მასობრივი კულტურა წარმართული საფუძვლებისა და შინაარსის შემცველია. თავის დროზე ნეტარმა ავგუსტინემ (О граде Божьем) ახსენა „თეატრის თეოლოგია", ე.ი. „აზრობრივი" დატვირთვა სანახაობის, ვით თეოლოგიისა.
მასობრივ კულტურას პოლიტიკური ხასიათის ფუნდამენტური შეხედულებაც შეიძლება ვუწოდოთ. ის პოლიტიკურ და ფილოსოფიურ თეოლოგიასთან თანაარსებობს. უბრალოდ ახალ დროებაში მას სახელწოდებები შეეცვალა: პოლიტიკური თეოლოგია ჩანაცვლდა იდეოლოგიებით, ფილოსოფიური თეოლოგია - საღვთისმეტყველო მოდერნიზმით, ხოლო თეატრის თეოლოგია - მასობრივი კულტურით. ისინი ერთიან კონტექსტში ქმნიან ახალ რელიგიას, ამსოფლიურ მისტიციზმს.
სხვა ნაშრომებში ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ როგორც იდეოლოგიების არსსა და განვითარებაზე, ისე მოდერნისტულ მიმართულებათა მრავალრიცხოვან გამოვლინებებზე. ამჯერად, მკითხველის ყურადღება მასობრივ კულტურაზე, იგივე თეატრის, სანახაობის თეოლოგიაზე გვსურს გავამახვილოთ.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ხალხური და მასობრივი კულტურა. ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოებები (არქიტექტურა, ხატვა, მუსიკა, მწერლობა, პოეზია და ა.შ.) მთელი ხალხის (ერის) საკუთრებაა. ჭეშმარიტი ხალხური კულტურა მყარი ფასეულობების ერთობაა, რომელიც ლიტერატურის, ხელოვნების და ადამიანთა სულიერი ცხოვრების სხვა დარგების მონაპოვართა მეშვეობით თაობიდან თაობას გადაეცემა. მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნების და ეპოქების კულტურათა შედარება ცხადყოფს ჭეშმარიტებას: მოხმარების ფორმები, თავისთავად წარმოქმნილი რომ გვგონია, ცალკეულ ქვეყანასა და ეპოქაში ყოვლად მიუღებელი, აბსურდულიც კია სხვა ქვეყანასა და სხვა ეპოქაში.
საკუთარი ერის კულტურას ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, ეუფლება. ათვისების პროცესს სოციალიზაცია ეწოდება. „კულტურული ადამიანი" ისაა, ვინც აითვისა, შეისისხლხორცა ნორმები, ფასეულობები, ენა თავისი კულტურისა.
მასობრივი კულტურა კი სპეციფიკურად მასისათვის არის განკუთვნილი, იგი თვისობრივად არის მასობრივი, ე.ი. მოკლებულია ერის ხალხური კულტურის ნიშან-თვისებებს და მთლიანად ერთფეროვანი (მუსიკა, ჩაცმა-დახურვა, მიდრეკილებები...) გემოვნებით გამოირჩევა.
მასობრივ კულტურაზე საუბრისას აუცილებელია, განისაზღვროს თავად „მასის" შინაარსი, თუ რას წარმოადგენს „მასობრივი ადამიანი". მას აღარ სურს იყოს საკუთარი ერის, კულტურის ნაწილი, არამედ „სურს იყოს ისეთი, როგორიცაა ყველა", მას მოსწონს იყოს ისეთი, როგორიცაა ყველა.
მასობრივი კულტურა (popular mass culture, მას-კულტურა) იგივე ვულგარული კულტურა, მოხმარების კულტურა, ცალმხრივი იდეოლოგიური კომუნიკაციისა და პროპაგანდის საშუალებაა.
მას-კულტურა XIX-XX ს.ს. ახალი დროების ეპოქაში მასობრივ საზოგადოებასთან, ახალ ბიზნესებთან და გლობალური ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებთან ერთდროულად დაიბადა.
მას-კულტურის სახეობებია: ტელევიზია, რადიო, კომპიუტერული თამაშები, სმარტფონები, კინო, „ყვითელი" პრესა, სპორტი, სწრაფი კვება, ვულგარული ლიტერატურა, პოპ-მუსიკა, მასობრივი გართობის საშუალებები, აღლუმები, აქციები, დემონსტრაციები და ა.შ.
მას-კულტურა ახალი დროის ისეთ მოვლენათა გვერდიგვერდ მოიაზრება, როგორებიცაა მასობრივი რელიგია (მაგ. ცრუმისიონერობა, მოდერნიზმი, ეკუმენიზმი), მასობრივი ერთფეროვანი პოლიტიკა, მეცნიერება და განათლება.
მას-კულტურა, ისევე როგორც იდეოლოგიის სხვა სახეობები, არ არის დაინტერესებული ჭეშმარიტების გამოკვლევით. აქედან გამომდინარე, მისი ძირითადი საზრუნავია: „რა სურს ადამიანს და შემდეგ დავაკმაყოფილოთ წადილი". თავად მას-კულტურა ადამიანს თვითგადარჩენას, თვითკმარობას, ღმერთის გარეშე ცხოვრებასა და არსებობას შთააგონებს.
მას-კულტურაში ახალი დროის ყველანაირი მითის დამუშავებულ ვარიანტს ვაწყდებით, მათ შორის ცენტრალური ადგილი უკავია ადამიანის აბსოლუტური თავისუფლების იდეას. მას-კულტურა, როგორც იდეოლოგია, ახალ, უფესვო ადამიანს ქმნის, ე.ი. ადამიანი ჭეშმარიტების გარეშე უნდა არსებობდეს. შედეგად, თავად ადამიანი ხდება ერთი „აბსოლუტური" კერპი, რომელიც თავის თავს ეთაყვანება.
„ახალი ადამიანი" გახლავთ ლიბერალური სუპერმენის სახე, „წმინდანის" კულტი ამსოფლიურ მისტიციზმში, რომლებიც ანთროპოლოგიური რევოლუციის პროპაგანდას ეწევიან. მას-კულტურის ადამიანი - უგუნური ადამიანი მოკლებულია მართალ აზროვნებასა და მართლქმედებას. ის თავის ბუნებრივ თვისებებს ეწინააღმდეგება, შთანერგილს მასში ღვთის მიერ და გაშმაგებით ეომება მას.
როგორც აღვნიშნეთ, მას-კულტურა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან, იმიტომ რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული პროპაგანდასთან. მას-კულტურა არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ მის ინტერპრეტაციასაც შთააგონებს ადამიანს, რაც არ იძლევა ანალიზის თავისუფლებას.
აქედან გამომდინარე, პოლიტიკაც თეატრალიზებული გახდა. მისი თეატრალიზაცია ჯერ კიდევ ფრანგული რევოლუციისთვის იყო დამახასიათებელი, როდესაც მსახიობები პოლიტიკოსები ხდებოდნენ, ხოლო პოლიტიკოსები - მსახიობები. აქედანაა სპორტსმენებისა და მსახიობების წინ წამოწევა დღევანდელ პოლიტიკურ არენაზეც. მას-კულტურას შეგნებულად იყენებენ პოლიტიკაში ხალხის ჩაბმის მიზნით.
ლენინი ამბობდა: „არ კმარა რელიგიის განადგურება, რელიგია უნდა ჩაინაცვლოს". რელიგიის ადგილი თეატრმა დაიკავა, ცხადია, მისი ფართო გაგებით, ვინაიდან ხელოვნების სახეობათაგან უმნიშვნელოვანესი კინოსანახაობაა. ჰიტლერიც ამბობდა: „თეატრალური წარმოდგენა აუცილებელი ილუზიაა მასებისთვის".
ერთი შეხედვით, „უწყინარი" გართობის საშუალებებმა უნდა წარმართოს იდეოლოგია. მას-კულტურა და პროპაგანდა ამყარებს სასურველ მსოფლმხედველობას და იმავდროულად ცვლის ადამიანს.
მთლიანობაში, მსგავსი მას-კულტურისა და პოლიტ-ხელოვნების ტანდემი მთელ მსოფლიოში გამოიყენება და ეს საკმაოდ ეფექტური ხერხია მასების მართვისა და კონტროლისათვის. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია