მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ცრუ აღთქმის ქვეყანა

ცრუ აღთქმის ქვეყანა


29-12-2016, 00:07

 

   1956 წლის გაზაფხულზე პენსილ­ვანიაში, წმ. ტიხონის მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა მართლმა­დიდე­ბ­ლური ეკლესიის დიდი მოაზროვნე და სერბი ხალხის გამოჩენილი მოღ­ვაწე, ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველი­მი­როვიჩი). იგი იყო ბერნის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი "გონორის კაუზა". მისი წიგნებით, სტატიებით, ლექციებით და რაც მთავარია, მისი ცხოვრების არსით, მას შეიძლება ეწო­დოს ჩვენი დროის მოციქული.
   მეცნიერული ხარისხების მიღების შემდეგ იგი გაემგზავრა მშობლებთან, ძველი სერბეთის უბრალო ხალხთან ღვთის სიყვარულისა და ღრმა რწმენის სასწავლად.
   1909 წელს აღკვეცის შემდეგ იერომონოზონის ხარისხში რუსეთში მან თითქმის ორი წელი დაჰყო და სამუდამოდ რუსი ხალხის მეგობარი დარჩა. ეპისკოპოსობის მიღების შემდეგ ჩაიბარა სერბიის უძველესი, ოქრიდის კათედრა. მოგვიანებით იგი ჟიჩის კათედრაზე გადაიყვანეს. იქ მან აღადგინა წმ. საბას უძველესი სავანე.
   მეორე მსოფლიო ომის დროს მეუფე ნიკოლოზი სერბეთის პატრიარქ გაბრიელთან ერთად გერმანე­ლებმა დააპატიმრეს. ჯერ ვოილოვიცის მონასტერში ჩაკეტეს, ხოლო იქედან გადაიყვანეს გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკში. გათავი­სუფ­ლების შემდეგ მეუფე ნიკოლოზი ლონდონში მიიწვიეს, შემდეგ - ამერი­კაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.
   მეუფე ნიკოლოზმა სერბიაში დიდი სახალხო რელიგიური მოძ­რაობა - "ღვთისმლო­ც­ვე­­ლები" დააარ­სა, მისი განშტოე­ბები არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც იყო. ეს მოძრაობა აერთიანებდა მორწმუნეებს, ჰქონდა ტიპოგრაფია, გამოსცემდა რელიგიურ ლიტერატურას, ავრცელებდა სახარებას, ამაღლებდა ხალხის ზნეობრივ ცხოვრებას.
   გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მეუფე ნიკოლოზმა გადმომცა ხელნაწერი. ეს იყო თქმულება "ნედოდჟიის (ცრუ ართქმის ქვეყანა) ქვეყანაზე" - ქვეყანაზე, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევ.
   გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ხელნაწერიდან, სადაც ლაპარაკია მაღალი იდეალების მიერ ადამიანური მირა­ჟების დამარცხებაზე.
   "ჩვენ გვინდოდა, მაგრამ არ შეგვიძლია ჩვენი თხრობა დავიწყოთ, როგორც ძველი მემატიანეები იწყებ­დ­ნენ: "ამა და ამ წელსა საუფლოსა..." არა, წელი, როდესაც მოხდა ის, რაზედაც ჩვენ მოგითხრობთ არ იყო "საუფლო წელი", თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა იმას, რომ ღმერთი ჩვეულებისამებრ თავისი მზით ათბობდა ბოროტებსა და კეთილებს, უგზავნიდა წვიმას მართლებსა და ცოდვილებს. სხვა დანარჩენი, რომლის შესახებაც ვისაუბრებ, იყო არა ღვთიუ­რი, არამედ ადამიანური. ღმერ­თ­მა დაუშვა, ადამიანებს განეხორციელებინათ თავიანთი ცოდვილი სურვილები და არა ღვთის ნება. ბევრი დილა-საღამოს კითხულობდა "მამაო ჩვენოს", ეუბნებოდა ღმერთს: "იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა (ანგელოზებს შორის), ეგრეცა ქვეყანასა ზედა"(ადამიანთა შორის), მაგრამ სამყაროში უფრო მეტნი ისეთები იყვნენ, რომლებსაც სურდათ განეხორციელებინათ მხოლოდ თა­ვიან­თი ადამიანური, ცოდვილი სურ­ვი­ლები, შეედგინათ მხოლოდ თავისი ადამიანური გეგმები და აღესრუ­ლებინათ მხოლოდ თავისი ადამიანური საქმეები. ღვთის მაგივ­რად ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს ადიდებდნენ და ამბობდნენ, რომ ამას სხვების ბედ­ნიე­რებისათვის აკეთებდნენ, ანგრევ­დნენ, კლავდნენ და ანადგურე­ბდნენ - ღვთის წმიდა ნების საწინააღმდეგოდ.
   აი ამის გამო მრცხვენია ჩემი თხრობა დავიწყო ძველი მემატიანეების სიტყვებით: ამა და ამ წელსა საუ­ფ­ლოსა, არა, მე არ მინდა მართალი ღმერთი ადამიანების ბოროტებასა და იმ წლების სიცრუეზე პასუხისმგებელი გავხადო, ამიტომ ვიტყვი: ადამიანურსა წელსა ათასცხრაასორ­მოც­დაოთხსა, ივლისის თვეში გერმანელი ხალხის ბელადზე, ადოლფ ჰიტლერ­ზე, მოხდა თავდასხ­მა. შეთქმულებს შორის ცნობილი გენერალი რომმელი იყო. ცნობამ ჰიტლერის მკვლელობის შესახებ მთელი ქვეყანა გაახარა. ამ ამბავმა გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში შემოაღწია, სადაც მილიონი სხვა­დასხვა ეროვნების მისჯილი და ტყვე გათავისუფლებასა და სამშობლოში დაბრუნებას მოუთმენ­ლად ელოდა. ჰიტლერი გერმანე­ლებში სხვა ხალხების მიმართ სიძულვილს აღვიძებდა, შედეგად საპასუხო სიძულვილი მიიღო.
   როცა ჭორმა ჰიტლერის სიკვ­დი­ლის შესახებ "ფიხტენვალდის" (არ­ყის ტყე) ბანაკშიც შეაღწია, სი­ხა­რუ­ლი ყველა ბარაკში გავრცე­ლდა და იგი ისეთი დიდი იყო, რომ დამალვა შეუძლებელი გახდა განსა­კუთ­რე­ბული ზეიმი შეინიშნა ბარაკ #99-ში.
   ჰიტლერი ცოცხალი აღმოჩნდა. მალევე მოვიდა ბრძანება პასუ­ხის­გებაში მიეცათ ყველა, ვინც რაი­მეთი მაინც გამოხატა სიხარული ბე­ლადზე თავდასხმის გამო. შეუდგნენ ბრძანების შესრულებას. სისხლიანი ან­გა­რი­შ­ს­წორება დაიწყო. რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შუაღამის სიჩუმეში ავტომატების ხმა ისმოდა, ადა­მიანები ასრულებდნენ არა ღვთის, არამედ საკუთარ, ბოროტ ნებას.
   #99 ბარაკში, ძირითადად, სერბები იყვნენ. მათთან ერთად რამდენიმე ამერიკელი, რუსი, ინდუსი, უნგრელი, ნორვეგიელი, პოლონელი იყო. ბარაკის მამასახლისად გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი სერბი კაპიტანი სპასო სპასოვიჩი ითვლებოდა.
   მთლიანად ბანაკის კომენდატი  უნივერსიტეტის პროფესორი, ისტო­რიკოსი, დოქტორი იოჰან ადლერი იყო. დოქტორი ადლერი სპასოვიჩს ძალიან აფასებდა ცოდნის და უფრო მეტად პატიოსნებისა და თავმდაბ­ლობის გამო, მაგრამ ბრძანება ბრძანება იყო. ბანაკის კომენდატს შფოთისთავების ლიკვიდირება დაევალა, უპირველეს ყოვლისა კი #99 ბარაკის პატიმრებისა.
   ქრისტიანი, ლუთერანი, დოქტორი ადლერი სამართლიანობასა და წესრიგს პურიტანულად აფასებდა. ამ თვისებებს ადამიანში ყველა სხვა ნებისმიერ განყენებულ სქოლასტიკურ განსჯებზე მაღლა აყენებდა. იგი  კარგად იცნობდა სპასოვიჩს და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, აეცილებინა მისთვის სასჯელი. ადლერს არ უნდოდა, რომ ამ მართალი ადამიანის სისხლი მასა და მის შვილებზე ყოფილიყო, მაგრამ იგი ჰიტლერის ხელქვეითი იყო და გარკვეულწილად მისი შინასახელმ­წი­ფოებრივ - ეკონომიკური რეფორმის თანამოაზრე.
   როგორ გადაერჩინა ყევლაზე დამნაშავე ბარაკის მამასახლისი გერმანელ ოფიცერს? უძილო ღამის შემ­დეგ ალდერმა შესაბამის ინსტანციებს საქმის გამოძიების შვიდდ­ღიანი ვადის მიცემის თხოვნით მიმა­რ­თა. თხოვნა დააკმაყოფილეს. უფრო­სო­ბაში ისეთებიც იყვნენ, ვისაც შურდათ ადლერის. იმის ანგარიშით, რომ შემდგომში ადლერს პატიმართა მიმართ სირბილესა და უყურადღებო­ბაში დაადანაშულებდნენ ბანაკში, გამოძიებაში მონაწილეობის მისა­ღებად გამოგზავნეს გესტაპოს ობერ­შ­ტურმბანფიურერი. ადლერმა ბანაკის სამხედრო სასამართლო სახელმწიფო საიდუმლო პოლიციის წამრომად­გენე­ლ­თან ერთად მოიწვია. სასამართლო სპასოვიჩის დაკითხვით დაიწყო.
   - რა გქვია? - ჰკითხა გამომძიებელმა კაპიტანს.
   - სპასო სპასოვიჩი.
   - რას ნიშნავს შენი სახელი?
   - ის ნიშნავს იესო იესოს ძეს.
   - ებრაული სახელია?
   - ოდესღაც იყო ებრაული, ახლა ქრისტიანულია.
   - რა ეროვნებისა და სარწმუნოების აღმსარებელი ხარ?
   - ვარ სერბი, მართლმადიდებელი.
   - უმაღლესი განათლება გაქვს?
   - დიახ.
   - სპეციალობა?
   - ღვთისმეტყველი და ისტორი­კოსი ვარ.
   - ორი სპეციალობა რატომ გაქვს?
   - მე ვთვლი, რომ ეს ორი მეცნიერება, ისტორია და ღვთის­მეტყ­ველება განუყოფელია და რომ ერთის ჭეშმარიტად გაგება მეორის გარეშე შეუძლებელია.
   - რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნი?
   - არცერთს.
   - რატომ?
   მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გვპირდება იმაზე მეტს, რისი შესრულებაც ძალუძს; ხშირად მათ ადამიანები მიუწვდომელ ქვეყანაში მიჰყავთ.
   - რა გინდათ ამით თქვა?
   - ცრუ აღთქმის ვფიქრობ, არის საყოველთაო ბედნიერების ადგილი, რომელსაც პოლიტიკური აგიტატორები ყოევლთვის ყველას პირდებიან, თავად კი თვალითაც არ უნახავთ იგი.
   ამ დროს გამომძიებელს აცნობებს, რომ სპასოვიჩის ბარაკში, მისი ლეიბის ქვეშ ნაპოვნია ხელნაწერი. აი, რა ეწერა მასში: "წმიდა წერილში ღმერთი არაერთხელ ამბობს, რომ ადამიანები უცხო მოგზაურები და სტუმრები არიან დედამიწაზე. წმ. წერილის არმცოდნეც, თუ მას განსჯის უნარი აქვს, თვითონ მივა ამ სიტყევბის ჭეშმარიტებამდე. მივა და გამწარებული დაიწყებს მომდევნო სამ კითხვაზე პასუხის ძიებას: თუ მოგზაურები ვართ, სად არის ჩვენი გზის მიზანი? თუკი უცხონი ვართ დედამიწაზე, სადღაა ჩვენი სამშობლო, მუდმივი სამყოფელი? და თუ სტუმრები ვართ, ვისთან ვართ სტუმრად?
   ბალკანეთში უბრალო ხალხს ცხოვრების ამ სამ ძირითად კითხვაზე გარკვეული, მკაფიო პასუხი აქვს. არ იციან ბევრი, მაგრამ იციან მთავარი, - ესაა უბრალო ადამიანების უპირატესობა. პირველ კითხ­ვა­ზე, ჩვენი ცხოვრებისეული გზის მიზნის შესახებ, ხალხური სიბრძნე პასუხობს: ჩვენ ვართ შექმნილი არა მარტო ამ წუთისოფლისათვის, არა­მედ სხვა მარადიულისათვის. პასუხი მეორე კითხვაზე, თუ სადაა ჩვენი საბოლოო სამკვიდრებელი, ასეთია - ჩვენი სამშობლო იქაა, სადაც ჩვენი მშობელია. ჩვენი შემოქ­მედი კი - ღმერთია. ჩვენი ნამდვილი სახლი - ღვთიურ მარადისობაშია. მესამე კითხვაზე, თუ ვისი სტუმრები ვართ დედამიწაზე, ხალხური სიბრძნე ბრძანებს, - დიდება ღმერთს - ჩვენ მისი სტუმრები ვართ.
   ეს უბრალო, არაორაზროვანი პასუხები ცხოვრების არსის ღრმა და სრულ შეცნობას, იმ ცხოვრებისულ ფილოსოფიას გამოხატავს, რომელსაც არასდროს არავინ მიუყვანია იმედგაცრუებამდე ან თვითმკვლე­ლო­ბამდე. საუკუნეების განმავლობაში პრაქტიკული და საზოგადოებრივი ცხოვრება ამ ცხოვრებისეულ ფილო­სოფიაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა, ვისაც სურს ხალხის შეგნებისა და რწმენაზე ამაღლდეს, იგი დაინთქმება უფსკრულში. ეს მატერიალისტებმა და აგნოსტიკოსებმა გააკეთეს. მათი "მშობელი" ევროპა იყო.
   მატერიალისტებს სამ ძირითად კითხვაზე ასეთი პასუხი აქვთ: ჩვენ მოგზაურები კი არა, ამ მიწის ნაყოფი ვართ. როგორც მატლი, მოლუსკი თუ მიკრობი. მიწა გვშობს, როგორც ნაყოფს და გარკვეული დროის შემდეგ უკანვე მიგვიღებს. მიწიერია ჩვენი ადამიანური საწყისი და დასასრული. არა, ჩვენ არ ვართ უცხო სტუმრები დედამიწაზე, - ამბობენ მატერიალისტები - ჩვენ ამ მიწის ბატონ - პატრონები ვართ!
   ასე ფიქრობენ მატერიალისტები, რომლებსაც სულის უკვდავებისა არ სწამთ. აგნოსტიკოსები კი ოდნავ სხვანაირად: ვიცით, რომ მოგზაურები ვართ, მაგრამ არ ვიცით სად არის ჩვენი საწყისი და გზის მიზანი. ვამჩნევთ, - ამბობენ აგნოსტიკოსები - რომ უცხო სტუმრები ვართ, მაგრამ არ ვიცით სად არის ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო. ვგრძნობთ, რომ ვიღაცის სტუმრები ვართ, ხოლო ვისი, არ ვიცით.
   საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული ევროპა კითხვებზე სიკვ­დილ - სიცოცხლის შესახებ მკაფიო პასუხებს აძლევდა, აძლევდა უფრო ნათელ და ლოგიკურ პასუხებს, ვიდრე ძველი პოლითეისტური ელადა, ეგვიპტე, ირანი ან ინდოეთი. ევროპა მაშინ ღვთიური ლოგოსით ხელმძღვანელობდა, რომელიც გარდამოხდა მიწაზე იმიტომ, რომ ზეციური ლოგიკით შეეცვალა მიწიერი მცდარი ლოგიკა. ჭეშმარიტება თვი­თონ განცხადდა, ღვთიურ ლოგოსს, ქრისტეს, სურს მისცეს სიმშვიდე ადამიანის სულს, რომელიც დაღლილია უსულო საგნებში ჭეშმა­რი­ტების უნაყოფო ძიებითა და შემოქ­მედის ნაცვლად ქმნილებების თაყვა­ნისცემით. ქრისტემდე ადამიანები აღმერთებდნენ ნივთებს, ცხოველებს და ადამიანებს, ცდილობდნენ ხრწნა­დ­ში ეპოვათ ჭეშმარიტება. სიტყვა ღვთისა განეცხადა ადამიანებს ბუნების ბრმა ბატონობისგან ადამიანის გონების გასათავისუფლებლად, რათა იგი თვით უმაღლესი გონის - ერთადერთი ჭეშმაირიტი ღმერთი­საკენ მიემართა. ქრისტე ამ სამყა­როში მოვიდა, რომ დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტების სიმბოლოებისა და სახეების ამოცნობაში, რათა მათ მოყვასის სიყვარული შემოქმედი ღმერთის უწმინდესი არსის სიყვარუ­ლისათვის ასწავლონ.
   ბოლო ასწლეულში დასავლეთ ევრო­პას უთანხმოება მოუვიდა ეკლესიასთან და მასთან უმოწყალო ბრძოლაში ჩაება. ამ ომის შედეგად ევროპა სისხლში ჩაიძირა, როგორც ოდესღაც ჰუნებთან და სარაცინებთან ბრძოლის დროს. ძმების სისხლმა დაბინდა ევროპის სულიერი ჰორიზონტები. ღვთის სიტყვას, უფალს, ბევრი ჭკვიანი, მაგრამ გაბოროტებული ადამიანი განუდგა. ეკლესიის შვილებმა ზეციური ლოგიკა დაუტე­ვეს და წარმართობის ამაოების ლო­გიკას დაუბრუნდნენ. ადამიანებს დაე­მართათ ის, რასაც ასე მხატვრულად აღწერს პეტრე მოციქული "... ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწუირისასა" (2 პეტრე 2,22). ერთადერთი ცოცხალი ღმერთის შეცნობის შემდეგ ევროპა კვლავ სამყაროს უძლურ სტიქიებსა და ქმნილებების მიწიერ ბუნებას დაუბრუნდა. რათა მისთვის ეკითხა ჭე­შ­­მარიტების შესახებ. და, საბო­ლოოდ, თავად ეს ბუნება, თავ­მოყ­რილი "მატერიის" სახეში, აღიარა თავის ღმერთად.
   ერთის მხრივ, არა ყოველთვის მართალმა და ქრისტეს სულის ერთ­გუ­ლ­მა, ხშირად ზედმეტად მკაცრმა საეკლესიო იერარქიამ, ხოლო მეორე მხრივ, გაბოროტებულმა ინტელიგენციამ ევროპა აქცია "სახლად, რომელიც შიგნით გაიყო". მრისხანედ ჟღერს დღეს მოციქულის სიტყვები ძველი დროის წარმართების შესახებ, რომლებსაც თავი ყველაზე ბრძნად მოჰქონდათ და შეიშალნენ. მოცი­ქულის ეს სიტყვა ჩვენც გვეკუთვნის, უფრო საშინელია ერთი წმიდა და შორსმჭვრეტელი ადამიანის წინას­წარ­მეტყველება ახალი წარმართობის შესახებ. "მოვა დრო, - ამბობდა ანტონი დიდი, - როცა სამყაროს ისეთი ცდომილება მოიცავს, როცა ადამიანები ბრძენს გიჟად შერაც­ხა­ვენ, ხოლო საკუთარ თავს - ბრძენად."
   მატერიალისტებსა და აგნოსტიკოსებს თავიანთი სიბეცის სხვებისაგან დამალვა და უბედურების მხოლოდ საკუთარ თავში ტარება რომ შესძლებოდათ, ეს უბედურების ნახევარი იქნებოდა. გაბოროტებული და მებრძოლი სულით დევნილები, ისინი ადამიანებს თავიანთ აზრებს თავს ახვევდენ, სურვილი აქვთ, ასწავლონ და უწინამძღვრონ ხალხს. ამით ისინი კაცობრიობას დიდ ზიანს აყენებენ.
   კალმით და სიტყვით აღჭურ­ვილები ადამიანებს აღთქმული ქვეყნის მიმზიდველ აჩრდილებს, დედამიწაზე სამოთხეს, გავარვარებულ უდაბნოში ოაზისს უხატავენ... ხოლო როცა ძალაუფლებას და მართვის სადავეებს ხელში ჩაიგდებენ, მათი ჯადოსნური მირაჟები ჩქარა იწყებენ დნობას და თვალის დახამხამებაში ქრებიან. მკაცრი სინამდვილე უწყლო უდაბნოსავით გადაიშლება და ადამიანის წამებასა და წვას იწყებს იმედგაცრუებული ხალხი ცარიელი ოცნებებისთვის წყევას უგზავნის ბელადებს, რომლებსაც ისინი არა აღთქმული მიწისა და მიწიერი სამოთხისკენ, არამედ - ცრუ აღთქმის ქვეყნისაკენ მიჰყავთ.
 
ეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი)
წმ. ეპ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩის) მიხედვით 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება