მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მათთვის, ვინც მწვალებელთა გვერდითაა
მათთვის, ვინც მწვალებელთა გვერდითაა10-03-2014, 00:13 |
სიტყვა პატერიკიდან მონაზონ მარკოზსა და მის შორსმჭვრეტელობაზე
თქვენს შორის მცხოვრები მწვალებელნი, იმის სურვილით, რომ გაგაშორონ მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვადასხვა ხრიკებთან ერთად შემდეგსაც მიმართავენ: შეხედეთ, ამბობენ ისინი, როგორები არიან თქვენი მღვდლები, რას აკეთებენ, ვისთან აღარ აქვთ ურთიერთობა, რას არ სვამენ და ჭამენ, როგორ მსახურობენ? ყოვე-ლივე ამას ბევრ სხვასაც ამატებენ და, ძირითადად, ჭეშმარიტ მოძღვრებსა და სულიერ მწყემსებს განიკითხავენ. ღმერთმა დაგვიფაროს და მღვდელს თუ რაიმე შეცდომა შეამჩნიეს, ვაი მას: ააგორებენ ბოროტ შფოთს მის წინააღმდეგ, როგორც ზღვის ტალღას და ამ დროს ეკლესიის მტრების ბოროტ სიხარულს საზღვარი არ აქვს. დაე, რაც უნდათ ის ილაპარაკონ მათ, ჩვენ კი აი, რის შესახებ ვიმსჯელოთ - ჭეშმარიტად შესაძლებელია თუ არა, რომ სასულიერო პირთა ცოდვებმა ასახვა ჰპოვოს ღვთისმსახურებაზე, ღვთის საი-დუმლოთა აღსრულებაზე, ან მათ მიერ ჩადენილმა ცოდვებმა შესაძლოა თუ არა, ეკლესიას ღვთის მადლი დააკარგვინოს? ეგვიპტელი ბერის მარკოზის შესახებ ამბობდნენ, რომ 30 წელი მან სენაკში დაყუდებულმა გაატარა და გარეთ ერთხელაც არ გამოსულა. წირვის შემდეგ მასთან მღვდელი მიდიოდა, რათა ზიარების საიდუმლო აღესრულებინა. ეშმაკს შეშურდა მარკოზის კეთილმო-საგრეობა და მისი ცოდვაში ჩაგდება გადაწყვიტა. მან ბერთან ერთი ეშმაკეული კაცი მიიყვანა, რათა მისთვის ელოცა. ეს კაცი, ბოროტისაგან იყო განსწავლული. პირველ რიგში ეშმაკეულმა ბერს უთხრა: - მღვდელი, რომელიც შენთან დადის, უდიდესი ცოდვილია და სენაკში ნუ შემოუშვებ. წმიდა სულით გასხივოსნებულმა ბერმა ეშმაკეულს უპასუხა: - შვილო, ყოველი სული უფრთხის ეშმაკს, შენ კი უწმიდურება აქ მომიტანე. წმიდა წერილში ნათქვამია: ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხოთ. თუნდაც ცოდვილი იყოს, უფალი განსჯის მას, ისიც არის ნათქვამი: ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ. ამის თქმისთანავე ამ ადამიანისგან ეშმაკი გავიდა და შინ ჯანმრთელი დაბრუნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ბერთან მღვდელი მოვიდა და მარკოზმა სიხარულით მიიღო იგი. მოწყალე უფალმა იხილა ბერის სარწმუნოება და მას შემდეგი სასწაული აჩვენა: როდესაც მღვდელი წმიდა ტრაპეზთან დადგა, ზეციდან წმიდა ანგელოზი ჩამოეშვა, თავზე ხელი დაადო და ამ დროს ღვთისმსახური თითქოს ცეცხლის ალში გაეხვია. მარკოზი ვერ ჩასწვდა ხილვის არსს, მაშინ ზეციურმა ხმამ აუწყა: - ჰოი, კაცო, რისათვის გიკვირს ეს? თუკი ამასოფლის ხელმწიფე თავის დიდებულებს არ მისცემს უფლებას, უწმინდურნი წარდგნენ მის წინაშე, მაშინ განა ზეციური მეუფე არ განსწმედს წმინდა საიდუმლოს მსახურს და არ განაბრწყინებს მას ზეციური დიდებით? გადმოცემის თანახმად, ამის მხილველი მარკოზი ყოველთვის ქადაგებდა, რომ არ განესაჯათ ღვთისმსახურნი რაიმე ცოდვის გამო, ვინაიდან ისინი შუამავალნი არიან ღმერთსა და ადამიანებს შორის და ანგელოზებთან თანაზიარნი. ამგვარად, ნუთუ არ არის გასაგები, რომ ცოდვილი მღვდლები უფლის მადლით კვლავ განიწმინდებიან და წმინდა საიდუმლო თვით ცოდვილი მღვდლის მეშვეობითაც აღესრულება? არ შეგვშვენის მათი განსჯა იმ ცოდვების გამო, რასაც მხოლოდ გარეგნულად ვხედავთ. ყოველივე ამის შემდეგ არ უნდა გვჯეროდეს მწვალებ-ლების, რომლებიც გვიკიჟინებენ, თითქოს ღვთისმსახურთა ცოდვების გამო ეკლესია მადლს კარგავს. განა გვმართებს მათი ბოროტი სიტყვების მოსმენა? გვმართებს ღვთისმსახურთა საქციელის განსჯა? არავითარ შემთხვევაში! წმინდა ანტონ სინელი ამბობს: „გევედრებით, ძმანო, უფლის-მსახურთ მათი ფარული თუ აშკარა ცოდვების გამო ნუ განიკითხავთ. არასდროს თქვათ - რადგან ცოდვილი აღასრულებს უფლის საიდუმლოს, სულიწმიდის მადლიც იკარგებაო; - გთხოვთ, ამგვარი არაფერი გაიფიქროთ, მხოლოდ უფალს შეუძლია, გამოსცადოს და განსწავლოს იგი, თქვენ კი გახსოვდეთ, სასულიერო პირი თქვენზე მაღლა მდგომია, დაე, მაღალმა ღმერთმა განსაჯოს იგი. თუკი სასულიერმა პირმა შესცოდა, მან სცოდა უფლის მიმართ და არა თქვენს წინაშე, ე. ი. თქვენ მისი მომსამართლე ვერასოდეს იქნებით. მოდით, იყავით ზომიერნი და ღირსეულნი. ალბათ იტყვით, ხომ უნდა დაისაჯოს ასეთი სასულიერო პირი, ხომ არის ღირსი? დიახ, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ეს უფლის საქმეა, რომელმაც ცოდვილს მღვდელმსახურების მადლის მიანიჭა. როგორ შეძლებთ, განსაჯოთ მწყემსი, თუკი თავად ცხვრები ხართ? რატომ ხართ უფლის სამართლის მიმართ ფარისევლურად განწყობილნი? მოსამართლეობა უფალს არ მოუნდვია. ამიტომ, კიდევ ერთხელ გევედრებით, ნურავის განსჯით, მით უფრო კი, უფლის მსახურთ." ღვთის სათნომყოფელის ამგვარი მსჯელობის შემდეგ, მე, ჩემი მხრივ, სათქმელი აღარაფერი მრჩება. ძალიან მსურს, რომ განერიდოთ ეკლესიის მტრებს და ხშირად მოიგონოთ მაცხოვრის სიტყვები - „არა განიკითხოთ, რათა არა განიკითხნეთ".
„სვინაქსარი". ტომი 2.
უკან დაბრუნება |