვარულსა და ზრუნვას.

  ერთი სიტყვით, დღევანდელი ფემინისტები იბრძვიან არა მარტო თანაბარუფლებიანობისათვის არამედ მამაკაცური ფუნქციების შესრულებისთვისაც. მათი სანუკვარი იდილია ბიზნესში წარმატება, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება, ხელისუფლებაში თავბრუდამხვევი კარიერა და ა.შ.

 "ქალების განმანთავისუფლებლები" იმასაც შთაგვაგონებენ, რომ ბავშვების აღზრდა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

  ამრიგად, საბრალო ქალებს ორ ფრონტზე უწევთ გარჯა, როგორც შვილების გამზრდელებს და როგორ საზოგადოებრივ მუშაკებს.

   რას მოუტანს ეს „თავისუფლება" ქრისტიანულ ოჯახს?!




[1]წმ. იოანე ოქროპირი. რჩევა დაქორწინების მსურველებს. გვ. 89.

[2]იქვე გვ. 90.

[3] წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი. ქადაგებანი ხარების დღესასწაულზე.

[4] წმ. ალექსი ბერი (შუშანია). მოძღვრებანი. გვ. 197.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება