„პარიზის სკოლის" პირველი თაობის ცნობილი წარმომადგენელი ნ. ბერდიაევი მართლმადიდებლურ წიაღში პერსონალიზმისა და ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელია. მასზე თამამად შეიძლება ითქვას: პროტესტანტია მართლმადიდებლობაში. ჭეშმარიტების შეფასების კრიტერიუმი მისთვის საკუთარი შეხედულებაა. ამგვარი სუბიექტურობითა და ინდივიდუალურობითაა აღბეჭდილი მთელი მისი შემოქმედება. მას შეურაცხყოფს აზრი, რომ ადამიანი საკუთარ ვნებებთან ბრძოლითა და ღვთის მონობით უნდა განთავისუფლდეს ცოდვებისაგან. ბერდიაევისეული თავისუფლება არ გამომდინარეობს ღვთის სწავლებისაგან, ვით მარადიული საზომისაგან. მისი რელიგიურ-ფილოსოფიური იდეები დამახასიათებელია ღვთისაგან შორს, ყალბ ავტონომიაში მყოფი პიროვნებებისთვის. ნ. ბერდიაევის ლოზუნგია: „ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, არ შეიძლება იყოს მონა, ვინაიდან უნდა იყოს ადამიანი. ასეთია ღვთის ნება".1
ამრიგად, ნ. ბერდიაევის ფილოსოფიის ძირეული პრობლემაა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების არსი და მასთან დაკავშირებული ყოფიერება. მისი მთავარი კრედოა: პიროვნება, თავისუფლება, შემოქმედება. მისთვის ძნელი გასაგებია, „როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაუშვას ტანჯვა და ბოროტება". აქედან დაასკვნის: არსებობს „ხელთუქმნელი თავისუფლება", ..."თავისუფლება არ შეუქმნია ღმერთს, ის თავად იბადება თავისუფლებისაგანვე, არაფრისაგან".2
როგორც ვხედავთ, ბერდიაევისთვის მიუღებელია ღვთის, როგორც აბსოლუტის, არსებობა. ე.ი. თუკი თავისფლება არ შეუქმნია ღმერთს, შესაბამისად, არც ფლობს მასზე უფლებამოსილებას.
აქედან დასკვნა: ღმერთი ნაწილობრივი უფლებამოსილებისაა (ნუ იყოფინ! მკრეხელობა!).
ნ. ბერდიაევმა ქრისტიანულ ხედვას ამჯობინა საკუთარი ღვთისმგმობი აზრი: „თავისუფლების (ცნების, არსის) აბსოლუტიზირება. ამან უნდა გაუხსნას ხელ-ფეხი ადამიანის შემოქმედებით უნარებს და მან (ახალმა თავისუფალმა ადამიანმა) უნდა შეამზადოს საკუთარი მეუფება არა მხოლოდ „იქ", არამედ „აქაც" და პირველყოვლისა საკუთარი თავი გარდაქმნან თავისუფალ პიროვნებებად".3
ნ. ბერდიაევის მსგავსი მოდერნისტებისთვის „ცხონება" ყოველგვარ ცვლილებებთან შეგუებას ნიშნავს. ის ფაქტი, რომ მოდერნისტულ „ცხონებაში" არაფერი ესაქმებათ „დოგმატისტებს", კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს მოდერნისტების ფენომენს.
მათი აზრით, ღვთაებრივი ჭეშმარიტება ცვლილებებს ექვემდებარება, ის შეფარდებითია, პირობითად სისტემური, პირადი გამოცდილებითა და პირადი შეხედულებებით ყალიბდება. ამიტომ ნ. ბერდიაევისთვის „მსოფლიო წესრიგი და მთლიანი მსოფლიოს ჰარმონია (არაფერს ვამბობთ დედამიწაზე ჭეშმარიტი ეკლესიის დაარსებაზე), არასდროს ყოფილა ღვთის მიერ დაარსებული. ღმერთი არ არის მთელი მსოფლიოს მომწესრიგებელი და ადმინისტრატორი".4
ამრიგად, ღვთაებრივი წესრიგი, დოგმატური განსაზღვრებები უარყოფილია ღვთისა და ადამიანის მეტაფიზიკური თანასწორობის სახელით. ნ. ბერდიაევის ერეტიკული სწავლების თანახმად, ღმერთი ადამიანურია და მოითხოვს ჩვენგან ადამიანურობას. ადამიანურობა არის ღვთის ხატება ადამიანში. ე.ი. ადამიანი თავად არის „ღვთაება" და ავტონომიურად შეუძლია სამყაროს მართვა. ნუთუ?! (გაგრძელება...)
1 Персонализм Бердяева. Центральное место проблемы свободы человеческой личности в его филисофии.
2 იქვე.
3 იქვე.
4 იქვე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია