მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


31-03-2019, 00:02

ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   არიოზული ერესი, როგორც მოგახსენეთ, გნოსტიკური და ებიონელური მწვალებლობების შედეგი იყო. მან კი, თავის მხრივ, სხვა მწვალებლურ ხედვებს მისცა გასაქანი.

   მამათა აზრით, ქალკედონის მსოფლიო კრებამ, მისმა დოგმატებმა მკაფიოდ გამოხატა ქრისტეში ორი ბუნების მყოფობის საიდუმლო. ამით ერთი მხრივ, პასუხი გაეცა მათ, რომლებიც ცდილობდნენ განკაცების რაციონალისტურ ახსნას ისე, რომ დაეკნინებინათ ქრისტეს ორი ბუნებიდან ხან ღვთაებრივი, ხან კაცობრივი ბუნება. ამ მცდელობათა ფონზე წარმოჩნდა ძველი ქრისტიანობის ორი მოწინააღმდეგე საღვთისმეტყველო შეხედულება: ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა.

   ნესტორის ერესმა მაშინ იჩინა თავი, როდესაც მან უარი თქვა ყოვლადწმიდა ქალწულისთვის ღვთისმშობელი ეწოდებინა და ამჯობინა ამ ტერმინის ნაცვლად ეხმარა ტერმინი „ქრისტესმშობელი". ამ დოგმატურმა ცდომილებამ აღაშფოთა მორწმუნე ერი და მთლიანად ეკლესია. ნესტორის გაგებით, ქრისტეს მხოლოდ ადამიანური პიროვნება იშვა ქალწულისაგან და ამიტომაც იგი იყო დედა ქრისტესი და არა დედა ღვთისა. ორივე ძე - ძე ღვთისა და ძე კაცისა ქრისტეში შეერთებულია, მაგრამ ისინი არ არიან „ერთი".1 ნესტორის აზრით, ყოვლადწმიდა მარიამისაგან იშვა არა თვითონ ღმერთი, არამედ სამოსელი, რომელსაც ძე ღმერთი უნდა შეემოსა, იგივე ტაძარი, რომელშიც ძე ღმრთისა უნდა დამკვიდრებულიყო, შესაბამისად ყოვლადწმიდა ქალწულიც ქრისტეს მშობელი იყო და არა ღვთისმშობელი".2

   ამ მწვალებლობის მთავარი არსი იესო ქრისტეს, როგორც კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელის, უარყოფაშია, რადგანაც ამგვარი სწავლებით ჯვარზე არა ღმერთკაცი, არამედ მხოლოდ ადამიანი იყო.

   მაგრამ თუ ქრისტეში არ არის პიროვნების ერთობა, მაშინ არ არსებობს ადამიანის ღმერთთან შეერთების შესაძლებლობაც, - ამბობს ვლ. ლოსკი, - მთელი მოძღვრება ცხონებაზე კარგავს განშორებულნი ვართ ღმერთს, განღმრთობა ჩვენთვის დახშულია, ქრისტე მხოლოდ დიდი მაგალითია, ხოლო ქრისტიანობა უთანაბრდება ზნეობრივ მოძღვრებას, ქრისტეს მიბაძვას".3

   საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ეს მწვალებლური სწავლება მაცხოვრის ღმერთკაცობრივ ბუნებას აკნინებს და მკაფიოდ ანვითარებს შემდეგ აზრს: ადამიანი ღმერთის გარეშე, საკუთარი ძალისხმევით ცდილობს „განღმრთობას", ვინაიდან ქრისტეს წაართვეს კაცობრიობის გამოსყიდვის უფლება.

   ნესტორიანელობისადმი შეურიგებელმა დამოკიდებულებამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ეკლესიის წევრი მეორე უკიდურესობაში ჩააგდო და ახალ ერესს ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ: ქრისტეში ერთი ბუნებაა, ესაა ღვთაებრივი; აქედანაა ამ ერესის სახელწოდებაც - მონოფიზიტობა. მონოფიზიტები არ უარყოფდნენ ქრისტეში კაცობრივს, როგორც ასეთს, მაგრამ იგი მათ მიაჩნდათ ღვთაებრიობაში ჩაძირული ისევე, ვით წვეთი ოკეანეში. კაცობრივი ბუნება განზავდება ღვთაებრივში, ანდა ორთქლდება მასთან შეხებისას, როგორც გავარვარებულ ნახშირზე დასხმული წყლის წვეთი.4

   მონოფიზიტური მწვალებლობის ძირითადი ცდომილებები წმ. მაქსიმე ბერძენის აზრით შემდეგში მდგომარეობს:

   „პირველი და უბოროტესი მათი ზრახვა ის არის, რომ ღმერთი სიტყვის მაცხოვნებელი წამებისას, მათი აზრით, უვნებელი ღვთაებაც ისევე მოკვდა, როგორც კაცთა ნათესავი; მეორე მათი უმთავრესი მწვალებლობა ბრძანებს, რომ განკაცებულმა ღვთის სიტყვამ, ზეცად ამაღლების შემდგომ, განიძარცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყოვლადწმიდა სისხლით მიღებული სხეული; ხოლო მესამე მათი უმთავრესი მწვალებლობა ის არის, რომ არასწორადაა აღრეული ქრისტეში შეურევნელად შეერთებული ორი ბუნება - კაცობრივი და ღვთაებრივი, რომლებიც, ვითომდაც, ერთ ბუნებად იქცა".5

   მონოფიზიტობის შიგნით მრავალი ცრუ ხედვა არსებობს. ყველა მათგან ერთი საერთო გააჩნია: ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, მაგრამ არა ჭეშმარიტი კაცი; საბოლოოდ, ადამიანური ქრისტეში მხოლოდ მოჩვენებითია.

   წმ. მაქსიმე ბერძენის ლოგიკურ მსჯელობას რომ გავყვეთ, გამოდის: „უკუეთუ უვნებელი და არა ქმნილი მისი ღვთაება, როგორც ისინი ამბობენ, სიკვდილს მიეცემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისი წმიდა სულიც, ვითარცა ხორცთან ერთად შობილი, მის ღვთაებრიობასთან ერთად მოკვდა, და, უკეთუ ვაღიარებთ, რომ ეს ასეა, მაშინ როგორღა ვიტყვით, რომ იგი შთახდა ჯოჯოხეთს და ბჭენი რვალისანი შემუსრნა და აღმოიყვანა საუკუნითგან იქ მყოფი მართალი სულები?".6

   აქაც, ნესტორიანელობის მსგავსად ქრისტეს (ამჯერად კაცობრივი) ბუნების დაკნინებით კაცობრიობის გამოსყიდვა შეუძლებელი ხდება. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ადამიანურ ზრახვასთან, რამენაირად ღმერთი განაშორონ ადამიანისაგან. თუ ქრისტე მხოლოდ ღმერთია და არა კაციც, მაშინ არ ყოფილა ქრისტეს განკაცებაც აუცილებელი. საქმე ისაა, რომ ადამიანის დაცემის შემდეგ, ცოდვამ დაანგრია თავდაპირველი გეგმა - ადამიანის პირდაპირი და უშუალო აღსვლა ღმერთთან. ვლ. ლოსკის თქმით, „კოსმოსში გაჩნდა კატასტროფული ნარღვევი; ამ ჭრილობას მკურნალობა სჭირდება".ამიტომ კაცობრიობის გამოსყიდვა მხოლოდ ღმერთის განკაცებით იყო შესაძლებელი, ვინაიდან საკუთარი თავის ხსნა თვით ადამიანს არ შეუძლია. ანუ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის შემდგომ ადამიანს ობიექტურად აღარ შეუძლია თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა - განღმრთოება, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის „გაღმერთება".

   ნესტორიანობაც და მონოფიზიტობაც ეკლესიაში გამოვლენილი ის ორი ერესია, რომლებიც განუწყვეტლივ ებრძვიან მართლმადიდებლობას. ერთი მხრივ, ან ნიადაგზე აღმოცენდა დასავლეთის ჰუმანისტური კულტურა, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის საფუძვლებზე აყვავებული ცრუ იდეოლოგიები, მეორე მხრივ კი ესაა ძველი აღმოსავლეთის კულტების აღორძინება, ადამიანის თვითჩაღრმავება, მისი აბსოლუტით, რომელშიც ყოველივე განქარდება. ერთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ „მე"-ში იკეტება და საკუთარ თავს „აღმერთებს", მეორე შემთხვევაში იგი შთაინთქმება ღვთაებრივის მიერ.

   ამ ორ საპირისპიროს - ნესტორიანელობისა და მონოფიზიტობის საცთურს ქალკედონის დოგმატი ზუსტად განსაზღვრავს. იგი განსაზღვრავს ქრისტეს - ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცის ბუნებას, ამ ორი ფენომენის ერთიანობის საიდუმლოს განცალკევებისა და შთანთქმის გარეშე:

   „მაშასადამე, წმ. მამათა კვალდაკვალ ყველა თანხმობით ვქადაგებთ და ვაღიარებთ ერთსა და იმავე ძეს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, სრულყოფილს ღვთაებრიობით, სრულყოფილს კაცობრიობით, ჭეშმარიტ ღმერთს, ერთსა და იმავე ჭეშმარიტ კაცს, გონიერი სულითა და სხეულით, თანაარსს მამისა ღვთაებრიობით და ჩვენს თანაარსს კაცობრივი ბუნებით, გარდა ცოდვისა, ყველაფრით ჩვენს მსგავსად, უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრიობით შობილს, ხოლო უკანასკნელ დღეს ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის განკაცებულს ღვთისმშობელი ქალწული მარიამისაგან კაცობრივი ბუნებით, ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს უფლისას მხოლოდშობილს, ორი ბუნების მქონეს შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფლად, განუყრელად, შესამეცნებელს, ისე რომ შეერთებით არაფრით არ ირღვევა ორი ბუნების სხვაობა, არამედ მით უმეტეს ნარჩუნდება თითოეული ბუნების თვისება და შეერთდებიან ერთ პიროვნებაში, ერთ ჰიპოსტასში, - არა ორ პიროვნებად გაყოფილად და დანაწვრებულად, არამედ მხოლოდშობილს ერთსა და იმავე ძეს, სიტყვა ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს".8

   დავასკვნით: ღმერთკაც იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა, ჩვენი ცოდვების გამო რომ გახდა აუცილებელი, არის ერთადერთი ჭეშმარიტი მიზნის - განღმრთობის და არა „გაღმერთების" მიღწევის საშუალება.

 

 

 

 


1დოგმატური ღვთისმეტყველება. ვლ.ლოსკი თბ. 2007. გვ. 98.

2ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. გვ.კოპლატაძე. გვ. 403.

3დოგმატური ღვთისმეტყველება. ვლ.ლოსკი თბ. 2007. გვ. 98.

4იქვე გვ. 100.

5Плоды Экуменического древа. Т 32. Св. Максим Грек. გვ. 234.

6იქვე გვ. 235.

7იქვე გვ. 119.

8დოგმატური ღვთისმეტყველება. ვლ.ლოსკი თბ. 2007. გვ. 101.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება