მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "მარადიული ტანჯვის რაობისთვის" - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

"მარადიული ტანჯვის რაობისთვის" - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


14-11-2023, 15:07

"მარადიული ტანჯვის რაობისთვის" - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკუმენისტ-ორიგენისტები ამბობენ: „ღმერთი არ შეიძლება მარად ტანჯავდეს". ასეთი აზრი უფრო სამოქალაქო-სამართლებრივი დამოკიდებულების ნაყოფია, ვიდრე მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის. ცოდვილების მარადიული სატანჯველი ღვთის რისხვის მანიშნებელი კი არ არის, არამედ ცოდვის შედეგი. ადამიანის თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მის საბოლოო ხვედრს. ცოდვის ჩადენით ირღვევა ღვთის მიერ დადგენილი ცხოვრების ნორმები; შედეგად ადამიანი საკუთარ თავში წარმოშობს ან ტანჯვას და საბოლოოდაც მას იმკის.

   „ჯოჯოხეთი ტრაგიკული რეალობაა, რომელშიც აღმოჩნდებიან უწმინდური და უნანელი ცოდვილები. ისინი უარყოფენ მაცხოვარს და არ ღებულობენ მისგან ცხონებისა და გამოსყიდვის ნიჭს", - ამბობს ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველი ნ.საკოსი. საკითხის აქტუალურობის გამო გვინდა განვაგრძოთ ციტატა: „ის აზრი, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც ითხოვს ცოდვილების დასჯას, არ არსებობს, ვერ პოულობს დასაყრდენს წმიდა წერილში. ბიბლიის თანახმად, ჯოჯოხეთი არ არის ქმნილება ღვთისა, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ნათელის და არა ბნელის შექმნაზე, ვინაიდან სიბნელეს არა აქვს არსი, ის სინათლის ნაკლებობაა. ასევე ადგილს, სადაც არ არის ღვთის მადლი, სადაც არ მკვიდრობს ღმერთი, ეწოდება ჯოჯოხეთი.

   ასე რომ, ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი. მით უფრო ვერ ვიტყვით იმას, რომ მან ჯოჯოხეთი ადამიანებისთვის შექმნა. ჯოჯოხეთი თავისთვის ამოირჩია ეშმაკმა, როდესაც დაეცა, ღმერთს წინ აღუდგა და ანგელოზისაგან ბოროტ სულად გადაიქცა. ჯოჯოხეთის არსებობა არის ღვთისგან ეშმაკის განშორების შემდეგ-ადამიანები ეშმაკს რომ ბაძავენ და ემსგავსებიან, აი ასეთი ცხოვრების წესის შედეგი. ამიტომ ბრძანებს მაცხოვარი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის". (მათ. 25.41). ადამიანებმა, რომლებმაც ღმერთთან კავშირი გაწყვიტეს და ეშმაკს შეეკრნენ, თავად გაწირეს თავი ჯოჯოხეთისთვის. ღმერთს ისინი სამოთხეში რომ დაეტოვებინა, ეს უფრო მტანჯველი იქნებოდა მათთვის, ვინაიდან ღმერთს მოშორებულნი ვერ უძლებენ ღვთის სიახლოვეს"1.

   კიდევ უფრო მეტი ნათელი რომ მოვფინოთ საკითხს, უფრო საფუძვლიანად რომ ამოვწუროთ თემა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ნაშრომს დავესესხებით და მის ძირითად შინაარსს შემოგთავაზებთ.

   ქრისტეს ეკლესიის მოძღვრების თანახმად, მარადიული ტანჯვის ერთადერთი მიზეზი ცოდვით დაცემული გონიერი არსების (დაცემული ანგელოზის ან ცოდვილი ადამიანის) ბუნებაში ჩადებული ვნებებია. ხოლო ვნებისკენ სწრაფვისაგან განუკურნებელი, მარადისობაში გადასული ადამიანი, თავისივე ნებით, საბოლოო და კატეგორიულ უარს აცხადებს ღვთაებრივ დიდებასა და ნეტარებაში მონაწილეობაზე, რადგან სამუდამოდ შესძულებია იგი.

   ადამიანი ხატია ღვთისა, ხოლო მისი არსებობის მიზანი მარადიული ნეტარებაა, რომელიც მხოლოდ ღმერთთან თანაზიარობით მიიღწევა. თუკი ადამიანმა საკუთარი ნება-სურვილით უარყო და შეიძულა ღმერთი და მისი სიწმინდე, ნუთუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი თავის თავში არსებულ ღვთის ხატებასა და მსგავსებასაც უარყოფს და იმ სიწმინდეს გაურბის, რომლითაც შემოქმედმა თავის ხატად ქმნილი არსება „შემოსა" შესაქმისას?!

   ადამიანის შინაგანი მდგომარეობა მის ქცევაში წარმოჩნდება. თუ ცოდვიანი გრძნობები ადამიანს თავის არსებაში არ ჩაუკლავს, არ მოუნანიებია და არც სურს ისწრაფვოს ღვთისკენ, ესეც თავის ასახვას ჰპოვებს მის ყველა ქმედებაში.

   თუკი მცნებების დაცვით ღვთისკენ სწრაფვა ღვთის ხატებას აღადგენს ჩვენს არსებაში, ღვთისაკენ არსწრაფვა იმ ხატების „ნარჩენებსაც" გაანადგურებს, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენია ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნებას. „რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი და შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (ლუკ. 2.23).

   ასე რომ, არ შეიძლება კაცი სიკეთისაკენ არ ისწრაფვოდეს და მისი ამგვარი შინაგანი მდგომარეობა არა ბოროტებად, არამედ რაღაც „ნეიტრალურ" ვითარებად შეირაცხოს. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ვინც არ მიილტვის შემოქმედისაკენ, იგი უმადურობას გამოხატავს სიცოცხლისა და ყოველი სიკეთის მომცემელის მიმართ.

   ვისი ბუნებაც ავადმყოფობითაა შეპყრობილი, მას ტანჯვა და წუხილი ბუნებრივ მდგომარეობად ექცევა. მაგრამ თუ ასეთმა ავადმყოფობამ განუკურნებელი სახე მიიღო, მაშინ ტანჯვა მარადიულ და განუკურნებელ ხვედრად მოევლინება მოუნანიებელ ცოდვილ სულს.

   ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ბოროტებას არსი არ გააჩნია, ანუ - იგი არ შეუქმნია უფალ ღმერთს. ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა. რაჟამს ღვთის მიერ ქმნილი, თავისუფალი ნების გონიერი არსება, თავისი ნებით, თავის თავს მოაკლებს იმ სიკეთეს, სიწმინდესა და სახიერებას, რაც ღვთისაგან აქვს მიღებული, მისი ასეთი ქმედება შეირაცხება ბოროტებად.

   რადგან ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, მაშინ სიბილწე (როგორც ბოროტების ერთი კონკრეტული გამოვლინება) სიწმინდის, ხოლო სიძულვილი სიყვარულის (როგორც უმაღლესი სიკეთის) ნაკლებობადაა მიჩნეული. უწყვეტად განვითარებული დაუოკებელი სიძულვილი კი, ადამიანის არსებიდან საბოლოოდ აღმოფხვრის სიყვარულის ყოველგვარ ნიშანწყალს.

   მოუნანიებელ ცოდვილს ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სძულს ღმერთი და თუ ამ სიძულვილს სიტყვით არ გამოხატავს საქმენი და შემოქმედისაკენ არსწრაფვა ამხელს მის გულისთქმას.

   ამდენად, ცხადი ხდება, რომ შეუნანიებელი, მარადიულობაში გადასული სული იმქვეყნად, ღვთის „ქმნილ საწამებლებში" კი არ იტანჯება, არამედ თავისი ნებით. მას უგულისხმობითა და ბოროტმეცადინეობით შერყვნილი, ვნებათა ლაფში ამოსვრილი, გადაგვარებული, ბუნება ტანჯავს.

   თუკი დედამიწაზე ყოფნის დროს, ცოდვების შედეგად ხრწნადი სხეულიც განიცდიდა შეჭირვებას, დაუოკებელი ვნებები მარადიულობაში ცოდვილს მხოლოდღა სულს გაიხდიან მომეტებული წამების ერთადერთ საგნად.

   ასევე: რაჟამს ადამიანი თავისი ნება-სურვილით იმდენად ჩაეფლობა ცოდვებში, რომ ღვთის ხატებას მთლიანად წაშლის საკუთარ არსებაში, მისი განკურნების შესაძლებლობა პრინციპულად შეუძლებელი ხდება, ვინაიდან-სიძულვილითა და მოუდრეკელი ამპარტავნობით სრულად გამსჭვალულს, თვითონ აღარ სურს ქრისტესმიერი სიმართლისა და სულიერი ჯანმრთელობის აღდგენა.

   მაშასადამე, მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან და არა საკუთარ თავში არსებულ ვნებებთან - აი, ეს არის ადამიანის მარადიული ტანჯვის ერთადერთი მიზეზი.

   მოუნანიებელმა გონიერმა სულმა, სამუდამოდ რომ უარყო ღმერთი, სულის უწყვეტი აქტივობის უნარის ძალით, ღვთისგან განრიდებასაც უწყვეტი და საუკუნო სახე მისცა; უღმერთო სული, უწყვეტლივ და სამარადისოდ, უფრო და უფრო მეტ ბოროტებაში ეფლობა. ნეტარების წყარო უფალი ღმერთია. მაშასადამე, ღვთაებრივი ნეტარების უარ-მყოფელი სული, მის საპირისპირო მდგომარეობაში მეტად და მეტად იძირება. მაგრამ რა უნდა იყოს იმაზე უფრო დიდი ტანჯვა, ვიდრე ღვთისა და მისგან მომდინარე ნეტარების საპირისპიროდ მარადიული და უწყვეტი სრბოლაა?!...

   ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნების ვნებები მისი განუყრელი თვისებები ხდება. ღვთის მოძულე, ცოდვილი სული ღვთის მადლთან შეხებით თავის არსებაში უფრო აღვივებს რისხვისა და სიძულვილის ვნებას, რაც მისი ტანჯვის გამრავლების მიზეზი ხდება. ღვთის მადლი მართლმორწმუნეს სიწმინდისა და ნეტარების მომნიჭებელ „ცეცხლად" (საქმე 2. 1-4) მოევლინება, ხოლო ცოდვილს, მისივე ვნებათა გამო, მართლმსაჯულების „ცეცხლად" ექცევა. იმქვეყნად გადასული სული ვეღარსად დაემალება სიმართლესა და სიწმინდეს, რადგან იქ ღვთის ყოვლისმომცველი მადლი ყველგან და ყოველთვის განცხადებულად ჰგიებს. ამიტომაც გარდაცვალებულ, საბოლოოდ შეუნანიებელ ცოდვილ სულს აღარსად შეუძლია მოსვენება, რამეთუ, სადაც ღმერთი სუფევს, იქ არ შეიძლება სიბილწის მეფობა.2

   ლიბერალებს არ უყვართ ჯოჯოხეთზე საუბარი, არც ჩვენ გვიყვარს, მაგრამ ეს რეალობაა. წმიდა წერილი მრავალგზის მიგვითითებს, მრავალგზის გვიდასტურებს ჯოჯოხეთის რეალობას.

   პეტრე მოციქული ამბობს: „რომელთა საშჯელი პირველთაგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულეს" (2 პეტ. 2.3). პავლე მოციქული იტყვის: „რომელთა იგი საშჯელი მოეხადოს, მომსვრელი საუკუნო, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" (2 თეს. 1.9). მათე მახარებელი „უდიდეს მწუხარებაზე" (მათ. 24.24), „მომავალ სამსჯავროზე" (მათ. 3.7), „მარადიულ სატანჯველზე" (მათ. 25.46), „მარადიულ ცეცხლზე" (მათ. 9.42) საუბრობს. საჭიროა კი მეტი ჩამონათვალი?! (გაგრძელება...)

 

 

 

 


1Рай и Ад. Н.Саккос. М. 2008. გვ. 51-52.

2თბ. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები. II. 1990 წ. თ. დედაბრიშვილი. გვ. 91-103.

 
 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება