დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურები "წმიდაო ღმერთოს” გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლას იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება "მშვენიერმან იოსებ…”
"შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა”.
"რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა”.
იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.
დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.
ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.
მცირე შესავლისა და "ნათელი მხიარულის” გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.
სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.
საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარებს იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.
სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ "ღირს არსის” ნაცვლად იგალობება "ნუ მტირ მე, დედაო…”.
წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას "მოციქულთა საქმეების” კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.
ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.
ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება. აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: "უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან” (იოანე 16,12).
მადლმოსილი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე
ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.
IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.
მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.
როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს. ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს, მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს.
ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.
მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო. იგი სრულებით არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ.
ძე ღვთისა ჯერ კიდევ საფლავშია, მისი მოწაფეების გულები მწუხარებითაა სავსე, ჯერ კიდევ არაფერი მეტყველებს მომავალ აღდგომასა და სიხარულზე, უფალი კი უკვე აგზავნის მადლმოსილ ცეცხლს. აგზავნის როგორც ნიშანს უდიდესი მოწყალებისა, როგორც მაცნეს ნეტარი ცხოვრებისა, როგორც მაუწყებელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი გამარჯვებისა.
მადლმოსილი ცეცხლი მოწოდებაა სინანულისკენ. ამით უფალი მთელ კაცობიობასა და თითოეულ ადამიანს გადარჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას ანიჭებს.
ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს. და არა მარტო ეგებებოდნენ - დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ. ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო, აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.