თესალონიკელებმა, რომელნიც ქრისტეს რწმენისათვის მუდმივ შევიწრივებასა და დევნას განიცდიდნენ, ჯერ კიდევ მოციქულების სიცოცხლეში ირწმუნეს, რომ უკანასკნელ დროში ცხოვრობდნენ და რომ ანტიქრისტე მალე მოვიდოდა და სამყაროს აღსასრულიც დადგებოდა.
შეიტყო რა ქრისტიანებს შორის ჩამოვარდნილ არეულობაზე, რომელიც სამყაროს სწრაფი აღსასრულის მოლოდინის შედეგი იყო, თესალონიკის ეკლესიის დამაარსებელი მოციქული პავლე მათ შეაგონებდა, რომ მტკიცენი ყოფილიყვნენ რწმენაში, გონებით არ აჩქარებულისყვნენ და მერყეობა არ გამოეჩინათ. ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, - წერდა იგი თესალონიკელებს, - მოსვლისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ (2 თესალონიკელთა, 2, 1-3).
პავლე მოციქულის ეპისტოლეთა მკვლევარებს მცირე წვლილი როდი მიუძღვით იმაში, როგორ გავიგოთ სიტყვები: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ". რომელ განდგომილებაზეა საუბარი, რომელიც მანამდე დადგება, სანამ შვილი წარსაწყმედელისა გამოჩნდება?
ამ საკითხის გადასაწყვეტად სხვადასხვა შეხედულება არსებობს: 1. ერთნი ფიქრობდნენ, რომ მოციქული ქრისტიანული მოძღვრებისაგან ერეტიკოსებისა და განდგომილთა განდგომილებას ამოწმებს; 2. სხვები ამტკიცებენ, რომ მითითებულ სიტყვებში ბერძნული აღმოსავლური ეკლესიისაგან რომის ეკლესიის განდგომაზეა საუბარი.
- - შეიძლება თუ არა ამგვარ განმარტებებს დავეთანხმოთ?
- - ცხადია, არა.
1. ქრისტიანული სარწმუნოებისაგან განდგომის შემთხვევები ჯერ კიდევ მოციქულების სიცოცხლეში ხდებოდა. მაშინ დაიწყეს გამოაშკარავება, აგრეთვე, ცრუ მოძღვრებმაც. ისინი ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენო, - ამბობს განდგომილებზე იოანე ღმრთისმეტყველი;
2. თუ იმას ვიფიქრებთ, რომ მოციქული მსოფლიო ეკლესიისაგან რომის ეკლესიის გამოყოფაზე წინასწარმეტყველებს, როგორც მოვლენაზე, რომელიც სამყაროს აღსასრულს უძღვის წინ, მაშინ სამყარო დღემდე როგორღა არსებობს?
მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტ განმარტებას წმ. იოანე ოქროპირი იძლევა. თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტებაში იგი ამბობს: „ როცა რომაელთა ბატონობა აღესრულება - ანტიქრისტე მაშინ მოვა და სამართლიანადაც, რადგან მანამ, სანამ ამ სახელმწიფოსი ეშინიათ, ანტიქრისტეს სწრაფად არავინ დაემორჩილება, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი დაინგრევა და არეულობა დამყარდება, იგი (ე. ი. ანტიქრისტე) როგორც ადამიანური, ასევე ღმრთეებრივი ძალაუფლების მიტაცებას მოინდომებს. სწორედ ასე დაინგრნენ ადრინდელი სამეფოებიც: მიდიელებისა - ბაბილონელებისაგან, ბაბილონელებისა - სპარსელებისაგან, სპარსელებისა - მაკედონელებისაგან, მაკედონელებისა - რომაელებისაგან; ეს უკანასკნელიც ანტიქრისტეს მიერ იქნება დანგრეული და განადგურებული. ხოლო ანტიქრისტეს, იესუ ქრისტე დაამარცხებს" (მე - 4 საუბარი თესალონიკელთა მიმართ მე - 2 ეპისტოლეზე).
ამ ადგილს, წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად განმარტავდნენ: წმ. კირილე იერუსალიმელი, თეოდორიტე, ამბროსი მედიოლანელი და სხვები.
შეიძლება ვინმემ შენიშნოს: მოციქულმა რომის სახელმწიფოს დაცემაზე რატომ პირდაპირ არ მიუთითაო. ამ კითხვის პასუხად წმ. იოანე ოქროპირი იმავე საუბარში ამბობს: „ რამდენადაც მოციქული რომის სახელმწიფოს დაცემაზე საუბრობს, ამიტომ ცხადი და გასაგებია, ამაზე რატომ მხოლოდ მიანიშნებს და შეფარვით ამბობს: იმიტომ, რომ თავზე უსარგებლო საფრთხის დატეხვა არ სურს. მას რომ ეთქვა, რომის იმპერია მცირე ხანში დაინგრევაო, როგორც მეამბოხეს, აუცილებლად, მყისვე, სიკვდილს მიუსჯიდნენ და ამასთან, ყველა მორწმუნისა და მოღვაწის დევნას დაიწყებდნენ. ამიტომაც არ გამოიყენა ამგვარი გამოთქმა. მას არც ის უთქვამს, რომ ეს მალე მოხდებოდა, თუმცა სულ მიანიშნებდა. თქვა მხოლოდ, რომ თავის დროზე გამოჩნდებოდა".
წმ. იოანე ოქროპირის განმარტებას წინასწარმეტყველი დანიელის (2, 2-7) წიგნიცა და გამოცხადებაც (თავი მე-17) ადასტურებდნენ. დანიელის წიგნში წინასწარმეტყველის პირით თვითონ სული წმიდა ლაპარაკობს ოთხ სამეფოზე, რომელნიც სამყაროს აღსასრულამდე ერთიმეორეზე მიყოლებით იარსებებდნენ. აქ სამეფოთა ცვლას კერპი განასახიერებს, რომელსაც თავი ოქროსი აქვს, მკერდი და ხელები ვერცხლისა და ბარძაყები - სპილენძისა, მუხლები რკინისა, ფეხები კი - ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა. ეს კერპი ოთხ სამეფოს ნიშნავს: ასირიულს, სპარსულს, ბერძნულსა და რომაულს. როგორც კერპს ჰქონდა ორი წვივი ორი სხვადასხვა ნივთიერებისა, ასევე რომის სამეფოც, რომელსაც წვივები გამოხატავს, ორ ნაწილად იყოფოდა: დასავლეთად და აღმოსავლეთად. რომის იმპერიის აღმოსავლურმა ნაწილმა, რომელიც ოტომანთა თურქებმა დაიპყრეს (1453 წელს), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა, დასავლეთი კი მთლიანი დარჩება ანტიქრისტეს მოსვლამდე. წინასწარმეტყველი დანიელი ოთხი სამეფოს წარმოშობასა და დაცემას ასე აგვიწერს: შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა, და ხილვაჲ მისი საშინელ, ხატი, რომლისა თავი ოქროჲსა წმიდისა, ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლნი, მუცელი და თეძონი რვალისა, და ბარკალნი რკინანი, ფერჴნი კერძოჲთა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოჲთა კეცისანი. ჰხედევდ, ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი სრულიად. მაშინ დამწულილდეს ერთბამად კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, და იქმნეს, ვითარცა მტუერი კალოჲსაგან ზაფხულისაჲსა, და აღიღო იგი სიმრავლემან სულისამან, და ყოველი ადგილი არა იპოვა მათი, და ლოდი დაკუეთებული ხატისაჲ იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანა. (დანიელი, 2,31 – 35). დანიელი ასირიელთა მეფეს, ნაბუქოდონოსორს, თავის სიზმარს ასე განუმარტავს: თავი ოქროჲსა - ეს შენ ხარ! - შენ, მეფე, მეფეჲ მეფეთაჲ, რომელსა ღმერთმან ცისამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცე და პატიოსანი მოგცა შენ... და შემდგომად შენსა აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ, უადრესი შენი, და მეფობაჲ მესამე, რომელ არს რვალი, რომელი ეუფლოს ყოველსა ქუეყანასა, და მეფობაჲ მეოთხე იყოს ძლიერ, ვითარცა რკინაჲ... და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა... რომელმან დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი (დანიელი, 2,37, 39-40, 44).
ამ წინასწარმეტყველების კიდევ უფრო ნათელ განმარტებას დანიელ წინასწარმეტყველის ცხოვრებაში ვპოულობთ: „მეფე ნაბუქოდონოროსო, შენ ოქროს თავი ხარ. შენს შემდეგ სხვა, უფრო მცირე, სამეფო იქნება - კუნთები და ორი ხელი ორ ხალხს - მიდიელებს და სპარსელებს აღნიშნავს. ვერცხლისას სპილენძისა მოჰყვება. აღდგება მაშინ ვინმე, სპილენძით აღჭურვილი. ეს ალექსანდრე მაკედონელი იქნება, რომელიც მიდიელ - სპარსელთა სამეფოს დაანგრევს. დადგება ხანა მეოთხე - რკინის მსგავსი მეფობისა და ისევე როგორც რკინა ათხელებს ყველა მეტალს: ოქროსაც, ვერცხლსაც და სპილენძსაც, ასევე ეს სამეფოც მთელ სამყაროს დაიმორჩილებს. ორი წვივი ამ სამეფოს ორ ნაწილს ნიშნავს: აღმოსავლეთსა და დასავლეთს ანუ ბერძნებსა და რომაელებს. ნაწილობრივ რკინის და ნაწილობრივ თიხის ფეხები იმაზე მიანიშნებენ, რომ შემდგომში ეს სამეფო მრავალ წვრილ სახელმწიფოებად დაიშლება. ლოდი, რომელიც მთიდან სხვის დაუხმარებლად მოწყდება და კერპის სხეულს დაეცემა, ქრისტეს, ძე ღმრთისას, განასახიერებს, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისაგან მამაკაცის ჩარევის გარეშე იშვება. გაფანტავს რა ყველა დროებით მეფობას, იგი სულიერ სამეფოს დაამყარებს, რომელიც არასოდეს დაიშლება".
ამრიგად, წმიდა წერილისა და წმ. იოანე ოქროპირის განმარტებათა მოწმობით, ანტიქრისტე ამქვეყნად, მხოლოდ რომის სახელმწიფოს სრული დაცემის შემდეგ მოვა.
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"