მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი უცდომელი კრიტერიუმები გააჩნია, რომლებიც სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის. ეს უცდომელი კრიტერიუმებია: წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმის) წიგნები და მსოფლიო კრებათა განსაზღვრებანი (ოროსები და კანონები). მსოფლიო კრებების გარდა უცდომელია ადგილობრივი კრებები, და ასევე ეკლესიის ცალკეული მამების მიერ შედგენილი კანონები, რომლებსაც მსოფლიო ავტორიტეტი მიენიჭა და მოხსენებულია VI მსოფლიო კრების მე-2 კანონში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო, თუ ადგილობრივი კრებების დოგმატური განსაზღვრება მაშინ როდესაც მისი (კრების) გადაწყვეტილებები ეთანხმება მთელი ეკლესიის ერთიან სწავლებას. ე.ი., როდესაც საქმე ეხება მოციქულთა კანონებს, მსოფლიო კრებებს, ადგილობრივ კრებებსა თუ წმ. მამების კანონებს, რომლებსაც მიენიჭა მსოფლიო ავტორიტეტი, ისინი სავალდებულოა მთელი ეკლესიისათვის.
რაც შეეხება სიმბოლურ წიგნებსა და კატახიზისებს, მათი ავოტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოხატავენ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებას. ცხადია, მათი განსაზღვრებანი არ გახლავთ სრულყოფილი (ვით მსოფლიო კრებების ოროსები). ამასთან, სიმბოლური წიგნების ფორმა და სტრუქტურა თავიანთი ეპოქებისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიით იყო გაჯერებული, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ისინი წარმოადგენდნენ ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებას, რაც დასტურდება ისტორიული ფაქტებით. კერძოდ, არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას არ გამოუთქვამს მოსაზრება მათ საწინააღმდეგოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ ხელმოწერილია აღმოსავლეთის პატრიარქისა და მღვდელმთავრის, არამედ რეცეპტირებულიცაა (აღიარებულია) მთელი ეკლესიის მიერ.
ამის მიუხედავად, „პარიზის სკოლის" ერთ-ერთი გამოჩენილი თეოლოგი მთავარეპისკოპოსი ვ. კრივოშეინი ამბობს: „ყველა „სიმბოლურ ტექსტებად" სახელწოდებული წიგნები, ვით მსოფლიო კრებებზე განუხილველნი და დაუმტკიცებელნი ეკლესიის სისავსის მიერ, მოკლებულნი არიან ავტორიტეტულობასა და ეკლესიის კრებსით აღიარებას, ვინაიდან მხოლოდ მსოფლიო კრებას გამოაქვს უცდომელი და ავტორიტეტული გადაწყვეტილება".1
თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ სიმბოლურ წიგნებს არ გააჩნიათ და არც შეიძლება ჰქონდეთ უცდომელი კრიტერიუმის კვალიფიკაცია, რაზეც ვისაუბარეთ ზემოთ. საკითხი შემდეგნაირად დგას: რამდენად ავტორიტეტულია სიმბოლური წიგნები აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის?
თავიდანვე უნდა ითქვას, რომელ სიმბოლურ წიგნებზეა საუბარი, ხოლო ამის შემდეგ მკვლევარების შეფასებების საფუძველზე დადგინდეს, რამ განაპირობა მათი შექმნის აუცილებლობა და რამდენად ავტორიტეტულია ისინი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?
ცხადია, მსოფლიო კრებების ეპოქაში მართლმადიდებელი ეკლესია ნაკლებად საჭიროებდა სიმბოლური წიგნების არსებობას, ვინადიან სარწმუნოებრივ აღმსარებლობას მსოფლიო კრებებზე სულიწმიდა განსაზღვრავდა. ე.ი. იმ პერიოდის საღვთისმეტყველო გამოწვევებს წმ. მამები მსოფლიო კრებების მოწვევის მეშვეობით ახორციელებდნენ. მაგრამ საღვთისმეტყველო გამოწვევები შემდგომი ეპოქებისთვისაც იყო დამახასიათებელი. შედეგად, გაჩნდა აუცილებლობა მართლმადიდებელ ეკლესიას გაეცა ადეკვატური და კომპეტენტური პასუხი დასავლური კონფესიების მხრიდან განპირობებულ გამოწვევებზე. ამდენად, სიმბოლურ წიგნებს მსოფლიო კრებების დოგმატური ცნობიერების საფუძველზე უნდა ჩამოეყალიბებინა (განესაზღვრა) მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება.
პროფესორ პ. პონამარიოვის აზრით, სიმბოლური წიგნების გამოჩენა ორი ფაქტორით იყო განპირობებული.
1) დოგმატური თვალსაზრისით, მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი აღმსარებლობა სხვა ქრისტიანული კონფესიების წინაშე.
2) ისტორიული ნიშნით - სხვადასხვა კონფესიების მიერ სიმბოლურ წიგნების სახით ასახული სარწმუნოებრივი განსაზღვრებანი ადეკვატურ პასუხს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდანაც საჭიროებდა.2
პროფ. პ. პონამარიოვი სამართლიანად შენიშნავს: თუ მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნდა წმ. მამებისა და ღვთისმეტყველების მოკლე სარწმუნოებრივი განსაზღვრებანი, როგორებიცაა მაგალითისთვის წმ. კირილე ალექსანდრიელის სარწმუნოებრივი განსაზღვრება (იესო ქრისტეს ერთი) ჰიპოსტასის შესახებ, პაპი ლეონის (ქრისტეს ორი ბუნების შესახებ), პაპი აღათონის (ქრისტეს ორი ნების შესახებ), მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს ეკლესიაში სიმბოლური წიგნები, ვით მართლმადიდებლური სწავლების განჩინებანი? ამ ნიშნით, სიმბოლური წიგნების არსებობა დასაშვებიცაა და მისაღებიც.
ისტორიული თვალთახედვით თუ განვიხილავთ საკითხს, სიმბოლური წიგნების გამოჩენა მართლმადიდებელ ეკლესიაში განპირობებული იყო სხვა კონფესიების გააქტიურებით. ანუ, სიმბოლური წიგნები თავდაპირველად დასავლეთში XVI საუკუნეში რეფორმაციის ეპოქაში გაჩნდა. პირველად ლუთერანებმა გამოსცეს, შემდეგ მათ კვალდაკვალ სიმბოლური წიგნები რეფორმატორებში, ანგლიკანებში და რომაელ-კათოლიკებშიც გაჩნდა. თავისი შინაარსით ისინი ამა თუ იმ კონფესიის სარწმუნოებრივი განსხვავებულობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდნენ. ანუ სახეზე იყო სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის პრეტენზია, რომ ის ფლობს ჭეშმარიტ სწავლებას.
ცხადია, ამ ვითარებაში მართლმადიდებელ ეკლესიასაც უნდა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ეკლესია ვალდებული იყო დაეცვა თავისი მრევლი სხვა კონფესიების ზეგავლენისაგან. ამასთან, აღნიშნული ძეგლები, მათი ავტორები ცდილობდნენ საკუთარი განსაზღვრებანი უმჭიდროესად, თანხმობაში მოექციათ მსოფლიო კრებების განჩინებებთან, რათა ამგვარად მოეპოვებინათ ავტორიტეტულობა.3
მაშასადამე, ეს სიმბოლური წიგნებია:
1) აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქული ეკლესიის მართლმადიდებლური აღმსარებლობა (Православное исповедение Кафолической и Апостольской Церкви восточной).
2) მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის პატრიარქების ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ (послание патриархов Православно-католической Церкви о православной вере).
3) აღმოსავლეთის მართლმადიდებელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ვრცელი კატეხიზმო (Пространный Христианский Катахизис Православной Кафолической Восточной Церкви).
პირველი სიმბოლური წიგნის (შემოკლებით „მართლმადიდებლური აღმსარებლობის" (Православное Исповедение)) ავტორად მიჩნეულია კიევის მიტრ. პეტრე (მოგილა), ან მისი თანამოღვაწე ესაია ტროფიმოვიჩი, ან ორივე ერთად.4 ამ საკითხს ჩვენთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ თავად ძეგლის მნიშვნელობა და ავტორიტეტი გვაინტერესებს.
„მართლმადიდებლური აღმსარებლობის" თავდაპირველ მოგილასეულ (რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის) 1640 წლის გამოცემას მრავალი შეცდომა და წუნი აღმოაჩნდა, რომლებიც 1643 წლის იასკის კრებაზე საფუძვლიანად იქნა ჩასწორებული მეტწილად ბერძნული ეკლესიის ზეგავლენით. ეს ფაქტი დადასტურებულია პატრ. ნექტარიოსის სიგელში.5
ამასვე ადასტურებს 1672 წლის იერუსალიმის კრებაც, კერძოდ: „მართლმადიდებლური აღმსარებლობის" რუსული ვერსია საჭიროებისამებრ განიმარტა და ჩასწორდა იასკის კრებაზე ბერძენი მელეტი სირიგმას მიერ.6
ამრიგად, „მართლმადიდებლური აღმსარებლობა" (თავდაპირველი ნაკლოვანებების მიუხედავად) ჩასწორების შემდეგ:
1) მოიწონა და დადებითად შეაფასა იასკის (1643 წ.) კრებამ;
2) ყოველგვარი შესწორების გარეშე 1643 წლის რედაქციით მიიღო კონსტანტინოპოლის (1645 წ.) კრებამ, ე.ი. მსოფლიო პატრიარქებმა: პართენ კონსტანტინოპოლელმა, იოანიკე ალექსანდრიელმა, მაკარ ანტიოქიელმა, პაისი იერუსალიმელმა და 22-მა სხვა მღვდელმთავარმა.
3) „წმინდა და მართალი აღმსარებლობა" უწოდა იერუსალიმის (1672 წ.) კრებამ — ე.ი. იერუსალიმის პატრიარქებმა: ნექტარიოსმა და დოსითეოსმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად.
ზემორე ჩამოთვლილთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტანტინოპოლის (1645 წ.) კრება, რომელშიც წერია: „მივიჩნევთ, რომ ეს წიგნი ყოვლითურთ ეთანხმება ქრისტეს ეკლესიის დოგმატებს და წმინდა კანონებს და არაფერია მასში ეკლესიის საწინააღმდეგო. ერთობლივი შეხედულებით განვსაზღვრავთ: აღმოსავლეთის სამოციქულო ეკლესიის ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს მოვუწოდებთ წაიკითხონ ეს წიგნი და არ უარყონ ის".7
როგორც ვხედავთ, სიმბოლური წიგნი „მართლმადიდებლური აღმსარებლობა" აღმოსავლეთის ეკლესიის სისავსემ მიიღო ვით სარწმუნო სახელმძღვანელო ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის.
მეორე სიმბოლური წიგნი „მართლმადიდებელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის პატრიარქების ეპისტოლეს", მკვლევართა საერთო მოსაზრებით, ავტორად იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი მიიჩნევა. ამიტომ ამ პატრიარქის თავმჯდომარეობით ჩატარებულ იერუსალიმის 1672 წლის კრების აქტებში ის სამართლიანად იწოდება „დოსითეოსის აღმსარებლობად" (Исповедение Досифея).
აღნიშნული სარწმუნოებრივი განსაზღვრების შედგენის საჭიროება განაპირობა აღმოსავლეთში გავრცელებულმა რეფორმატორულმა შეხედულებებმა. ამას პატრ. კირილე დუკარისის კალვინისტური იდეების შემცველი „აღმსარებლობა" ადასტურებს. (История христианской Церквий. И. Смирнов).
პატრ. დოსითეოსის „მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი" თავისი კეთილგანწყობა დაადასტურა ოთხივე მსოფლიო პატრიარქმა. მოგვიანებით (1838 წ.) ის გამოიცა სათაურით — „აღმოსავლეთის პატრიარქების მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისტოლე".
1845 წ. რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით, ეს ეპისტოლე სახელმძღვანელო წიგნად მიიღეს.
მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი) თავის დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ადასტურებს ამ ფაქტს.8 გარდა ამისა XIX საუკუნის ისეთი გამოჩენილი ღვთისმეტყველები, როგორებიც არიან წმ. ფილარეტ მოსკოველი, ეპ. ფილარეტ (გუმელევსკი), ეპ. სილვესტრი, მთ. ეპ. მაკარი ხარკოველი და სხვა დოგმატისტები, ერთხმად აღიარებენ სიმბოლური წიგნების ავტორიტეტულობას.
ამდენად, მთავარეპ. ვ. კრივოშეინის კრიტიკა სიმბოლური წიგნებისა ეწინააღმდეგება იმ ეპოქის ყველა ადგილობრივი ეკლესიის სინოდებს, პატრიარქებს, ღვთისმეტყველებს. ვ. კრივოშეინი „პარიზის სკოლის" ჩვეულ მოდერნისტულ სტილში შეგნებულად და მიზანმიმართულად აკრიტიკებს მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლურ წიგნებს, ვინაიდან სწორედ ამ ტექსტებში მკაფიოდაა მხილებული ბოლო დროის ყველა ერეტიკული სწავლება. სწორედ ეს არ მოსწონს ვ. კრივოშეინს და მასთან ერთად სიმბოლური წიგნების ყველა მაკრიტიკებელს.
1 Арх. Еп. В. Кривошеин. Символическое тексты в Православной Церкви. Сардоникс. 2003. Стр. 22.
2 Проф. П. Пономарев. Книги символические вообше и в русской Православной Церкви в частности. Т. XII. Azbuka.ru.
3 იქვე პ. პანომარიოვთან.
4 А. Болховский. Хринстианское чтение. 1844. Ч. II. 234-246.
5 Архиеп. Филарет. Обзор русской духовной литературы. Azbuka.ru.
6 Христианское чтение. 1844. Т. II. Стр. 232. Predanie. ru.
7 Грам. Патр. Порфирия при „Православном Исповедении".
8 Митр. Макарий (Булгаков). Введение в Православное богословие. Т. 1. Стр. 58 М.2001.