ქრისტოს იანარასი გახლავთ „ნეომართლმადიდებლობის" წარმომადგენელი მოდერნისტი ფილოსოფოსი. საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური განათლება მან ბონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. სწორედ მაშინ მოექცა ეგზისტენციალიზმის* ფუძემდებლის ჟან-პოლ სარტრის მსოფლმხედველობის ზეგავლენის ქვეშ.
„პარიზის სკოლაში" მოღვაწეობისას ფილოსოფოსმა დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდულ-მოდერნისტული მოძრაობის „სინდესმოსის" (Syndesmos) განვითარებაში. მოძრაობის მიზანი იყო მართლმადიდებლური და მონოფიზიტური ეკლესიებისათვის მმართველი ეკუმენისტი კადრების მომზადება. შემდეგ ამისა, უნდა მოეძებნათ მართლმადიდებლურ და არამართლმადიდებლურ სამყაროს შორის ურთიერთთანაზიარობის გზები. „სინდესმოსის" დამფუძნებლები იყვნენ: ი. მეინდორფი, ი. ევდოკიმოვი, ა. შმემანი, გ. ხოდრი. ქრისტოს იანარასიც აქტიური წარმომადგენელი და მომხსენებელი გახლდათ. პირველი მოდერნისტული სასულიერო სასწავლებელი, რომელიც „სინდესმონში" გაერთიანდა, იყო ნიუ-იორკის წმ. ვლადიმერის სასულიერო სემინარია.1
ქ. იანარასი, როგორც პროტესტანტული სულისკვეთებით გამსჭვალული „ნეომართლმადიდებელი" მოდერნისტი, მიიჩნევდა, რომ ეკლესიამ მესამე საუკუნის შემდეგ გადაუხვია ჭეშმარიტ გზას და ამიტომ მან უნდა გადახედოს საკუთარ სარწმუნოებრივ ხედვას. თავის ნაშრომში „Вера в церков" წერს: „ეკლესია სამსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე არ მიმართავდა საკუთარი დაცული ჭეშმარიტების თეორიულ ფორმირებას. არ აყალიბებდა სისტემას, რომელიც დოგმატებისადმი რწმენას განსაზღვრავდა. ადრეული ეკლესია უბრალოდ ცხოვრობდა რწმენით. პირველი ქრისტიანების მიერ ჭეშმარიტება აღიქმებოდა რაღაც ცხად, უშუალოდ ბოძებულ მოცემულობად, ამიტომ არ საჭიროებდა თეორიულ დამუშავებას...
პირველი საუკუნის ქრისტიანობის ტექსტები იმაზე მეტყველებენ, რომ სწორედ საყოველთაო ეკლესია არის მართლმადიდებლობის კრიტერიუმი, და არა პირიქით, (ანუ, მართლმადიდებლობა არ არის საყოველთაო ეკლესიის კრიტერიუმი). მართლმადიდებლობაში საყოველთაო ეკლესიაში მონაწილეობა მოიაზრება და არა თეორიული ფორმულირებების ბრმა მიმხრობა. ფაქტი და გამოცდილება წინ უძღვის ნებისმიერ გონებისმიერ განსაზღვრებას. ჭეშმარიტება ვერ მოიპოვება ინტელეტუალური ფორმულირებებით, არამედ დასტურდება გამოცდილებით".2
ქ. იანარასის აზრით, როდესაც ეკლესია მოგვიწოდებს მივიღოთ ჭეშმარიტება, საუბარი არ არის თეორიულ (ანუ დოგმატურ-კანონიკურ) სწავლებაზე, რომელსაც ჩვენ უთუოდ უნდა დავეთანხმოთ. ის (ეკლესია) გვთავაზობს პირად გამოცდილებაზე ავაგოთ მარტოოდენ ღმერთთან ურთიერთობა.
ღვთის შესახებ ჭეშმარიტება ვერ გამოითქმება სიტყვით, მეტიც: თავად დოგმატების რწმენის მცდელობა იანარასის მიერ ქრისტიანულ არსთან შეუთავსებლად ცხადდება:
„შეგვიძლია კი საუბარი „ეკლესიის საზღვრებზე"? შეგვიძლია კი ზუსტად განვსაზღვროთ, რა არის და სად არის ეკლესია? ლუკა მახარებელი ამბობს: „ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა?" (ლუკ. 20. 17). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჭეშმარიტი ეკლესიის ობიექტირება, წარმოვიდგინოთ ის, ვით ერთგვარი საგანი, ჩამოვაყალიბოთ განსაზღვრება, შევქმნათ განცდა, თითქოს სრულებით ვფლობთ ეკლესიის ჭეშმარიტებას. მაგრამ განსაზღვრება არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ შევიცნოთ ჭეშმარიტება.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიო კრებების განსაზღვრებებს ეკლესიამ „ოროსი" უწოდა, ე.ი. „საზღვარი" თავისი ჭეშმარიტებისა. სამწუხაროდ, ეკლესიის ჭეშმარიტებას დღეს „დოგმატებს" ვუწოდებთ, მაგრამ ამ სიტყვას არაფერი საერთო არა აქვს ჭეშმარიტებასა და ეკლესიის გარდამოცემასთან. არსებითად, ეს იდეოლოგიზირებული დოგმატებია. ეკლესიაში კი არის „ოროსები" - მისი ჭეშმარიტების განმსაზღვრელი ზღვარი. ოროსების მიღმა კი ნიშნავს, რომ ეკლესია ადგენს საკუთარი ჭეშმარიტების საზღვარს. (Границы ее истины)".3
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საკუთარი ჭეშმარიტება, ხოლო სხვაგვარადმადიდებლებს - საკუთარი. ზუსტად გადმოცემული დოგმატური სწავლება იანარასისთვის „იდეოლოგიის" გამოვლინებაა. ამიტომ ტერმინ „ოროსით" (რაც სინამდვილეში დოგმატს ნიშნავს) ცდილობს დოგმატს დაუკარგოს თავისი მნიშვნელობა და მარტოოდენ საკუთარი საზღვრის გავლებით შემოფარგლოს.
მისი აზრით, ღმერთის შესახებ ვერაფერს შევიტყობთ დოგმატების მეშვეობით. ეს საერთომოდერნისტული შეხედულებაა. როგორც ტიპიური, ადოგმატისტი, ქ. იანარასი დოგმატებისათვის ნდობას ღვთისგან განდგომად, არამართლმადიდებლობად მიიჩნევს.
ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ის მონდომებული, მოწადინებული ეკუმენისტია:
„მე ვეკუთვნი თაობას, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ეკუმენისტურ მოძრაობაში. ჩვენ შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი: განსხვავებული კონფესიები ქრისტიანობის განსხვავებული რტოებია. ცხადია, ქრისტიანების ერთობა შორსაა საბოლოო გადაწყვეტილებისაგან. გაგიზიარებთ ჩემს ოცნებას: მსურს ამგვარი ეკუმენისტური საუბარი, სადაც ყველა გულახდილად აღიარებს საკუთარ შეცდომებსა და დამარცხებას. ჩვენ, მართლმადიდებლებს, მშვენიერი ეკლესიოლოგია გვაქვს, მაგრამ ის არსადაა ეკლესიაში რეალიზებული. ეკლესიაში ადამიანების ერთობა პლანეტარულ დონეზე, სამწუხაროდ, ჯერ არ არის რეალიზებული".4
რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია!
ქ. იანარასი თავის ნაშრომებში გამოთქვამს აზრს, რომ პირველქმნილი, თუ ნებისმიერი ცოდვის ჩადენის შემთხვევაში, ადამიანი თავად ისჯის საკუთარ თავს, ღმერთს არ შეუძლია არავის დასჯა, ადამიანისთვის კი არაფერია შეუძლებელი. ის წერს: „ცოდვა არის საკუთარი თავის დადანაშაულება, ბრალდება და სასჯელი, რომელსაც ადამიანი თვითნებურად ირჩევს, ვინაიდან არ სურს ღმერთთან ურთიერთობაში ყოფნა. ამიტომ ურჩევნია თავად „შეიცვალოს" და შეიტანოს უწესრიგობა თავის ყოფაში - საკუთარი ბუნების ცალკეულ ნაწილებად დაშლით, ისევე როგორც ეს მან (ადამმა) აირჩია ხრწნადობა და სიკვდილი. ეკლესიისთვის ცოდვა არა იურიდიული, არამედ ეგზისტენციალური ფაქტია".5
აქ ქ. იანარასი მკაფიოდ ავლენს ჟან-პოლ სარტრის ეგზისტენციალურ მორალს. ჟ. პ. სარტრი ამბობს: „ადამიანები თავისუფალი ინდივიდები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან. ისინი გონიერი არსებები არიან („არსებობა") და არა იარლიყებს, როლებს, სტერეოტიპებს, ჩარჩოებს და სხვა წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიებს მორგებული ინდივიდები („არსება"). ინდივიდების ნამდვილ არსებობას განსაზღვრავს „ჭეშმარიტი არსება" და არა სხვა ადამიანის მიერ თვითნებურად შექმნილი, უკვე წინასწარ დადგენილი არსება, რომელსაც ინდივიდებს არგებენ. აქედან გამომდინარე, ადამიანები საკუთარი ცნობიერებით განსაზღვრავენ თავიანთი ცხოვრების საზრისს და ქმნიან საკუთარ ღირებულებებს".6
მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება სულ სხვა რამეს გვეუბნება ამ საკითხის შესახებ. ეკლესიისთვის ცოდვა არა მხოლოდ ეგზისტენციალურია (არსებობს, არსებობა), არამედ იურიდიული ფაქტორია. წმ. წერილი იოანე მახარებელის ბაგით ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვა, მან უშჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უშჯულოება" (1 ინ. 34). შესაბამისად, იურიდიული ასპექტის არსებობა ნიშნავს მსაჯულის და მსჯავრდებულის არსებობასაც, ხოლო იანარასის მსგავსი ადოგმატისტები უარყოფენ ერთსაც და მეორესაც.
რაც შეეხება თვითბრალდებას, ადამიანის მიერ საკუთარი თავის დადანაშაულებას - ეს მიზანმიმართულად ნაწილობრივ თქმული სიმართლეა. მართლაც მოციქული ბრძანებს: „უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ" (ციტ. 3. 11). ქ. იანარასის მსგავსი მოდერნისტები უთუოდ შეეცდებიან ამ ამონარიდის გამოყენებას საკუთარი თეზების გასამყარებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ მოჰყვება მსაჯულის (ღმერთის) ბრალდება, რომელსაც ისინი, არსებითად, არ აღიარებენ. მოდით, მოვისმინოთ ამ მონაკვეთის წმ. მამებისეული განმარტებები:
წმ. იოანე ოქროპირი: „არ შეუძლია მავანს თქვას, რომ არავის უსაუბრია მასთან, რომ არავის მიუცია რჩევა, ხოლო ყველა შეგონების მიუხედავად ადამიანი რჩება ცოდვაში, მაშინ ამგვარი „თავმოყვარება" ღმრთისაგან ბრალდებული ხდება".7
წმ. ეფრემ ასური: „ადამიანი, რომლისთვისაც არც ჭეშმარიტება, არც სიცრუე არ არსებობს, უარყო რა ჭეშმარიტება, ზურგი აქცია მას. ამგვარად თავი ბრალეულ ჰყო, ანუ თვითნებურად შეიყვანა თავი ამ მდგომარეობაში და სასჯელს დაექვემდებარება".8
წმ. თეოფანე დაყუდებული ტიტე მოციქულის ამ მონაკვეთის განმარტებისას დასძენს: „ბერძნულ ტექსტში ნათქვამია: შესცოდე, თავად ბრალეულ ხარ". ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სინდისი ბრალს დებს მას იმის გამო, რომ არ ეთანხმება ჭეშმარიტებას. ის არ უჯერებს საკუთარ სინდისს, თავმოყვარების გამო უარყოფს მკაფიოდ განცხადებულ ჭეშმარიტებას და სცოდავს საკუთარი სინდისის წინაშე.
ამრიგად, თვითდასჯა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ცოდვილმა საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი. არა, არამედ ყველაფერი გაკეთდა მის გადასარჩენად, გონზე მოსაყვანად, მაგრამ მან ჯიუტად არ ინება (თავისი ნებით) ჭეშმარიტების მორჩილება და ბრალდების მიზეზი შეიქმნა მსაჯულის მიერ. ამდენად ის ვეღარ გაიმართლებს თავს და მისი სასჯელი დამსახურებულია. ბრალის მიყენება მართლმსაჯული ღმერთის პრეროგატივაა".9
ამრიგად, ცოდვა - ნებაყოფლობითი ქმედებაა, რომელსაც ადამიანი ირჩევს, მაგრამ საბოლოო განაჩენი ღვთისაა: „და წარავლინნეს ანგელოზნი თვისნი საყვირითა ხმისა დიდისაითა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდეთგან ცათაით, ვიდრე კიდედმდე მათა" (მათ. 24. 31).
ქ. იანარასის პერსონა ჩვენთვის არ იქნებოდა საინტერესო, (გაცილებით უფრო სახელგანთქმული მოდერნისტები არიან სიის სათავეში), მაგრამ მას უკვე საქართველოშიც აქტიურად უწევენ რეკლამას. ამან მეტი პასუხისმგებლობა გვაგრძნობინა და ვალდებულებაც იმისა, რომ შეგვეფასებინა მისი „ღვთისმეტყველების" მავნებლობის მასშტაბები.
* ეგზისტენციალიზმი - (existention) - არსებობა, ანუ არსებობის ფილოსოფია. XX ს-ის ოციანი წლების ფილოსოფიური მიმართულება, რომლის უმთავრესი კონცეფციაა: „არსებობა წინ უძღვის არსს" (ჟ.პ. სარტრი).
ეგზისტენციალიზმი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის არსებობის უნიკალურობაზე და ასევე იმ შეგრძნებაზე, რომ არსებობას რაიმე მიზანი და ახსნა არ უდევს საფუძვლად. ეგზისტენციალიზმი ხაზს უსვამს ინდივიდუალურ არსებობას, თავისუფალ არჩევანს. ეს გახლავთ შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანი თავად განსაზღვრავს ცხოვრებაში საკუთარ მნიშვნელობას. თავად სძენს მნიშვნელობას საკუთარ სიცოცხლეს და ცდილობს მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება ირაციონალურ სამყაროში.
1 იხ. Синдесмос. Antimodernizm.ru.
2 Х. Янарас. Вера в церковь. Догмат и ересь. Azbuka.ru.
3 Х. Янарас. Граеицы Церкви. Spbda.ru.
4 Х. Янарас. Вера в церковь. ციტ. Антимодернизм.ру. Христос Янарас.
5 Х. Янарас. Свобода морали. Стр. 36. Budiveren.com.
6 ფრანგ. (Dietionary) "Lexistercialisme” – see I identite de la personne (Wikipedia).
7 Божий Дар. Христос Янарис о самоосуждении человека. Budiveren.com.
8 იქვე. Budiveren.com.
9 Св. Ф. Затворник. Толкования писем св. Апостола Павла к Титу.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია