ყოველი ცრუსწავლება ოსტატურად შეფუთული და „სათნოდ" წარმოჩენილი იდეაა. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად უწყის, რომ არსებობს ჭეშმარიტება და ამავდროულად არსებობს ჭეშმარიტებასთან ნაზავი სიცრუე. სწორედ მასშია დიდი საცთური. როდესაც საუბარია სოციალიზმზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აქაც ნახევსიმართლეზე აგებულ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე. ადამიანები ხალისით ისმენენ სოციალიზმზე, ზოგადად სოციალურ საკითხებზე საუბარს, უსამართლობად მიაჩნიათ მდიდრებად და ღარიბებად საზოგადოების დაყოფა და ა.შ. ძნელია არ დაეთანხმო მათ ამ საკითხში. მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს: შეიძლება მორწმუნე ქრისტიანი ამავე დროს იყოს სოციალისტი?
თუკი ჩავიხედავთ სოციალიზმის საფუძვლებში და გამოვიკვლევთ, რა კატეგორიის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ მას, აღმოვაჩენთ მათ უღმერთო, მეტიც - ანტიქრისტიანულ ხასიათსა და მიდგომას. უდავო ფაქტია, რომ სოციალიზმს არანაირი ადამიანური და ზნეობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ქრისტიანობას კი ღიად ემტერება.
მაგრამ სოციალისტებს არ სურთ თავიანთი ნამდვილი სახის წარმოჩენა, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში საზოგადოება პატივს მიაგებს რელიგიას და სიმპატიითა განწყობილი ეკლესიისადმი. ამიტომ ისინი მიმართავენ ხერხს, ცდილობენ მაქსიმალურად დამალონ საკუთარი ღვთივმბრძოლი განწყობები, მეტიც: ცდილობენ რელიგიური ხასიათი მიანიჭონ მას (სოციალიზმს).
სწორედ ამიტომ სოციალიზმი ქრისტიანული თვალსაზრისით უნდა იქნეს განხილული. ამ დროს ნაკლებადმნიშვნელოვანია ისეთი თეზები, როგორიცაა: საერთო საკუთრება, მიწების თანაბარი დაყოფა, სიმდიდრის მუშათა კლასისთვის გადანაწილება და მისთ.
სოციალიზმის ლიდერები და ფუძემდებლები მეტწილად ანტიქრისტიანული მსოფლმხედველობის ადამიანები არიან: მარქსი, ენგელსი, ლასალი, ბებელი და სხვა.
მათთვის სოციალიზმი ქრისტიანობის პაროდიაა. ისინი ოსტატურად ურევენ ერთმანეთში ქრისტიანობასა და სოციალიზმის ცნებებს, მიუღებელ პარალელებს ავლებენ მათ შორის, თითქოს ქრისტიანულ ზნეობასა და სოციალისტურ მიდგომებს შორის საერთო საფუძვლები არსებობდეს. სოციალისტები ზნეობას აშკარად და პირდაპირ არ უარყოფენ, მაგრამ მისი, როგორც დარვინის ჭეშმარიტი მემკვიდრენი, უარყოფენ ადამიანში სინდისს, სულის უკვდავებას, სამართლიანობას, სულიერ ცხოვრებას და ა.შ.
სოციალიზმის მამად წოდებული მარქსი ზნეობის ევოლუციაზე საუბრობდა. ის ზნეობას პირუტყვისაგან ადამიანის განმასხვავებელ მთავარ ნიშად, პირობით და დროებით მოვლენად აფასებდა. მარქსი ამბობდა, რომ ზნეობა საწარმოო და საზოგადოებრივი სტრუქტურების ევოლუციაზეა დამოკიდებული. ე.ი. ზნეობრიობის ნიშა ადამიანის მატერიალურ კეთოლდღეობამდეა დაყვანილი. მსგავსი მტკიცებულების მიუხედავად ტექნიკურ პროგრესს ადამიანის ზნეობრივი განვითარება არ მოჰყოლია. ამ მხრივ დამახასიათებელი უკუპროცესები კი მრავალ სფეროში შეინიშნება. სინამდვილეში სოციალისტებისთვის ზნეობრივია ის, რაც სასარგებლოა; ამასთან, სარგებლობა გულისხმობს არა მთელი კაცობრიობის, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის - იდეოლოგების ინტერესებს.
მეორე ცნობილი სოციალისტი ლასალი დასცინოდა უკვდავების ქრისტიანულ სწავლებას, სახარებას, უარყოფდა ქრისტეს ეკლესიას და ა.შ. ხოლო სოციალიზმს ახალ ქრისტიანობას უწოდებდა, მუშათა კლასს, პროლეტარიატს კი ეკლესიად მოიაზრებდა. ლასალი მათ სწერს: „თქვენ ხართ კლდე, რომელზეც დგას აწმყოს ეკლესია".1
ბებელი ამბობდა: „რელიგია ცრურწმენაა. ქრისტიანობა არაა სხვა რელიგიებზე უპირატესი, ხოლო ქრისტე ბუდაზე, კრიშნაზე, მუჰამედზე მეტი (დიდი). ქრისტიანობა არც საუკეთესო და არც სრულყოფილი სარწუნოებაა. მათ IV საუკუნეში აღიარეს ქრისტე ღმერთად, აღიარეს სამება, დააწესეს ნათლისღება, ზიარება და მისთ".2
ამ და მსგავს შეხედულებებზე იქმნებოდა ქრისტიანული სოციალიზმი. მათი აზრით, „ქრისტიანული სოციალიზმის" მოძრაობა უფრო ახლოსაა პირველი საუკუნეების ქრისტიანობასთან, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ქრისტიანული მოძრაობაა - ის „პროლეტარული" წარმომავლობისაა და მასში ხედავს „სრულყოფილებას".
მაგრამ წმ. წერილი სულ სხვაგვარად გვასწავლის: „უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათ. 19. 21). განა სოციალისტებს „სურთ იყონ სრულყოფილი" და „შეუდგნენ ქრისტეს" და შეიძინონ „საუნჯე ცათა შინა"? ცხადია, არა!
სოციალისტები ასევე ამბობენ, რომ „ქრისტეს სძულდა მდიდრები და ჩვენც მდიდრების ქონება უნდა გადავანაწილოთ მუშათა კლასზე". ესეც სიცრუეა! ქრისტე ამხელდა სიმდიდრის არამართებულ გამოყენებას, მას ებრალებოდა ისინი, დიახ, იმიტომ რომ სიმდიდრეს მეტი საცდური ახლავს, ვიდრე უბრალოებას.
ამრიგად, „ქრისტიანული სოციალიზმი" ვით რელიგიური (მოდერნისტული) მიმდინარეობა, უგუნურებაა, ამაოდ აპელირებს ის ზნეობასა და სახარებაზე. ამის არანაირი უფლება მას არ გააჩნია, რადგან არსობრივად, ქრისტიანობის საპირისპირო მოვლენაა, მეტიც: სოციალიზმს სურს მთლიანად გაანადგუროს ქრისტიანობა, შექმნას პაროდია მასზე და ამ გზით დაიკავოს მისი ადგილი. (გაგრძელება...)
1 И. Восторгов. Христианство и Социализм. Публичное чтение в историческов музее г. Москвы. 1906 г.
2 იქვე. ი. ვოსტორგოვთან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია