ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი ილია II აღნიშნავს: ,,დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი,... თუ ჩვენს მომავალზე სერიოზულად არ ვიზრუნებთ’’ (ილია II ,2008).
ამგვარად, ქვეყნის წინაშე ერთ-ერთი უდიდესი მოვალეობა ოჯახისა, შვილიერება, ბავშვების სწორი აღზრდა გახლავთ, რაშიც, მამასთან ერთად, უდიდესი როლი დედას განეკუთვნება.
გვსურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ს ქადაგებიდან ფრაგმენტი გავიხსენოთ, რომელიც ქალის როლის წარმოჩენას ეხება: ,, საზოგადოებაში ქალისთვის უფრო საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა, ვიდრე შვილების სწორი აღზრდაა, არ არსებობს’’. ასევე , აქვეა ქალებისადმი მოწოდება გულმხურვალე ლოცვის, მოწყალების საქმეთა და სხვა სათნოებათა აღსრულებისათვის (ილია II ,1997)
მართლმადიდებლური თვალთახედვით ქვეყნის ცხოვრებაში ქალის როლი ძალზე მნიშვნელოვანია, რისი დასტურიცაა :
-ქალი მეუღლე, დედა, დიასახლისი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული;
-ქალი ხატმწერი, საღვთისმსახურო შესამოსლისა და სხვადასხვა ნივთების მქარგველი , ტიხრული მინანქრისა თუ ხეზე კვეთის ოსტატი;
-ქალი ღვთისმსახურებაში ჩართული, როგორც მგალობელი თუ მედავითნე (წიგნის მკითხველი);
-მონაზონი ქალები, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება და მრავალი სხვა.
ამდენად, საზოგადოებაში როგორც კაცის, ისე მანდილოსნის როლი ძალზე მნიშვნელოვანია, რაც ქრისტიანული სწავლების თანხმიერია. წმიდა პავლე მოციქული გვამცნობს: ,,არა არს რჩევა მამაკაცისა , არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ’’ (გალ.3.28). ამასთან, კაცს მანდილოსნისადმი უდიდესი კრძალულებისაკენ მოუწოდებს უფალი, რომელიც ბრძანებს: ,, ქმარნი ეგრეთვე თანამკვიდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანამკვიდრთა მადლისა ცხოვრებისაითა , რაითა არა დაბრკოლდებოდინ ლოცვასა თქვენსა’’(1პეტრ.3.7).
მისი უწმიდესობა ბრძანებს:
-,,ქალზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რამდენად იღბლიანი იქნებაქორწინება. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება, ან ანგარება განსაზღვრავს, ფაქტობრივად იგი თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძნებული’’.(ილია II, 2008:140).
და კვლავ ,მსჯელობს რა ოჯახის სიმტკიცეზე, მისი უწმინდესობა გვმოძღვრავს:
-,,ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისათვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმი მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს "( ილია II 2008:141)
ოჯახური თანაცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, რომელთა შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II განსაკუთრებულ ყურადღებას აბორტის თემას უთმობს. იგი მიიჩნევს რომ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა მუცლად მოწყვეტა - აბორტია. მოგვყავს ფრაგმენტები მისი უწმიდესობის ეპისტოლედან:-,,ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა თანაცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს არ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვადასხვა დაავადება ახსენებს თავს, გულგრილი ხდება მათი ურთიერთობაც და ღალატი ცხოვრების წესად ექცევათ’’(ილიაII,2008:143);
-,,საზოგადოება სავსეა შვილის მკვლელი მშობლებით და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მათ ცოდვის შესატყვისი განცდა არა აქვთ’’(ილიაII 2008:144);
-,,რა თვისების მატარებელი იქნება ის თაობა, რომლის დედაც, მამაც, ბებიაც, დეიდაც და, საერთოდ გარშემო მყოფთა წრე, უსასტიკეს მკვლელობათა ჩამდენია. ეს ცოდვა ბუმერანგივით მოუბრუნდება ყველას’’(ილია II 2008: 144).
წიგნიდან:,, ეკლესია და ოჯახი’’