მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ამპარტავნება > ამპარტავნების შესახებ, თქმული იოანე ოქროპირის მიერ
ამპარტავნების შესახებ, თქმული იოანე ოქროპირის მიერ8-03-2014, 00:01 |
ვინაიდან ამპარტავნება აბრმავებს, სიმშვიდეს უკარგავს ადამიანს, სძენს სიხარბეს და უფლის წინააღმდეგობის სურვილს, მაშასადამე იგი ბოროტებაა. და თუკი ამპარტავნება ბოროტებაა, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ მას და სიმდაბლის სათნოება შევიძინოთ. როგორ მივაღწიოთ ამას? ჩვენი აზრით, საჭიროა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა არის ამპარტავნების ვნება. ეს კი აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს სულის სახსნელად და გვაჩვენებს ამპარტავნების ყველა დამღუპველ შედეგსა და უბედურებას. მაინც, რა სახისაა ეს ბოროტება? და რა დამღუპველ შედეგებს უნდა ველოდოთ მისგან? წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „როგორც ბაღი ვერ იხარებს გაუსხლავად, ასევე ვერ გადარჩება ადამიანი, თუ მორჩილებითა და სინანულით არ დაძლევს ამპარტავნებას. ამპარტავანი კაცის სული დიდებისა და აღზევებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მის ნაცვლად ჯოჯოხეთის ფსკერზე ეშვება და როგორც დამპალი ნაყოფის ხილვა, არ სიამოვნებს უფალს ამპარტავანი კაცის ლოცვა. ამპარტავანი კაცის სულს უფალთან საერთო არაფერი აქვს, სამაგიეროდ, ეშმაკს ახარებს. ამპარტავნების გამო განიდევნენ ანგელოზები სამოთხიდან და ბოროტ სულებად იქცნენ. თავმდაბლობა ზეციდან მოდის და ანგელოზებრივია, ამპარტავნება კი ბოროტს გვაკავშირებს. თავმდა-ბალი კაცის ლოცვა უფალთან ადის, ამპარტავნისა კი განარისხებს მას. და როგორც ნაყოფის სიმძიმე ამტვერებს ტოტებს და ფესვგამხმარი ხე მალე წაიქცევა, ასევე სწრაფად ეშვება ჯოჯოხეთის უფსკრულში ამპარტავანი კაცის სული. რისი გულისთვის მზვაობრობ ადამიანო, როცა შენ მიწა ხარ და ფერფლი?! უგუნურო, რისთვის აღივსები ამპარტავნებით? თუკი მაღალი ღირსება გებოძა, იყავი თავმდაბალი და ნურავის დაამცირებ, ნუ განიკითხავ სხვის ცოდვებს და განკითხვის დღეს დიდებით შეიმოსები. განსაცდელში მყოფს ნუ მიატოვებ და შენი ლოცვა არ იქნება უგულებელყოფილი. უბადრუკო ადამიანო, მითხარი ვინ შეგქმნა, განა ღმერთმა არა?! რად არ გეშინია მისი?! რად ამპარტავნობ და მზვაობრობ? რისთვისღა ცუდმედიდობ, თუკი მიწა ხარ და მალევე მიწად მიიქცევი?! რისთვის ამპარტავნობ, თუკი მალე ჭიისა და მატლის ლუკმა უნდა გახდე? აღიარე შენი უძლურება და ნუღარ მზვაობრობ. და რადგანაც უფლის ქმნილება ხარ, ნუ განეშორები შენს შემოქმედს". ხედავ, რამდენი ბოროტებაა ამპარტავნებაში? იგი ხელს უშლის ადამიანის სულის ხსნას და მას ჯოჯოხეთის უფსკრულისაკენ მიაქანებს, ასეთი კაცის ლოცვას მადლი ეკარგება, სამაგიეროდ, ეშმაკი ხარობს, ამპარტავნება ადამიანს ბოროტთან აახლოვებს და თვით სათნო სულსაც კი ღუპავს. თუ ეს ასეა, მაშინ ამგვარმა მსჯელობამ თავიდან უნდა აგვარიდოს ამპარტავნების საშინელი ცოდვა და მზვაობრობის მიმართ ზიზღი ვიგრძნოთ. ნეტავ, მართლაც ასე მოხდებოდეს! რაოდენი მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებდა მაშინ ჩვენს სულში, რაოდენი სიხარული დაგვეუფლებოდა თუკი ამ ვნებას დავუტევებდით, როგორ შვებას მოვიპოვებდით, თუ უფალს მივბაძავდით სიმდაბლით! დიახ, ყველაფერი ეს ჩვენთვის იქნებოდა თვალშეუდგამი, წმიდა და უბიწო საუნჯე. დაე, ვევედროთ უფალს, რომ თავის ყოვლისშემძლე მადლით, სამუდამოდ განგვარიდოს ამპარტავნების მომაკვდინებელ ბიწიერებას, განგვიმტკიცოს თავმდა-ბლობა და (1 პეტრ. 5, 6), ბრწყინვალე და დიდებულ დღეს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |