ღმერთთან სრულყოფილი კავშირისა და ურთიერთობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია შინაგანი და გარეგანი მხარე. ღვთაებრივ სისავსეში გარეგნული (პრაქტიკული ცხოვრება, ასკეზა, ლოცვა და ა.შ.) განუყრელ კავშირშია შინაგანთან (თეოლოგიასთან, კანონებთან, დოგმატებთან, სწავლებასთან), ხოლო შინაგანი - გარეგანთან. ორივე ერთად შეადგენენ ერთიან, განუყრელ მთლიანობას.
ღვთის ნება, ბოძებული ადამიანისათვის მცნებების სახით, სიტყვიერი ფორმისაა, რომელიც შეიცავს შინაარსს. ჭეშმარიტი სწავლება ღვთისა მარადიული ცნებაა. არ შეიძლება მისი რაიმე სახით დაკნინება, როგორც ამას მოდერნისტები აკეთებენ. თითქოს მთავარი მხოლოდ სიყვარულია სამართლიანობის პრინციპის, დოგმატური სწავლების, კანინების დაცვის გარეშე. მცნებები და კანონები თანხმობაში უნდა იყოს სინდისთან, ადამიანის სულთან, რომელიც ბუნებით ქრისტიანია.
ცხადია, ყველაფერი შეიძლება ბოროტად გამოიყენო, მაგრამ ამაში არა სწავლება, სამართლიანობის პრინციპი, არამედ ადამიანის დაცემული ბუნება და მზაკვრული გონებაა ბრალეული და არა თავად სწავლება.
მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელის ქადაგებებში ზემოაღნიშნული მოდერნისტების „პირადი გამოცდილების" თეზის სულისკვეთება შეინიშნება. თავის ქადაგებებში ის ხშირად ამახვილებს ყურადღებას თეზაზე: „მხოლოდ პირადი გამოცდილება, სხვა არაფერი შეიძლება იყოს მყარი საყრდენი".
საქმე ისაა, რომ თუ გარკვეული არამართლმადიდებლური ფრაზა, ტერმინი ან შეხედულება ავტორის სხვადასხვა ნაშრომში ერთიდაიგივე შინაარსით გვხვდება, ვით ყურადსაღები მოსაზრება, სწავლება, მაშინ ის უკვე აღარაა უბრალო გაურკვევლობა, არამედ კერძო საღვთისმეტყველო აზრია (თეოლოგუმენი) - თეზა (თეზები), რომელთა დამკვიდრებასაც ცდილობს ავტორი მართლმორწმუნე ერში.
გადავიდეთ ამონარიდებზე:
„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეკლესიაში შესვლით ჩვენ ვამყარებთ კავშირს არა ეკლესიის სწავლებასთან, არამედ კონკრეტულ პიროვნებასთან, რათა დავამყაროთ პირადი ურთიერთობა იესო ქრისტესთან, ცოცხალ (რეალურ) პიროვნებასთან, რომელიც არსებობს და რომელთანაც სიყვარულის ურთიერთობა მართებს ადამიანს".1
„ვინ განგვაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა? რას შეუძლია განგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს? განა არსებობს ასეთი რამ? ხედავთ? აქ პავლე მოციქული საუბრობს არა ქრისტეს რწმენაზე, არამედ სიყვარულზე. ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულყოფილი ურთიერთობა ღმერთთან არ არის რწმენით ურთიერთობა. რწმენა დაიტევება, იგი არს რაღაც ეტაპზე, ისევე როგორც სასოება ღვთისა და ის, რაც რჩება საუკუნოდ, არის სიყვარული".2
„სასწაული ისაა, რაც ეკლესიის ცოცხალ მოქმედებას გამოხატავს და მოწმობს, რომ ეკლესია არაა სწავლება, თუნდაც ყველაზე საუკეთესო, დედამიწაზე. ქრისტეს ხშირად აღიქვამენ, როგორც უდიდეს მასწავლებელს, მისტიკოსს, როგორც მასონები უწოდებენ. იყო კი ის ასეთი? ეკლესია ასე არ ასწავლის".3
ცხადია, მიუღებელია ქრისტეს აღქმა მასონური მისტიციზმის მიხედვით. (ნუ იყოფინ!).
აქ იკვეთება აზრი, რომ ღმერთთან კავშირისთვის მთავარია სიყვარული და „არა ეკლესიის სწავლება, არა ქრისტეს რწმენა", „სრულყოფილი ურთიერთობა ღმერთთან არ არს რწმენითი ურთიერთობა" და ა.შ.
ეს განმაახლებელ-მოდერნისტებისთვის გახდა დასაცინი თეზები: დოგმატიკა, ჭეშმარიტი სწავლება... თითქოს ყველაფერი მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაზე, პირად გამოცდილებაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შინაარსი (პრაქტიკული სულიერი ცხოვრება) სრულყოფილი სახით ვერ იარსებებს ფორმის (მართალი სწავლების, სარწმუნოების) გარეშე. ეს საჭიროა საიმისოდ, რომ მორალური თუ დოგმატური კანონების გარეგნული ორიენტირით გავარჩიოთ სინდისის ხმა ვნებებისა და უმართებულო ხედვებისაგან.
მომდევნო წინადადება კიდევ უფრო განმაცვიფრებელია:
„წმინდა მამები ამბობენ: ღმერთი არ არსებობს. წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არარსებული არსებაა. ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ, ის საერთოდ (ალბათ გულისხმობს ხილულად - კ. ჯ.) არ არსებობს, ვინაიდან არსებობს დანარჩენი არსებები. ვერ იტყვი, რომ ღმერთი არსებობს, როგორც ვერ იტყვი, რომ ის არ არსებობს, იმიტომ რომ ის არსებობს (როგორც იქნა - კ. ჯ.). ის არარსებული არსებაა, იმიტომ რომ მისი არსება არ შეიძლება იყოს ზუსტად გააზრებული და აღწერილი".4
სავარაუდოდ მიტროპოლიტს სურს აღნიშნოს, რომ ღმერთი ხილულად არ არსებობს, (თუმცა ხილულადაც მოვიდა მაცხოვრის სახით), მაგრამ სურვილი გვიჩნდება ვკითხოთ: რომელი წმინდა მამა ამბობს, რომ „ღმერთი არ არსებობს?"
შემდეგ თითქოს წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „ღმერთი არარსებული არსებაა" (несушествующее существо).
აქ გვიჩნდება შემდეგი კითხვები:
1) რამდენად შესაძლებელია ღმერთს უწოდო „არარსებული არსება"?
2) ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს სიტყვები წმინდა მამას?
რა არის „არსება"? (сущность). ეს არის შინაგანი შინაარსი და სტრუქტურული პრინციპი, რომელზეც დამოკიდებულია თავად არსების (ჩვენ შემთხვევაში ღმერთის) ყოფიერება, ამავე დროს მისი (ღმერთის) დამოკიდებულება სხვა საგნებთან (არსებებთან).
ღირსი იოანე დამასკელი თავის ნაშრომში „ფილოსოფიური თავნი" ამბობს: „არსება (сущность) განისაზღვრება როგორც არსებობა, ყოფიერება. არსებითის პრედიკატორი არის ყოფიერება, ხოლო ყოფიერების შინაარსი - არსება".
ღმერთის „არარსებულ არსებად" სახელდება, როდესაც ის არსებული და ყოფიერია, არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას.
ახლა განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებას. ბევრი ვეძებეთ წმინდანის შემოქმედებაში (ორტომეულში „Словы преподобного Симеона нового Богослова) თუ რას ამბობდა ამ საკითხის შესახებ და ამოვწერეთ:
„ღვთის შემეცნების სახეობათაგან პირველია: ღმერთი არ არის ხილული ან გონებისმიერი ყოფიერებათაგან..."
„ღვთაება (რამდენადაც შეიძლება გამოთქვას ადამიანმა) არის ერთიანი არსება და ბუნება, ზეარსებული და ზებუნებრივი, სამი ჰიპოსტასი".
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ძიება ცოდნისა, თუ რაგვარია ღმერთი, არა თუ კადნიერი, არამედ უსაფუძვლო და უგუნური ქმედებაა".
ჩვენ ვერსად ვიპოვეთ წმინდანის სწავლებაში, რომ „ღმერთი არარსებული არსებაა". აქ, როგორც ვხედავთ, ადამიანის მიერ ღვთის შემეცნების დატევნაზეა საუბარი. რამდენად შეუძლია შეიმეცნოს, დაიტიოს ადამიანმა ცოდნა ღვთის შესახებ.
ცხადია, ჩვენ მხოლოდ იმდენი შეგვიძლია ვიცოდეთ ღვთის შესახებ, რამდენიც თავად განგვიცხადა წმ. წერილში, ღვთაებრივ სწავლებაში, დანარჩენი ძიება ნამდვილად „უგუნურებაა". მაგრამ რაც წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის (დოგმატური განსაზღვრებების) სახითაა გადმოცემული, მისი ცოდნა ჩვენი მოვალეობაა.
1 А. Лимасольский. Митр. Величайщий опыт, который может иметь человек.
2 ლიმასოლის მიტრ. ათანასე. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები.
3 იქვე. Величайщий опыт...
4 იქვე. Величайщий опыт...
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე