XIX საუკუნის დამდეგს რუსეთში ორი ურთიერთსაპირისპირო ფილოსოფიური შეხედულება ჩამოყალიბდა - სლავიანოფილობა (Славянофилство) და „დასავლურობა" (Западничество). პოლემიკა ძირითადად ერთი შეკითხვის გამო იმართებოდა: როგორი უნდა იყოს რუსეთის ისტორიული გზა? სლავიანოფილები, რუსეთის „განსაკუთრებულობაზე", „კულტურულ ფასეულობებზე" ამახვილებდნენ ყურადღებას. მსგავს მსჯელობა-მტკიცებაში ყალიბდებოდა ნაციონალისტური მიმართულება და ფილოსოფიური იდეა, რომელსაც სლავები (რუსეთის ხელმძღვანელობით) უნდა გაეერთიანებინა. „დასავლელებისთვის" ეს თეზა მიუღებელი იყო.
„სლავიანოფილობის" ფუძემდებლებად ა. ხომიაკოვი, ი. კირიევსკი, კ. აქსაკოვი, ი. სამარინი და სხვები მიიჩნევიან.
მოგვიანებით სლავიანოფილობას ზურგი გაუმაგრა თ. დოსტოევსკის „პოჩვენურობის" (Почвеничество) იდეამ. არსებითად, ორივე იდეოლოგია ერთი და იგივე (გამოსყიდვის ზნეობრივი თეორია) საფუძველს ემყარებოდა, თუმცა გარკვეულწილად გამოირჩეოდნენ ერთმანეთისაგან. საქმე ისაა, რომ სლავიანოფილური და ე.წ. „პოჩვენური" იდეები ბევრი არაფრით განსხვავდებოდა დასავლურისაგან. ძირითადი იდეები გერმანული კლასიკური ფილოსოფიისაგან (შელინგი, ჰეგელი) ჰქონდათ ნასესხები. გერმანული კოსმოგონური „მსოფლიო სულის" სანაცვლოდ უპირატესობა სლავურ ტომებს ენიჭებოდა. რეალურად, სლავიანოფილობაც და პოჩვენურობაც გერმანული იდეალიზმის ცუდი კოპირება გახლავთ.
თუკი იქ, „ზოგადსაკაცობრიო გაერთიანების იდეა" გერმანული რასის ფრთებქვეშ უნდა გაფურჩქნულიყო, რუსული იდეის თანახმად, „სულიერი ელიტის", „გამორჩეულის", „მაგალითის მომცემის", „მედროშის" როლს სლავიანოფილები ტვირთულობენ. არსებითი განსხვავება „გლობალისტურ მისტიციზმსა" და „სლავურ მისტიციზმს" შორის არ არსებობს.
როგორც გლობალისტური იდეის თანახმად ერთიანდება სამყარო ერთი გლობალისტური იდეის ქვეშ, ასევე, სლავიანოფილობის თანახმად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „რუსული მართლმადიდებლური იმპერიის" ქვეშ. შელინგისეული „ყოველთაერთობის" (Всеединство) იდეა სლავიანოფილური იდეის იდენტურია თურმე. „რუსულ საწყისებზე" უნდა გაერთიანდეს მთელი მსოფლიო, სწორედ მათ უნდა შეკრან მსოფლიო „საერთოსაკაცობრიო საძმოში".
იდეის თანახმად „სულიერი" (სლავიანოფილური) ეხმარება „ფშვინვიერს" (დასავლურს) განავითაროს თავისი პოტენციალი ისე, როგორც ეს რუსებს მიაჩნიათ მართებულად.
სლავიანოფილები, როგორც „გამოსყიდვის ზნეობრივი თეორიის" მომხრენი, თავიანთ ხედვებს არა წმინდა მამათა სწავლების, არამედ საკუთარი ბუნებრივი ინტუიციის საფუძველზე აყალიბებდნენ. ა. ხომიაკოვი წერს: „გარეგნულმა, შესაბამისად, გონებისმიერმა კანონებმა ჩაანაცვლა ზნეობრივი და ცოცხალი კანონები, რომლებსაც არ ეშინიათ რაციონალიზმის, ვინაიდან მოიცავენ არა მხოლოდ ადამიანის გონებას, არამედ მთლიანად მის (ადამიანის) არსს".1
აქ ხომიაკოვი ოსტატურად ცდილობს შელინგიზმისთვის დამახასიათებელი ხედვა - „ცეცხალი", „ინტუიციური" შემოქმედებითი უნარებით ჩაანაცვლოს „მკვდარი", „გონებისმიერი" ეკლესიის კანონები. ტერმინოლოგიურად ეს „ზნეობრივი" თეორიის სულისკვეთებაა. სინამდვილეში აშკარაა „ცოცხალი კავშირი" დაცემულ ბუნებასთან ან ცოდვისმიერი ვნებებისა და შეხედულებების ერთობლიობასთან. ამის შედეგად, სლავიანოფილური „ღვთისმეტყველება" აშკარად რომანტიკულ ხასიათს ატარებს, რაც მავანს მამებისეული სწავლება ჰგონია.
ინტუიციური ღვთისმეტყველების თანახმად, „იურიდიული", „სქოლასტური" ტერმინები უნდა წარმოჩინდეს ალეგორიებად, იგავის ენად, სათქმელის აღქმისათვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტად, რომელიც დაახლოებით (და არა დოგმატური სიზუსტით) გამოხატავს აზრს, ხოლო „სიმართლე" საერთოდ სხვა (არაკანონიკურ) „ზნეობრივ" სივრცეში, თეორიაში მდგომარეობს. (გაგრძელება იქნება...)
1 А. Хомяков. Несколько слов православного Христианика о западних исповеданиях. По поводу брошуры. Г. Лоренса.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია