გამოსყიდვის დოგმატისათვის მრავალწახნაგოვანი („იურიდიული", „ზნეობრივი", „ორგანული") შინაარსის მიცემა მოდერნისტ ღვთისმეტყველებს საიმისოდ სჭირდებათ, რომ დოგმატის არსი (ე.წ. „იურიდიული") ცალკეულ (ლათინური „სქოლასტიკის" მქონე) ღვთისმეტყველთა მოსაზრებად წარმოაჩინონ.
ო. დავიდენკოვი თავის „დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" (ქვეთავი „გამოსყიდვის სამართლებრივი თეორია" („Правовая теория искупления")) ირწმუნება, რომ გამოსყიდვის დოგმატის „იურიდიული" შეხედულება ლათინი სქოლასტის ანსელმ კენტერბერიელის (1105) სწავლება გახლავთ. მისი არსი დაყვანილია შემდეგ კონცეფციამდე: პირველქმნილი ცოდვა არის ღვთაებრივი სამართლიანობის დარღვევა და წარმოადგენს ღვთის შეურაცხყოფას, რომელიც მოითხოვს გამოსყიდვას დანაშაულის ჩადენის გამო.
დავიდენკოვის აზრით, ამ სწავლებამ ჰპოვა გასაქანი პროტესტანტიზმში, ხოლო შემდეგ ის გამოჩნდა XIX საუკუნის რუსულ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში. მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვი), ასევე ნ. მალინოვსკის, ეპ. სილიბისტრო მალევანსკის, XX ს-ში წმ. სერაფიმე სობოლევის დოგმატურ განსაზღვრებებში.
მოდერნისტების ამ ცრუბრალდების (თითქოს „გამოსყიდვის იურიდიული თეორია" დასავლური სწავლების პირმშოა) გასაბათილებლად მოვიშველიებთ 1157 წ. კონსტანტინოპოლის ავტორიტეტული კრების დოგმატურ განსაზღვრებებს - მათი შინაარსი მთლიანად ე.წ. „იურიდიზმის", სინამდვილეში წმ. მამებისა და ავტორიტეტული კრებების აღმსარებლობა გახლავთ.
საღვთისმეტყველო პოლემიკა ლიტურგიის, კერძოდ „რომელი ქერუბიმთას" დროს საიდუმლო ლოცვის შინაარსის: „რამეთუ შენ ხარ შემწირველი და ცშეწირული და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო" მოლათინო მოაზროვნე ანტიოქიის საპატრიარქოს დიაკონის სოტირიხის (პანტევგენი) არამართლმადიდებლურ განსაზღვრებას მოჰყვა.
მართლმადიდებლურ სწავლებას აღნიშნულ კრებაზე ეპ. ნიკოლოზ მეთონელი იცავდა.
დოგმატური ცდომილება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ქრისტეს ჯვრის მსხვერპლი მხოლოდ მამა ღმერთს (დასაშვებად სულიწმინდასაც) მიეძღვნა და არავითარ შემთხვევაში ძეს. (სოტირიხი) სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსხვერპლშეწირვა მიეძღვნა მამის ჰიპოსტასს.
მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, მაცხოვნებელი ძღვენი ქრისტეს (კაცების) მიერ მთლიანად წმინდა სამებას მიეცა, შესაბამისად ღვთაებით თავად „მიმცემელსაც" (ძე ღმრთის ჰიპოსტასს).
კონსტანტინოპოლის 1157 წ. კრების დოგმატური შინაარსი შეგვიძლია სამ საკითხად დავყოთ:
1) ევქარისტიის ჭეშმარიტი არსის განსაზღვრა.
2) ქრისტეს მსხვერპლის წმ. სამებისადმი (და არა მხოლოდ მამისადმი) მიძღვნა.
3) აქედან, დაცემული კაცობრიობის ერთიან წმინდა სამებასთან შერიგება.
სამივე საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, ვინაიდან სამივე მიმართულება (ევქარისტიის არსი, წმინდა სამების ერთარსობა და კაცობრიობის ღმერთთან შერიგების, გამოსყიდვის დოგმატი) მოდერნისტული ღვთისმეტყველების (შმემანის, ზიზიულასის და სხვების) დარტყმის ობიექტი შეიქნა. საღვთისმეტყველო ნიშნით კონსტანტინოპოლის 1156-1157 წ.წ. კრებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. კრებამ დაგვანახა, როგორი უნდა იყოს რეაგირება ეკლესიის წიაღში ერეტიკული შეხედულებების შემოტანისა და დამკვიდრების მცდელობის დროს.
მოდერნისტები „იურიდიზმად" სახელდებენ მოსაზრებას, რომ ადამიანმა შეურაცხყო ღმერთი, დაარღვია რა მცნებები, და რომ ამ ბრალეულობის გამოსყიდვა თავად არ შეეძლო, რაც ჯვარზე გაკვრით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ კაცობრივი ბუნებით იტვირთა. ეს იყო ძღვენი, შეწირული ღვთისა, რათა დაცემული ადამიანი ღმერთთან, წმინდა სამებასთან შეერიგებინა.1
კრებამ იმდროინდელი ლათინო-მოაზროვნე და ჩვენი დროის რეფორმატორ-მოდერნისტების გასაგონად განაცხადა ეკლესიის მართლმადიდებლური სწავლება, რომ ცოდვილი კაცობრიობის შერიგება ღმერთთან და განწმენდა მთლიანად წმინდა სამების ერთობლივი თანამონაწილეობით განხორციელდა. კრებამ გასცა პასუხი კითხვაზე, თუ ვის მიეძღვნა ძღვენი, რომ ლიტურგიკული ძღვენი შეიწირების არა მხოლოდ მამაღმერთისთვის, არამედ მთლიანად წმინდა სამებისათვის.
1. აღნიშნული კრების მიერ განისაზღვრა სოტერეოლოგიურად უმნიშვნელოვანესი საკითხი: მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და ღვთისმსახურების ურთიერთთანხმობა, სადაც ღვთისმსახურება განიცდება არა მხოლოდ როგორც „საზოგადოებრივი ლოცვა" „საკრებულო" (როგორც ამას პროტესტანტები და ა. შმემანის მსგავსი მოდერნისტები მიიჩნევენ), არამედ როგორც მართლმორწმუნე სულების ქრისტესთან შეერთების, თანაზიარების საიდუმლო. ღვთისმსახურების აღსრულების დროს დოგმატური ჭეშმარიტებანი მისი (გალობების, ტექსტების) შემადგენელ ნაწილად აღიქმება აღმსარებელი ხალხის მიერ. და ეს აღმსარებლობა, გამოცდილი დროში წმ. მამების ლიტურგიკული ცხოვრების მიერ, გახლავთ ჭეშმარიტი რეცეფცია აღნიშნული სწავლებისა.
ერეტიკულად მოაზროვნენი მიიჩნევდნენ, რომ იესო ქრისტეს მიერ გაღებული ჯვარცმის მსხვერპლი მხოლოდ ერთხელ, ერთი ძღვენით შემოიფარგლა. აქედან მოდერნისტების დასკვნა, რომ ყოველდღიურად აღსრულებული ევქარისტიული მსხვერპლი არსებითად არ არის მსხვერპლშეწირვა, არამედ მხოლოდ განმეორებითი მოგონება, „ოცნებითი და ხატოვანი" (мечтательно и образно) გამოხატულებაა და მეტი არაფერი.
ამ მცდარი მოსაზრების თანახმად, სიტყვები „რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო" კარგავს თავის სოტერეოლოგიურ (მაცხოვნებელ) მნიშვნელობას, რაც კრების მონაწილე მამებმა წმ. ანდრია კრიტელის, ნეტარი თეოდორიტეს, იოანე დამასკელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებელისა და სხვა წმ. მამების სწავლებაზე დაყრდნობით ამხილეს.
2. მართლმადიდებლური სწავლების ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი იმაში მდგომარეობს, რომ წმინდა ერთარსი და განუყოფელი სამების ყველა მოქმედება ასევე ერთიანი და განუყოფელია. თუკი მოქმედებს სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი, მაშინ ამ მოქმედებაში ორი დანარჩენიც მონაწილეობს. წმინდა სამების მოქმედებათა ერთიანობა აღიარებულია ყველა წმინდა მამის მიერ. ეს სწავლება წითელი ზოლივით გასდევს მთლიანად მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას. ამის დამადასტურებელი მოწმობები წმ. წერილშიც საკმარისადაა: (შესაქმ. 1,1; 1,26. იონ: 1,3; 5. 19-12, 36; 6, 38, 57; 13, 20; 14.7, 11.23; 16,5) და მრავალი სხვა, სადაც საუბარია მამისა და ძის მოქმედებების ერთიანობაზე.
მოვუსმინოთ წმ. მამებს:
წმ. ფოტი (დიდი): „წმინდა სამების პირებს ერთიანი მოქმედება გააჩნია".2
წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: „თუკი ვიაზრებთ, რომ მამის, ძის და სულიწმინდის მოქმედებანი არაფრით განსხვავდება და განირჩევა, შესაბამისად უცილობელია მათი ერთარსობის აღიარებაც. მამა, ძე და სულიწმინდა ერთნაირად განწმენდენ, ანათლებენ, ანუგეშებენ და ყოველივეს ერთიანად ქმნიან".3
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „შეუძლებელია ძე ქმნიდეს რამეს, რასაც არ ქმნის მამა, ვინაიდან ყოველივე, რაც გააჩნია მამას, ეკუთვნის ძესაც და პირიქით".4
წმ. გრიგოლ პალამა სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ წერს: „სულიწმინდა მადლის ძალითა და მოქმედებით გვეცხადება, რომლებიც საერთოა მამის, ძის და სულიწმინდისთვის. საკუთრივ ყველა მათგანს საკუთარი ჰიპოსტასი აქვთ, ხოლო საერთოა არა მხოლოდ ზეარსებითი არსება (пресущественная сущность), არამედ მადლიც, ძალაც, ენერგიაც, სიტყვაც, მეუფებაც, უკვდავებაც და საერთოდ ყველაფერი, რაც ღმერთმა ანგელოზებსა და ადამიანებს აუწყა, რითაც მადლის მეშვეობით, ერთიანდება მათთან".5
3. „ღმერთთან შერიგება" არ უნდა გავიგოთ თითქოს რაღაც ფასეულობის ან საჩუქრის გაცვლა მოხდა კაცობრიობას და ღვთაებრივ ჰიპოსტასებს შორის.
ეს უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ უნდა განხორციელდეს ჩვენი ბუნების „ფერისცვალება". ამგვარი სახეცვლილების აღსრულება ადამიანს საკუთარი ძალებით არ შეუძლია. ამიტომ თავად ძე ღვთისა ჩამოვიდა ჩვენთან (განკაცდა). შერიგება, განწმენდა, „ძედ ღვთისად ყოფნა" და სხვა მსგავსი სულიერი ნიჭი ძე ღვთისამ ჩვენი ცხონებისათვის მოგვმადლა.
ამრიგად, დასკვნის სახით ვიტყვით:
პირველქმნილი ადამი შექმნა ღმერთმა, ე.ი. წმინდა სამებამ. ედემში ის ტკბებოდა ღმერთთან ურთიერთობით, თავისი დაუმორჩილებლობით მან შეურაცხყო ღმერთი, ე.ი. წმინდა სამება. მასთან ერთად მთელი დაცემული კაცობრიობა (რომ. 5.9). უშჯულოების გამრავლებით განეშორა ღმერთს, ე.ი. წმინდა სამებას. ამიტომ დაცემულ ადამიანს შერიგება მართებს არა მხოლოდ ერთ ჰიპოსტასთან, არამედ ერთიან ღმერთთან, ე.ი. წმინდა სამებასთან. მაცხოვარმა შეგვარიგა თავის თავთან, ხოლო მისი მეშვეობით და მასში მამასთან და სულიწმინდასთან, ე.ი. მთლიანად წმინდა სამებასთან.6
როგორც ვხედავთ, ადამიანმა დაცემის შედეგად შეურაცხყო მართლმსაჯული ღმერთი, რის გამოც საჭიროებდა შერიგებას, ცოდვის გამოსყიდვას, რისი შესაძლებლობა მას არ გააჩნდა. ამიტომ, ღმერთმა თავად იტვირთა ეს ჯვარი კაცობრივი ბუნებით და ცოდვისაგან გამოისყიდა დაცემული კაცობრიობა. ყოველივე ამას მოდერნისტები „იურიდიზმს" უწოდებენ, რაც რეალურად გამოსყიდვის მართლმადიდებლური დოგმატის უარყოფას ნიშნავს.
1 Константинополский собор. 1157 г.
2 ციტ. Константинополский собор. 1157 г. Эп. Николай Мефонский.
3 Св. Василий Великий. Письмо к Евстафию. Первому врачу. С. 374.
4 Св. Григорий Богослов. Слово. 30. (О богословии 4).
5 ციტ. Константинополский собор. 1157 г. ოქმებიდან.
6 Константинополский собор. 1157 г. Четвертая анафема.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია