-წმიდაო მამო, როგორ უნდა გამოიმუშაოს სათნოებები საკუთარ თავში იმ ადამიანმა, რომელსაც ოჯახი აქვს?
-ღმერთი ამისათვის მრავალ მოსახერხებელ შემთხვევას გვაძლევს. ძალიან ბევრი კი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ევედრება ამგვარი შესაძლებლობები მისცეს, საკმარისია, რაიმე სირთულეს წააწყდეს, მაშინათვე დრტვინვას იწყებს. მაგალითად, ზოგჯერ სახიერი ღმერთი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე ინებებს ხოლმე, რომ მამაკაცში მოთმინებისა და სიმდაბლის სათნოებები დანერგოს, ამიტომ იგი სრულიად განაშორებს თავის მადლს ამ მამაკაცის ცოლს, რომელიც ძალიან „გადაპრანჭულად " იქცევა და ქმარს უხეშად ეპყრობა. ასეთ შემთხვევაში ქმარი არ უნდა დრტვინავდეს, არამედ უნდა ხარობდეს და მადლობას სწირავდეს ღმერთს იმ უდიდესი წყალობისათვის, რომ ღმერთმა ღვაწლის ასრულების საშუალება მისცა. ანდა, მაგალითად, დედა ევედრება ღმერთს, რომ მან მოთმინების ძალა მიანიჭოს. შემდეგ იგი შლის სუფრას, სუფრას უახლოვდება მისი შვილი , სუფრის კუთხეს ეზიდება და მთელ ჭურჭელს იატაკზე გადმოყრის. თითქოს პატარა ამ საქციელით დედამისს ეუბნება : „ დედა, მოითმინე! "
და საერთოდ, ის სირთულეები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, სულიერი ცხოვრების მოსურნე ადამიანებს აიძულებს, რომ არ დასუსტდნენ, არ ჩაეძინოთ. ღმერთმა დაიფაროს და როდესაც ომი იწყება, ადამიანები არ სუსტდებიან და თვალს არ ხუჭავდნენ. რაღაც ამგვარი, როგორც ვხედავ, ხდება იმათთან მიმართებაში, ვინც სულიერად ცხოვრებას ცდილობს. ავიღოთ თუნდაც ეკლესიური ახალგაზრდები, რამდენი სირთულის გადალახვა უწევთ ამ საბრალოებს! მაგრამ ეს სიძნელეები ეხმარება მათ, რომ არ მოეშვან. მშვიდობიან დროს კი, როდესაც სიძნელეები არ არსებობს, ვხედავთ, რომ ადამიანების უმრავლესობა სარწმუნოებისა და ზნეობრიობის საკითხებისადმი სრულიად გულგრილია. წესით ადამიანმა მშვიდობიანი დროც სულიერი წარმატებისათვის უნდა გამოიყენოს: მან უნდა მოკვეთოს ნაკლოვანებები და სათნოებები გამოიმუშაოს.
რაოდენ უბრალოა სულიერი ცხოვრება! როდესაც ადამიანი შეიყვარებს ღმერთს, შეიცნობს მის დიდ მსხვერპლს და მის ქველმოქმედებას, როდესაც საკუთარ თავს მთელი შეგნებით აიძულებს, რომ მიბაძოს წმინდანებს, იგი მსწრაფლ განიწმინდება. მთავარია, დამდაბლდეს და თავისი უბადრუკობა და
ღვთისადმი უმადურობა შეიცნოს.
მამა პაისი მთაწმინდელი.