მთავარი > სხვადასხვა > როგორ უნდა იცხოვრონ მდიდრებმა, რომ ცხონდნენ
როგორ უნდა იცხოვრონ მდიდრებმა, რომ ცხონდნენ27-04-2014, 00:15 |
წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალების შესახებ
ერთხელ, ქადაგების შემდეგ, მდიდარი ჭაბუკი, რომელმაც მოისმინა უფლის სიტყვები: უკუეთუ გნებავს რაითა სრულ იყო, წარვედ და გაყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ ჩუენ (მათ. 19,21), ფრიად დადარდიანდა, მაცხოვარმა მოწაფეებს მიმართა: ამინ, გეტყ-ვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა (მათ. 19,23). რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას ხომ არა, რომ მდიდრისათვის სასუფევლის კარი დახშულია? არა! წმინდა იოანე ოქროპირი ზემოთხსენებული სიტყვების განმატრებისას ამბობს: ქრისტე ამ სიტყვებით გმობს არა სიმდიდრეს, არამედ სიმდიდრეზე მიჯაჭვულობას. უდავოა, რომ უფალი მიგვითითებს არა იმაზე, რომ მდიდართა ცხონება შეუძლებელია, არამედ იმ საფრთხეზე, რომელიც სიმდიდრისადმი სწრაფვას მოსდევს. თუკი გონიერად და სწორად გამოვიყენებთ ქონებას, რა თქმა უნდა, მდიდარიც ცხონდება. ისევე, როგორც გადარჩა აბრაამი, იობი, დავით წინასწარმეტყველი და სხვა ურიცხვი მდიდარი, რომლებიც ახლა სასუფეველში ნეტარებენ. რას ნიშნავს სიმდიდრის სწორად და გონივრულად გამოყენება? როგორ უნდა მოიქცნენ მდიდრები, რათა ცხონდნენ? ამ კითხვებზე პასუხს წმინდა იოანე ოქროპირთან ვიპოვით. იგი ასე მოძღვრავს მდიდრებს: „როდესაც მაძღრისად დანაყრდები, გაიხსენე მშიერი; როდესაც წყურვილს დაიცხრობ, გახსოვდეს მწყურვალი; როდესაც გათბები, გაათბე ყინვისაგან დამზრალი; თუკი დიდ და მდიდრულ სახლში ცხოვრობ, შეიფარე მწირი; როდესაც ლხინში ხარობ, გაამხიარულე დამწუხრებული და მწუხარე; იზრუნე გლახაკთათვის, როდესაც შენი ბატონისაგან მხიარული მოდიხარ, საკუთარი სახლის მსახურებიც გაამხიარულე; უფლის თვალში მცირე საქმე არ არის, თუკი საკუთარ მსახურებს საწუხარს დაავიწყებ; თუკი შენ მოწყალე იქნები მათ მიმართ და თავმდაბალი, წყალობა მოგეცემა, როცა შენი სული სხეულს დატოვებს. დაე, შენი სახლი ღვთისმსახურთა და სხვა სასულიერო პირთა თავშესაფარი იყოს. შეიფარე ასეთი ადამიანები და პატივი მიაგე მათ, გაუმართე ტრაპეზი და ოჯახის წევრებთა ერთად უმასპინძლე, რათა შენს სახელზე ლოცვა აღავლინონ ეკლესიაში, შენს სახელზე სანთელი აანთონ და სეფისკვერი მიიტანონ. მიხედე მონასტრის წევრებს და მონაზვნური საკვები შესთავაზე, საკუთარ ოჯახთან ერთად თავმდაბლად ემსახურე მათ. პატივით გააცილე სტუმრები და მცირე შესაწირიც გაატანე. ამის გამო ერთი საუფლო სიტყვაც რომ გითხრან, შეუფასებელი საგანძური იქნება შენთვის, ვინაიდან ყოვლისშემძლეა ღვთისმოსავის ლოცვა. ნუ დაივიწყებ განდეგილებს, ისინი უზრუნველყავი იმით, რაც სჭირდებათ. მათგან ლოცვა-კურთხევა მიიღე და დაიმახსოვრე მათი ნათქვამი. ბერებსა და სასულიერო პირებზე გამონაგონ ცილისწამებას არასოდეს დაუჯერო. ცოდვილს ნუ განსჯი, „არა განსაჯოთ და არ განისჯებით"; ნუ შეგრცხვება, რომ შემხვედრს პირველად შენ სცე თაყვანი და თუკი ასე იცხოვრებ, შენს სულის ცხონებას სიმდიდრე ვეღარ დააბრკოლებს და გიწინამძღვრებს უფალთან ისევე, როგორც კეთილი მეგობარი". ამრიგად, მდიდრებისათვის ზეციური სასუფევლის კარი დახშული არ არის; პირიქით, თუკი უფლისაგან ბოძებულ სიმდიდრეს კეთი-ლად გამოიყენებენ, თავიანთი ქონებით გაჭირვებულს ასარგებლებენ, აუცილებლად ცხონდებიან. მდიდრები გადარჩებიან, თუკი შეინარ-ჩუნებენ კეთილსინდისიერებას, შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან გაჭირვებულს, მშიერს დააპურებენ, მწყურვალს წყალს მიაწვდიან, უქონელს შემოსავენ, შეეწევიან ტუსაღსა და ავადმყოფს. თუკი ყოველთვის მოწყალენი იქნებიან, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ღვთის სადიდებლად, მაშინ საკუთარი გამოცდილებიდან შეიმეცნე-ბენ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას:ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა (საქმ. 20,35), ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |