დღევანდელ ცხოვრებაში ხშირად შეხვდებით ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ უკმაყოფილებას გამოთქვამენ სიტყვებით: „ორი წელი გავატარე შინ, ბავშვის აღზრდაში, სამსახურში არ გავსულვარ, ისე მრცხვენია! აუცილებლად უნდა გამოვძებნო რაიმე საქმე..." ეს სიტყვები ზუსტად ასახავს თანამედროვე ცხოვრებაში გამეფებულ სულისკვეთებას. დედობა უკვე არ აღიქმება ქალის უპირველეს მოვალეობად. ქალი მიილტვის წარმატებისკენ ბიზნესში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში... რასაკვირველია, ასეთი ცვლილებები არ შეიძლება არ აწუხებდეს მამაკაცებს, ოჯახსა და საერთოდ, საზოგადოებას.
ჩვენთვის ცნობილ კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია, ანუ ეს არის წყობა სადაც მამაკაცს წამყვანი ადგილი ეკავა ოჯახსა და სახელმწიფოში, რაც შეეხება მატრიარქატს - საზოგადოებრივ წყობას, სადაც წამყვან როლს დედაკაცი იკავებს - დღევანდელ მეცნიერთა უმრავლესობის აზრით „ქალთა სამეფოს" არსებობის შესახებ აზრი ნამდვილი ანაქრონიზმია.
ბიბლიური სწავლების მიხედვით თქვა უფალმა ღმერთმა: „არა ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა, გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს" (დაბ. 2.18). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ევა შექმნა ღმერთმა შემწედ ადამისა. აქვე გარკვეული ძალაუფლება ადამის სიტყვებში ჟღერს: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული" (დაბ. 2.23)
თუმცა შემდგომში ნორმალური, იდეალური, ჰარმონიული ურთიერთობა, რომელიც ცოდვით დაცემამდე არსებობდა, დაირღვა. და პირველქმნილი ცოდვის ჩადენის შემდეგ ღვთის კითხვაზე, ხომ არ გიჭამია აკრძალული ნაყოფი? პირველი მამაკაცი მზაკვრულად პასუხობს: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე" (დაბ. 3.12). ანუ ცოდვას ღმერთსა და ცოლს აბრალებს. ერთი სიტყვით პირველქმნილი ცოდვის შემდეგ მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობა იცვლება და მამაკაცი იძენს ლიდერის პოზიციას. ძველ აღთქმაში ქალი პრაქტიკულად გამოირიცხება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და ყველაფერში მამაკაცს ემორჩილება.
ძველ, წარმართულ აღმოსავლეთში ოჯახური კანონები საკმაოდ მკაცრი იყო. ერთ-ერთი კანონის თანახმად, ძველ ასურეთში მამაკაცს უფლება ჰქონდა ეცემა მეუღლე ურჩობის შემთხვევაში, თმები მოეჭრა მისთვის, ყურები მოეკვეთა, მონის ბეჭედი ამოეწვა შუბლზე ან გაეგდო სახლიდან. ძველი ბაბილონური კანონის მიხედვით კი ქალი ფაქტიურად კაცის კუთვნილება იყო. და ქმრის გარდაცვალების შემთხვევაშიც კი ვალდებული იყო მისი ერთგული ყოფილიყო. რომის იმპერიაში ქალის მხრიდან ღალატი სიკვდილით ისჯებოდა, კაცს კი ეს დანაშაულად არ ეთვლებოდა.
თუმცა უნდა ითქვას საპირისპიროც. ძველ ბერძნულ და რომაულ ისტორიაში ქალი თაყვანისცემის საგანი იყო, ქალები სილამაზის ეტალონად ითვლებოდნენ, მამაკაცთა მასულდგმულებელნი იყვნენ და ძლიერ გავლენას ახდენდნენ მამაკაცის ქცევაზე.
ქრისტიანული ეპოქა
ქრისტიანული ეპოქის დადგომით მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობა პრინციპულად შეიცვალა. სამოციქულოში ვკითხულობთ: „არა არს ჰურიება, არა არს წარმართება; არცა მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუს მიერ” (გალ. 3.28). პრინციპულად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ აქ არ არის ზიზღი სქესისა და მეუღლებრივი კავშირის მიმართ, არამედ ხაზგასმულია ადამიანის პიროვნული ფასეულობა და სქესთა თანაბარმნიშვნელობა ღვთის წინაშე.
ქრისტიანობამ პირველმა შეხედა დედაკაცს, როგორც ადამიანს. დაინახა მასში დამოუკიდებელი პიროვნება, არა თანაბარი მამაკაცისა, მაგრამ არა ნაკლებ ფასეული ღვთისათვის, ვიდრე მამაკაცი. ქრისტიანობაში ქალი აღარ არის ბოროტი, უწმინდური და უსულო ნივთი. სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე უქადაგებდა, როგორც მამაკაცებს, ასევე დედაკაცებს. სწორედ დედები მიჰყვებოდნენ ქრისტეს გოლგოთაზე, მაშინ, როდესაც მოციქულნი მიიმალნენ. სწორედ დედებს გამოეცხადა ქრისტე პირველად, აღსდგა რა მკვდრეთით.
რა თქმა უნდა გაივლის საუკუნეები ვიდრე ქრისტიანული კულტურა დამკვიდრდება. მანამდე კი თვით ახალ აღთქმაში ძველი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ჭარბობდა. მათეს სახარების მე-14 თავში ვკითხულობთ: „ხოლო იყვნენ, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა" (მათ.14.21), ხოლო სხვა სახარების ეპიზოდში ვხედავთ მოციქულთა გაკვირვებას როდესაც მაცხოვარი სამარიტელ დედაკაცს ესაუბრება (იუდეველები საერთოდ არ ურთიერთობდნენ სამარიტელებთან, ამიტომაც მოციქულებს ქრისტეს მოქმედება ღრმად აკვირვებს). „მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა" (იოან. 4,27). ასეთი მაგალითების მრავლად მოყვანა შეიძლება, თუმცა ყოველი მათგანი ადასტურებს მთავარს. ზემოთ აღნიშნული დედაკაცთა უუფლებობისა და დაჩაგვრის ფაქტები გვეჩვენება ესოდენ საშინელი სწორედ იმის გამო, რომ ორი ათასი წლის წინათ მოხდა „ქრისტიანული რევოლუცია".
სწორედ ქრისტიანობამ, პირველმა კაცობრიობის ისტორიაში დადო წესად, რომ მეუღლებრივი ღალატი მამაკაცის მხრიდან ისევე დაუშვებელია, როგორც დედაკაცისა. საერთოდ ქრისტიანობას ქორწინება მიუწვდომელ სიმაღლეზე ჰყავს: მას ჯვრის წერის საიდუმლო ეწოდება. მეუღლეების სიყვარული კი შედარებულია ღვთისა და ადამიანის სიყვარულთან. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ოჯახი მცირე ეკლესიად იწოდება. ეკლესია კი ვერ დაარსდება დროებით - იგი მარადიული ცნებაა. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ქორწინების გვირგვინებს მეფური სიმბოლო კი არ გააჩნია, როგორც მრავალი ფიქრობს, არამედ მოწამებრივი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახი მუდმივი ტანჯვაა, არა. ერთ-ერთი წმინდანის განმარტებით, ქმარი არ უნდა შეუშინდეს არავითარ ტანჯვას, სიკვდილსაც კი, თუ ეს საჭიროა მეუღლის საკეთილდღეოდ.
ხოლო რაც შეეხება პავლე მოციქულის ცნობილ ფრაზას: „ხოლო ცოლსა მას, რათა ეშინოდის ქმრისა" (ეფ. 5,33). მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა აზრით, ცოლს უნდა ეშინოდეს ქმრის შეურაცხყოფისა, უნდა ეშინოდეს, რომ ქმრის ღირსების შემარცხვენელი არ გახდეს. ეს ცხოველური შიში კი არაა, თავზარდამცემი და შემაგინებელი, არამედ სიყვარულიდან გამომდინარე შიშია. მსგავსად ბავშვებისა, რომლებსაც ეშინიათ, აწყენინონ მშობლებს, მიაყენონ მათ ტკივილი. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები: „ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის... თქვენცა კაცად-კაცადმან თვის ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი" (ეფ. 5,25,33).
დრო იცვლება
მიუხედავად სერიოზული ცვლილებებისა, რომელნიც ქრისტიანობამ კაცობრიობის კულტურაში შემოიტანა, ალბათ გადაჭარბებული იქნება თქმა, რომ ქრისტიანობამ საერთოდ აღმოფხვრა დედების უუფლებობა. კიდევ მრავალი ასწლეული დედები არ ღებულობდნენ მონაწილეობას საზოგადოების პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელისთვის ბრძოლამ მეორე უკიდურესობა დაჰბადა - ემანსიპაცია.
მეცნიერთა უმრავლესობის აზრის თანახმად პირველი ნიშნები ემანსიპაციისა გაჩნდა ჯერ კიდევ ელინიზმის პერიოდში, თუმცა მაშინ იგი ვერ განვითარდა. სერიოზულად კი „ფეხშიშველი, ფეხმძიმე და სამზარეულოში მყოფი ქალის" მდგომარეობის წინააღმდეგ, ევროპელებმა ხმა მხოლოდ XVIII ს-ის. ბოლოსა და XIXს-ის. დასაწყისში აღიმაღლეს. თუმცა ამ დროსაც დიდი ცვლილებები არ ხდება.
XIXს-ის ბოლოსა და XXს-ის დასაწყისში კი ემანსიპაციის მიმდევართა რიცხვი საგრძნობლად იზრდება და საკმაო ნაყოფიც გამოაქვს. ერთი მხრივ, მიიღეს რა თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები (რისთვისაც უშუალოდ იბრძოდნენ), ფემინისტები არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით. დღეს მათი უფლებები იმდენად გაიზარდა, რომ უუფლებო მდგომარეობაში ხშირად მამაკაცი იმყოფება. მეტიც, თანამედროვე ფემინისტის აზრით მამაკაცი მუდმივად უნდაა განიცდიდეს სინდისის ქენჯნას წინაპრების უმსგავსო მოქმედებების გამო. შეიძლება ეს სადღაც მართალია, მაგრამ თანაბარუფლებობა მაინც არ გამოდის. მეორე მხრივ თანაბარუფლებობისათვის ბრძოლაში დედაკაცი არა მარტო იძენს ახალ უფლებებს, არამედ კარგავს ჩვეულ სინაზეს, ემსგავსება რა მამაკაცის მსგავს არსებას.
დღევანდელ მამაკაცთა უმრავლესობა ძნელად ეგუება ქალის ახალ ამპლუას. მამაკაცის ამ ტკივილში არის სიმართლე: ემანსიპაციის პროცესმა გამოიწვია ოჯახის სიმყუდროვის დარღვევა, რომლის ძირითადი მასულდგმულებელი დედაა. ამასთანავე, ამ პროცესმა გამოიწვია „ახალი ქალბატონების" გამოჩენა, რომლებიც მოკლებულნი არიან ქალურ, ბუნებრივ სილამაზეს. ოჯახის პასუხისმგებლობაზე და შვილების აღზრდაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ძველი სამყაროს უკიდურესობის ნაცვლად, რომელიც გამოიხატებოდა დედაკაცისადმი მონათმფლობელურ დამოკიდებულებაში, დაინერგა ახალი უკიდურესობა ემანსიპაციისა და ფემინიზმის სახით. და თუ მრავალ საკითხში ეს ბრძოლა გამართლებულია, უკიდურესობამდე მიყვანილი იგი სრულიად აბსურდული ხდება. სინამდვილეში კი უფრო მეტად უშლის ხელს ქალბატონებს სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ვიდრე ეხმარება მათ. ანტიკური მოდელი აცხადებდა: დედაკაცი მეორეხარისხოვანი ადამიანია, არსება მონასა და მამაკაცს შორის. ქრისტიანობამ აღიარა მამაკაცისა და დედაკაცის სქესის პიროვნული თანაბარფასეულობა და ხაზი გაუსვა განსხვავებებს, რომელიც არ შეიძლება მივიჩნიოთ შესაბამისად, არამედ ორივე მხარე ითხოვს თავის განვითარებას. ასეთი მიდგომა არ გამორიცხავს ქალბატონების პროფესიულ სცენაზე გამოჩენას, მაგრამ ამასთანავე უტოვებს მამაკაცს ოჯახზე უმეტეს პასუხისმგებლობას, რადგან ოჯახის თავი მამაკაცია, რომელიც ვალდებულია უყვარდეს თავისი მეუღლე, უფრთხილდებოდეს და ეხმარებოდეს მას. თანამედროვე ემანსიპირებული მეთოდი კი გვთავაზობს დედაკაცს მამაკაცის მსგავს არსებად, მოწოდებულს საბოლოოდ გათავისუფლდეს მამაკაცის დიქტატისაგან (სად არის ეს დიქტატი?). ამ მოდელის ფარგლებში (თუ იგი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე) შეუძლებელია ნორმალური ოჯახის ფუნქციონირება. რადგანაც თანაბარუფლებობა ფემინისტური გაგებით იმთავითვე ღებულობს „თანაბარპასუხისმგებლობის" სახეს ორივე მხრიდან. რამეთუ თანაბარი უფლებებით შეუძლებელია ააგო ოჯახი, ოჯახური ურთიერთობა, რომელიც მოითხოვს პასუხისმგებლურ გადაწყვეტილებას, სიყვარულსა და ზრუნვას. აქვე უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მამაკაცი არანაკლებ „ფემინიზირებულია". ისიც ხშირ შემთხვევაში მეუღლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლად თვლის თავს. მაგრამ ისმის კითხვა: რისთვის სჭირდება ასეთი თავისუფლება?!
ერთი სიტყვით დღევანდელი ქალბატონები იბრძვიან არა მარტო თანაბარუფლებობისათვის, არამედ მამაკაცობრივი ფუნქციების შესრულებისათვის. რადგან მათი კრიტერიუმი ბიზნესში წარმატება, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება, მთავრობაში თავბრუდამხვევი კარიერაა. ხოლო ისეთი საქმიანობა, როგორიც დედობაა, მათთვის უბრალოდ სასირცხვილოა, თუ რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილი ამგვარი გადაფასება დიდ გავლენას ახდენს ოჯახურ ურთიერთობაზე, შვილების აღზრდაზე. და საქმე ის არ არის, რომ დავუბრუნდეთ პრინციპს „ქალის საქმე ქსოვაა", არამედ ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რა გასამრჯელო აქვს ქმარსა თუ ცოლს, ბავშვები გრძნობდნენ და ღებულობდნენ ნამდვილ დედობრივ სიყვარულსა და მამობრივ ზრუნვას.
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია