თეოლოგუმენის პრინციპის ამოქმედება ემსახურება მოდერნისტების ამოცანას - დათესონ წმ. მამათა სწავლებისადმი უნდობლობის თესლი. რაციონალისტი თეოლოგები ეთანხმებიან პროტესტანტულ მოსაზრებას, რომ მამებისეულ სწავლებაში შესაძლებელია იყოს შეცდომები, წინააღმდეგობები და უზუსტობები. თავიანთი მცდარი აზრის გასამყარებლად ისინი წმიდა მამათა თხზულებებიდან შეგნებულად გამოცალკავებულ ან დანაწევრებულ ციტატას მოიხმობენ ხოლმე.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ამ ფაქტს ასეთნაირად განიხილავს: „ის ციტატები, რომლებიც არ პასუხობს პოლემისტის მიზანს, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება მის კონცეფციას, იგნორირდება ისე, თითქოს საერთოდ არ არსებობსო. შემდეგ კი ხდება ციტატების „მონტაჟი" წინასწარ შემუშავებული გეგმით. გამოუცდელი მკითხველისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ნაშრომებიდან ამოღებულია წმიდა მამათა ალტერნატიული გამონათქვამი. აქ ჩვენ პარადოქსის წინაშე ვდგებით, რომელმაც შესაძლოა კადნიერად და მკრეხელურადაც კი გაიჟღეროს: სიცრუე წმიდა მამათა სიტყვების მეშვეობით."1
ეკლესიის სწავლების თანახმად, არ არსებობს წინააღმდეგობა წმიდა მამათა საგანძურში. დოგმატური გადმოცემები წმიდა მამათა თხზულებებში ერთი მთლიანობაა. თუ კარგად დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ ერთმანეთისაგან დროითა და სივრცით დაშორებული წმიდა მამების აზრი ერთი უწყვეტი სულიერი ჯაჭვია. აქ დროულია ვლადიმერ ლოსკის სიტყვების მოშველიება: „ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი ერთი და იმავე სულიერი გამოცდილების გამოვლინებისა, როგორც წმ. დიონისე არეოპაგელთან, ასევე წმ. გრიგოლ პალამასთან, წმ. მაკარი ეგვიპტელთან და ნეტ. სერაფიმე საროველთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან და მაქსიმე აღმსარებელთან. ამავე დროს, ერთი ეპოქიდან მეორეზე გადასვლისას, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ „სულიერი კლიმატის" ცვალებადობას."2
თავად წმიდა მამები მიიჩნევდნენ, რომ ამ საკითხში დაბრკოლებასა და დაბნეულობას იწვევს სულიერი დეგრადირება, მიწიერი აზროვნება. წმიდა მამათა აზრები კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ჩვენ ვართ მიწიერნი და ამიტომ არ ძალგვიძს სულიერი აზროვნება, ამიტომ არ გვესმის მათი.
წმ. ბარსანუფი დიდი წერს: „უფალმა მოგვმადლა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით, თუმცა ისინი დამოუკიდებლად საუბრობდნენ. ღმერთი მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის ბაგით კი არ მეტყველებდა, არამედ - ერთის მიერ უთქმელი, ღვთის განგებით მეორეს მიერ ითქმებოდა; ასევე მოქმედებს ღმერთი შემდგომ მოღვაწე წმინდანების მეშვეობითაც: რის შესახებ ერთნი ზედაპირულად საუბრობენ, მომდევნო დროის მამები მას სრულად განმარტავდნენ რათა წმინდანთა ბაგეებით ყოველთვის განიდიდოს ღმერთი."3
წმიდა მამათა ხელნაწერების ტექნოლოგიური ანალიზის შემდეგ გაირკვა: ნამდვილად დაუმახინჯებიათ ეკლესიის მტრებს ან გადამწერებს წმიდა მამათა თხზულებები. ამის გამო, ცხადია, წმინდანები არ უნდა მივიჩნიოთ ერესში მყოფებად. მაგალითად, წმიდა ფოტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თავის ნაშრომში წერს, თუ წმ. პატრიარქმა გერმანემ VIII საუკუნეში როგორ გამოიკვლია წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებები, ორიგენეს შეცდომებისაგან სრულიად დაზღვეულად აღიარა ისინი და დაამტკიცა, რომ მცდარი სწავლება მარადიულ სატანჯველის დასასრულის შესახებ წმ. გრიგოლის სულის სარგო ნაშრომებში ერეტიკოსების მიერ იყო ჩამატებული.4
წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულებებში ორიგენული მწვალებლობის შესახებ რომ ჩამატებული იყო, ეს წმ. მარკოზ ეფესელმაც იეჭვა. ლათინებისადმი მიმართულ პოლემიკურ წერილში წმ. გრიგოლის გამოსარჩლების მიზნით წერდა: „შესაძლებელია დაამახინჯეს და ჩაამატეს ერეტიკოსებმა და ორიგენისტებმა, რომლებიც მრავლად ჰყვაოდნენ იმ დროს, მეტადრე ეგვიპტისა და პალესტინის ტერიტორიაზე, რათა წმიდა მამა თავიანთი შეხედულებების მფარველად წარმოეჩინათ. შემდეგ დავძენ: წმინდანს თუნდაც რომ ასე ეფიქრა, ეს ხომ მაშინ იყო, როცა სწავლება ჯერაც კამათის საგანი გახლდათ და არ იყო საბოლოოდ უარყოფილი და დაგმობილი იმ საპირისპირო მოსაზრებით, რომელიც მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაჩინეს; ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ თავად წმინდანმა, როგორც ადამიანმა, შესცოდა ჭეშმარიტების ზუსტად გადმოცემაში; იგივე შეემთხვა მრავალ წმინდანს მანამდე: - წმ. ირინეოს ლეონელს, დიონისე ალექსანდრიელს და სხვებს."5
ცნობილია, რომ ზოგიერთი მამა თავის შეხედულებას იცავდა მანამდე, სანამ საკითხს საეკლესიო კრება განიხილავდა, ამის შემდეგ კი ყველა ეთანხმებოდა საეკლესიო კრების სარწმუნოებრივ განაჩენს. ამას ნათლად მოწმობს ქილიასტების ამბავი. მათ აზრს II საეკლესიო კრებამდე იზიარებდნენ წმ. იუსტინე, წმ. ირინეოსი, წმ. იპოლიტე, მაგრამ კრების შემდეგ არც ერთი მათგანი.
სხვა პოლემიკურ წერილში, სადაც წმ. მარკოზი კვლავ წმ. გრიგოლ ნოსელის ნაშრომებს განიხილავდა, ამბობდა: „დიდი განსხვავებაა კანონიკურ წერილებსა, ეკლესიის გადმოცემასა და პირად შეხედულებას ან სწავლებას შორის. პირველს, როგორც ღვთის მიერ ბოძებულს, უნდა ვერწმუნოთ, ხოლო მეორეს - არ უნდა დავეყრდნოთ მთლიანად, ან არ მივიღოთ გამოუკვლეველად, ვინაიდან, შესაძლებელია ვინმე მასწავლებელიც არის, მაგრამ არ ამბობს ყოველივეს სრული სიზუსტით; მაშინ აბა რა საჭირო იქნებოდა მამების თავშეყრა მსოფლიო კრებებზე, თუკი ყოველი მათგანი უცდომლად ფიქრობდა და არც ერთი მათგანი არაფერში ცდებოდა?!"6
წმიდა მარკოზ ეფესელის ეს შესანიშნავი სიტყვები გვარწმუნებს, რომ წმიდა მამათა ზოგიერთი აზრი შესაძლოა შეცდომაც იყოს. თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიის დიდი მამების ყოველი სიტყვა, გადაწყვეტილება უცდომელია, მაშინ პაპისტური შეხედულების საფრთხე დაგვემუქრება, გაუცნობიერებლად შევქმნით ახალ საბაბს პაპის უცდომელობის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი რომაელ - კათოლიკეს სრულიად ლოგიკურად შეუძლია გვისაყვედუ-როს; თუკი აღიარებთ წმიდა მამის უცდომელ აზროვნებას, რატომ პაპის უცდომელობასაც არ აღიარებთ?!
დავასკვნით: წმ. მამები რელიგიურ საკითხებში ყველაზე საიმედო ხელმძღვანელები არიან. მათ თხზულებებში მოციქულთა გადმოცემაა, წმიდა დოგმატები და კანონებია დაუნჯებული და დაცული. საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ ყოველგვარი კამათი, პოლემიკა, წმ. მამათა სწავლების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ჭეშმარიტების აუცილებელ მტკიცებად არა ცალკეული მამის კერძო აზრი, არამედ მხოლოდ წმიდა მამათა ერთსულოვანი აზრი გამოდგება, მხოლოდ ასეთი სწავლებაა ყველასათვის მისაღები, ვით უცდომელი კანონი, რომლის შესრულება მაცხოვნებელი მნიშვნელობისაა. ვინც წმიდა მამათა თხზულებებს მრუდედ განმარტავს და მათ მნიშვნელობას დააკნინებს, განწირული იქნება მომავალ ცხოვრებაში, ვინაიდან ეკლესიის სწავლება დროისა და მოვლენების კვალდაკვალ არ იცვლება.
ამრიგად, კომპრომისული სული მართლმადიდებელ სწავლებასთან, დოგმატებთან, წმიდა მამათა ერთსულოვან შეხედულებასთან მიმართებაში ყოვლად დაუშვებელია. ეს იგივე იეზუიტური მიდგომაა, რომელიც ფეხს იდგამს მართლმადიდებლობის წიაღში. ყველაფერი იმით იწყება, რომ ჭეშმარიტება სიცრუით იცვლება. სიცრუის სულისკვეთების მხილების მიზნით მოვიშველიებთ არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) შესანიშნავ ნაშრომს „სიცრუის შესახებ". ამით, ვფიქრობთ, კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი სათქმელი. თუმც მიგვაჩნია, რომ ორიგენიზმის შეხედულებები ცალკე განხილვას საჭიროებს.
1მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი. დ.ჯინჭარაძე 2006. გვ. 46.
2Боговидение. Вл. Лосский. М. 2003. გვ. 298.
3Творение. Св. Петр (Домаскин) 2001. გვ. 117.
4Плоды экуменического древя. Т 32. 132.
5Св. Марк Эфесский и Флорентиская Уния. Пагодин. გვ. 68.
6იქვე გვ. 128.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ